x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აქ რომ გადმოვსულიყავით, სულ სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება...იმას არ შევხვდებოდი
image

ჰავლაბრამდე გზა გრძელია
ტაქსიც ძვირია
დემოკრატიულობის აღიარების მიუხედავად და გამოდის, რომ მაინც ფსევდოდემოკრატიულობა ყოფილა, ტაქსით დავდივარ, მაგრამ ახლა ვინაიდან მთელი ფული მოულოდნელ დაავადებას მიეფშვნა და მიენარცხა, სანამ დაზღვევა განიხილავს და ამინაზღაურებს და სანამ ხელფასი იქნება თვის ბოლოს, ამ ერთ ჯერზე უნდა იკადროს მყარად ჩასახლებულმა ურცხვმა და მფლანგველმა მაღალკეთილშობილებამ, თან მადამ ფუფუმ და ჩაჯდეს საყოველთაო და პირადი სივრცის დამარღვეველ, ყოვლად გულმიუსვლელ დილიჟანს, ე. წ. “მარშრუტკაში''.
ხოდა, ჩაჯდა კიდევაც
ძალიან გამიმართლა ჩემს სატრანსპორტო მიზანთროპიაში და ვაკის პარკის მხრიდან სრულიად ცარიელი მოვიდა. არც არავინაა ჩემს მეტი
მძღოლსაც არც მუსიკალური მადა გახსნია ჯერ, დილაა, რომ დარდიმანდები აკვნესოს ბოლო ხმაზე და აღარც პოლიტიკა შეუძლია, ეტყობა და რადიოც ჩუმადაა
ვმგხავრობთ მშვენივრად ცარიელ დილიჟანს–მარშრუტკაში – მიპაკუნობს ჯერ კიდევ საცობდაუცემელ ქუჩებში

და მხოლოდ სადღაც ფილარმონიის ახლოს ამოვიდა ერთი ქალი
ამოვიდა და ამ ცარიელ მარშრუტკაში გამოემართა და პირდაპირ ჩემს გვერდით დაჯდა
ეს ნიშნავს, რომ უნდა რომ მელაპარაკოს
ეს ნიშნავს, რომ მე უნდა მოვუსმინო

ჯერ სიჩუმეა ისევ
ლურჯი პალტო აცვია და ლურჯი შლაპა ახურავს
პალტოზე ვერცხლის გულსაბნევი წვრილი მარგალიტის ყვავილებით
შლაპა მიკვირს, თან ასეთი – არა მყვირალა, არც უცნაური და არა ბუმბულებიანყვავილებიანი, ბუნებრივად ახურავს, არაზედმეტად, ორგანულად, პატარა კოხტა თავზე, რაც იშვიათობაა
ასაკით იქნება ალბათ ასე 70 წლის (მერე მივხვდი, მეტი ყოფილა)
ხელები უწყვია ერთმანეთზე და დროდადრო გადმომხედავს, აი, კატა რომ უყურებს გასაგორებლად თვალდადგმულ ძაფის გორგალს, ისე, მაგრამ ჩუმადაა


მძღოლმა ორკაციანი აუდიტორიის პირობებში თავს უფლება მისცა, თვითონ აერჩია მარშრუტი და რუსთაველის ნაცვლად, ქვედა ქუჩით გადაწყვიტა წასვლა
გავედით ოპერის უკან რომ ქუჩაა, ახლა რა ქვია არ ვიცი, ადრეც რა ერქვა, ზუსტად არ ვიცი, ძნელაძე, მგონი და ოპერის ახლოს ზუსტად, აგურის სახლის პირისპირ დაირღვა სიჩუმე და
“ამ სახლში უნდა მეცხოვრა'' – ამბობს ქალი და აგურის სახლზე ათითებს
“აქ უნდა გადმოვსულიყავით თელავიდან, ომამდე'' (იმდენ ომს მოვესწარი უკვე, წამით ვეღარ ვხვდები, რომელ ომამდე, მაგრამ მერე მაინც ვაცნობიერებ, რომ მისთვის ომი მეორე მსოფლიო ომია, დანარჩენს, ჩვენს დამარბეველს, რას უწოდებს, არ ვიცი)

“დედამ წამომიყვანა, პატარა ვიყავი, აქ გადმოვალთო'' – კიდევ ათითებს – აი, ის აივანი უნდა ყოფილიყო ჩვენი. მაგრამ არ ყოფილა არასდროს... ''
“რა კარგი აივანია '' – ვამბობ მე – სხვა რა ვთქვა
“მერე არ გამოვიდა ეს სახლი და იქით გადმოვედით, ვარდისუბანში, ვერაზე''
შლაპიან თავს ხხრის
დავიჯერო, ტირის? რატომ?
..აქ რომ გადმოვსულიყავით, სულ სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება''
სიჩუმე და ისევ:
“ხო, სხვანაირი იქნებოდა, ალბათ''

