x
image
გემი დალანდი
მერი ენ ბევანის ისტორია ანუ როგორ იქცა ლამაზმანი ურჩხულად
ყოველ ქალს სურს, რომ იყოს ლამაზი, მიმზიდველი და ამის დასტური მისი ანარეკლი იყოს სარკეში. ძნელი წარმოსადგენია, სადმე არსებობდეს ისეთი ქალი, რომელიც ოცნებობს, თავისი არამიმზიდველი გარეგნობით გახდეს ცნობილი და მახინჯების შოუში მიიწვიონ. თუმცა, ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი როდია. ზოგჯერ გამოსავალი მხოლოდ შეგუება და არსებული სიტუაციის სასიკეთოდ გამოყენებაა. სწორედ ასე მოიქცა მერი ენ ბევანი.

imageმერი ენ ვებსტერი 1874 წელს დაიბადა ლონდონის ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. მერის გარდა სახლში კიდევ 7 ბავშვი იყო. ოჯახს რომ ფინანსურად დახმარებოდა, მერიმ ჯერ კიდევ სრულწლოვანებამდე დაიწყო ექთანად მუშაობა.imageდროთა განმავლობაში მისგან მომხიბვლელი ქალი დადგა, რომელსაც მოკრძალებული მიზანი ჰქონდა. მას სურდა საყვარელ მამაკაცთან ერთად ოჯახი შეექმნა, შვილები გაეზარდა და ოჯახური სიმყუდროვით დამტკბარიყო. 29 წლის იყო, როცა ფლორისტ-დეკორატორი თომას ბევანი გაიცნო, ცოლად გაჰყვა და ქმრის გვარზე გადავიდა. წყვილს 4 შვილი ეყოლა: ორი გოგო და ორი ბიჭი. მართალია მდიდრულად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ მერი მაინც ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვების შემდეგ შაკიკი დაემართა. დროთა განმავლობაში კი თავის ტკივილებს კუნთებისა და სახსრების ტკივილიც დაერთო.

მერის გამოკვლევები სჭირდებოდა, მაგრამ ამისთვის მას არც ფული ჰქონდა და არც დრო. მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა და ყველაზე უარესი ის იყო, რომ მერის გარეგნობამაც შეცვლა დაიწყო.imageსახის ნაკვთები დაუმსხვილდა და წინ წამოეწია, თავის ქალის ქვედა ნაწილი კი უფრო მასიური გაუხდა, გაეზარდა ცხვირი და ყურები. გაუდიდდა ტერფები, ხელის მტევნები, მხრები უფრო ფართე გაუხდა. სულ მალე მერი ქალს კი არა, ქალის სამოსში ჩაცმულ უსიამოვნო შესახედაობის მამაკაცს დაემსგავსა. უნდა აღინიშნოს, რომ მერის ძალიან გაუმართლა ქმარში. მიუხედავად მეუღლის საშინელი მეტამორფოზისა, კაცს არც კი უფიქრია მისი მიტოვება. თომასს ძალიან უყვარდა მერი, ზრუნავდა მასზე და ამხნევებდა. სამწუხაროდ, თომასი 1914 წელს გარდაიცვალა და მერი მარტო დარჩა თავის შვილებთან და ავადმყოფობასთან ერთად, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ქალმა როგორც იქნა შეიტყო, რა სჭირდა. მის დაავადებას აკრომეგალია ერქვა და ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევამ გამოიწვია. ქალის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი გაძლიერებულად გამოიყოფოდა.imageეს დაავადება არც დღეს იკურნება, მაგრამ თანამედროვე მედიცინა მისი შეჩერების საშუალებას მაინც იძლევა. რა თქმა უნდა, საუკუნის დასაწყისში ეს შეუძლებელი იყო და მერის ისღა დარჩენოდა, რომ თავის მდგომარეობას შეჰგუებოდა.
დაავადება კი პროგრესირებდა და მალე საბრალო მერისკენ ქუჩაში თითის გაშვერაც დაიწყეს. მას დასცინოდნენ, სხვადასხვა სახელს უგონებდნენ და უსტვენდნენ. ქალისთვის გარეთ გასვლა ნამდვილ ტანჯვად იქცა.

იმისთვის, რომ ბავშვებს არ ეშიმშილათ, ის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ ეს ფული არაფერში ყოფნიდათ. ერთხელაც, მერიმ შეიტყო, რომ ლონდონში მახინჯი ქალების კონკურსი ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დამამცირებელი იყო, ქალმა გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა მიეღო. ასეც მოიქცა და მოიგო კიდეც.


imageმოგებული პრიზი დადებითად აისახა ოჯახის ბიუჯეტზე. გარდა ამისა, მერის უკვე სხვადასხვა შოუებში იწვევდნენ და ჰონორარს უხდიდნენ, ჟურნალისტები კი მას უფასო რეკლამას უკეთებდნენ თავისი სტატიებით.

1920 წლისთვის მერი ენ ბევანი უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო დიდ ბრიტანეთში. მის შესახებ ცნობებმა ოკეანის გაღმაც მიაღწია. მერიმ კონი აილენდის გასართობი პარკის Dreamland-ის მფლობელის, სემ ჰამპეტცის მოწვევა მიიღო და შვილებთან ერთად აშშ-ში გადავიდა. ჰამპეტცი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან აგროვებდა და მისი შოუ მუდამ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

imageმერის როლი ამ შოუში ერთი შეხედვით ადვილი, მაგრამ სინამდვილეში ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო . ის უნდა გამოსულიყო როგორც ცოცხალი ექსპონატი და საშუალება მიეცა მყურებლისთვის, რომ ყველა მხრიდან ეთვალიერებინათ, წამყვანის ხუმრობების თანხლებით. იმისთვის, რომ მერის სიმახინჯე უფრო თვალშისაცემი ყოფილიყო, მას უცნაურ და სასაცილო კაბებს აცმევდნენ.

ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობდა სცენაზე ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამაზმანი და საყვარელი ცოლი იყო. თუმცა, სწორედ უჩვეულო გარეგნობა დაეხმარა მას იმაში, რომ ოთხივე შვილი ფეხზე დააყენა და უზრუნველჰყო.

ქალი მთელი ცხოვრება ამერიკულ ცირკში მუშაობდა და მხოლოდ ერთხელ ესტუმრა ევროპას, როცა პარიზში ჰქონდათ გამოსვლა. ის 1933 წელს, 59 წლისა გარდაიცვალა.

მერი ენის ისტორია დღეს სიბრალულსა და თანაგრძნობასთან ერთად, აღფრთოვანებასაც იწვევს. აღფრთოვანებას იმ სიმტკიცით და ნებისყოფით, რაც მერიმ გამოიჩინა, როგორც დედამ, როცა დამცირების და უამრავი პრობლემის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაყარა და ბოლომდე იბრძოლა შვილებისთვის, მათი მომავლისთვის.

0
1026
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0