x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343738
  • სურათი:458623
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ფული და შესაბამისი პირობები
image

(გაგრძელება)


მოგეხსენებათ ამერიკელებმა ევროპული ფეხბურთის განვითარება, სერიოზული კომპლექსური ჩარევით, მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. MLS -ის გარდა ჩამოაყალიბეს მეორე (NASL), მესამე (USL ) და მეოთხე (PDL) პროფესიული ლიგა. სისტემატიური პიარ-აქციების მეშვეობით, რამოდენიმე წელიწადში, ფეხბურთის პოპულარიზაციის ისეთ მასშტაბებს მიაღწიეს, რომ მაყურებელთა დასწრება საშუალო ევროპული კლუბების მაჩვენებლებს გაუტოლეს. გაჩნდა უამრავი სამოყვარულო კლუბი, სხვადასხვა ასაკობრივი ფორმატის ლიგებით, აღარაფერს ვამბობ უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სკოლების გუნდებზე. ამერიკის ახალგაზრდულ საფეხბურთო ასოციაცია USYSA- ში (არაკომერციული ორგანიზაცია, ფუნქციონირებს სპონსორების და მოხალისეების მხარდაჭერით) რეგისტრირებულია სამ მილიონზე მეტი, 5-დან 19 წლამდე მოზარდი (იგულისხმებიან გოგონებიც). რაც ყველაზე საინტერესოა, ქვეყანაში, სადაც ბეისბოლის, ამერიკული ფეხბურთის და კალათბურთის კულტია, ზოგად ტერმინად „soccer mom - ი იქცა.

საუბარი განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე და თანამედროვე მეთოდიკით წარმოებულ სავარჯიშო პროცესებზე ვფიქრობ ზედმეტია. ავღნიშნავ, მხოლოდ შთამბეჭდავ მარკეტინგულ წარმატებას, ვინაიდან მათი ფეხბურთი მომგებიანია - ბილეთები, სასკოლო გუნდების საფეხბურთო მატჩებზეც იყიდება.


სახეზე გვაქვს მძლავრი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებით მიღებული შედეგი. მშვენიერია ვერაფერს ვიტყვით, ჩვენს მდგომარეობაში მყოფთათვის კი, შესაშურიც.

მაგრამ რა კავშირი აქვს მასობრიობას და თანამედროვე, შესაბამის პირობებს დიდ ფეხბურთთან?

მაინც როგორ ფიქრობთ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენმა ამერიკელმა მოზარდმა დაასრულა, პროფესიულ გუნდებთან არსებული საფეხბურთო აკადემია (მათი ფუნქციონირება აუცილებელი მოთხოვნაა ლიგაში მოთამაშე გუნდებისთვის)? რამდენს ასწავლეს ცნობილმა ან უცნობმა ევროპელებმა და სამხრეთამერიკელებმა, მათივე სახელობის N-რაოდენობით არსებულ საფეხბურთო სკოლებში? რამდენმა 12-16 წლამდე მოზარდმა იასპარეზა SUPER Y-LEAGUE-სა და 17-20 წლამდე SUPER - 20 LEAGUE -ში თუნდაც ათი წლის მანძილზე? „soccer mom -ის ტერმინის აქტუალურობიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმათლებლო სკოლის რამდენი ასაკობრივი გუნდი არსებობს ამერიკაში? სპონსორების მხარდაჭერით, უფასოდ მოვარჯიშე USYSA-ში რეგისტრირებულ სამ მილიონზე მეტი ბავშვიდან რამდენი იქნება ვაჟი?