კარგი პარტნიორი კარგი რეპლიკაა და მე უნდა ვიყო ამ შემოდგომის სევდიან დილას კარგი პარტნიორი საუბარში და ჩავაწოდე რეპლიკა:
“რატომ?''
და დროულადაც
“ოოო'' – გახალისდა – “იმიტომ რომ სხვანაირი იქნებოდა. სხვა ხალხს შევხვდებოდი, სხვა სკოლაში ვისწავლიდი, იმას არ შევხვდებოდი...''
“იმას?'' – რეპლიკა ისევ ზუსტია
“კი, იმას, პირდაპირ ცხოვრობდა, ჩვენი ლოჯები ერთმანეთს უყურებდნენ. ერთ კლასში აღმოვჩნდით. დედამისი მოვიდა სკოლაში პირველ სექტემნერს და ერთად დასვითო, მასწავლებელს უთხრა. არ ვიყავი ცუდი გოგო...ოჯახიც კარგი გვქონდა ''
აქ პლასტიკაა საჭირო, პლასტიკაც არა, მიმიკა და ვუღიმი და თავს ვუქნევ
“14 წლის ვიყავი, წერილი რომ მომწერა და სიყვარული ამიხსნა. ისეთი ამბავი ავტეხე, ვიტირე, როგორ მაკადრა–მეთქი. სკოლის დამთავრებამდე არ ველაპარაკებოდი. .ბოლო დღეს დიდი თაიგულები მოგვიტანეს ბიჭებმა და იმან ერთი დიდი წითელი, აი, მოლურჯო წითელი ვარდი მე... მაშინ დაველაპარაკე''
მძღოლს დაძაბული კეფა აქვს, მიყურადებული
“სულ ერთად ვიყავით ამის მერე. . დედამისს უხაროდა. მამიდამისსაც. დედა და მამიდა ზრდიდნენ, მამა ომში დაეღუპა. სულ ერთად ვიყავით...ისე აღარასდროს ვყოფილვარ მერე.. ერთად... სანამ... მამაჩემი არ დაიჭირეს და ...''

მძღოლი ოხრავს
მე რეპლიკის ნიჭი გამიქრა
მაგრამ ის ფანჯარაში იყურება და ამბები უკვე მინებს მიღმა თავისით მიცურავენ
“მოვიდნენ აღმასარულებლები, რაც გვქინდა აღწერეს და წაიღეს, დედაჩემის ნამზითვი საწოლებიც. გაგვიჭირდა. ჩემმა დამ სწავლას თავი დაანება, სამედიცინოზე სწავლობდა და მუშაობა დაიწ6ყო მკერავად. დედაჩემი დაიბნა და ავად გახდა... ძალიან ავად გახდა... დაბნეულობის და უსუსურობის ავადმყოფობით... იმან კი.. ის განიცდიდა, როგორ არა. მაგრამ...''
“მერე?'' – ეს ყველაზე ბანალურია, რაც შეიძლება ჩაურთო აქ
“მერე დედამისმა და მამიდამისმა, ჩვენი ბიჭი პატიმრის ოჯახის მარჩენლად და ტვირთის საზიდად არ გაგვიზრდიაო. რაც მანამდე სითბო იყო, ყინულად შცვალეს. ჩაძირავო, გააუბედურებ, ნორმალური ცხოვრება არ ექნება შენი და–ძმების ხელშიო''
“მერე?'' – ამაზე უარესი უკვე არაფერი შეიძლება, ეს უკვე აღარაფერი აღარაა, სიტყვაც კი აღარ ... ..
“მერე და უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, უკვე აღარც მეკარებოდა. მე გორში გამანაწილეს, უნდა წავსულიყავი, არ იყო სხვა გზა. წასვლის წინ მაინც მომაკითხა, მითხრა, შენ ვერავინ შეგცვლის ჩემს გულში, მაგრამ დედაც მოკვდება და მამიდაცო და... და...... ''
აღარაა საჭირო არაფერი, არანაირი კითხვა, მოყვება მაინც ბოლომდე
მძღოლს ახველებს

“ხოდა, წავედი. მისი ამბები ვიცოდი. რომ დაამთავრა პარტიაში შევიდა. მერე დაქორწინდა, ჩვენი კლასელები იყვნენ ქორწილში, ქუთაისელ დიდგალავნიან ქალზეო''
და უადგილოდ მეღიმება, თუ მეცინება, მაშინაც ყოფილან დიდგალავნიანი ქალები და კაცები – ცხოვრება რომ მართლაც ციკლურობა და პარაბოლაა
..მერე ქუთაისში იყო აღმასკომის მდივანი''
“თქვენ?''
“მე რა, მე ჯერ გორში ვიმუშავე სკოლაში, მერე თბილისში მოხერხდა გადმოყვანა, ავლაბარში, დედა დაილია და... მამა გადასახლებაში გარდაიცვალა. დაც– 35 წლისა, ფილტვების ანთებით, ბებია, მე და პატარა ძმები დავრჩით. მერე ძმებმა ისწავლეს, ცოლები მოიყვანეს, ცალკე წავიდნენ... ''
“და თქვენ?''
“მეც გავთხოვდი, გვიან, ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელზე, ცალფეხა კაკოზე, ერთი გოგო მყავს. კაკო სვამდა და... გავშორდით მალე''.

