x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96731
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458629
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ეროვნული ჩემპიონატი და ისევ ფული
image


(გაგრძელება)


მოგეხსენებათ, რომ „შესაბამის პირობებზე“ აჟიტირების პარალელურად სისტემატიურად ვაპელირებთ სუსტი ჩემპიონატით და ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვითხოვთ.

„ავამაღლოდ ჩემპიონატის დონე“ - დამეთანხმებით შესანიშნავი მოწოდებაა, მედიაც გვიყიჟინებს - უნდა გამოჩნდნენ მდიდარი პიროვნებები ან ფინანსური ჯგუფები, რომელებიც დახარჯავენ შესაბამის თანხას და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების წყალობით გაზრდიან სათამაშო დონეს - ერთი შეხედვით ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმება ჩემპიონატის დონის ამაღლებაში და რამდენი დაგვჭირდება, აღარ ვამბობთ, მხოლოდ ზოგადად ვბოლდებით - „იქნება ფული იქნება ხარისხი“.


მსგავსი ლოზუნგების ფონზე, ქვეცნობიერად მაინც ყველა ვგრძნობთ, რომ უწინ მზე ამოვა დასავლეთიდან ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში ჩაიდება ფული, ვინაიდან, იმასაც ვხვდებით, რაც იგულისხმება „ინვესტიციაში“ - ჩუქება - საქართველოს ჩემიონატში, მონაწილე გუნდისათვის პირველ ჯერზე ფული, ხოლო შემდეგ ხარისხი და შესაბამისად შედეგი, იმხელა რისკია, ფაქტიურად ჩუქების ტოლფასია.

რა გამოგვდის, ვგრძნობთ სრულ სიმართლეს, მაგრამ დაჯერება არ გვინდა? ნახევრადსიმართლის პროპაგანდისტული წნეხი, გვაიძულებს რეალობას გავექცეთ და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ? არარსებული ფულის (საჩუქრად, თანაც N რაოდენობით ) მოთხოვნა, გაურკვეველი მიზნებისათვის (ჩემპიონატის დონის ამაღლება მიზანი არაა, მხოლოდ ზოგადი მცნებაა) ზემოქმედებს ჩვენს მგრძნობელობაზე (ასეთი ეკონომიკის პირობებში არაა საშველი) და ილუზიას რეალობად წარმოაჩენს?

ალბათ ასეა, მაგრამ ოდნავაც, რომ ჩაუღრმავდეთ ფინანსურ საკითხს, დავასახელოთ ნებისმიერი თანხა, რომელიც კალკულაციის და შედარების საშუალებას მოგვცემს, ფული ფეხბურთთან ერთ კონტექსტში განვიხილოთ და არა ურთიერთგამომდინარე, ამავდროულად, გავარკვიოთ, მაინც რა იგულისხმება ჩემპიონატის „მაღალ დონეში“, და დავინახავთ - „მწარე ფინანსური რეალობა“, რომელშიც ვცხოვრობთ, მხოლოდ იდეალური საფრთხობელაა წმინდა საფეხბურთო პრობლემების გადასაფარად და ისეთივე თავსმოხვეული ილუზია როგორც „შესაბამისი პირობები“.

საფეხბურთო საკითხებზე მსჯელობისას, მაქსიმალურად ვეცადე, მხოლოდ ფაქტების, შესაბამისი მაგალითების, საყოველთაოდ აღიარებული ე.წ. საფეხბურთო პოსტულატების მეშვეობით მესაუბრა. ვინაიდან ფეხბურთი ისეთი თემაა, რომ მტკიცების რეჟიმში ოდნავ სუბიექტურობასაც არ გპატიობს, სამწუხაროდ, იგივე არ გამოგვივა ჩვენს ჩემპიონატში ფულის რაოდენობასა და მნიშვნელობაზე საუბრისას, ვინაიდან საკითხი არაორდინალურია, არაერთგვაროვანი და სპეციფიკური, თანაც ისეთ დროს, როცა ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს ისე დავშორდით, რომ რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ილუზიაც გუშინდელ დღედ გვექცა.