ახლა, ასეთი მასშტაბების ფონზე, ვეცადოთ გავიხსენოთ ამერიკელი ფეხბურთელები, რომელმა მათგანმა გაგვაოცა გამორჩეული ან განსაკუთრებლული თამაშით? გაგვახსენდა ვინმე? ვინც გაგვახსენდა, თუ გაგვახსენდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი ფეხბურთელია და მისი თამაშიც ამ ნიშნით გამოვარჩიეთ, თორემ ედი ჯონსონის („ფულჰემი“-19 თამაში), ლენდონ დონოვანის („ბავარია“-6 „ევერტონი“-17), მაიკლ ბრედლის (მიონხენგლადბახის „ბორუსია“-76, „კიევო“-35„ რომა“-41), ალეხანდრო ბედოიას („ნანტი“-87), ჯოზი ალტიდორის („ვილიარეალი“-9 „სანდერლენდი“-42), დემარკუს ბიზლის (პსვ-56, მანჩსეტერ სიტი-18), კლინტ დემპსის („ფულჰემი“-189, „ტოტენჰემი“-29), თუნდაც ტიმ ჰოვარდის („ევერტონი“-353, მანჩესტერ იუნაიტედი-45) დონის და ისეთი მუდმივპერსპექტიულის როგორიც კრისტიან პულიშიჩია („ჩელსი“), სამხრეთ ამერიკელი ან ევროპელი მოთამაშეები ვის ახსოვს?

შესანიშნავია რამდენიმეჯერმე მოგებული კონკაკაფის თასი და გარკვეული წარმატებები კონფედერაციის თასსა (2009წ. მოუგო ესპანეთს, ეგვიპტეს და ფინალი ითამაშა ), თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე (2006წ. ფრე იტალიასთან, 2010წ. მოგება ალჟირთან, ფრე ინგლისსა და სლოვენიასთან, 2014წ. გამარჯვება განასთან და ფრე პორტუგალიასთან), მაგრამ რითი იყვნენ აღნიშნულ ფეხბურთელებზე ნაკლები ბიჭები ბრედ ფრიდელი („ლივერპული“-25, „ბლექბერნი“-287, „ტოტენჰემი“-50) კეისი კელერი („ლესტერი“-99, „ტოტენჰემი“-85, მიონხენგლადბახის „ბორუსია“-78), ალექსი ლალასი („პადოვა“-44), კლაუდიო რეინა („ვოლსბურგი“-48, „სანდერლენდი“-28, მანჩესტერ სიტი-77), პოლ კალიჯური („ფრაიბურგი“-18), ერიკ ვინალდა („ბოხუმი“-29), მაქს მური („ნიუბერგი“-27, „ევერტონი“-52) ან კაცმა არ იცის, სად და რომელი სასწავლებლების გუნდებში მოთამაშე ტონი მეოლა, მარსელო ბალბოა, კობი ჯონსი, პიტერ ვერმესი, ჯეფ ეიგუსი, ბრუს მიურეი, მაიკ ლაპერი და კიდევ ბევრი სხვა, რომლებიც პროფესიული საფეხბურთო ლიგის არარსებობის პირობებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ნათამაშები ფეხბურთით, 1991წ. მექსიკასა და კოსტა-რიკასთან გამარჯვების შედეგად კონკაკაფის თასსს დაეუფლენ. 1994წ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგეს კოლუმბიის ნაკრებს, დაუზავდნენ შვეიცარიას და მერვედფინალი ითამაშეს, 1995წ. ამერიკის თასზე არგენტინა გაანადგურეს (3-0), მოუგეს ჩილეს და მექსიკას; 1998წ. კონკაკაფის თასზე დაამარცხეს ბრაზილია, ხოლო 1999წ. კონფედერაციის თასზე გერმანია;

2002წ. პორტუგალიასა და მექსიკასთან გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხედფინალშიც გააღწიეს. (წლების მიუხედავად იმ გუნდში „ძველი გვარდიის“ ცხრა ფეხბურთელი თამაშობდა და ამდენივე 23 -კაციან შემადგენლობაში ირიცხებოდა).

თქვენ ხედავთ რაიმე განსაკუთრებულ სხვაობას, დღევანდელ პროფესიონალებსა და წარსულის საუნივერსიტეტო კლუბების ფეხბურთელებში, სანაკრებო დონეზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ან რაოდენობასა და სათამაშო დროზე ევროპულ საკლუბო ფეხბურთში?

თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, იმის დასანახად, რომ ლიგა, რომლის მხოლოდ საზღვარგარეთ მატჩების ტრანსილირებიდან მიღებული მოგება წელიწადში 90 მილიონ დოლარს აღემატება, ამერიკელი ფეხბურთელების შესაბამისი სათამაშო კლასით ვერ დაიკვეხნის, ამის საუკეთესო დასტურად უცხოელებზე დაწესებული ლიმიტიც გამოდგება, რომელსაც უფრო ფორმალური სახე აქვს და MLS-ის წესდების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, 8 -14 მოთამაშით განისაზღვრება.

კიდევ ერთი, ჩვენს თემასთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო გარემოება, არა მხოლოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა და იდეალური პირობები, არამედ, გენეტიკური კოდიც არა იმის გარანტი, რომ ქვეყანაში მაღალი დონის ფეხბურთელი გაიზარდოს. ამერიკის გარდა, აღნიშნულის ნათელი მაგალითი ავსტრალიაცაა - ქვეყანა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 50, 795 (ორმოცდათთი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) დოლარია (მეექვსე ადგილი მსოფლიოში) და ფეხბურთში ამერიკაზე არანაკლები თანხა იხარჯება, საშუალოზე მაღალი დონის, მხოლოდ სამი ყოფილი ფეხბურთელით (ჰარი კიუელი, მარკ ვიდუკა და მარკ ბრეშიანო), თუ დაიკვეხნის.

კლიმატს არ დავაბრალოთ და შუაგულ ევროპში გადმოვინაცვლოდ. ცნობილი კონგლომერატი, არა მხოლოდ ესაზღვრება, არამედ, გერმანელებით (65%) ფრანგებით (18%) და იტალიელებითაა (10%) დასახლებული, თუმცა ისინი თავს კარგა ხანია შვეიცარიელებად მიიჩნევენ. საფეხბურთო კლუბი ლოზანაში 1860 წელს, ხოლო, ფეხბურთის ასოციაცია, ჩვენებურად ფედერაცია, 1895წ. ბრიტანეთის გარეთ, ერთ-ერთმა პირველებმა ჩამოაყალიბეს, შვეიცარია იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ფიფა დააარსეს. ამ მიწიერ სამოთხეში, ბატონებო, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლი, 79, 347 (სამოცდაცხრამეტი ათას სამასორმოცდაშვიდი) დოლარია. ინფრასტრუქტურა, მედიცინა და სწორი კვება კი არა, საფეხბურთო ისტორია, ადგილმდებარეობა თუ მოსახლეობის ფეხბურთისადმი მიდრეკილებაც არ დაეწუნებათ... და მერე რა? მხოლოდ სამი, ჩემპიონთა ლიგის მომგები, ცნობილი შვეიცარიელი ( შაპუიზა, სფორცა, შაკირი) - ძალიან რომ დავწვრილმანდეთ - ა.ფრაი და ი. ფოგელი, ამჟამინდელი ლიხშტაინერი და ჯაკა, ჰოდა სულ ესაა.

რამდენად თანაზომადია ზემოაღნიშნული ქვეყნების ფინანსური, ადამიანური, თუნდაც გენეტიკური რესურს-შესაძლებლობები, დიდ ფეხბურთთან ან მაღალი დონის ფეხბურთელების რაოდენობასთან მიმართებაში?

ზემოთაღნიშნული ქვეყნების ცალკე აღებული მაგალითი, მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. მთავარი მაინც სრული სურათია, რომლის მისაღებად ამერიკის, ავსტრალიის, შვეიცარიის და იაპონიის პარალელურად, აფრიკის კონტინენტიც უნდა ვახსენოთ, სადაც სიღარიბის, (მაგ. განაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათას ოთხას ორმოცდაშვიდი დოლარია), ეპიდემიების, თითქმის მუდმივი სამოქალაქო, რელიგიური და ტომობრივი კონფლიქტების მიუხედავად, იზრდებიან ზემოთაღნიშნულ ქვეყნებზე გაცილებით მაღალი დონის ნიგერიელი (მშპ 3, 290) კამერუნელი (მშპ 1, 300), კოტ-დივუარელი (მშპ 1, 541), სენეგალელი (მშპ 1, 012) და განელი (მშპ 1, 447) ფეხბურთელები (ალბათ დამეთანხმებით, რომ მათ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი გამოგვივა).

