x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
ილუზიების ტყვეობაში, ანუ „უკლასო“ ფეხბურთელები
image
(გაგრძელება)


რა განაპირობებდა ზოგადად, ერთი გუნდის უპირატესობას მეორეზე, როდესაც ყველა კლასიკურ ინგლისურ ფეხბურთს თამაშობდა? - ტექნიკა და სისწრაფე, ანუ ინდივიდუალიზმი. ერთნაირი ტაქტიკით თამაშის პირობებში, ასეთი უპირატესობა გადამწყვეტია. მაგრამ ამ თითქოს, საფეხბურთო კანონზომიერებასთან შეგუებას, დღევანდელი ქართველებისაგან განსხვავებით, იმ დროის „განსაკუთრებულები“ სულაც არ აპირებდნენ. სხვადასხვა ტაქტიკური ნოვაციების, თამაშის ორგანიზების, მოედანზე ფეხბურთელების გადაადგილების და გუნდური მობილურობის წყალობით მოხერხდა დაბალი სათამაშო კლასის კომპენსირება. ანუ, თანამედროვე ფეხბურთის პირველი კონტურების გაჩენისთანავე, სავარჯიშო პროცესი, ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური სქემების დამუშავება, თამაშის ორგანიზება და წარმართვა, ძირითადათ სუსტის ძლიერზე გამარჯვების პრინციპს დაეფუძნა. მხოლოდ ჩვენთვის არის აღნიშნული უცხო?

რატომ გვაიძულებენ ვიაზროვნოთ ასე განსხვავებულად? რამდენ მწვრთნელს მოუგია ტიტული, საშუალო დონის ფეხბურთელებით, აღარაფერს ვამბობ ლოკალურ წარმატებებზე, როდესაც საპირისპიროდ ვარსკვლავებით დახუნძლული კლუბები მდგარან? არ გვინახია, უშუალოდ მწვრთნელის მიერ, შექმნილი დიდი გუნდები? ან ე.წ. „ერთი ტრენერის ფეხბურთელები“. არაფერი გაგვიგია ჰაპელის „ფეინოორდზე“, სტეინის „სელტიკზე“, ბარტონის „ასტონ-ვილაზე“, კლაფის „ნოტინგემზე“, იორდანესკუს „სტიაუაზე“? ეჟეკის ჩეხოსლოვაკიის ან რეჰაგელის საბერძნთის ნაკრებზე? თანამედროვე ფეხბურთის „განსაკუთრებულმა“, როგორ მოიგო თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა, ვარსკვლავური გუნდით? ერთადერთი გამორჩეული, სამშობლოში და “ბენფიკაში” დაწუნებული დეკუც, „პორტუში“ მხოლოდ მაურინიოს მისვლის შემდეგ არ „ათამაშდა“?

ქართველები რა ასეთი განსხვავებულები ვართ, თუ დიდი გუნდები და მათი ფეხბურთელები ჩვენთან შესადარებელი არ არიან? კი ბატონო, ნაწილობრივ დაგეთანხმებით, სად დეკუ, კარვალიო, მანიშე და სად ჩვენ? მაგრამ არც მე ვითხოვ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ჩემპიონატის მოგებას, არც “სოფლის” გუნდებთან ან მოლდოვის ნაკრებთან აპრიორი გამარჯვებას, მხოლოდ მათთან მოგებაზე თამაშს ვითხოვ, ამ კლასის მოთამაშეებიც არ გვყავს?


