x
მკვლელების ბიოგრაფია ნაწ. 1 - ჯეინ რიჩარდსონი
ჯეინ ტოდ რიჩარდსონი ძირითადად ცნობილია, როგორც „Jane the killer“ ან „Jane everlasting“ - ის სახელით.

Jane the killer


ის ცნობილია როგორც საკუთარი ისტორიით, ასევე კიდევ ერთი მკვლელის, „Jeff the killer“- ის ისტორიით, თუმცა მისი ნამდვილი, თავს გადამხდარი ამბავი, ძალიან ცოტამ იცის.

სანამ ჯეინი მთელ ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მკვლელი და ძებნილი გახდებოდა, ის სრულიად ჩვეულებრივი და საყვარელი გოგონა იყო. მას უყვარდა, ძალიან უყვარდა ოჯახი და მეგობრები, თუმცა ისინი ძალიან ხშირად ვერ უგებდნენ და უნებურად შეურაცხყოფდნენ კიდეც გოგონას.


მას შემდეგ, რაც ჯეინი ცნობილი მკვლელი გახდა, მასზე უამრავი ნაშრომი, ისტორია და ვარაუდი დაიწერა, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობდა, რომ გოგონას, გადატანილი ხანძრის შემდეგ დაუდგინდა დაავადება, რომელიც ყველა ფერის გაქრობას და ყველაფრის შავ-თეთრად დანახვას გულისხმობდა. (მაპატიეთ, დაავადების სახელი ვერ დავადგინე...)

ჯეინი უდიდესი მტერია კიდევ ერთი მკვლელის, ზემოხსენებული ჯეფისა, რადგან მან გოგონას დაბადების დღეზე, მის სახლს ცეცხლი წაუკიდა. ჯეინი ხმის ჩანაწერში ირწმუნება, რომ ის ოდესმე აუცილებლად მოკლავს ჯეფს, და რომ მისი ყვირილის მოსმენა გოგონას მუსიკასავით ჩაესმის და მისი ცხოვრების მიზანი მხოლოდ ერთია - ადრე თუ გვიან, მოკლას ჯეფი.

ჯეინის გაუჩინარების შემდეგ, პოლიციაში შეტანილი იქნა განცხადება, რომ გზაზე ვიღაც ქალი ეპოვათ დანით მიყენებული ჭრილობის გამო გარდაცვლილი და პირველადი ეჭვი ჯეფთან მივიდა.

ეს ვარიანტი მალევე უარყვეს, რადგან გვამის გაჩხრეკის შემდეგ, გარდაცვლილს ჯიბეში უპოვეს წერილი, რომლის ადრესატიც ჯეფი იყო. წერილის ავტორი იმუქრებოდა, რომ მისი მომდევნო და უკანასკნელი მსხვერპლი ჯეფი იქნებოდა და ის ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანების ხოცვას თავს დაანებებდა. წერილის ავტორად გოგონა, სახელად ჯეინ რიჩარდსონი დასახელდა.

იმ ადგილას, სადაც გვამი იპოვეს, ახლო-მახლო კედელზე აღმოჩენილი იქნა სრულიად მშვიდად და აუჩქარებლად დაწერილი წარწერა „არ დაიძინო, ვეღარ გაიღვიძებ!“ თუმცა პოლიციელებმა უფრო შინაარსზე კი არა, წერის ტემპზე გაამახვილეს ყურადღება და გამოიტანეს დასკვნა, რომ გოგონას, (თუ მკვლელი მართლაც ჯეინი იყო) არსად არ ეჩქარებოდა, ისე წერდა ამ ფრაზას. ამ მცირე წვრილმანის გამოყენებით პოლიციელებმა მკვლელობის დროის დადგენა შეძლეს.

სიტყვები „არ დაიძინო, ვეღარ გაიღვიძებ!“ ჯეინის სავიზიტო ბარათი გახდა. ის ამ სიტყვებითაც კი ჯეფის წინააღმდეგი იყო, რომელიც თავის მხრივ ყველგან ამ სიტყვებს აწერდა სისხლით „დაიძინე!“

ჯეინი ჯერ კიდევ მოზარდი, 13-14 წლისა იყო, როდესაც ჯეფი და მისი ოჯახი მის სამეზობლოში გამოჩნდნენ და ჯეინის სახლის პირდაპირ მდგარი მყუდრო, კოხტა სახლი შეისყიდეს.