დასაწყისისათვის ვცადოთ ყველაფერს, თავისი სახელი დავარქვათ და ვიკითხოთ, ფულს რისთვის ვითხოვთ და რატომ, მაინც რას ნიშნავს - „შეადარეთ მათ ხელფასებს ჩვენი“...

მაგალითად ქართველი მსახიობები და მომღერლებიც ითხოვენ ფულს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანაცვლოდ არ გვპირდებიან „პალმის რტოს“, ან „გრემის“ დათრევას, უბრალოდ ღირსეული ცხოვრება უნდათ, რაც ადამიანური თვალსაზრისით გასაგები და მისაღებია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართველი მხატვარი თავის ნამუშევარში ვან გოგის ფერთა დინამიკას, თანხის სანაცვლოდ, რომ დაგვპირდეს სერიოზულად აღიქვამთ? მაშ რატომღა გვეჩვენება რეალურად, რომ ფული, რომელიმე ფეხბურთელს თამაშის ხარისხს აუმაღლებს, ან ახალ ხურცილავას მოუვლენს ქართულ ფეხბურთს?

ალბათ ყველა ხვდებით, თუ მოხდა სასწაული და ფინანსები გამოჩნდა, ეს ფული ქართველებამდე მაინც არ მივა, მას შესაბამისი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელები მოყვება - ასეთია მაყუთის ლოგიკა.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მაგალითით ყურები რომ გამოგვიჭედეს, იქ ჩადებულ თანხებს, პარალელურად გაბალას - 11 ყარაბახის - 9 ოქტობეს - 8, და ასტანას - 10 ლეგიონერი მიჰყვა - დაავავიწყდათ? ფულმა ყაზახებსა და აზერბაიჯანელებს გვერდი აუარა - თავისი შესატყვისი ხალხი მოძებნა.

საქართველოს ჩემპიონატში სერიოზული თანხის გამღები, ფინანსებს, შესაბამისი კვალიფიკაციის ხალხსაც მოაყოლებს. კლუბსაც შექმნის (ან იყიდის), მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებსაც მოიზიდავს, სამწვრთნელო შტაბსაც, შედეგის მიღწევასაც შეეცდება, მაგრამ დღეს მოქმედი ფეხბურთელები და მწვრთნელები, განსაკუთრებულად კლუბების მფლობელ-მმართველ-ადმინისტრატრები რაღაში დაჭირდება?

მართალია ქართველებს ყაზახებისა და აზერბაიჯანელებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა გვაქვს, რომ შედარებით მაღალანაზღაურებადი ჩვენებურები გვყავს, მაგრამ ყველა წასული, რომც მოვაბრუნოთ, ან წამსვლელი არ გავუშვათ, მაქსიმუმ, ერთი, ალბათ საშუალოსთან მიახლოებული ევროპული დონის კლუბის შექმნა მოვახერხოთ, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში ფულზე მეოცნებე გუნდებს ამით რა შეემატებათ? ასეთი სასწაულის შემთხვევაში, რამდენი „თოვლის ბაბუაც“ გამოჩნდება, იმდენივე გუნდის ფეხბურელები და სამწვრთნელო შტაბებიც მომენტალურად, რომ ჩანაცვლდებიან ეჭვი გვეპარება?

კაპიტალდაბანდება, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს ვერაფრით დაეხმარება, პირიქით, რაც მეტი იქნება ფული, უფრო ნაკლებ მათგანს მიეცემა შანსი...

დავუბრუნდეთ მთავარს - მაინც რისთვის გვჭირდება ფინანსები? დღევანდელ რეალობაში, მაქსიმუმი, რაც შეიძლება ვინატროთ, ევროტურნირებზე სტაბილურად თამაშია (არა მგონია ისე გავუტიოთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გავიქაჩოთ, თუნდაც სიზმარში), მაგრამ ამ ოცნებასთან რა კავშირი აქვს, ჩემპიონატის დონის ამაღლებას? გაგიკვირდებათ და არავითარი.

(გაგრძელება იქნება)

2
59
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
59
  
5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ნოემბერი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2