ასეთი რა „უკლასობა“ გვჭირს, რომ ესტონეთი, რომლის ყველაზე ტევადი სანაკრებო არენა 10.340 გულშემატკივარზე, ხოლო სხვა დანარჩენი 2-3 ათასზეა გათვლილი, 15 საფეხურით გვისწრებდა ფიფას რეიტინგში. ფეხბურთის „ყარამან ყანთელებით“ იყო დაკომპლექტებული, ლატვიის ნაკრები 2004წ. ევროპის ჩემპიონატზე, რომ ითამაშა? რ. ძოძუაშვილის ნასწავლი ფეხბურთით არ აჯობა პოლონეთსა და თურქეთს? ლატვიის ჩემპიონატია „premier league“, თუ მათი ყველა დროის ყველაზე ცნობილი, ვერპაკოვსკისი იყო „დონე“ ფეხბურთელი, რომელიც კიევის „დინამოსთნ“ კონტრაქტის პერიოდში, ხუთ კლუბში იყო განათხოვრებული და ფეხი ვერსად მოიკიდა? პახარსით („საუთგემპტონი“), ასტაფიევით („ბრისტოლ როვერსი“) და ლაიზანსით (ცსკა) გაძლიერებული „სკონტო“ იყო „თავდავიწყება“? ვინმეს გვჯერა, რომ თერთმეტი ლომი ყავდა ალბანეთს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომ გააღწია? თუ ისლანდიელების საშემსრულებლო ოსტატობამ გადაგვიყვანა ჭკუიდან ვინმე?

საკლუბო დონეზეც იგივე არ ხდება ჩვენს გარეშე? - „ბატე“, „პლზენი“, „იანგ ბოიზი“, „დუდელჟანი“, „ვიდი“ და „საპსბორგი“ აგიჟებს ფეხბურთელების კლასით ევროპას?

მეგობრებო, რატომ გავურბივართ ფაქტებს?

რატომ აღარ მოქმედებს საქართველოში, საყოველთაოდ აღიარებული, ფეხბურთის დაწერილი, თუ დაუწერელი კანონები? მოთამაშე თუ დავალებას ვერ ასრულებს, ესეც, რომ მწვრთნელის ბრალია, ჩემგან გესმით პირველად?

რატომ უნდა გვიწევდეს ისეთი რამის მტკიცება, რომელზეც მთელი საფეხბურთო სამყარო შეთანხმებულია? რატომ ვიქეცით მახინჯ გამონაკლისებად, ნუთუ ამ დონეზე დავჩლუნგდით ქართველები? თუ არადა, რატომ ვიყრით თავზე ნაცარს?

წარმოვიდგინოთ, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კონკრეტული სქემის, პოზიციების და მოვალეობების მკაფიო გადანაწილების გარეშე გადის მოედანზე, გაცილებით დაბალი კლასის, მაგრამ ორგანიზებულ მოწინააღმდეგესთან შესახვედრად... ალბათ არც შედეგის გამოცნობა გაგვიჭირდება და არც იმის აღირება, რომ სპორტის ეს სახეობა, ტაქტიკის გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო ტაქტიკა მწვრთნელის პრეროგატივაა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი გუნდში.

იმდენი ვიძახეთ „უკლასო“ ფეხბურთელებიო, რომ მწვრთნელის საქმიანობა ადმინისტრირების დონეზე დავიყვანეთ. ფიფას-ს ლიცენზირების სისტემამ ერთგვარი დათვური სამსახურიც გაგვიწია ამ თვალსაზრისით და შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ ცოდნა-კვალიფიკაცია-მუშაობის უფლება, განათლებას, დიდი ფეხბურთიდან მიღებულ გამოცდილებას, და მთავარს - შემოქმედებითი საქმიანობის ნიჭს ჩაანაცვლებდა...

„იმარჯვებს გუნდი, მარცხდება მწვრთნელი“ - რატომ გავაქრეთ ქართული რეალობიდან? რა ავირჩიეთ სანაცვლოდ? ფეხბურთელის შესაძლებლობების მაქსიმუმთან დაკავშირებული მოსაზრება და ამის გამო, მოთამაშეს ზღვარიც დავუწესეთ, მეტი არ შეუძლია - ესაა რაცააო?

საინტერესოა, ამ ლოგიკით როგორი ფეხბურთელი იყო 24 წლის დავით ყიფიანი - ესაა რაცაა? გახდებოდა ფეხბურთის დიდოსტატი, რომ არა ნოდარ ახალკაცი, თუ ისეთად დარჩებოდა, როგორიც 25 წლის ასაკამდე იყო? ორმა რუსმა მწვრთნელმა, ისევე როგორც ორმა ქართველმა, მასში არა თუ, შესაძლო მაღალი კლასის, ზოგადად, უკანდაწეული ათიანიც, ვერ დაინახა - ოთხმა მწვრთნელმა, მეგობრებო ოთხმა, თანაც ხუთი წლის მანზილზე.

