x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეტრუსკები – საიდან მოვიდნენ და სად გაქრნენ?
image


ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდ–დას ნაწილში, რომაელების გამოჩენამდე, ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ. მათი ქვეყანა — ეტრურია, რომელიც მდინარეების: არნოს და ტიბრს შორის მდებარეობდა (დღეს, ტოსკანას ოლქი), ე. წ. თორმეტქალაქას, ანუ 12 პოლისის კონფედერაციას წარმოადგენდა. ეტრუსკებს კარგად განვითარებული კულტურა და ტექნოლოგიები ჰქონდათ, განსაკუთრებით, მეტალურგიის და მშენებლობის სფეროებში (მათი კულტურის მემკვიდრეები რომაელები გახდნენ. ამ უკანასკნელებმა, ბევრი რამ ისწავლეს ეტრუსკებისგან). გარდა ამისა, ეტრუსკები კარგი ზღვაოსნებიც იყვნენ. იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ეს ხალხი ევროპის ცენტრში, ჯერ კიდევ ძველ მსოფლიოში მსჯელობდნენ:

ერტუსკების წარმომავლობის შესახებ პირველი ვერსია, ძველი ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში, ბერძენმა მეცნიერმა ჰეროდოტემ გამოთქვა. ის თვლიდა, რომ ისინი აპენინზე მცირე აზიიდან გადასახლდნენ და რომ ეს, პრაქტიკულად, ტროას ომის მსვლელობის პარალელურად, ძვ. წ. აღრ. XIII-XII სს–ში მოხდა.


image


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ასევე ბერძენ მეცნიერს დიონისე ჰალიკარნასელს, რომელიც ძვ. წ. აღრ. I საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი აზრით, ეტრუსკები ამ რეგიონისთვის აბორიგებები იყვნენ და ისინი იტალიის ისტორიულ ოლქში ოდითგანვე ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება თანამედროვე მეცნიერებს, ტურინის უნივერსიტეტში (Università degli Studi di Torino) ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ტოსკანაში დღესაც ცხოვრობენ ეტრუსკების შთამომავლები.

მეცნიერებმა კაზენტინოს ხეობის (არაცოს პროვინცია, ტოსკანა) სოფლების და 2 ქალაქის – ვოლტერას და მურლოს მოსახლეობის იმ ნაწილის დნმ-ი შეისწავლეს, ვინც იქ მინიმუმ 3–4 თაობაში მაინც ცხოვრობდა და ვისი გვარებიც უნიკალური იყო რეგიონისთვის. შეგროვილი ბიოლოგიური მასალიდან მათ Y–ქრომოსომები გამოყვეს, რომლებიც მამიდან ვაჟს გადაეცემა და შეადარეს დანარჩენი იტალიის, ბალკანეთის, თურქეთის და კ. ლემნოსის (საბერძნეთი. ამ კუნძულზე კვლევის ჩატარების მიზეზი, იქ აღმოჩენილი სტელა იყო, რომელზეც წარწერები ბერძნულ და ეტრუსკულ ენებზე იყო გაკეთებული. რედ.) მოსახლეობის იგივე ქრომოსომებს. გაირკვა, რომ ტოსკანაში აღებული გენეტიკური ნიმუშები უფრო მეტ თანხვედრაშია აღმოსავლეთის ნიმუშებთან, ვიდრე იტალიურთან.

არქეოლოგების აზრით, ეტრუსკების ეთნოგენეზისის ფორმირებაში, ეგეოსურ–ანატოლიური მიგრანტების გარდა, ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულში, მონაწილეობა შავი ზღვისპირეთიდან წამოსულმა ემიგრანტების ტალღამაც მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეტრუსკები ბერძნულ ალფავიტს იყენებდნენ, მაგრამ მათი ენა არც ბერძნულს ჰგავდა და არც ფინიკიურს. თუ კონკრეტულად საიდან მოვიდნენ ისინი, ისტორიკოსებისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება. შესაძლებელია, მათი ერთი ნაწილი, ამ რეგიონისთვის, მართლაც მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდა, როგორც ამას დიონისე ჰალიკარნასელი ამტკიცებდა. ხოლო შემდეგ, მათ აღმოსავლეთიდან წამოსული ემიგრანტებიც შეუერთდნენ, – როგორც ჰეროდოტე ვარაუდობდა.


image


მართალია, ეტრურია ერთიანი სახელმწიფო არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ძვ. წ. აღრ. VI ს–მდე, საკუთარ საზღვრებს აქტიურად აფართოვებდა. მათ გასასვლელი ჰქონდათ ტირენის ზღვაზე, ხოლო ორი პორტი — სპინა და ადრია — ეტრუსკებს ადრიატიკის ზღვაში ნაოსნობის საშუალებას აძლევდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, აპენინის ნახევარკუნძულის მიწებთან დაკავშირებით, ეტრუსკების და ბერძენი კოლონისტების ინტერესების თანხვედრა მოხდა და მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 535 წ-ს ეტრუსკები კართაგენელებთან გაერთიანდნენ და ფოკეელებს (ქალაქი ეგეოსის ზთვის სანაპიროზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) შეებრძოლნენ. ორი ქვეყნის ჯარების გაერთიანების მიუხედავად, ეტრუსკებმა ბერძნების დამარცვება მაინც ვერ მოახერხეს. შედეგად, აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთში ბერძნული პოლისები გაჩნდა და ეტრუსკებმა მასზე ჰეგემონიის შანსი საბოლოოდ დაკარგეს.


image


მომდევნო საუკუნეში ეტრუსკებს, ახალი მტერი გამოუჩნდათ რომაელების სახით. ომი მათ შორის ძვ. წ. აღრ. III საუკუნემდე გრძელდებოდა და რომმა თანდათანობით, ეტრუსკების ქალაქები დაიპყრო ან მთლიანად გაანადგურა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს გამუდმებით არ ებრძვოდნენ და ხან მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, ერთმანეთთან ვაჭრობდნენ და უფრო მეტიც, ეტრუსკები რომის სამხედრო კამპანიების დროს, მათი მოკავშირეებიც იყვნენ. მაგ., გალების წინააღმდეგ ომში. რომაელების მხარეს იყვნენ ისინი, ჰანიბალის (ძვ. წ. აღრ. 275 – 187 წწ.) არმიასთან დაპირისპირების დროსაც.

რომის მიერ ეტრურიის დაპყრობის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ეტრუსკული ანკლავები არსებობდა, კულტურული თვითმყოფადობაც შენარჩუნებული იყო და ეტრუსკულ ქალაქებს, გარკვეულწილად, პოლიტიკური ავტონომიაც გააჩნდათ. თუმცა ბოლოს, ისინი საკუთარ მდგომარეობას შეეგუვნენ და ძვ. წ. აღრ. 89 წ. რომის მოქალაქეობა მიიღეს. ამ დროისთვის, ერის რომანიზიის პროცესი პრაქტიკულად დასრულებული იყო და ისინი რომაელებს საბოლოოდ შეერწყნენ.


imageimageimageimageimageimageimage






0
591
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0