x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343737
  • სურათი:458623
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ეროვნული ჩემპიონატი და ისევ ფული
image

(გაგრძელება)

საქართველოში, ისეთი კაცი თუ გინახავთ, რომელიც ჩვენი მსგავსი ქვეყნის მაგალითს იშველიებდეს კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას? ალბათ იშვიათად, ვინაიდან მიუწვდომელზე, სიტყვების რახარუხი იოლია და სასიამოვნოც (ხომ გახსოვთ - „ოცნებას კაცი არ მოუკლავსო“), ხოლო რეალური და ხელშესახები მოსაწყენი და უღიმღამო. სწორედ ასეთი მოსაწყენი და უღიმღამოა ბელორუსის ჩეპიონატიც, მაგრამ ბორისოვოს „ბატე“, არც თუ იშვიათად თამაშობს ჩემპიონთა, ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ანალიტიკურმა საიტმა Global Sports Salaries-მა 2018წ. ჩაატარა მაშტაბური კვლევა და გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც გაანალიზირებულია სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ლიგების ფინანსური შესაძლებლობები. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი, მსოფლიოს 68 ქვეყანაში ფეხბურთელთა წლიური საშუალო ხელფასის ოდენობის განსაზღვრა იყო. მათი ინფორმაციით ბელორუსის FIRST LEAGUE - ში ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 36. 783$ (GSS რეიტინგში 44 ადგილი), ხოლო სხვადასხვა მონაცემებით, კონკრეტულად ბატე-ში, საშუალო ხელფასი დაახლოებით ცხრა ათასი დოლარია, მაინც როგორ მოახერხეს მსგავსი ფინანსური რესურსების ხარჯზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ ხუთჯერ (2013-18წწ.) თამაში? თანაც ისეთი დონის ჩემპიონატიდან, სადაც მინსკის „დინამოს“ და „შახტიორის“ (მაქს.5000$- მინ.1500$) გარდა ყველა დანარჩენენ კლუბში ანაზღაურება მაქსიმალური 3000$, ხოლო მინიმალური 1500$-ია?


ამავდროულად ყაზახეთის PREMIER LEAGUE, იმავე რეიტინგში 25-ეა, 148 513$-ით, ყაზახ ფეხბურთელებს ოთხჯერ მეტი შემოსავალი გააჩნიათ, მაგრამ მათი მაქსიმუმი „ასტანას“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ (2015-16) თამაშია, ბელორუსების ხუთის საპირწონედ.

Global Sports Salaries-ის რეიტინგში ჩვენ 50-ე პოზიციაზე ვართ 15, 607 დოლარით, ქართველებს დაახლოებით ორნახევარჯერ ნაკლები ხელფასი აქვთ ვიდრე ბელორუსებს, ხოლო ამ უკანასკნელებს ოთხჯერ ნაკლები ვიდრე ყაზახებს. საინტერესოა, რატომ აქვთ ბელორუსებს ევროტურნირებზე გაცილებით უკეთესი შედეგი ვიდრე ყაზახებს და ჩვენ რატომ არა იგივე, ბელორუსებთან მიმართებაში?

შეგვიძლია ამ საკითხზე, დეტალურად მსჯელობაც, მაგრამ საქმე ისაა მგობრებო, რომ არსებულ ვითარებაში უფრო იოლია ირწმუნო ( “შესაბამისი პირობების” არ იყოს), უსახსრობა, როგორც ქართული ფეხბურთის დეგრადირების, თავიდათავი, ვიდრე უნიათოთა პარპაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროპაგანდა ერთი კონკრეტული მატჩის წაგებასაც უფულობას აბრალებს, მეტიც, აქეთ გვედავება, რატომ უნდა მოგვეგო, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ამდენი ღირს, ხოლო ჩვენი ამდენიო (უეფა-ს, რომ ვთხოვოთ ქართული გუნდების უცხოელებთან თამაშის შედეგი პრდაპირ transfermarkt -ზე არსებული ფეხბურთელების ფასის მიხედვით დაგვიდონ, არა?)?