შეიძლება მითხრათ, ისეთ ფეხბურთელზე საუბრობ მისი პოტენციალი ( ვინ იცოდა ნ. ახალკაცამდე? ყველას მერე, რომ აეხილა თვალი, არ დაგავიწყდეთ) ჩვენს დღევანდელ თაობასთან რა შესადარებელიაო, კი ბატონო, შეიძლება ამაშიც დაგეთანხმოთ, მაგრამ ერთი მწვრთნელის ხელში, ფეხბურთელი სხვანაირად რომ ანათბს და მეორე არანაკლების ხელში საერთოდ ქრება? შეიძლება დორტმუნდში მოთამაშე კაგავას, მანჩესტერელი, ანაც იგივე ბორუსიაში, კლოპის გარეშე დარჩენილი კაგავა შევადაროთ?

იმათ ჩამოთვლას, რომ მოვყვე, ვისი ნიჭიც, მხოლოდ კონკრეტული მწვრთნელის ხელში გმოვლინდა ან იმათი ვინც ერთ გუნდში ბრწყინავდა, ხოლო მეორეში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა სადამდე მივალთ?

ალბათ ყველას გვახსოვს ს. რებროვი, არცთუ შორეული წარსულიდან, უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მისი ბრწყინვალე სამწლიანი პერიოდი წარუშლელია კიევის „დინამოში“, ვ. ლობანოვსკის იმ გუნდში, „ბარსელონასა“ და „რეალს“ „კატოკივით“, რომ გადაუარა. მადრიდელებთან თამაშისას, შევჩენკოზე დაუვიწყარია პასის შემსრულებელი, 1998წ. უკრაინის და 1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ 2000წ. „ტოტენჰემში“, გადაბარგებულმა, ინგლისელებს თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ ყველა დროის ყველაზე ცუდ შენაძენებთა სიაში მოხვდა, პრემიერ ლიგის ყველა დროის 50 ყველაზე ცუდ ფეხბურთელთა და 10 ყველაზე ცუდ თავდამსხმელთა შორის დასახელდა. „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ორი წლის მანზილზე 75 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. „ფენერბახჩეში“ განათხოვრებულიც, (43 მატჩში 5 გოლი) და ჩემპიონშიპში მოასპარეზე „ვესტ-ჰემის“ შემადგენლობაშიც (33 მატჩი 2 გოლი) მხოლოდ ლანდი იყო კიევის დინამოში მოთამაშე რებროვისა.

როგორ მოახერხა 26-30 წლის ასაკში ფეხბურთელმა, ასეთი დეგრადირება? „ვარსკვლავის სინდრომი“? სიზარმაცე და სპორტული რეიჟმის სისტემატიური დარღვევა? დამეთანხმებით, რომ ეს მიზეზები უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან შესაბამისი ფიზიკური კონდიციების და სათანადო ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარეშე, „ტოტენჰემში“ ორ სეზონში 75-ჯერ მინდორზე ვერ გახვალ. თუ თამაშების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ზემოთაღნიშნულ სამივე გუნდში ენდობოდნენ, მისი პოტენციალი ნანახი ჰქონდათ და მატჩიდან მატჩამდე ელოდნენ შესაბამის დონეზე თამაშს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა უშედეგოდ.

ფეხბურთელის მსგავსი სახეცვლილების მიზეზი, მრავალი შეიძლება იყოს - უცხო გარემო, სათამაშო სტილი, პარტნიორები, მწვრთნელი და ა. შ. მაგრამ ყველაფერი ეს ზოგადად მაღალი კლასის ფეხბურთელზე გავლენას ნაკლებად ახდენს, ისიც მცირე ხნით. ზოგიერთს შესაძლებელია ადაპტაციისათვის, გარკვეული პერიოდიც დაჭირდეს, გუნდს ან მწვრთნელსაც შეიძლება ვერ შეეწყოს, მაგრამ მაღალი კლასის, „გამტანი“ ფორვარდი, იდეალურ საფეხბურთო ასაკში, ოთხი სეზონი სამ სხვადასხვა გუნდში და მხოლოდ 22 გოლი?

კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე - არა ზოგადად მაღალ კლასთან, არამედ ლობანოვსკის მაგიასთან? ს. რებროვის განმარტებას, თუ დავიხმართ - ცალსახად - „ვასილიჩის მოსვლამდე საკუთარ თავს ურიგო ფეხბურთელად არ ვთვლიდი (სიტყვასიტყვით - был неплохим футболистом), მაგრამ, ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ დონეზე თამაშს და ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დიდ კლუბში მოვხვდებოდი“.

კაგავასი და კლოპის არ იყოს, რომელი პერიოდით ვიმსჯელოთ უკრაინელის შესაძლებლობებზე ლობანოვსკისთან გატარებულით, თუ მის გარეშე?

„ჩელსიში“ ვერდამკვიდრებული, „ფიორენტიანში“ განათხოვრებული და რომაში არასტაბილური „სალაჰიც“ - ესაა რაცაა?

ამასაც, რომ თავი დავანებოთ, მწვრთნელი იმისია არსებული კონტიგენტი ათამაშოს - “თუ ტრენერს ნიჭიც გაქვს და განათლებაც საკუთარ თავს დაბალ დონეზეც წარმოაჩენ” - ესეც უცხოა ჩვენთვის? - დღეს, აღნიშნული განსაკუთრებით იოლია, ვინაიდან კომერციზაციამ ფეხბურთი ისე დააბალანსა, რომ „წყალწაღებულებს“ ძლიერ და დიდ გუნდებთან, შეხვედრის შანსი არ აქვთ, შესაბამის სეგმენტში ასპარეზობით შემოიფარგლებიან, სადაც გრადაცია ისეთია, რომ ყველას ყველასთან შეუძლია თამაში.

ვინმემ მოსთხოვა ჩვენს მწვრთნელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება? აბა, მსაგვს, ან ოდნავ მაღალი (ისიც სადაო) კლასის, მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებთან, რომ ამდენი წელია ვერაფერს ახერხებ ფეხბურთელების ბრალია?

ჩვენ ყოველთვის გვყავდა დიდი შემსრულებლები, მაგრამ იმავე დონის მაესტრო რამდენი გახსოვთ? რატომ გვქონდა ასეთი განსხვავება მოედანზე და მოედნის გარეთ არსებულ საფეხბურთო აზროვნებაში?

თუ ზოგადად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიას გავიხსენებთ, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ იმ პერიოდში ყველა ერთხმად აღიარებდა ქართველების, მაღალ სათამაშო კლასს, მაგრამ სამოცი წლის მანძილზე, ჩვენებურს, უმაღლეს დონეზე არასდროს გაუწვრთნია უცხოური გუნდი. მაინც, როგორ ფიქრობთ რაზე მეტყველებს აღნიშნული გარემოება?

საქართველოშიც მხოლოდ სამმა შეძლო აღიარების მოპოვება, ხოლო ტიტულების მოგება ერთმა, ნოდარ ახალკაცმა მოახერხა. დიდებული სელექციონერები იყვნენ ანდრო ჟორდანია და გიგა ნორაკიძე, მაგრამ ეს უკანასკნელი „დინამოს“ თავკაცი არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ა. ჟორდანიას, იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხჯერ დაინიშნა - მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთ ჯერზე სეზონნახევარი - დანარჩენ სამ შემთხვევაში ერთი სრული და ორი არასრული სეზონი იყო. რას მიანიშნებს აღნიშნული ფაქტი?

არაერთმა დიდმა ქართველმა ფეხბურთელმა სცადა დამრიგებლობა, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ შეძლო თავის საფეხბურთო მწვერვალს, თუნდაც მიახლოებოდა ტრენერის რანგში.