ერთ დღეს, როდესაც ჯეინი სახლიდან გადიოდა და სკოლაში აგვიანდებოდა, ფანჯარაში გაიხედა და შემთხვევით დაინახა, რომ ჯეფი და მისი ძმა, ლიუ ავტობუსის გაჩერებაზე ისხდნენ, თავს კი მისი სკოლის მოძალადეები, რენდი, ტროი და კეიტი წამოსდგომოდათ.

ისინი ბიჭებს დანით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ, რომ მათთვის ერთგვარი „გადასახადი“ ანუ მთელი ჯიბის ფული მიეცათ.

ლიუმ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა რენდიმ ხელი დაარტყა. უეცრად ჯეფის სახე შეიცვალა. როგორც შეშლილი ფსიქოპატი, ისე დაერია ბიჭებს და დანები ხელიდან გააგდებინა, შემდეგ კი ძმა ააყენა და უშფოთველად ჩაჯდა ავტობუსში. ჯეინი დაფრთხა და გადაწყვიტა ჯეფისაგან თავი შორს დაეჭირა.

მეორე დილით გოგონამ ჯეფის სახლში შესული პოლიციელები დაინახა და მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია, თუმცა ხმა არ ამოუღია. დაახლოებით თხუთმეტ წუთში სახლიდან პოლიციელები გამოვიდნენ ბიჭთან ერთად, რომელსაც ლურჯი ყელსახვევი შემოეხვია და პოლიციელებს მშვიდად მიჰყვებოდა. გოგონა ძალიან გაოცდა, როდესაც დაინახა რომ პოლიციელებს ჯეფი კი არა ლიუ მიჰყავდათ.

ჯეფი ტირილით მისდევდა მანქანას „არა ეს მე ჩავიდინე! ჩემი ბრალია!“ ყვიროდა ბოლო ხმაზე, თუმცა არავინ დაუჯერა, იფიქრეს, ძმის გადარჩენა თუ უნდოდაო. ჯეფი ნამტირალევი და სევდიანი ჩამოჯდა ტროტუარზე.

როდესაც რამდენიმე დღე გავიდა, სკოლაში გავრცელდა ჭორები რომ ლიუ ფსიქიკურად დაულაგებელი იყო და რენდის და მის ძმაკაცებს თავად დაესხა თავს. მოძალადეთა ტრიო სკოლაში არ დაბრძანდებოდა დაზიანებების გამო და მიუხედავად იმისა, რომ ჯეინს ლიუსა და მისი ძმის ამბავი დიდად არ ადარდებდა, გადაწყვიტა, რომ ჯეფისათვის ანონიმური წერილი დაეტოვებინა იმის შესახებ, რომ მას ჰყავდა მოწმე, რომელმაც იცოდა, რომ ლიუს არაფერი დაუშავებია და დაუტოვა კიდეც.

იმავე საღამოს, ჯეინი მარტო იყო სახლში. მის მეზობლებს დაბადების დღის წვეულება ჰქნდათ და მუსიკა გოგონას მეცადინეობაში ხელს უშლიდა. ჯეინი ფანჯრის დასახურად ადგა, როდესაც დაინახა, რომ ჯეფი მეგობრებთან ერთად თამაშობდა. ჯეინი გაახარა იმის დანახვამ, რომ ჯეფი მოწყენილი არ იყო და გაეღიმა, თუმცა ღიმილი სახეზე შეაშრა, როდესაც დაინახა, რომ ეზოს სამი, ხელკეტებით შეიარაღებული ბიჭი უახლოვდებოდა. მათი ვინაობის გაგება რთული არ ყოფილა, რენდი და მისი ამფსონები შურის საძიებლად მოდიოდნენ.

ბავშვები გაიქცნენ, ჯეინი კი ტელეფონს ეცა, თუმცა სანამ 911-ს აკრეფდა, უეცრად შეჩერდა.

ფანჯრისაკენ გაიხედა და ერთი აზრი დაებადა. ფანჯარაში გადაიხედა და ბოლო ხმაზე იკივლა, შემდეგ კი კვლავ ოთახში შებრუნდა.

ამ მოქმედებამ შედეგი გამოიღო. ბიჭები დაფრთხნენ და გაიქცნენ. ჯეინმა კი კიბეები ჩაირბინა და ჯეფს მივარდა.