დამოკიდებულება ფეხბურთთან მიმართებაში ამ დონეზე დავიყვანეთ, გადავწყვიტეთ, რომ იმ გუნდმა უნდა მოიგოს, რომლის ფეხბურთელებიც უფრო ძვირი ღირსო (თუ ჩვენნაირ წყალწაღებულებთან ვაგებთ მიზეზად, მსაჯს, სტადიონზე მაყურებლების მცირე რაოდენობას და ათას სისულელეს ვასახელებთ, თითქოს ტაქტიკა, თამაშის ორგანიზება და წარმართვა, ფეხბურთელების როლი და ფუნქცია-მოვალეობები არც არსებობდეს) და ასეთ მარაზმატიკულ ვითარებაში, ვის რა უნდა უმტკიცო?

ილუზიებით დაბოლილები ასტრალშიც გავედით და თამაშის ჩვენებური „გაგება“-ც დავამკვიდრეთ, ფეხბურთის დაწერილი, თუ დაუწერელი კანონები გვერდზე გავწიეთ და შედეგად ისე დავკნინდით, რომ საკმარისია ქრთველმა, ღმერთისგან მივიწყებულ რომელიმე საფეხბურთო ლიგაში გოლი შეაგდოს და სანაკრებო დონე გვგონია, მწვრთნელი, რომელიც თვეობით უთამაშებელ ფეხბურთელს ნაკრების ძირითადში აყენებს, შეუცვლელი, ხოლო შესარჩევი ეტაპის, მომდევნო შესარჩევისთვის მოსამზადებელად გამოყენება ლოგიკური...

თავზე დაგვემხო ყველაფერი და დააკვირდით როგორი ენით გვესაუბრებიან სპეციალისტები - „გვაჯობეს“, „მსაჯმა დაუშვა შეცდომები“, „მწვრთნელმა უკეთი იცის“ და ა.შ. მსგავსად ნასვამ, თვალებმოჭუტულ გულშემატკივარსაც შეუძლია ლუღლუღი, რომელსაც ძილი მორევია და გაძლებაზეა. რატომ არ გვესაუბრებიან ფეხბურთის ენაზე? კონკრეტულად რაში და რა მიზეზით გვაჯობეს? როგორი იყო ტაქტიკა? რატომ ასეთი არჩევანი და არა სხვა? აღნიშნული ტაქტიკით თამაშის პლუსები და მინუსები მოწინააღმდეგის სამოქმდო გეგმიდან გამომდინარე? სათამაშო სქემაში როგორ მოქმედებდა ცალკეული რგოლები და სათამაშო ხაზის ჯგუფური შემადგენელი? რომელ ფეხბურთელს რა ევალებოდა? რომელმა ივარგა, რომელმა ვერა? გაამართლა, თუ არა წინასამატჩო დავალებამ და ზოგადად როგორი ხარისხით შესრულდა, თუ ვერ შესრულდა რატომ? მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, რა შეიცვალა, თუ არ შეიცვალა რატომ? და ა.შ. ასევე დეტალურად უნდა აგვიხსნან მოწინააღმდეგის თამაშიც, შემდეგ შეაჯერონ რითი რას დავუპირისპირდით და ნათლად გამოჩნდება ტაბლოზე ასახული შედეგის მიზეზი - დასაწყისშივე ვერ გავთვალეთ, თუ მსვლელობისას შეგვეშალა, გადაწყობისას, თუ არგადაწყობისას, შეცვლისას თუ არშეცვლისას, საერთოდ, თამაში დაწყებამდე ხომ არ წავაგეთ?

ალბათ ამის ბრალიცაა მეგობრებო, რომ სპეციალისტების მხრიდან მატჩის პროფესიულ დონეზე გარჩევის გარეშე, მხოლოდ დილეტანტურ დონეზე კომენტირებისა და რეცენზირების ამარა დარჩენილებს, ყოველგვარი წნეხი აქვთ მოხსნილი მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, ხოლო ეს უკანასკნელნი იმ ტოტს არ ჭრიან რომელზეც ზიან, და გულშემატკივრებიც ვართ ასე, უკუნეთში, მეორე და მესამეხარისხოვან პრობლემაზე აქცენტირებულები.

