x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
ილუზიების ტყვეობაში, ანუ გაბრაზებული გულშემატკივარი

image

დღევანდელი ქართული ფეხბურთი ყველა გულშემატკივრის დიდი ტკივილია და ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი მასშტაბის კატასტროფას ვერავინ წარმოვიდგენდით. მასობრივი უიმედობისა და აპათიის ფონზე, ბანალური რეცეპტები - „მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს“, „გავზარდოთ ახალი თაობა“ „მოვიზიდოთ ინვესტიციები“, „ავამაღლოთ ჩემპიონატის დონე“, და ა.შ. - კომიკურ ელფერს იძენს და წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას წააგავს.

კიდევ უფრო უარესი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში, გაბატონდა მოსაზრება, თითქოს ქართველებს უბრალოდ არ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში ( ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთს“ გულისხმობენ - სინამდვილეში არც ისეთი თანამედროვეა, როგორც ვიღაცებს ჰგონიათ და არც ისეთი უცხო, როგორც ეჩვენებათ, მაგრამ ამაზე ქვემოთ) და მხოლოდ ერთხელ „გაგვივარდა“ ოთხმოცდაერთში, თანაც არც თუ ისე მნიშვნელოვან, რანგით მესამე სათასო ტურნირში…

გულდასაწყვეტია, რომ ახალი თაობის გულშემატკივარს ძალზედ ზერელე და ირონიული წარმოდგენა აქვს ქართული ფეხბურთის წარსულზე...

უძველესი, შემდგომ მრავალჯერ სხვადასხვა ფორმით ინტერპრეტირებული სიბრძნე, წარსულის ცოდნის გარეშე გაუგებარ აწყმოსა და არარსებულ მომავალზე, ზედმიწევნით ესადაგება ჩვენს ფეხბურთში არსებულ დღევანდელ რეალობას. სიღრმისეული ანალიზის გარეშე, მხოლოდ თამაშით ვიზუალურმა ტკბობამ და ემოციურ ფონზე ფაქტების კონსტატირებამ მოიტანა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. დავიჯერეთ, რომ ფეხბურთიც ისევე გენეტიკურად იყო ჩვენი, როგორც ჭიდაობა. არ გვიმსჯელია, როგორ და რატომ გავითავისეთ, რა იყო საფუძველი ფეხბურთთან ასეთი გაშინაურებისა…


ჩვენ, რომ მეცნიერულ დონეზე გვქონოდა შესწავლილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო ფილოსოფია, მისი შესაძლებლობები და ნაკლოვანებები, ისევე, როგორც სხვადასხვა პერიოდის თამაშის მანერა, საერთო და ცალკეული კომპონენტები, ტაქტიკური შემადგენელი, დინამიკურობა, მოედანზე კონკრეტულ მოთამაშეთა ქმედებები, ფეხბურთელების ფიზიკური და ტექნიკური კონდიციები, არც ირონია იარსებებდა და ფრაზა - „არ შეგვიძლია ფეხბუთის თამაში“ - უადგილო იქნებოდა. ასეთ შემთხვეაში პრაქტიკულად შემოწმებული და ლოგიკურად დადასტურებული გვექნებოდა ის მთავარი გარემოება, რის საფუძველზეც ახერხებდა ქართული ფეხბურთი მაღალი კლასის დემონსტრირებას, ხოლო სათამაშო სტილს გამორჩეულს და განუმეორებელს ხდიდა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია მსგავსი ხასიათის არც პროფესიული და არც პოპულარული ( სამეცნიერო დონეზე ) კვლევები. ხოლო ის მწირი ნაფიქრალ-ნააზრევი და მოგონება-გახსენებები, მეტწილად ფეხბურთის ვიზუალურ ასპექტს და თანმდევ პროცესებს ასახავს, რაც რწმენაზე დაფუძნებული ცოდნის დონეს ვერ სცდება და სიმართლის მიუხედავად ბუნებრივად აჩენს სუბიექტურობის განცდას...