ბიჭი მძიმედ იყო დაშავებული. გარეთ წვიმდა და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. ბოლოს ჯეინმა მოახერხა და ჯეფი სახლში შეიყვანა.

იმ საღამოს გოგონა დიდხანს ფიქრობდა. ადრე ჯეფი სრულიად არ ადარდებდა, თუმცა ახლა... შეგრძნება ჰქონდა რომ... უყვარდებოდა.

მეორე დილით ჯეინს მშობლებმა უთხრეს, რომ ცოტათი მაინც რომ დაეგვიანა, ჯეფი გაღვიძებას ვეღარ შეძლებდა. მას პირადად ჯეფის მამამაც გადაუხადა მადლობა, ჯეფის დედა კი პირდაპირ მადლობებად იღვრებოდა.

სკოლის წვეულება ახლოვდებოდა და გოგონას კავალერი ჯერ კიდევ არ ჰყავდა, ამიტომ გადაწყვიტა ნაცადი ხერხისათვის მიემართა და გამოჯანმრთელებულ ჯეფს მერხის ქვეშ წერილი დაუტოვა.

წვეულებაზე ჯეინი და ჯეფი ერთად მივიდნენ. თითქოს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარებოდა, მანამ სანამ... ჯეფმა ძველი მტრები არ დაინახა.

ჯეინმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. ჯეფს სახე დაღმეჭოდა და დანას ატრიალებდა, რომელიც სავარაუდოდ აქამდე სულ ქამარში ედო, უბრალოდ გოგონა ვერ ამჩნევდა.

შემდეგ ყველაფერი აირია, გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და გული შეუღონდა. სადღაც შორიდან რენდის სიცილი და ჯეფის არაბუნებრივი ყვირილი შემოესმა.

ჯეინმა საავადმყოფოში გაიღვიძა. მასთან მისი მშობლები მივიდნენ. არაფერი აუხსნიათ, უბრალოდ კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ჯეფისაგან თავი შორს დაეჭირა. სხვა არაფერი. როდესაც გოგონა ამ თემაზე საუბრის ჩემოგდებას ცდილობდა, მამამისი წარბებს კრავდა, ხოლო დედამისი ტუჩებს იკვნეტდა.

გოგონამ ამის მიზეზი მალევე გაიგო. როდესაც სკოლაში დაბრუნდა, ჯეფს ძებნა დაუწყო, თუმცა თავის ძველ მერხთან ვერ იპოვა. მთელი კლასი მოიარა და საბოლოოდ ერთ ჩაბნელებულ, უსინათლო კუთხეში მდგარ, დახაზულ და გაფუჭებულ მერხსაც მიაგნო, რომლისთვისაც ყურადღება არასოდეს მიუქცევია, რადგან იქ არავინ იჯდა.

არა, შეცდა. იქ ბიჭი იჯდა. თეთრი პულოვერი ეცვა და თავზე კაპიშონი დაეფარებინა. გოგონამ ხელი წაიღო მისკენ, თუმცა ბიჭმა თავი ასწია და ჯეინს გააჟრჟოლა.

ჰო, ეს სიბნელეში, განმარტოვებით მჯდარი ბიჭი ჯეფი იყო, თუმცა სრულიად შეცვლილი. სახე გასთეთრებოდა, თვალები ჩაშავებოდა და ნაიარევები დამჩნეოდა. ჯეინი შეკრთა და უკან დაიხია, ბოლოს კი საერთოდაც, მუცლის ტკივილი მოიმიზეზა და სახლში წავიდა, რადგან თვალს მუდამ იმ კუთხისაკენ აპარებდა, რომლიდანაც ჯეფი თვალმოუშორებლად შესცქეროდა.

მალევე ლიუ სახლში დააბრუნეს. ჯეინს ეს უნდა გაჰხარებოდა, თუმცა არაფერი უგრძვნია. დაზაფრული გამოკეტილიყო სახლში და ჯეფის ნატანჯ სახეს და მის გაშტერებულ თვალებს ვერ ივიწყებდა.

ორი დღის სახლში ყოფნის შემდეგ, შუაღამისას ჯეინი ფეხის ხმამ და ჭრიალმა გააღვიძა. დაბნეულმა აიწია ღამის პერანგი მხარზე და შემცივნული ქვედა სართულზე ჩავიდა.