ჩვენ არა მხოლოდ მენტალურ ილუზიაში ვიმყოფებით მასიურად, არამედ იდეაფიქსმაც შეგვიპყრო, იმის მაგივრად, რომ მთელი ძალისხმევა და რესურსები სიტუაციის გამოსასწორებისკენ მიგვემართა, მანიაკალური ჟინით გავამართლეთ არსებული ვითარება და ობიექტური საფუძველიც გამოვუძებნეთ - ყველაზე ძლევამოსილი კულტი, ქვას რომ გახეთქავს ისეთი - ფული. მაგრამ დამერწმუნეთ, თუ ღმერთმა ინება და ფინანსები გამოჩნდა, ასეთი მასიური ფსიქოზის (გონების პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც რეალობასთან კავშირი დაკარგულია) ფონზე, მაინც არასაკმარისი იქნება და ისევ ფულზე მოგვიწევს წუწუნი.

ამიტომ, უმჯობესია ქართულ ქვაბში მოვიხარშოთ - ვირწმუნოთ, რომ უფულობის გამო ვაგებთ და პროპგანდის ენაზე, მხოლოდ ფულზე ვისაუბროთ, უშუალოდ ფეხბურთს ამ ეტაპზე შევეშვათ, ვინაიდან როგორც ზემოდ ავღნიშნე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ტენდენციურობა დაგვწამონ (არადა როგორ გინდა დაიჯერო, რომ „დუდელანჟის“ ფეხბურთელები ფულში იხრჩობიან და ამის გამო „აგიჟებენ“ სათამაშო „კლასით“ ევროპას?), უკეთესი იქნება უსახსრობაზე მოწუწუნეთა ნებას დავყვეთ, ვეცადოთ ფინანსური საკითხის კიდევ უფრო მეტი დეტალიზაცია, იქნებ ასე გავექცეთ, ინვესტიციების მოზიდვის მოლოდინის ილუზიას და რეალური გამოსავალი ვიპოვოთ. ვგულისხმობ იმ ფულის უფრო ყაირათიანად გადანაწილება - გამოყენებას, რომელიც გვაქვს.

მოგეხსენებათ, რომ ფინანსები ყველაზე დახურული თემაა ფეხბურთში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ხელმისაწვდომი, დაახლოებითი ინფორმაციაც, საკმარისია იმის დასანახად რომ ფეხბურთი, კარგა ხანია, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და მასში მილიარდობით დოლარი არა ინვესტიციების, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი გულშემატკივრის ხარჯზე ბრუნავს.

ვნახოთ ასტრონომიულ თანხებს როგორ შოულობენ კლუბები, ინვესტორ - სპონსორებს, ერთგვარ „თოვლის ბაბუებს“ (როგორც ჩვენ გვაბოლებენ) ლანგრით მოაქვთ ფეხბურთელებისათვის, თუ პირიქით, ამ უკანასკნელების ნიჭისა და შრომის ხარჯზე იქით იშოვება ფული.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია deloitte-მ, 2016-2017წწ. სეზონის მიხედვით, გამოაქვეყნა ევროპული კლუბების შემოსავალები - პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

მადრიდის „რეალი“ - 577 მილიონი ევრო, აქედან კომერციული შემოსავალი - 247, 300, 000, ტრანსილაციებიდან -199.900.000 და უშუალოდ ჩატარებული თამაშებიდან 129.800.000;

„ბარსელონა“ - 560.8 მილიონი ევრო - კომერციული შემოსავალი 244.100.000, ტრანსილაციებიდან - 199.800.000, ჩატარებული თამაშებიდან - 116.900.000;

მაჩესტერ იუნაიტედი - 519.5 მილიონი ევრო, კომერციული შემოსავალი 263.900.000 ტრანსილაციებიდან 141.600.000 ჩატარებული თამაშებიდან 114.000.000;

პსჟ - 480 მილიონი ევრო, 297.000.000 კომერციული შემოსავალი, ტრანსილაციებიდან -105.800.000, ჩატარებული თამაშებიდან 78.000.000;

მიუნხენის „ბაიერნი“ - 474 მილიონი ევრო, კომერციული შემოსავალი 278.100.000 ტრანსილაციებიდან 106, 100.000 ჩატარებული თამაშებიდან 89.800.000.