გარეთ მინებს იქით ამბებმა ფერი დაკრგა, წყალი გადაასხეს და ჩამოირეცხა თითქოს და ვეღარ კითხულობს, იქნებ მეტი არცაა საჭირო?
მაგრამ მინაც.......
“ის?''– გულში, ხმამაღლა არა კითხვა! ხმამაღლა არა! მაგრამ ხანდახან გულში დასმული კითხვაც ესმით ხოლმე ადმიანებს

“ის სულ წინ და წინ მიდიოდა. ჩვენი ლოჯები ერთმანეთს უყურებდა და როცა ჩამოდიოდა, ვხედავდი, როგორ ზეიმობდნენ, ხარობდნენ დედა და მამიდა მის ბედნიერებას. მერე თბილისში გადმოიყვანეს. ჩვენი კლასის სკოლის დამთავრების 30 წლისთავზე შევხვდი ახლოს, მანამდე მხოლოდ ლოჯიდან ვხედავდი. თითქოს არც გასულა დრო. თითქოს გუშინ იყო, სულ ერთად რომ ვიყავით... ადრე წამოვედი, ბავშვს სიცხე ჰქონდა, 9 წლის იყო მაშინ და ადგა და გამომაცილა. წამოვედით. ჩვენი ბავშვობის ქუჩებით ვიარეთ. ლარსზე ჩემი ბინა მაქვს, იქ არავინაა ახლა, ცოტა ხანს ხო არ ამოხვალო?..''
სიჩუმე,
მძღოლს ბრინხიტი ჩამოუყალიბდა უკვე
“არ ახვედით?''
“არა, რას ამბობ, როგორ ავიდოდი, ''– ლურჯი შლაპის ქვემოდან ლურჯი პატარა თვალები მწყრალად მიყურებს.
“ხო, არა, რა თქმა უნდა. არ გინდოდათ? ''
“ ძალიან, ძალიან მინდოდა, ძალიან... ''
ხოდა, რა ვუთხრა ახლა, რა ფრაზა უნდა ჩასვა აქ.
ვერანაირი

“ამიტომ ჯობდა, იმ სახლში გადმოვსულიყავით, უი, სულ უკან დარჩა, რამხელა გზა გამოგვივლია''
ისევ სიჩუმე
“შვილი თქვენთანაა?''
“არა, საბერძნეთშია, მოხუცს უვლის, იმასაც თავისი ოჯახი აქვს, ბიჭი ჰყავს ერთი, ქმარი არ მუშაოს, ბიჭს ოჯახი აქვს, ისიც ვერ მუშაობს, მაგრამ ისეთი კარგი ბიჭია, ენაცვალოს ბებო და შვილთაშვილები მყავს ორი, გოგოები''

“თქვენ სად მიდიხართ ახლა?'' – რა უაზრო და უტაქტო კითხვაა, არ უნდა დამესვა, მაგრამ სად მიდის ამ დილას ასე კოხტად
“სად და სკოლაში“ ვმუშაობ ისევ''
და უცებ რაღაცნაირად დიდი ლოდი მწყდება გულიდან, კიდევ კარგი, კიდევ კარგი! რომ ამდენ ნგრევაში ეს პატარა ლურჯშლაპიანი მოხუცი მარგალიტი ერთხელ მაინც გადარჩა გასრესას.
მივედით ჩემს კორპუსთან.
უნდა დავემშვიდობო
არ ვიცი მისიც გადავიხადო თუ არა, როგორ ჯობია
მძღოლს ორის ფულს ვუწვდი მაინც და მეუბნება, ჩადი, დაპატიჟებული ხართ ორივე
ბრონხიტი კი ჩამოუყალიბდა, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან კარგადაა, სახეზე ეტყობა
მოვტრიალდი კართან, რომ დავემშვიდობო და მიყურებს

და მიყრებს და სულ ცრემლებით აქვს სავსე წვრილი ლურჯი თვალები
ცრემლიც რომ სანატრელია ხანდახან, ცრემლიც...
“ბედნიერად იარე, '' – მეუბნება. “იხარე შენს ქმარ–შვილში''
და მე ხელს ვუქნევ, თუ ხელი დავუქნიე, თუ ხელი ჩავიქნიე...
მართლა რომ იმ აივნიან სახლში გადმოსულიყვნენ, რა იქნებოდა ნეტა...
და მარშრუტკა მიდის და ფანჯარაში ლურჯი პალტო და ლურჯი შლაპა არარსებულ ლურჯ ამბავს ჰგავს უკვე არარსებულ აივანზე....



ინგა მილირავა???? (მე ნუ შემაქებთ, წამოვიღე და უბრალოდ გიზიარებთ ამ სევდას, რომელიც სულაც არ მჭირდებიდა და რომელიც დამეუფლა.
პ.ს. ასეთი უბრალო შემთხვევითობები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას-თეა შაყულაშვილი

image

0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0