იმ თაობის მწვრთნელებს, რომლებსაც ჯერ კიდევ გამოყოლილი ქონდათ სსრკ-ს ფეხბურთის ავ-კარგი და ჩვენთვის დამახასიათებელი მანერა - მინიმალურად მწვრთნელი, ხოლო მაქსიმალურად მოთამაშე მინდორზე, არც უცდიათ ახალი ველოსიპედის გამოგონება. რაიმე განსაკუთრებული ჩარევა, მათთვის, უცხო იყო. ამიტომ ძველ გვარდიას, თუ არაფერი გაუკეთებია, არც დაუშავებია, - ოხმოცდაათიანებშიც ვაგებდით, მაგრამ არა სოფლის გუნდებთან. ნაკრებში იმ თაობის მწვრთნელებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ ვიდრე უცხოელებს და ახალ ფორმაციის სპეციალისტებს, თანაც გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში და მთავარი - „კარგად ვითმაშეთ, მაგრამ წავაგეთ“, „ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ წავაგეთ“ - გახსოვთ ალბათ, ყველას, ქართული მედიის აღნიშნული „მარგალიტები“ - ჩვენთვის აგრერიგად დამახასიათებელი, ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებული განმარტებებით. მაგრამ ეს „მარგალიტები“ ციდან, რომ არ ჩამოცვენილა და საფუძველი ჰქონდა, მართალია ილუზორული, მაგრამ მაინც, ფაქტია. სწორედ იმ ძველი თაობის მწვრთნელთა ფეხბურთისადმი მიდგომა - მოედანზე ფეხბურთელის შედარებით თავისუფალი მოქმედება - განაპირობებდა არცთუ ურიგო, ვიზუალურ ეფექტს.

სამწუხაროდ, „კარგი თამაშით“ წაგება, რომ წმინდა წყლის აფსურდია, ჩვენმა სპორტულმა ჟურნალისტიკამ საკმაოდ გვიან გაათვითცნობიერა, ისიც ნაწილობრივ. ხოლო მოგვიანებით ფეხბურთელების, უკვე ყველასათვის თვალშისაცემ, არასათანადო ფიზიკურ - ტაქტიკურ მომზადებაზე და ზოგადად, დაბალ საშემსრულებლო დონეზე ატეხილმა ყიჟინამ, ნებსით თუ უნებლიეთ, მწვრთნელებს, მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი არგუნა ქართული ფეხბურთის დღევანდელ დარდუბალაში.

არასრულფასოვანმა კრიტიკამ, ქართველ ტრენერთა ახალი თაობა (ძველებთან მიმართებაშიც არ გამოვირჩეოდით საფუძვლიანი კრიტიკით, ცხელ გულზე მხოლოდ დაუკრეფავში გადავდიოდით) რეალურად ვერ წარმოაჩინა, მეტიც, ფეხბურთელების უნიათობის ფონზე, რაც გაცილებით იოლი დასანახი იყო, ჩვენში დამრიგებლის როლი როგორღაც დააკნინა, ხოლო მათი უსუსურობა მიჩქმალა.

მოგეხსენებათ საქართველოში თამაშის გარჩევა როგორც ხდება, სტატისტიკური მონაცემები, ფაქტების კონსტატირება, (როგორ გავიტანეთ ან გავუშვით გოლი, სახიფათო მომენტები, შეცდომები და ა.შ.) ვიღაცის შექება, ვიღაცის გაკიცხვა, მწვრთნელის არჩევანი, მოსაზრების დაფიქსირება და წუწუნი ფიზიკურ კონდიციებზე.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ვნახოთ რა ახდენს ძირითად გავლენას თამაშის ხარისხსა და შედეგზე - მწვრთნელის არჩეული ტაქტიკა, ფეხბურთელებისათვის მიცემული ტაქტიკურ-გეგმიური და მიზნობრივი დავალებები, ცალკეული მოთამაშის როლი და მოქმედება გუნდურ გეგმაში, პირადსა და საერთო ტაქტიკურში, პერსონალურად მისი ტექნიკურ-ფიზიკური მომზადება, საფეხბურთო აზროვნება, საერთო პასუხისმგებლობა, სათამაშო დისციპლინა და მიზანსწრაფვა. თამაშის ხარისხზე, ისეთი ფაქტორის გავლენა, როგორიცაა არჩეული ტაქტიკის პირობებში, მოთამაშის ფუნქცია-თავსებადობა, საერთოდ ყურადღების მიღმა გვრჩება, ხოლო ასეთი კომპლექსური ხედვის გარეშე აქცენტი მხოლოდ ფეხბურთელებზე გადაგვაქვს და მწვრთნელი როგორც მთავარი ფიგურა (რაც მოედანზე ხდება მის გამო ხდება - მისი არჩევანია) ყურადღების მიღმა გვრჩება.

