x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ეროვნული ჩემპიონატი და ისევ ფული
image

ილუზიების ტყვეობაში, ანუ ეროვნული ჩემპიონატი და ისევ ფული


(გაგრძელება)

გავიხსენოთ როგორია ფეხბურთელების ანაზღაურება ევროპაში - Global Sports Salaries -ის კვლევაში ბობოლების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება- 1) ინგლისის PREMIER LEAGUE -3, 935 197$ 2) ესპანეთის LA LIGA - 2, 896 151$; 3) იტალიის SERIE A- 1, 999 865$ ; 4) გერმანიის BUNDESLIGA - 1.837 613$ ; 5) საფრანგეთის LIGUE 1 – 1. 302 347$;


მაგრამ რა შუაში ვართ ქართველები, - ოცნებაშიც ვერ გავწვდებით აღნიშნულ მაშტაბებს. ორივე ხელით გეთანხმებით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საინტერესოა ნახსენები ფინანსები როგორ ნაწილდება გუნდებზე და რა განაპირობებს კონკრეტულად ამა თუ იმ ჩემპიონატის მაღალ ხარისხს?

საოცნებო ხელფასი 3, 935 197$, ინგლისის პრემიერლიგაში, თუმცა, ყველას მოგეხსენებათ საშუალოს გამოყვანის მეთოდი - პეტრეს აქვს 9 ვაშლი, პავლეს ერთი, მაგრამ ორივეს ხუთ-ხუთი ვაშლი აქვს, ერთი შეხედვით ცინიზმია, მაგრამ ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟს თუ დავესესხებით - არც ლივერპული და ფულჰემია, ერთს პლუს ერთი.

პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტისა და იუნაიტედის, ისევე როგორც ბუნდესლიგაში "ბაიერნის", ხოლო სერია ა-ში "იუვენტუსის" და "მილანის" ხელფასები, რვაჯერ აღემატება შესაბამისად "კრისტალ პალასის', 'ფრაიბურგის' და 'კიევოს" ფეხბურთელების ანაზღაურებას. "რეალსა" და 'ბარსელონაში" ხელფასები თითქმის თხუთმეტჯერ მეტია ვიდრე 'სელტასა" და 'ლევანტეში'. პარიზული პსჟ, თავის ფეხბურთელებს ოცჯერ მეტ თანხას უხდის ვიდრე "გენგამი"...

ყველასათვის გასაგებია, რომ მაღალი საშუალო მაჩვენებელი სუპერკლუბების მიერ გაღებული კოლოსალური ხელფასების ხარჯზე ფიქსირდება, ხოლო, თანხების გადანაწილება, თუნდაც ე.წ. ტოპ 5-ს ჩემპიონატების „მაღალ დონეს“, ძალზედ ბუნდოვან მცნებად აქცევს. არა მგონია რომელიმე ჩვენთაგანი, ლევანტე - ალავესის თამაშის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდეს, ხოლო მატჩის ყურებისას განსაკუთრებული ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ლა ლიგის გუნდების თამაშს ადევნებს თვალს. ფაქტია, რომ ტოპ 5-სა და სხვა ყურებადი ევროპული ლიგების მსოფლიო პოპულარობას, მაქსიმუმ 25-30 კლუბი განაპირობებს.

დავუბრუნდეთ ისევ Global Sports Salaries -ის სტატისტიკას - მეხუთე პოზიციაზე მყოფი ფრანგული ლიგა 1-ის საშუალო ხელფასი (1. 302 347$) საკმაოდ აჭარბებს მეშვიდე პოზიციაზე მყოფ რუსეთის პრემიერ ლიგისას (877, 071$), მაგრამ საქმე ისაა, რომ ფრანგული ლიგის საშუალო მაღალი მაჩვენებელი, ძირითადათ პსჟ-ს ფეხბურთელების ხელფასების წყალობითაა განპირობებული, ხოლო ამავდროულად, ხუთი მილიონერი ფეხბურთელებისგან შემდგარი რუსული კლუბის (ცსკა, „სპარტაკი“, „ზენიტი“, „ლოკომოტივი“, „კრასნოდარი“) ფეხბურთელების ხელფასი წელიწადში მაქსიმალური 4 – 4.5, ხოლო მინიმალური 1-1.5 მილიონი ევროა, მსგავსი ანაზღაურება ფრანგული ლიგის გუნდების უმრავლესობას სანატრელი აქვთ, მაგრამ ისეთი კლუბის არსებობა, როგორიც პსჟ-ა საფრანგეთის ჩემპიონატს გაცილებით მაღალი დონისას წარმოაჩენს ვიდრე სინამდვილეშია, ხოლო რუსეთისას სუსტად მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელებს სუპერკლუბი არ ჰყავთ. ანუ ისიც ფაქტია, რომ ჩემპიონატში დახარჯული ფულის საერთო რაოდენობა კი არ განსაზღვრავს ხარისხს, არამედ კლუბში - მარტივი ლოგიკაა, რომ ერთ გუნდში დახარჯული 100 მლიონი გაცილებით ეფექტურია ვიდრე რამოდენიმეში.

რუსებმა, რომ ხუთ კლუბზე გახარჯული თანხა ერთი გუნდისაკენ მიმართონ, პსჟ-ს სახალფასო ფონდსაც გადააჭარბებენ და სუპერკლუბსაც შექმნიან - რა გამოგვდის, ჩემპიონატის დონე იმიტომ აიწევს, რომ ვარსკვლავებით გაძეძგილი ერთი კლუბის თამაშის ყურება მსოფლიო მაშტაბით მოთხოვნადი გახდება, ხოლო „ურალის“-ა და „უფა“-ს ფეხბურთელებს კლასი მოემატებათ, მხოლოდ იმის გამო, რომ წელიადში ორჯერ დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში?

