x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ფული და შესაბამისი პირობები
image

(გაგრძელება)

რა ასეთი სასწაული ცვლილება განიცადა ფეხბურთმა, რომ ისლანდიაში, სადაც ყველაზე ცხელი თვის, ივლისის, საშუალო ტემპერატურა +11 გრადუსია თამაში ისწავლეს? მაინც რა მოხდა ისეთი, რომ „ყინულის ქვეყანა“, რომლის მოსახლეობაც გლდანი-ნაძალადევისაზე 20 ათასით ნაკლებია, უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობს?

დამეთანხმებით, რომ ისლანდიურ ფეხბურთზე მასალების მოძიება, მარტივი არ არის, ან გასაგები მიზეზების გამო, ეს მასალები უბრალოდ არ არის. მაგრამ, თუ ხელმისაწვდომ ინფორმაციას გავეცნობით აღმოვაჩენთ, რომ რეალობისგან ძალზედ შორს ვართ.


ცნობილია, რომ ისლანდიაში სამი საფეხბურთო ლიგა ფუნქციონირებს, ხოლო უმაღლეს დივიზიონში თორმეტი გუნდი ასპარეზობს. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ეროვნული ჩემპიონატი მაისის ბოლოს იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება. სეზონებშორისი ინტერვალი, ე.წ. „მკვდარი სეზონი“, 7-8 თვეს მოიცავს, რის გამოც იძულებულები არიან ვარჯიშები და მოსამზადებელი პერიოდი დარბაზებში ანუ დახურულ სივრცეში გაატარონ.

ისლანდიელი ფეხბურთელები და მწვრთნელებიც ნახევრადპროფესიონალები არიან, მცირე ხელფასი აიძულებთ პარალელურად სხვა სპეციალობით იმუშაონ. მათი მოედანზე ან დარბაზებში გატარებული დროც, მხოლოდ სამსახურის დასრულების შემდგომი პერიოდით განისაზღვრება.

პირველ მნიშვნელოვან წარმატებას შვედი მწვრთნლის ლარს ლაგერბეკის (2011-2016) მოღვაწეობისას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მისი თანაშემწე, ისლანდიელი ხეიმირ ხადლგრიმსონი, დიპლომირებული დანტისტი, მწვრთნელობას უთავსებდა საექიმო პრაქტიკას, მას შემდეგაც, რაც დაწინაურდა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე და 2018წ. მსოფლიოს შესარჩევში, უკან მოიტოვა ხორვატია, უკრაინა, თურქეთი, ფინეთი და კოსოვო.

მოქმედ კლიპმეიკერზე რომელმაც ფეხბურთში პირველი პროფესიული კონტრაქტი 27(ოცდაშვიდი) წლის ასაკსში გააფორმა, ყოფილ ხელბურთელზე, მეთევზეზე, მენაგვეზე, ფოსტალიონზე, მფრინავზე და პრაქტიკოს იურისტზე აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან მსგავსი ბლა- ბლა- ბლა ისლანდიური „სასწაულის“ ნაწილობრივი შემმადგენელია და დღევანდელ ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში მხოლოდ ირონიული, უფრო დამცინავი კონტექსტით საუბრის საშუალებას მოგვცემს, რაც ნამდვილად არაა ჩემი მიზანი. თუმცა ირონიაში უდაოდ არის სიმართლის ძალიან დიდი მარცვალი და ასეთი ტონიც ყველაზე მეტად შეეფერება ქართულ ფეხბურთში არსებულ დღევანდელ რეალობას.

მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო, როდემდე უნდა გვჯეროდეს იმ ზღაპრების, რასაც სტადიონები და ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პირობები და მოედნის საფარი, ინვესტიციები და ჩემპიონატის დონე, სუსტ გუნდებში მოთამაშე ან დაბალანაზღაურებადი ფეხბუთელები ქვია?

ჩვენში, ისტერიამდე დასულმა მეოთხედსაუკუნოვანმა გოდებამ, ქართულ ფეხბურთში ევროპულ სტანდარტებთან შეუფერებელ პირობებზე და „სპეციალისტების“ დაუსრულებელმა წუწუნმა მხოლოდ ფეხბურთის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, დაამკვიდრა ერთგვარი სტერეოტიპი, თითქოს საქართველოში, თამაშის მდარე ხარისხის მიზეზს, ხელშემწყობი, აუცილებელი თანმდევი ფაქტორების თანამედროვე მოთხოვნებთან შეუესაბამობა განაპირობებს.

დავუშვათ არ არსებობენ ისლანდიელები, და დავიჯერეთ, რომ ქართული ფეხბურთის გადაგვარება ზემოთაღნიშნულმა... ერთი სიტყვით, უფულობამ განაპირობა, მაგრამ იმას რა ვუყოთ ბატონებო, იდეალურ პირობებში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობა-მეთვალყურეობით-აღზრდილ-მომზადებული “დინამოს” აკადემიის ცხრამეტწლამდელთა გუნდი, ალმათის “ქაირათმა”, თბილისში 3-0, რომ გაგვინადგურა? იმ „ქაირათმა“, რომელიც აღარც ყაზახეთის ნომერი პირველი გუნდია და არც კარგ სიზმარში უნახია „დინამოს“ მსგავსი აკადემია. ამაზე რას ვამბობთ?

გახსოვთ 90-იანი წლების, ქართული ფეხბურთის, „ჩვენი გაგებით“, მთავარი სანაკრებო „პრობლემა“, ბაზის არქონა? და დღევანდელი „ბასას“ შემყურე, რატომ გაგვიხდა სანატრელი იმ „უსახლკარო“ გუნდის სათამაშო დონე?

რატომ დავივიწყეთ ქართველებმა, რომ „ფეხბურთი ღარიბების თამაშია“. რას გულისხმობს ეს ცნობილი გამონათქვამი? რა არის საჭირო ფეხბურთის სათამშოდ? პრინციპში არც არაფერი, ორი საშუალო ზომის ქვა, კარის მოსანიშნად, ფორთოხალი, ან ცარიელი კონსერვის ქილა, მცირედი სივრცე და სულ ესაა. ხოლო, თუ ტყავის ბურთი და მინდორიც მოიძებნა ახლომახლო, სრულიად საკმარისია განვითარების საწყის და შესაძლებელია ძირითად ეტაპზეც, ვინაიდან ფეხბურთის მხოლოდ თამაშიც, მოზარდისათვის ვარჯიშის თითქმის ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს - უზრუნველყოფს ორგანიზმის სრული კუნთოვანი მასის დატვირთვას, ანვითარებს გამძლეობას და მთავარი რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს, იმის საფუძველთა საფუძველს - მოძრაობის კოორდინაციის უნარს.

ახლა ვიკითხავ, რა ფული ჭირდება ამას?

„ფეხბურთზე ასეთი წარმოდგენა მოძველებულია“ - გაიფიქრეთ ალბათ და მეც დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც კოლოსალური რესურსები მოახმარეს ფეხბურთს.

გაგრძელება იქნება

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0