ჟურნალისტებს მოგმართავთ - ბატონებო -„ფეოლებს“, თუ ვერ უბედავთ, საკუთარი თავისათვის, მაინც გეკითხათ - უცხოელებთან თამაშისას, (უცხოელებთან იმიტომ, რომ ორი ქართული გუნდის „პაექრობისას“ რთულია „გათანგული პროფესიონალების“ ხილვა - ხოლო ცხვარზე მოთამაშეებს რას გაუგებ, არც ისინი იღლებიან და გოლებსაც ყრიან პანტა-პუნტით) ყველა ქართული გუნდი, რომ ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთს გავს, მომენტებს ერთნაირად ვერ იყენებს, ერთნაირად იღლება, ერთნაირად ცდება, გოლსაც ერთნაირს და ერთიდაიმავე დროს უშვებს, იქნებ მთლად ფეხბურთელების ბრალი არააო - არ გიცდიათ?

ზოგადად, „მრავლობითში“ ფეხბურთელების უკლასობა მისაღებია, რადგანაც პირადად არ ვეხებით არავის, ხოლო ტრენერი კონკრეტულია და აქედან გამომდინარე კრიტიკაც უხერხული? მაგრამ ამ ნაცნობობა - ნათესაობა - მეგობრობა - კოლეგიალურობაში, ფეხბურთის ნაცვლად, რაღაც „ქართული გაგების“ თამაში, რომ შეგვრჩა ხელში, ვეღარ ვხვდებით?

იქამდე როგორ დავედით, რომ ცალკეულ საფეხბურთო ეპიზოდებს მთელს მსოფლიოში ერთი ახსნა აქვს, ხოლო საქართველოში მეორე?

ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ყბადაღებული, „გოლის გასახდელში გაყოლება“, ქართველი ფეხბურთელების სენად რატომ მოვნათლეთ და მწვრთნელის იაღლიშის ნაცვლად, მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმს რატომ მივაწერეთ? იმ ვეტერანების გამკვირვებია, კომენტატორებისა და ჟურნალისტების გაუთავებელ წუწუნზე („კონცენტრაცია დავკარგეთ დასასვენებლად გამზადებულებმა“, „გასახდელში ვიყავით გონებით“, „მატჩი დამთავრებულად ჩავთვალეთ“ და ა.შ.) მაინც, რომ არ დაიღალენ და ნამდვილ მიზეზე კრინტს არ ძრავენ.

ერთი შეხედვით, ფეხბურთელების ლაფსუსს, საფეხბურთო ენაზე სხვა განმარტება, რომ აქვს და ასეთი გოლები პირდაპირ კავშირშია თამაშის ორგანიზებასთან, საქართველოში არავინ იცის? - თუ მწვრთნელი, სათამაშო ფაზების დროში მონაცვლეობას და ტემპი-პაუზის ინტერვალს, თავიდანვე ზუსტად ვერ განსაზღვრავს, ან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე სათანადო კორექტირებას არ მოახდენს, ტაიმისა და, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, გუნდის "გაჩერება", რომ გარდაუვალია, მოთამაშის ბრალია?

მწვრთნელების ახსნა-განმარტებები, ყოველგვარ ლოგიკას რომ მოწყდა, მიზეზი უკლასო ფეხბურთელებია?

...“ფიზიკურად სუსტები ვართ და მომენტებსაც ვერ ვიყენებთო” - ხედავთ მეგობრებო, რა მარტივად ყოფილა საქმე... რ. შენგელიას და რ. ჩელებაძეს, რომ მომენტები აქვთ გაფუჭებული იმდენი ალბათ მთელ ქართულ ფეხბურთს არ შეუქმნია დამოუკიდებლობის პერიოდში, ხოლო ჩვენს ფიზიკურ სისუსტეზე (ისე, საინტერესოა, ფიზმომზადება ვის ევალება, ფეხბურთელების საძმაკაცოს, თუ სამეზობლო-სანათესაოს?) ლამის სამყაროს დასაბამიდანაა ცნობილი და ამ მიზეზების გამო, მხოლოდ დღეს რატომ ვაგებთ სოფლის გუნდებთან იქნებ ესეც გაგვაგებინოთ?