მისი მეგობარი და მეზობელი, სარა, მოგვიანებით ირწმუნებოდა, მე და ჯეინს სამი სახლი გვაშორებდა და მისი კივილი იქაც კი გავიგეო. ჯეინი კიოდა და კიოდა რაც შეეძლო, რადგან მის თვალწინ ექვსი ცხედარი ესვენა... უფრო სწორედ ხუთი. ჯეფი მაგიდიდან წამოდგა და მამამისს ჩამოკიდებული თავი გაუსწორა. სახედასერილი ლიუ ერთ-ერთ სამზარეულოს სკამზე ძალიან აკურატულად შეეყენებინათ, ასევე ისხდნენ ჯეინის დედა, მამა და ჯეფის მშობლები. ყველას წინ თეფშები ელაგა. თითქოს ჩვეულებრივი ვახშამი იყო.

დაზაფრულ და შეშინებულ ჯეინს მეტი არც უნდოდა და ამ ერთ კვირაში უკვე მეორედ შეუღონდა გული.

სკამზე მიბმულს გაეღვიძა. ჯეფი რაღაც ცივს ასხამდა. სუნზე იგრძნო - ბენზინი.

ჯეინი ვერაფერს მიხვდა, თუმცა სულ მალე, როდესაც ჯეფმა ასანთი ამოიღო, კვლავ კივილი მორთო, თუმცა ამჯერად ჯეფმა პირი აუკრა და განწირული კივილი მალევე შეწყდა.

შუაღამისას ალში გახვეულ სახლს მეხანძრეთა და პოლიციელთა ბრიგადა მიადგა.

ჯეინმა კვლავ საავადმყოფოში გაიღვიძა, თუმცა ამჯერად მის დასამშვიდებლად აღარავინ შემოსულა და გოგონა მიხვდა, რომ დაობლდა.

ოთახში ექთანი შემოვიდა და გოგონას დაუყვავა - ყველაფერი კარგად იქნებაო, შემდეგ კი ნაზად შეხსნა სახიდან ბინტი. ექთანმა დამალვა სცადა, თუმცა ჯეინმა მისი დაზაფრული სახე შენიშნა და ხელი სარკეს დასტაცა.

მთელს სახეზე უმძიმესი დამწვრობის კვალი დარჩენოდა, თმები შეტრუსვოდა და ერთი თვალის ბუდე ჩამოწელილიყო. ჰაერის შეხებისას ეს ყველაფერი აეწვა და თვალები, უფრო სწორედ, მხოლოდ ერთი თვალი აუცრემლიანდა.

- დამშვიდდი ძვირფასო. - დაამშვიდა ექთანმა. - კარგად მოგივლით და აღარაფერი დაგეტყობა, ახლა კი იქნებ ამან მაინც დაგამშვიდოს, ეს შენს პალატაში დაგიტოვეს. - და ჯეინს დიდი, შეფუთული ყუთი გაუწოდა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.

გოგონამ აკანკალებული ხელით გახსნა შეკვრა. წერილი იპოვა და ნელა, სვენებ-სვენებით წაიკითხა.

- „ძვირფასო ჯეინ“ - წერდა ის. „მაპატიე, რომ ამის გაკეთება
მომიწია, თუმცა ახლა შენ ჩემსავით ლამაზი ხარ. მიიღე ეს საჩუქრები და მერწმუნე, ოდესმე კვლავ შევხვდებით.

სიყვარულით, ჯეფი.“

გაცეცხლებულმა გოგონამ ყუთი გადმოაპირქვავა. იქიდან თეთრი, შავთვალება ნიღაბი, შავი პარიკი, ხელთათმანები და შავი კაბა, შავი და წითელი ვარდები და დიდი, ვერცხლისფერი, ალესილი დანა გადმოიყარა და საწოლზე დაცვივდა.

ჯეინმა კაბა და ხელთათმანები ჩაიცვა, ნიღაბი და პარიკი მოირგო და დანა იღლიაში ამოიჩარა. ხუთიოდე წუთში ექთანს შუშის ლეწვის ხმა მოესმა და დაბნეული და გაოცებული შევარდა პალატაში. ფანჯრაში დიდი წრე ამოეჭრათ, საწოლზე კი ვარდები, წერილი და ქაღალდების ნაფლეთები უწესრიგოდ ეყარა.

24 საათში ჯეინ რიჩარდსონი დაკარგულად გამოცხადდა.


0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ელისი07
ელისი07
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0