როგორც ცნობილია, ჩატარებული მატჩებიდან მიღებული შემოსავალი გაყიდულ ბილეთებსა და სეზონურ აბონიმენტებზე მოდის, ტელევიზიასთან მიმართებაშიც ყველაფერი გასაგებია, ორივე ეს კომპონენტი სანახაობასთანაა დაკავშირებული და მიღებული მოგება მთლიანად ფეხბურთელების დამსახურებაა. ალბათ დამეთანხმებით, რომ სპონსორის საყურებლად არც სტადიონზე მივა ვინმე და არც ტელევიზორს მიუჯდება. არც ის იფიქროთ, რომ ასეთი ფეხბურთელები, რომლებიც სანახაობას დგამენ ინვესტორებს ან სპონსორებს მოყავთ, ვიმეორებ, პირიქითაა მეგობრებო და ამაშიც მალე დარწმუნდებით.

ახლა ვნახოთ რა იგულისხმება კომერციულ შემოსავალში და რამდენად არის თანამედროვე სპონსორი ფეხბურთის მეცენატი.

კლუბებს რამოდენიმე სპონსორი ჰყავთ, (ე.წ. titulus-ის, ეკიპირების, მოედნის გასწვრივ განთავსებული რეკლამის, სპორტული ინვენტარის, გადაადგილების საშუალების, კომერციული ტურნირების, ტურნეების, და ა.შ.). მათ შორის არიან ძირითადი ან მთავარი სპონსორებიც, ვთქვათ, ავიაკონპანიის მიერ მოგებული ტენდერი და - მაისურზე წარწერილი Qatar Airways-ი სანაცვლოდ, ბარსას 65 მილიონი წელიწადში (ამჟამად „რომა“-ს ერგო ეს „პატივი“) - Nike -ს ეკიპირება და 105 მილიონი ხუთ წელიწადში...

როგორც ვხედავთ სპონსორი ფეხბურთში, არა ხვეწნა-მუდარა-გოდების შედეგად, არამედ, კონკრეტული რეალობის ( სანახაობა და აქედან გამომდინარე მაყურებლის რაოდენობა) არსებობის შემთხვევაში, თავისით, კლუბების მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოდის, უფრო მეტიც, აქეთ იხვეწება - ტენდერში მონაწილეობს ფულის დასახარჯად.

მოგეხსენებათ, მსგავსი ფინანსური ოპერაცია ინვესტირება არაა, რადგანაც მოგება მომავალზე არ არის გათვლილი, რეალური და ხელშესახებია. კონკრეტულ შემთხვევში ერთგვარი „კატა ტომარაში“ გამორიცხულია (მინიმალური ფინანსური რისკის წინაშე, მხოლოდ ის სპონსორები დგანან, რომლებიც კლუბებისათვის ერთჯერადი ტურნირების და რომელიმე ქვეყანაში ტურნეს ორგანიზებით ცდილობენ ფულის შოვნას).

კომერციულ შემოსავლებში ასევე იგულისხმება სატრანსფერო პოლიტიკა და არენდიდან მიღებული თანხები, ბირჟაზე კლუბის აქციები და უეფას პრემიალურები, სიმბოლიკის და მაისურების გაყიდვებიდან, აგრეთვე სტადიონზე კვების ობიექტებიდან ამონაგები ფული. საკმაოდ მზარდი გახდა სოციალური ქსელებიდან მიღებული მოგებაც. (მადრიდის „რეალის“ ხელმომწერთა რაოდენობა ფეისბუქში, ინსტაგრამსა და ტვიტერში 2018 წლის მონაცემებით, ჯამში 159 მილიონი მომხმარებელია).

არსებული მონაცემებით, შემოსავლის მიღების თითქმის ყველა წყარო გულშემატკივარის, ანუ მაყურებლის რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ისეთიც, როგორც უეფას პრემიალურია, უშუალოდ სანახაობიდან ანუ ტელეაუდიტორიიდან მოდის.

