x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთი“
image

(გაგრძელება)

მიუხედავათ იმისა, რომ ფეხბურთს მსოფლიოში ბრიტანელების გავლენით თამაშობდნენ, იგი მაინც განსხვავებულ სახეს იღებდა და იმ ქვეყნებში, სადაც პოპულარობას იხვეჭდა, იცვლებოდა. აღნიშნულს ინგლისელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, არასერიოზულად აღიქვამდნენ და ყველას ზევიდან უყურებდნენ, გარკვეული პერიოდი იზოლაციაშიც იყვნენ და ალბათ ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თამაშს ასეთი ფორმით ჩამოყალიბებას.

ისიც აღსანიშნავია, რომ ევროპაში ფეხბურთის განვითარება კონკრეტული პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა და, თუ ვიქტორიანულ ეპოქაში, საფეხბურთო ბუმის მიზეზად იმპერიის კრიზისი და მორალის დაცემა მიიჩნიეს, უკვე მეოცე საუკუნეში ავსტრიულ - უნგრულ - ჩეხური ფეხბურთის გაბრწყინება, ე.წ. “დუნაის სკოლა“, ებრაული ბურჟუაზიის ინტელექტუალიზმს, ხოლო რუსული კოლექტიური ფეხბურთი ბოლშევიკურ იდეოლოგიას დაუკავშირეს. უნგრული „დიდი გუნდი“- ს თამაშს გუსტავ შებეში, თავად უწოდებდა „სოციალისტურს“. ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთის დაბადება, გასული საუკუნის სამოციან წლებში ამსტერდამში ახალგაზრდების ანარქისტული გამოსვლების შედეგად მიიჩნიეს, ხოლო აპენინებზე კატენაჩიო კლასობრივ ბრძოლად გამოაცხადეს.


აღნიშნული შეიძლება გადაჭარბებულადაც მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით, იტალიელების ლამის ფილოსოფიური ტრაქტატები კატენაჩიოზე, მაგრამ ევროპაში, რომ ფეხბურთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ვითარდებოდა ესეც ფაქტია.

ჩვენ ამ მოვლენებიდან ძალზედ შორს ვიყავით, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკა, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანელებმა ინვესტიციებთან ერთად ფეხბურთიც შეიტანეს. საწყის ეტაპზე გუნდებიც მათმა კომპანიებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ჩამოაყალიბეს, ლიგაც შექმნეს და ფეხბურთსაც ძირითადათ ისინი თამაშობდნენ, მაგრამ ანგლოფილური გავლენის კლებამ არგენტინასა და ურუგვაიზე კარდინალურად შეცვალა ვითარება. ოკეანის გაღმა არ თვლიდნენ ფეხბურთს სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენად და არც მამაკაცური ბუნების გამოვლინებად - ინგლისური ძალა, ენერგია და შეუპოვრობა, (ე.წ. „kick and rush”-ი ) სამხრეთ ამერიკაში, იმპროვიზაციამ და არტისტიზმმა ჩაანაცვლა. ახალ სამყაროში ფეხბურთი დოგმებისგან განთავისუფლდა, გარემომ და სისხლმაც თავისი როლი შეასრულა - თამაში დაიხვეწა და ტანგოს ტექნიკისამებრ ელეგანტური გახდა.

ურუგვაელებმა პარიზის 1924წ. ოლიმპიადაზე მაყურებელი ბურთის ვირტუოზული ფლობით მოხიბლეს და ფეხბურთი ნამდვილ სანახაობად აქციეს - “ჩვენ შევქმენით ურუგვაული ფეხბურთი მწვრთნელების, ფიზიკური მომზადებისა და სპეციალისტების გარეშე, ეს იყო თვითმყოფადი ფეხბურთი, მოკლებული ევროპის სამწვრთნელო ხელოვნების კანონებს” - ამბობდა მოგვიანებით ურუგვაელი ტრენერი ონდინო ვიერა.

საქართველოშიც მსგავსად განვითარდა ფეხბურთი, ყოველგვარი სწავლება-გავლენის გარეშე, უბრალოდ ვნახეთ და გავიმეორეთ, ოღონდ ჩვენს ყაიდაზე, ევროპელებისგან განსხვავებით, სადაც ტექნიკა საერთო გუნდურ სისტემას იყო დაქვემდებარებული, ქართველებში, სამხრეთ ამერიკელების მსგავსად, ინდივიდის თვითგამოხატვის საშუალებად ვაქციეთ.