როგორც ვხედავთ, მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებული საფეხბურთო ვითარება - მასობრიობა, ინფრასტრუქტურა, და საუკეთესო პირობები, რატომღაც ვერ ახდენს გადამწყვეტ გვლენას შესაბამისი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესზე. ხოლო მეორეს მხრივ, მაგალითად ნიგერიაში, სადაც მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორმოცდაშვიდი(!) წელია და მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს დღეში სამ დოლარზე, არცთუ ხელწამოსაკრავი კლასის ფეხბურთელები იზრდებიან და კონვეირული სისტემით იგზავნებიან ევროპაში.

მართალია, ნიჭიერი მოზარდების აღმოსაჩენად და აღსაზრდელად, აფრიკის ქვეყნებში რიგი ევროპული ტოპ-კლუბების საფეხბურთო აკადემიები ფუნქციონირებს, ისევე როგორც შედარებით მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე, ევროპული ლიგის წარმომადგენლების სპეციალური პროგრამები, მაგრამ აკადემიები ამერიკა - იაპონიაში როა ისეთი უნდა, თანაც გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით და მთავარი, ტოპ-კლუბების აკადემიებში მოხვედრამდე, ან სელექციონერების დაინტერესებამდე, როგორ პირობებში ამჟღავნებენ ეს ბავშვები თავის ნიჭიერებას, სად ამჩნევენ მათ სელექციის „მგლები“, კაკაოს პლანტაციებში?

რაღა თქმა უნდა არა... მაგალითად აკრაში (განის დედაქალაქი, ორი მილიონ ორასი ათასი მოსახლეობით) ხუთასზე მეტი საფეხბურთო „სკოლა“, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს. „არალეგალურობის“ მიზეზი მოყვარული მწვრთნელები და ჩემს მიერ ნახსენები, ორი ქვით მონიშნული საფეხბურთო კარის მსგავსი სავარჯიშო პირობებია. ნიგერიაშიც, ასეთი მოყვარულების მიერ შეკოწიწებული უამრავი ასაკობრივი გუნდი არსებობს, რომლებიც უფრო მეტს თამაშობენ ვიდრე ვარჯიშობენ, წარმოუდგენელი რაოდენობის ჩემპიონატებში, რეგიონის თუ ქალაქების დონეზე. თანაც, ასეთ გუნდებში გაზრდილ, ევროპაში გადმობარგებული ფეხბურთელებს თუ დავუჯერებთ, ისეთი „ტრენერების“ ხელში, რომელბმაც მეთოდური სახელმძღვანელოები კი არა, ხშირ შემთხვევაში წერა - კითხვა არ იციან.

როგორც ვხედავთ არც ღარიბ ქვეყნებშია პრობლემა ფეხბურთელების რაოდენობით, ეკონომიკის გიგანტების დონეზე „გასვლა“, ხოლო თუ სათამაშო კლასით ვიმსიჯელებთ გადასწრებაც.

მაგრამ დავუშვათ, რომ ღარიბი ქვეყნების მაგალითი არაა საკმარისი საფუძველი, ფეხბურთზე „მოძველებული წარმოდგენის“ საწინააღმდეგო, ჩვენში დამკვიდრებული ილუზიის გასაქარწყლებლად და არც ოცდახუთი წელია საკმარისი დრო, ამერიკასა და იაპონიაში, ფინანსური და სამეცნიერო შესაძლებლობების ადეკვატური საფეხბურთო თაობის ჩამოსაყალიბებლად; დავიჯეროთ, რომ ავსტრალიაში, ბრიტანელებმა მხოლოდ რაგბი გაიყოლეს და ფეხბურთის „სპეცებს“ გემებზე არ უშვებდნენ, ისიც წარმოვიდგინოთ, რომ შვეიცარია არასოდეს მდგარა ფეხბურთის სათავეებთან და ამ ქვეყანაში არც ბანკები ფუნქციონირებენ...

სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ.

როგორაა? - პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებიც ჩემპიონატის დაბალი დონის და სხვა უამრავი მიზეზის გამო არ იზრდებიან, ან ვეღარ ვითარდებიან - ჩავთვალოთ, რომ ესეც ასეა.

ახლა, ოდნავ დავძაბოთ გონება და გავიხსენოთ, რამდენი ასეთი „პერსპექტიულ-ნიჭიერი“ ახალგაზრდა ზარ-ზეიმით და დიდი იმედებით გაგვიცილებია, სანატრელ ევროპულ გარემოში, არცთუ ხელწამოსაკრავი კლუბების აკადემიებსა თუ ახალგარზდულ გუნდებში, იმ „ჯადოსნურმა“ პირობებმა, რომელი მათგანი „გაზარდა“ და აქცია გამორჩეულ ფეხბურთელად?

უშველა თანამედროვე, ფოე-ფოე სავარჯიშო გარემომ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი დააღწიეს ქართული ფეხბურთის ჭაობს? თანაც ისეთმა ნიჭიერ-პერსპექტიულებმა, რომლეთა პოტენციური შესაძლებლობებიც ჩვენი ჩემპიონატისთვის არ გვემეტებოდა - მოახერხეს სასურველ დონეზე, სტაბილურად თამაში?

ამ ფაქტს ხომ მაინც ვერსად გავექცევით და ვერც ვერსად დავემალებით?

დავაკვირდეთ კიდევ ერთ საგულისხმო გარემოებას, არა მხოლოდ ნიჭიერ-პერსპექტიულებმა, არამედ უკვე გაზრდილ-ჩამოყალიბებულმა ჩვენებურებმა, რომლებმაც თავი დაიმკვიდრეს სანატრელ კონკურენტუნარიან, „შესაბამის გარემოში“, ხანგრძლივი სათამაშო პერიოდის მიუხედავად განსაკუთრებულად მოუმატეს? ერთადერთმა ვინც სათამაშო კლასი თვალშისაცემად, აიმაღლა მხოლოდ კახა კალაძე იყო, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნიშნული ამ უკანასკნელის პიროვნული და ლობანოვსკის სავარჯიშო პროცესის დამსახურება უფროა ვიდრე „შესაბამისი პირობები“.

.... რაც შეეხება „ყინულის ქვეყანას“ - გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, მინდვრის საფარზე, დაბალანაზღაურებად ან უთამაშებელ ფეხბურთელებზე, და საერთოდ უფულობაზე, უნისონში მოწუწუნე, იმ ქართველ „მწვრთნელ-სპეციალისტ-ჩინოვნიკ-ჟურნალისტებს“, ისლანდიის მაგალითმა მაინც აუხილოს თვალი და დააფიქროს, რომ ფეხბურთი, მთლად ისე არაა როგორც ეჩვენებათ.

(გაგრძელება იქნება)


2
50
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
50
  
3 ნოემბერი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ზუსტადაც იქ მივდივართ, რაც პირველ ნაწილის "დავუპოსტე" - ქუჩის ფეხბურთია საჭირო, ანუ კორპუსებს შორის "დირკას" რომ ნახავენ და კიდევ კორპუსს უმატებენ - არა! ბავშვებს სტადიონებს თუ არ მისცემთ, თავისუფალი სივრცე დაუტოვეთ, ისინი თავად დადებენ ორ ქვას აქეთ-იქით და ბურთსაც "ხოშიანად" გააგორებენ.
0 1 2