კლუბის ბიუჯეტის, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ერთი შეხედვით, ნაკლებ კავშირშია გულშემატკივართან, ფეხბურთელის გაყიდვიდან, ან არენდიდან მიღებული თანხაა. მაგრამ შემთხვევითი არაა, რომ აუდიტორულ დასკვნაში ტრანსფერები ცალკე შემოსავლად არ ფიგურირებს. კლუბების მიერ სატრანსფეროდ მოზიდული ფულის პირვანდელი წარმომავლობა მაინც რიგითი გულშემატკივარია, ან შემდგომში გარანტირებული მაყურებლის ხარჯზე ანაზღაურდება, ხოლო ამ ფორმით მიღებული მოგება, უმრავლეს შემთხვევაში ისევ ტრანსფერებში იხარჯება, აკუმულირებული ფულის ერთგვარი წრეზე ბრუნვაა.

ცალკე თემაა რომელიმე საშუალო ან დაბალი დონის გუნდში გაზრდილი, კლუბთან შედარებით გაცილებით მაღალი კლასის მოთამაშე, რომლის გაყიდვითაც ამოღებული თანხა საერთოდ არ არის კავშირში რიგით გულშემატკივართან. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში სელექციონერთა მუშაობამ ისეთი ტოტალური ფორმები მიიღო, რომ ერთგვარი Dark horse-ს ვარიანტიც ფაქტიურად გამორიცხულია - პერსპექტიული მოთამაშეების გამორჩევა ადრეულ ეტაპზევე ხდება და მათ უმნიშვნელო თანხებში ყიდულობენ, აღნიშნულის დასტურად ისიც გამოდგება, რომ დიდ გუნდებს 30-40 ფეხბურთელი ჰყავთ განათხოვრებული.

ახლა გადმოვიტანოთ ყოველივე ზემოთაღნიშნული, ქართულ სინამდვილეში და ვნახოთ რას ვითხოვთ და ვისგან.

მოგეხსენებათ ჩვენმა მწვრთნელებმა, ფეხბურთს, როგორც სანახაობას, კარგა ხანია ბოიკოტი გამოუცხადეს ამიტომაც მაყურებელი (ბილეთები და ტელევიზია) ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია.

ეკიპირება, ფეხბურთელების მაისურზე სარეკლამო წარწერები და სტადიონის ირგვლივ განლაგებული ბანერები საქართველოშიც ყველას შეგვიმჩნევია, ე.ი. ჩვენს გუნდებსაც გააჩნიათ სარეკლამო შემოსავალი. სპორტული ინვენტარიც ყველა კლუბის საკუთრებაშია, სატრანსფერო პოლიტიკაც გაგვაჩნია და არც არენდაა უცხო. ტელერეპორტაჟის, სიმბოლიკის და მაისურების გაყიდვასაც არა მგონია ვინმე გვშლიდეს, ისევე როგორც კვების ობიექტების ან ბირჟაზე აქციების განთავსებას. კომუნისტებიც წარსულს ჩაბარდნენ და ამის გამო, არც უეფას პრემიალურებში შეგვეცილება ვინმე. ინტერნეტიც ყველა კლუბისათვის ხელმისაწვდომია... ანუ ზოგადი თვალსაზრისთ პირობები იგივე გვაქვს, მაგრამ ართუ არაფერი გვეყიდება, ჩვენი დანახვაც არავის უნდა, იმას რასაც სხვას ჩუქნიან და ფულსაც უმატებენ, ხშირ შემთხვევაში საყიდელი გვაქვს. „მერსედესს“, რომ არ ანაღვლებს, ივლის, თუ არა რომელიმე ქართული გუნდი მისი ავტობუსით, დაიმლერ-ბენცის კონცერნის სარეკლამო პოლიტიკის იაღლიშია, თუ იმის, ჩვენს ფეხბურთს მაყურებელი, რომ არ ჰყავს?