ალბათ ამიტომაც ადარებდნენ ბორის პაიჭაძის თაობას ურუგვაელებს, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ეს უკანასკნელები, დაცვითი ფეხბურთისაკენ გადაიხარენ, ზოგადად ქართულ ფეხბურთს ბრაზილიურს.

მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას ვინც წარსულის იდეალიზირებით შემოიფარგლება და აქვე გეტყვით, რომ ადრეც წაგვიგია და არაერთხელ, ზოგჯერ ისე მწარედაც და ისეთ არაფრით გამორჩეულ გუნდთან როგორიც ბუდაპეშტის მტკ-ა იყო, (თბილისში 1-4). არც ორჯერ მოგებული სსრკ-ს პირველობა და თასი და, არც თასების თასი მიმაჩნია გასაგიჟებელ მიღწევად, მაგრამ დამეთანხმებით, რომ თხუთმეტი ქვეყანის ჩემპიონატში სტაბილურად ელიტაში ყოფნა რაღაცას ნიშნავს. ორმოცდათოთხმეტი წლის მანძილზე ხუთჯერ მეორე და ცამეტჯერ მესამე ადგილი, ექვსი თასის ფინალი - ევროპულ ტურნირებზე პირველად 1972 წელს ვითამაშეთ და უკვე 1977-ში „ინტერს“ გასვლაზე მოვუგეთ (დღევანდელი სახელად დარჩენილ „ინტერი“ არ გეგონოთ, ფაკეტის რომ შევეშვათ, იმ გუნდში მომავალი მსოფლიო ჩემპიონები ბორდონი, მარინი, ორეალი და ალტობელი თამაშობნენ, მათ ანასტაზიც დაუმატეთ და ისე წარმოიდგინეთ). მართალია მანამდე, 1973წ. ესპანეთის ჩემპიონი, მადრიდის „ატლეტიკოც“ დავჯაბნეთ მისავე მოედანზე და პორტუგალიის ჩემპიონი „ბენფიკაც“ (1972-73წწ. სეზონში წაუგებლად იასპარეზა) ნეიტრალურზე, მაგრამ უმთავარესი მაინც ის იყო, რომ თამაშის თვალსაზრისით (სანახაობა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) გამორჩეულები ვიყავით, რასაც უკლებრივ ყველა აღიარებდა.

საინტერესოა, იმ დაწყევლილი ეპოქის საყოველთაო კოლექტივიზმის ფონზე, როგორ მოვახერხეთ ასეთი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ფაქტია ძვრაც ვერ გვიყვეს. მუდმივად ჩაგვჩიჩინებდნენ ინდივიდუალური თამაშით ერთობითო, ბურთან განშორება გიჭირთო, ცოტას მოძრაობთო, უბურთოთ განძრევა გეზარებათო, დაცვას არ ეხმარებითო, გუნდურობა არ იცითო, ესაო ისაო, მაგრამ ქართველების საყურებლად სტადიონები ივსებოდა.

რატომ დავიჯერეთ, რომ მხოლოდ დღევანდელ ფეხბურთს აქვს დინამიკა და ჩვენი არასათანადო ფიზიკური კონდიციები, მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას გვიზღუდავს? თბილისის „დინამოს“ ყველა თაობას ჰქონდა ეს პრობლემა; ისევე როგორც მოედანზე „სიზარმაცე“, სათამაშო დისციპლინის, თუ სპორტული რეჟიმის დარღვევა ქართველების სენი მუდმივად იყო, მაგრამ სანახაობრივ ფეხბურთს მაინც ვთამაშობდით.

რა შეიცვალა? ვინც დღეს დარბის ის ადრეც დარბოდა - გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, როცა ევროპაში ფაშისტური იდეოლოგია გაბატონდა ათლეტიზმი გერმანული და იტალიური ფეხბურთის საფუძველთა საფუძვლად იქცა, ხოლო ინგლისური მუდამ ძალისმიერი იყო. დაუჯერებელია და ათწლეულები საბჭოთა გუნდების შემყურე ქართველებს, ე.წ. „რუსული ფეხბურთი“ დაგვავიწყდა? ძირითადათ ასეთი სტილის გუნდებთან არ გვიწევდა პაექრობა? როგორ ვახერხებდით ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთთან“ გამკლავებას „ზარმაცი“ მიშა მესხის და მანუჩარ მაჩაიძის „მოძველებული“ ფეხბურთით?


(გაგრძელება იქნება)

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0