შეიძლება იფიქროთ, ქართულ კლუბებს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა, აჭარბებო - საქმეც ეგაა ბატონებო, რომ უფრო უარესი, მხოლოდ მცდელობა ეტყობა და სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ჩვენი ფეხბურთელები დათრგუნულ-დაბეჩავებულნი, მოედანზე არაბუნებრივად რომ გრძნობენ თავს.

ვთქვათ და სიმართლეა, რომ „უკლასოების“ გამო ვაგებთ, როგორ ფიქრობთ „უკლასო ფეხბურთელები“ მხოლოდ ქართული მოვლენაა, მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონია, დავიბენით და გამოსავალს ვერ ვპოულობთ?

ფეხბურთის თეორია, იმ მწვრთნელებისგან, რომლებსაც შეზღუდული რესურსი გააჩნიათ, (ჩვენი გაგებით „უკლასო“ ფეხბურთელები) გაცილებით მაშტაბურად აზროვნებას მოითხოვს - საწყის ეტაპზე მწვრთნელმა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, იმიტომ, რომ პირდაპირი გზით (ტაქტიკა) მიზნის მიღწევის რესურსი არ გააჩნია. (დააკვირდით მეგობრებო ქართული პროპაგანდა აღნიშნულს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს - „ფეხბურთელები არ გვივარგა“- ხოლო სადაც სტრატეგიაზეა საუბარი, აბსოლუტურად იგნორირებს, უვიცობის ბრალია აღნიშნული, თუ სხვა მიზეზი აქვს, მეორეხარისხოვანია, ვინაიდან შედეგი ამის გარეშეც მიღწეულია).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში, ტაქტიკა მხოლოდ სტრატეგიის რეალიზების საშუალებად გვევლინება და არა მწვრთნელის გემოვნების, ან მისი საფეხბურთო პრიორიტეტის განმსაზღვრელად. არსებული კონტიგენტის შეფასების, ძლიერი და სუსტი მხარეების დიფერენცირების შემდგომ, რეალური (შეზღუდული) შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების და თითოეული ფეხბურთელის პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინება-გამოყენების სტრატეგიას, ექვემდებარება ტაქტიკაც.

რა არის აქ რთული და გაუგებარი? ე.ი. „უკლასო ფეხბურთელების“ შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული გამოსავალი. მაგრამ სტრატეგიული მეთოდიკის შემუშავება მრავალმხრივ განათლებას (და არა ცოდნას), ან სხვადასხვა დარგის ექსპერტ-პროფესიონალთა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ჩვენი ფეხბურთელების, ან გუნდის პოტენციალი მხოლოდ რესურსებად რჩება და არა რესურსებისა და შესაძლებლობლების ერთობლიობად, რამაც პოტენციალის გამოვლენა-რეალიზება უნდა განაპირობოს.

დღევანდელ რეალობაში, დიდი (მდიდარი) გუნდების მწვრთნელებს დასახული მიზნის მისაღწევად და საკუთარი საფეხბურთო იდეების განსახორციელებლად, მოქმედების არეალი ფაქტიურად შეუზღუდავი აქვთ. უმაღლესი დონის შემსრულებლებით, მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათი შერჩეული და მათსავე გემოვნებაზე მორგებული ფეხბურთელების მეშვეობით, მინდორზე გადააქვთ საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია. მათ ამის ფუფუნება აქვთ და მხოლოდ საკუთარ თავთან უწევს ბრძოლა.

საიდუმლო არც ისაა, რომ შედარებით მცირე შესაძლებლობების მქონე კლუბებს ამბიცია ნაკლები აქვთ და მიზანიც შესაბამისი, ხოლო მწვრთნელებს საკუთარი ხედვის მოედანზე გადატანის პრობლემა არც ამ შემთხვევაში აქვთ.

