x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბავშთა შრომითი ექსპლუატაცია თბილისში
ფოტო: commersant.ge

ფოტო: commersant.ge

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაკეთებულა არაერთი რეპორტაჟი, დაწერილა არაერთი ემოციური პოსტი სხვადახვა სოციალურ ქსელში, ჩატარებულა არაერთი კვლევა. ამ თემაში ნაკლებად ჩახედული მკითხველი ალბათ გაიფიქრებს: „მომუშავე? მათხოვარი ბავშვები მინახავს რამდენიც გინდა, მაგრამ ისეთი, რომ მუშაობდეს, თითქმის არავინ შემიმჩნევია“. ამაზე გიპასუხებთ: უმრავლესობა მათგანისთვის მათხოვრობა არის სამსახური. იმისთვის, რომ ამ მოვლენის უსაზღვრო უსამართლობა ავსახო, მინდა ეს საკითხი განვიხილო სისტემურად, მაგალითების მოშველიებით და პარალელების გავლებით. ვინაიდან მაღლა ვახსენეთ, რომ მათხოვრობა მათთვის სამსახურის ექვივალენტია, პირველ რიგში ვნახოთ, რას გვეუბნება „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბავშთა მუშაობის შესახებ:

1. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.

  • 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
  • 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად"

ასევე, საქართველოს შრომის კოდექსში ვკითხულობთ:

„დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.“

ახლა კი განვიხილოთ მაგალითები. ნებისმიერს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურეობით და გაუვლია ორი ან სამი სადგური ზედიზედ, აუცილებლად შეესწრებოდა ასეთ სურათს: ვაგონის კარები იღება, შემოდის სასკოლო და/ან უფრო მცირე ასაკის ბავშვი (დავუშვათ, რომ ბავშვი 4-5 წლისაა). ზოგჯერ აბსოლუტურად მარტოა, ზოგჯერ უფროსი ბავშვების თანხლებით, კარების დახურვისთანავე სტანდარტული ტექსტით იწყებს მოწყალების თხოვნას ან სხვადასხვა საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას, ანდაც უსიტყვოდ დადის გაშვერილი ხელით ან ჭუჭყიანი პლასტმასით ჭიქით. თბილისის მეტროში უფრო იშვიათიად წააწყდებით 10-13 წლის შშმ ბიჭს, რომელიც ვაგონიდან ვაგონში გადადის და ყიდის წიგნებს, რომლებსაც ეზიდება დიდი ჩანთით. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ბიჭი, შეამჩნევდა, რომ ჩანთის სიმძიმის გამო, ისედაც კოჭლ ბიჭს უჭირს გადაადგილება. კიდევ ერთი მაგალითი, პიკის საათში მიდიხართ საკუთარი ავტომობილით ან საზოგადო ტრანსპორტით და გზის სავალ ნაწილზე ამჩნევთ ბავშვს, რომელიც მანქანებს შორის დადის და მანქანებში მსხდომ მგზავრებს ფულს სთხოვს. ახლა ცოტა ხნით დავივიწყოთ ემოციები და განვიხილოთ ამ ბავშვების მაგალითები საქართველოს კანონმდებლობის ჭრილში. პირველ რიგში შემოვიღოთ ზოგადი ტერმინები:

  • საქმიანობა - მათხოვრობა ან ნივთებით ვაჭრობა
  • დასაქმებული - მათხოვარი/ქუჩაში მომუშავე ბავშვი
  • დამსაქმებელი - მშობელი/მეურვე
არის თუ არა საქმიანობა, რომელსაც ეწევა დასაქმებული დაკავშირებული სპორტთან, ხელოვნებასთან ან კულტურულ სფეროსთან? - რა თქმა უნდა არ არის, საქართველოს შრომის კოდექსიდან კი ნათლად ჩანს, რომ 16 წელს მიუღწეველ პირს მხოლოდ ზემოთხსენებულ სფეროებში შეუძლია მოღვაწეობა.