ფეხბურთის თამაში, ჩვენთვის არავის უსწავლებია, პირიქით, ვინც ცდილობდა ესწავლებინა არ ვუჯერებდით და რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვუჯერებდით. რას მივაღწიეთ? ბევრს ვერც ვერაფერს, მაგრამ გამოვირჩეოდით - „ლათინოამერიკული საფეხბურთო იდეების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლობით ევროპის კონტინენტზე“. სხვა, არაერთი დითირამბიც თქმულა, ყოფილ „ქართულ ფეხბურთთან“ მიმართებით, მაგრამ გასული საუკუნის სამოციან წლებში, „ფრანს-ფუტბოლში“, გაჟღერებული ეს ფრაზა ყველაზე მეტად ესადაგება იმას, რასაც ქართული ფეხბურთი ერქვა.

ახლა ერთი წუთით დავფიქრდეთ და გავიაზროთ, სად ვიყავით და სად ვართ? თამაშის ხარისხს ან ფეხბურთელების დონეს არ ვგულისხმობ. ვეცადოთ ასეთივე ლაკონური დახასიათებით შემოვიფარგლოთ დღევნდელ ქართულ ფეხბურთზეც, რაც ძალიან გაგვიჭირდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, არცერთი ზოგადი, ძირითადი საფეხბურთო მახასიათებელი - აკადემიური, ტექნიკური, ათლეტური, სწრაფი, აგრესიული, ორგანიზებული, ტაქტიკურად გამართული, მრავალფეროვანი, ჩვენს თამაშს აღარ ესადაგება. დღევანდელ ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში, ჭეშმარიტბასთან ყველაზე ახლოს, ალბათ ასეთი ფორმულირება იქნება - კლუბების თამაშის ხარისხი სამოყვარულო, მწვრთნელთა კვალიფიკაციის დონის შესაბამისი.

ალბათ ფიქრობთ, რომ ვუტრირებ, არადა პირიქით, ვითარება გაცილებით უფრო რთულია, ვინაიდან ბოლომდე გათვითცნობიერებულიც არა გვაქვს სტაგნაციის რეალური მაშტაბები...

საქმე ისაა, რომ ჩვენში დამკვიდრებული „ილუზორული ჭეშმარიტება“ ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთზე“ თითქმის ორმოცი წელია მცდარი გზით გვატარებს და ვისაც ჰგონია, რომ კრიზისი ქართულ ფეხბურთში 90-იანი წლების რთულმა პერიოდმა განაპირობა მწარედ ცდება; საბედისწერო ცვლილება გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშივე მოხდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის ცვლილებაში მხოლოდ ცენტრის სწრაფად გადასვლას ვგულისხმობდით, ხოლო ერთი შეხედვით ამ მარტივ ქმედებას, ჩვენთვის დამანგრეველი შედეგის მომტანი ჯაჭვური რეაქცია, რომ მოჰყვებოდა ვერ გავიაზრეთ. „ქართული ფეხბურთის“ მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებულმა ცოდნამ ამის საშუალება არ მოგვცა.

ბოლომდე სიმართლეს თუ ვიტყვი, იმ პერიოდშიც იყვნენ თითზე ჩამოსათვლელი „თავგადადებულები“, ვინც თვლიდა, რომ ქართულმა ფეხბურთმა არასწორი ტრანსფორმაცია განიცადა და არჩეული გზა კარგს არაფერს მოიტანდა. მაგრამ იმ საყოველთაო აღტკინების ფონზე მათ ვინ მოუსმენდა.

კრიზისი გააღრმვა ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთზე“ არსებულმა პროპაგანდისტულმა სტერეოტიპმაც - ერთგვარმა საფეხბურთო მოდამ, რამაც ჭეშმარიტების დანახვის საშუალება მოგვისპო და ბუნებრივად გადაგვიყვანა კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო ასეთ ვითარებაში ორ ათწლეულზე მეტხანს ყოფნამ, საერთოდ დაგვაკარგინა რეალობის აღქმის უნარი და შედეგი ისაა, რაც გვქვს.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების ყველანაირი მცდელობა კრახით დასრულდება, სანამ არ გამოვალთ იმ ილუზიების ტყვეობიდან, რომელშიც რამოდენიმე ათწლეულია ვიმყოფებით. ჯერ რეალურ ვითარებას უნდა დავუბრუნდეთ, რომ გავიგოთ რა გვჭირს და სად არის ჭეშმარიტება.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ილუზორული აღქმის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება მცდარია და ამიტომ, ჩვენი უბედურების სათავეს - ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთზე“ გაუკუღმართებულ წარმოდგენას - შეემატა ილუზიების კასკადი, რისგან თავის დაღწევით უნდა ვცადოთ რეალობაში დაბრუნება.