ასეთ მოცემულობებში წარუმატებლობის მიზეზი, ხომ ცხადზე ცხადია და მწვრთნელის გარდა ვინმეს დადანაშაულება აზრადაც არავის მოუვა.

ზემოთაღნიშნულ ორივე ვარიანტზე არა მგონია ქართველებს განსხვავებული აზრი გვქონდეს, მხოლოდ არსებული მდგომარეობა გვაიძულებს საწინააღმდეგოს პროპაგანდირებას და ერთი შეხედვით სადაოც თითქოს არაფერია, ქართველი ფეხბურთელების ზოგადი სათამაშო კლასი მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ ამ თითქოს რკინის არგუმენტის მიუხედავად - რაც არ უნდა იყოს და როგორც, გოლს მწვრთნელი ვერ გაიტანს - საფეხბურთო ლოგიკა მაინც სხვაა.

მეორეს მხრივ, ყველა შემთხვევაში ჯოხის მწვრთნელებზე გადატეხვა, შეიძლება უმართებულოდაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ასეთი სტანდარტები იყო და ჩვენს გარდა ყველგან დღესაც ასეა.

გავიხსენოთ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ერთხმად ფავორიტად შერაცხული, შესანისნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბელგიის ნაკრები და მისი მარცხი მეოთხედფინალში უელსის ნაკრებთან. წაგების მიზეზიც თითქოს ცალსახა იყო, სასტარტო შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება, ახალგაზრდა მცველები, დენაიერი და უმცროსი ლუკაკუ, უშუალოდ მათი და ალდერვეიერის უხეში შეცდომების შედეგად გაშვებული გოლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მატჩის წაგება, მაინც მწვრთნელს, კონკრეტულად არასწორ ტაქტიკას (სხვათა შორის კურტუამ მატჩისდამთავრებისთანავე აღნიშნა) დაბრალდა. და ვილმოტსიც გადადგა.

ერთი შეხედვით წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელების მიმართ. რომელ ტაქტიკაზეა საუბარი, როდესაც, ჩემპიონშიშიპის დონის თავდამსხმელი (რობსონ-კანუ), მარტივი მოძრაობით აბითურებს ევროპის ჩემიონატის ფავორიტი გუნდის ერთდროულად სამ მცველს, თანაც თერთმეტმეტრიანის ზონაში, რა შუაშია ვილმოტსი და მისი ტაქტიკა? მაგრამ ფაქტია, რომ მწვრთნელებისადმი მსგავსი მიდგომა აძლევს ზოგადად ფეხბურთს პროგრესირების საშუალებას, ხოლო ისინი ვინც ფეხბურთელებზე ვაპელირებთ, სადაც ვართ კი ვხედავთ.

ახლა კონკრეტულად მათ გასაგონად, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო წაგებას ფეხბურთელებს აბრალებს, - ეს თამაში, ისე დეტალურად არის შესწავლილი, რომ ყველაფერს, რაც მოედანზე ხდება ლოგიკური ახსნა აქვს. გუნდის მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში, იმ დონეზეა დამუშავებული, რომ, თუ რომელიმე ფეხბურთელმა შეცდომა არ დაუშვა გოლი პრაქტიკულად არ გავა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთ სპეციალისტს, არსად, არასდროს, არც უთქვამს და არც დაუწერია, რომ თამაში მცველის შეცდომამ, ან დაკარგულმა პოზიციამ წააგო, არც არაზუსტმა გადაცემამ, ან ბურთზე ფეხის აცდენამ, მეკარის ჩაძინებამ, ან მოედანზე სეირნობამ და ა.შ. აღნიშნული მხოლოდ დღევანდელ საქართველოში „მოსულა“, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ყველაფერი ძველებურადაა და საფეხბურო ენაზე ასეთი განმარტება აქვს - წინასასეზონო შეკრებაზე არასრულფასოვანი მოსამზადებელი პროცესით (იმედია ვიცით ვინ გეგმავს, ვინ უძღვება და ვინაა პასუხისმგებელი აღნიშნულზე) მიღებული შედეგი - ხარვეზები ტაქტიკურ, ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაში.


გაგრძელება იქნება


0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0