გასაგებია, რომ ყველას თავისი ნიშა აქვს და დღეს ქართულ კომპანიებსაც ჩალის ფასი უღირთ მაისურზე ან ბანერებზე განთავსებული რეკლამა, მაგრამ რაღაც ხომ უღირთ? თანამედროვე ფეხბურთის შემადგენელი ეს სეგმენტი ხომ მუშაობს? ე.ი ფინანსებიც არის ქართულ ფეხბურთში, ოღონდ მაყურებლის რაოდენობის შესაბამისი, მაგრამ რომელიმე ევროპული ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოჩენისთანავე, ქართული კომპანიების სარეკლამო პოლიტიკა, რომ შეიცვლება და კონკურენციაც გაჩნდება, ისევე როგორც „პუმა“- “ადიდას”- “ნაიკ” - ისთვის აღარ იქნება უმნიშვნელო, ვისი ეკიპირებით ითამაშებს გუნდი. ჩემპიონთა ლიგიაზე, მრავალმილიონიანი სატელევიზიო აუდიტორიის თვალწინ, ესეც ხომ ფაქტია. თავისით, ყოველგვარი ხვეწნა - მუდარის გარეშე მოვა, უფრო მეტი ფული ქართულ ფეხბურთშიც, მხოლოდ ზემოდნახსენები „კონკრეტული რეალობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ანუ მაყურებლის რაოდენობის გაზრდის პარალელურად და არა პირიქით, ვინაიდან სერიოზული თანხის დამხარჯველი სპონსორები ცარიელ ადგილზე არ ჩნდებიან.

რაც შეეხება ინვესტირებას - მოდით ასე შევხედოთ საკითხს - ხუთიათასიან სესხს არ იძლევიან შესაბამისი ბიზნეს-გეგმის გარეშე და უმაყურებლო (შემოსავლის არარსებობა) საფეხბურთო კლუბის, მოგებაზე გათვლილი ხარჯთაღრიცხვა როგორ წარმოგიდგენიათ?

მავანმა შეიძლება დიდი კლუბების შემთხვევები გამახსენოს, მაგრამ აბრამოვიჩის მილიარდებამდე ჩელსი-ში ვიალი და ძოლა თამაშობდნენ, ისევე როგორც არაბულ ინვესტიციამდე პსჟ-ში რაი და ჟუნინიო. გაურკვევლობაში ფულს არავინ დებს, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულით, ჩვენ უარესიც ჩაგვიდენია. ხომ გახსოვთ, მხოლოდ გრძნობაზე გათვლილი ენთუზიაზმით, როგორ ეცადა (ძალისხმევას არც დღეს აკლებს) ერთი კარგი ქართველი თბილისის „დინამოს“ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას,? და რა მიიღო დახარჯული თნხის სანაცვლოდ? იმაზე არაფრით უკეთესი, თუ არა უარესი კლუბი, ვიდრე იყო. რატომ? იმიტომ, რომ ფული გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მთავარი შემადგენელია, ხოლო „დიდი ფული“, რამაც შესაძლებელია სათამაშო ხარისხი მომენტალურად გაზარდოს, საქართველოში, თავისუფლად, თანაც საჩუქრად, უბრალოდ არ არის. საუკეთესო შემთხვევაში მოსაძებნი და შესაგროვებელია, რაც თავისთავად იმდენი გემოვნების, შეხედულების, პრიორიტეტის და სხვა უამრავი ფაქტორის ბალანსს მოითხოვს, რომ მწირ ქართულ ბიზნესში მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

ერთგვარი ნათელი წერტილი ბანკებია, მაგრამ ისინი, ფულის სარფიანად მართვაზე დაგეშილი მოთამაშეები არიან და რისკ-ფაქტორებიც მათი მოგონილია, ამის გამო ქართულ ფეხბურთში, განსაკუთრებით ნულოვან ეტაპზე, ამ უკანასკნელთა გამოჩენაც შეუძლებელია.

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელები, სანახაობას მხოლოდ შესაბამისი დაფინანსების არსებობის შემთხვევაში გვპირდებიან, ხოლო ბიზნესის კეთების მარტივი პოსტულატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საკითხის ამგვარ ფორმულირებას. ამის გამოა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოქმედი სტანდარტები ჩვენს რეალობას არ ესადაგება.

მეგობრებო, ერთი კლუბის აღორძინებაც გადაულახავ პრობლემად გვექცა და ჩემპიონატის დონის ამაღლებას რა თანხა დასჭირდება წარმოგიდგენიათ?

უნდა დავემშვიდობოთ ფუჭ ოცნებას და მიწაზე დავეშვათ, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როცა ამა თუ იმ ჩემპიონატში დახარჯული, თუნდაც დიდი ფული, აპრიორი არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას და ეს აკვიატებული, „ჩემპიონატის მაღალი დონეც“ ძალზედ საკამათო თემაა.

(გაგრძელება იქნება)

1
30
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
30
  
5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1