არის თუ არა დასაქმებულის უსაფრთხოება დაცული? - არამც და არა. რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც 4-5 წლის ბავშვი მარტო დაიარება ვაგონებს შორის ან გზის სავალ ნაწილზე. ყოველ წამს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული 7 და მეტი წლის არის, იზღუდება თუ არა მისი უფლება მიიღოს ზოგადი განათლება? - დიახ, იზღუდება. მსგავს სურათს ხშირად ვაწყდებით დილის და შუადღის საათებში, როდესაც დასაქმებული სასწავლო დაწესებულებაში უნდა იყოს. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის სპეციალურ ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქუჩაში მომუშავე ბავშვების დიდი ნაწილი არ ფლობს ელემენტარულ უნარებს, როგორიცაა წერა-კითხრა. ზოგს არ გააჩნია ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ვერ ხერხდება მათი ჩარიცხვა საჯარო სკოლებში, რაც, ჩემი აზრით, წარმოადგენს ბიუროკრატიულ და სრულიად აბსურდულ ხარვეზს.

აყენებს თუ არა ზიანს აღნიშნული საქმიანობა დასაქმებულის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას? - დიახ, აყენებს. ხშირად ბავშვები არიან მშივრები, არაფერს ვამბობ მათ ჰიგიენაზე, ჭუჭყიან და შელახულ ტანსაცმელზე. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა მათ აყენებს უდიდეს ფიზიკურ და ზნეობრივ ზიანს.

რეგულირდება თუ არა დასაქმებულის უფლებები შრომითი ხელშეკრულებით? - არა.

სარგებლობს თუ არა დასაქმებული 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით? - ალბათ ირონიულად გაგეცინათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს კანონმდებლობასთან შეუსაბამო შრომასთან, ე.წ. შრომით ტრეფიკინგთან, ან შრომით ექსპლუატაციასთან.

რას ვაკეთებთ ჩვენ ასეთი ბავშვებისთვის? მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში მოქმედებს რამდენიმე დღის ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და ტრანზიტული ცენტრი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ასევე საკვები და ღამის გასათევი ადგილი. თუმცა, მიუხედავად ასეთი სერვისის არსებობისა, ქუჩებში მომუშავე ბავშვების რიცხვი არ მცირდება. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის სპეციალურ ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მსგავს დაწესებულებებში მოთავსებული ბავშვების ნაწილი დღის განმავლობაში ისევ სამათხოვროდ მიდის, ზოგი საერთოდ გარბის, ხოლო ზოგს მშობელ-დამსაქმებელი აკითხავს და ისევ სახლში მიყავს, სადაც ამ ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია გრძელდება.

აშკარაა, რომ ბავშვების შრომით ექსპლუატაციასთან ბრძოლა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინაეობს. კრიზისული თავშესაფრები და ტრანზიტული ცენტრები ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის გამომწვევ მიზეზებს ვერ ეწინააღმდეგებიან, არამედ ცდილობენ ამ მოვლენით ბავშვისადმი უკვე მიყენებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის გამოსწორებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენის სავალალო შედეგებს ვებრძვით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, თავად მოვლენას ვებრძოლოთ და ამოვძიკვოთ ეს საშინელი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ. როგორ ვებრძოლოთ ამ მოვლენას? პირველ რიგში უნდა გავიგოთ, სად არის მისი სათავე.

ხშირად ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ბავშვების მშობლები/მეურვეები (დამსაქმებლები) შრომისუნარიანი მოქალაქეები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ნაშოვნი ფული მათთვის შემოსავლის წყაროა და არა გადარჩენის ერთადერთი გზა. ისინი ყოველ ახალ ბავშვს უყურებენ ისე, როგორც შემოსავლის დამატებით წყაროს. ჩემი აზრით, ზუსტად აქედან იღებს სათავეს ეს პრობლემა, ეს არის ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ გვყავს ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ამდენი ბავშვი და ზუსტად ამას უნდა ვებრძოლოთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვშალოთ ის დაშვება, რომ ბავშვის საშუალებით შეიძლება ფულის გამომუშავება. ამისთვის სახელმწიფომ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, როგორიცაა:

  • სამათხოვროდ გაშვებული ბავშვი იდენტიფიცირდეს და მოთავსდეს შესაბამის თავშესაფარში.
  • პარალელურად დადგინდეს, ჰყავს თუ არა მას შრომისუნარიანი მშობლები/მეურვეები.
  • დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა მისი საცხოვრებელი პირობები ელემენტარულ ნორმებს.
  • შრომისუნარიანი მშობლების/მეურვეების, ასევე დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობების აღმოჩენის შემთხვევაში, მშობლებს/მეურვეებს მიეცეთ გაფრთხილება და ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში.
  • ბავშვი აუცილებლად განთავსდეს შესაბამისი საფეხურის სასწავლო დაწესებულებაში (ბაგა-ბაღში ან სკოლაში). იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს პროგრამის ათვისებას, მას დაენიშნოს ტუტორი (მაგალითად, იმავე სკოლის მასწავლებელი).
  • სისტემურად მოხდეს ოჯახის მონიტორინგი, ასევე ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მონიტორინგი. სასწავლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ბავშვის გაკვეთილებზე დასწრების და აკადემიური მოსწრების მკაცრი აღრიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხშირად გააცდენს მეცადინეობებს და აკადემიურად ჩამორჩება, სასწავლო დაწესებულებამ უმალვე უნდა შეატყობინოს შესაბამის სამსახურს, რის შემდგომაც, შესაბამისმა სამსახურმა უნდა დაიწყოს იმ მიზეზების გარკვევა, თუ რატომ აცდენს ბავშვი სკოლას, ან რატომ უჭირს პროგრამის დაძლევა.
  • ბავშვის შრომითი ექსპლუატაციის ფაქტის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, დადგეს მშობლების/მეურვეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ხოლო ბავშვი დაბრუნდეს თავშესაფარში.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობლები/მეურვეები შრომისუუნარო პირები აღმოჩნდნენ, ბავშვი უნდა განთავსედეს თავშესაფარში და სახელმწიფომ იზრუნოს მის მოვლაზე, განვითარებაზე და ხელი შეუწყოს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში. ბავშვმა არ უნდა არჩინოს შრომისუუნარო მშობლები/მეურვეები, ასეთ მოქალაქეებზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. არ შეიძლება ეს ტვირთი ავკიდოთ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ზომების გასატარებლად საჭირო იქნება თავშესაფრებისა და შესაბამისი მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათი მომზადება, სახელმწიფოს რამოდენიმე სამსახურის კოორდინირებული მუშაობა. კარგი იქნება სკოლა-პანსიონების ტიპის დაწესებულებების გახსნა. ყველაფერი ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ხარჯების ზრდას, თუმცა ეს არის აუცილებელი ხარჯი. 21-ე საუკუნის სახელმწიფოში არ შეიძლება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გულგრილად უყურებდეს ბავშვის შრომითი ექსპლუატაციის ფაქტს და არაფერს აკეთებდეს.

რა შეგვიძლია ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს, საზოგადოების წევრებს გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშთა შრომითი ექსპლუატაციის პრაქტიკა მოვარყიოთ? პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ მათ ფული. ფულის მიცემით ჩვენ კი არ ვეხმარებით მათ, არამედ ვახალისებთ მათ დამსაქმებლებს, ხოლო მათი დამსაქმებლები აიძულებენ ამ საქმიანობის გაგრძელებას. მნიშვნელოვანია გავიაზროთ - ბავშვის ხელში ჩადებული ხურდა ფული არ დაეხმარება მას ამ ჭაობიდან ამოსვლაში, არ შეუმსუბუქებს მას ყოფას, არამედ უფრო ღრმად ჩაითრევს ამ ჭაობში და იმის გარანტია გახდება, რომ ხვალ ისევ სამათხოვროდ გაუშვებენ. ვუყიდოთ ასეთ ბავშვებს საჭმელი, მივუტანოთ ტანსაცმელი, მაგრამ არ მივცეთ ფული. მეორე, ქუჩაში ან საზოგადოებრიც ტრანსპორტში მარტოდ მოხეტიალე ბავშვს რომ დავინახავთ, უნდა გამოვიძახოთ საპატრულო პოლიცია. მესამე და ალბათ ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გავაკეთოთ - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ პრობლემასთან დაკავშირებით. როგორ გავაკეთოთ ეს? ბავშვთა შრომით ექსპლუატაციასთან ბრძოლას მივცეთ კამპანიის სახე, მაგალითად: თუ შევესწრებით ასეთ ფაქტს, გადავუღოთ სურათი ჩვენი მობილური ტელეფონით და საერთო ჰეშთეგით (მაგალითად: #სტოპბავშვთაექსპლუატაცია) ავტვირთოთ სოციალურ ქსელებში. ამ გზით ჩვენ საზოგადოების სხვა წევრების ყურადღებასაც მივიპყრობთ და, იმედია, საბოლოოდ, სახელმწიფოს ყურადღებასაც მივიქცევთ. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ სამარცხვინო პრაქტიკის ამოძირკვა.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:რიგითი ფრილანსერი
რიგითი ფრილანსერი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0