ახლა საშუალოებს შევადაროთ რუსეთის ჩემპიონატი, სადაც ხელფასი (877, 071$) გაცილებით მეტია ვიდრე ბელგიის პრო ლიგაში (402.941$) პორტუგალიის პრიმიერა ლიგაში (357.540$ ) და ჰოლანდიის ერედივიზიონში (323. 488$)

ქართულ ლოგიკას თუ დავუჯერებთ, ფულისა და თამაშის დონის კავშირზე, რუსეთის ჩენპიონატი ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ხარისხით პორტუგალიის, ჰოლანდიისა და ბელგიის პირველობებს. რუსეთში მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისგან შემდგარი, რაოდენობრივად უფრო მეტი კლუბია და ე.ი. ჩემპიონატის დონეც შესაბამისი? დავუშვათ ასეა, მაგრამ ამხელა ფინანსური განსხვავების მიუხრდავად, „ბენფიკას“, „პორტუს“, "სპორტინგის" "აიაქსის", პსვ-სა, "ფეიენოორდის", "ანდერლეხტის" და "ბრიუგეს" სათამაშო კლასი, მაინცადამაინც რომ არ ჩმოუვარდება, ხოლო ზოგიერთი მათგანის კიდევაც აღემატება რუსეთის წამყვანი გუნდებისას?

ხედავთ მეგობრებო, როგორ არაერთგვაროვან სურათს ვიღებთ, როდესაც ფეხბურთსა და ფინანსებს ერთ კონტექსტში და არა ურთიერთგამომდინარე განვიხილავთ?

ფაქტია, რომ ჩემპიონატის დონეს, ზოგადად ყველა მონაწილე გუნდის კლასი კი არ განსაზღვრავს, არამედ ერთი ან ორი ძლიერი, გამორჩეული გუნდის არსებობა. სუპერკლუბი, თუნდაც დანარჩენი წყალწაღებულების ფონზე, გაცილებით მომთხოვნს და ყურებადს ხდის ლიგას, ვიდრე დაახლოებით თანაბარი არცთუ ურიგო კლასის გუნდების ასპარეზობა.

ალბათ ხვდებით, საითკენაც მიმყავს საუბარი - ქვეყანა დაიქცევა ჩვენს ფეხბურთში არსებული რესურსები მთლიანად ერთ გუნდს რომ მოვახმაროთ? მაგრამ ქონების ღირებულება მისი შემოსავლიანობის მიხედვით იზომება, ე.ი. ქართულ კლუბებს, არაფერი გააჩნიათ და ერთი კლუბისაკენ რა უნდა მივმართოთ? არარსებული ფინანსები?

რესურსების დასანახად და გადაწყვეტილების მისაღებად, ჯერ უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია, ისეთი ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნების თანაარსებობა როგორიც ფული და ქართული ფეხბურთია, ცაში ნავარდიც ბობოლებზე სწორებასთან დაკავშირებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რეალობას დავუბრუნდეთ, ისეთ ქვეყნებს შევედაროთ ჩვენი თამაშის დონეს რომ შეეფერება და შეიძლება ყინულიც დაიძრას.

GSS-ის რეიტინგში ქართველებზე ერთი საფეხურუთ უკან ლუქსემბურგია 13, 479$, რომლის „დუდელანჟმაც“ 2018-2019წ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ქვეყანა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017წ. მონაცემებით 59.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩვენზე (მშპ 15.1 მილიარდი), ნაკლებ ხელფასს უხდის ფეხბურთელებს. ქვეყნის მთავარი სპორტული არენა, სადაც ნაკრები ასპარეზობს, რვა ათასს კაცს იტევს, ხოლო დუდელანჟის სტადიონზე 2.950-დან, დასაჯდომი მხოლოდ ათას ოთხასი ადგილია.

ცნობილია, რომ ფეხბურთი ლუქსემბურგში, სამოყვარულო ან ნახევრადპროფესიონალურ დონეზეა, ფეხბურთელები სხვა საქმიანობითაც არიან დაკავებულნი. ოლივიე ტილი, რომელიც ამჟამად რუსეთის პრემიერლიგის უფა-ს ფეხბურთელია, იხსენებს, რომ სამშობლოში „პროგრესის“ შემადგენლობაში თამაშის (2015-18წწ.) პარალელურად მუშაობდა ინგლისური და გერმანული ენის მასწავლებლად, საშუალო სკოლის დაწყებით კლასებში, რაშიც იღებდა ანაზღაურებას საათში ორმოც ევროს.

მისივე განმარტებით ლუქსემბურგში დამატებითი შემოსავალი, თითქმის ყველა ფეხბურთელის საზრუნავია, გამორჩეული კლუბი „დუდელანჟია“, სადაც ლეგიონერებიც ირიცხებიან და შედარებით მაღალ ანაზღაურებასაც იღებენ. ამას სხვა წყაროებიც ადასტურებენ და ალბათ „დუდელანჟზე“ Global Sports Salaries-ის რეიტინის საშუალო მაჩვენებლის ლომის წილიც მოდის.

აი, აქედან უნდა დავიწყოთ მეგობრებო და ვიკითხოთ, ქართულ ფეხბურთში უკლებლივ ყველას რატომ აქვს პროფესიონალის სტატუსი? სტადიონები მაყურებელს ვერ იტევს, თუ ტელევიზიები ხოცავენ ერთმანეთს ტრანსილაციის ექსკლუზივის მოსაპოვებლად?

(გაგრძელება იქნება)


0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0