სიმართლისგან, რომ ძალზედ შორს ვართ, ერთა ლიგაზე წარმატებული სერიის შემდგომ, მედიაში გაჟღერებული, მოსაზრებებიც გამოგვადგება - „ვაისმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა“, „წარმატება მეტოქის საჯარიმოში უნდა ვეძებოთ“, „ამაშია ქართული ფეხბურთის მომავალი“, და ა.შ. და ა.შ.

საკმარისია ოდნავ ჩავუღრმავდეთ საკითხს, რომ დავინახოთ ასე ზერელედ ნათქვამი ნახევრად სიმართლე, ნახევრად ტყუილია - ის, რომ ქართველებმა შეტევაში უნდა ვეძებოთ წარმატების საფუძველი, არახალია, მაგრამ სად დაინახეს შემტევი ფეხბურთი? მოედანზე შექმნილი ვითარება, როცა მოწინააღმდეგემ შეტევის საშუალება მოგვცა, ერთია, ხოლო შემტევი ფეხბურთი მეორე . ყაზახეთთან გასვლაზე ერთი თავდამსხმელი, საშინაო მატჩში საკუთარ საჯარიმოსთან მყოფი 11 ანდორელის ფონზე, ერთი თავდამსხმელი ლატვიური „ავტობუსის“ წინააღმდეგ ერთი თავდამსხმელი - ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ერთი, ან 1+1 თავდამსხმელით თამაში როდის აქეთ გახდა შემტევი ფეხბურთი, როდესაც სუფთა 4-4-2-ც არასოდეს ყოფილა? ხოლო, სამი ქართველი თავდამსხმელი ერთად (სამწუხაროდ ანეგდოტივით არ ჟღერს?), ბოლოს როდის ნახეთ?

შეიძლება შემომედავონ 4-2-3-1 ვთამაშობთ, რომელიც 4-3-3-ის საშუალებასაც იძლევაო, კი ბატონო, ულტრა შემტევ ფეხბურთად შემოგვაპარეთ თუ გსურთ, მაგრამ სინამდვილეში, რომ ნეიტრალურია? უფრო უნივერსალური და დღეს ალბათ ყველაზე პოპულარულიც, ვინაიდან მოქნილია და მრავალმხრივ შესაძლებლობებს იძლევა. დაცვისას, ადვილად გადაეწყობა 4-5-1-ზე ან 4-4-2-ზე, ხოლო თავდასხმისას 4-3-3-ზე, მაგრამ რა კავშირი აქვს აღნიშნულს შემტევ ფეხბურთთან, იქნებ ესეც აგვიხსნათ? ზოგადად შეიცვალა მსოფლიო ფეხბურთში წარმოდგენა ამ საკითხზე? მაგრამ დღევანდელ "ბარსას", პსჟ-ს, ან "ლივერპულს" რა ვუყოთ? იქნებ ჰოლანდიის ნაკრები გავაქროთ არსებული რეალობიდან? თუ „ჩვენი გაგების“ ფეხბურთში გაჩნდა თავდამსხმელების გარეშე შემტევი ფეხბურთის know how?

აი, ასეთი ვითარება გვაქვს მეგობრებო, სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც არ გვინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

რატომ გავამახვილე ყურადღება ამ, თითქოს, უმნიშვნელო დეტალზე და რატომ მოვიყვანე მაგალითად? იმიტომ, რომ, წლების მანძილზე ასე ზერელედ ნასროლმა ფრაზებმა, დაამახინჯა სიმართლე, ხოლო ზოგადად არასრულფასოვანმა კრიტიკამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

ჩვენში რატომღაც ჩამოყალიბებულია აზრი, რომ კრიტიკა მხოლოდ უარყოფითზე და ნაკლოვანებებზე მითითებას გულისხმობს, მაგრამ კრიტიკა პირველ რიგში განსჯაა - გარჩევა, შეფასების მიზნით.

მოგეხსენებათ, ზოგადად ანალიზი, კლასიფიცირების, სტრუქტურირების, ცალკეული შემთხვევების ურთიერთშედეგობრივი კავშირის და სხვადასხვა სფეროსათვის დამახასიათებელი უპირატესი ფაქტორების დეტალური განხილვის საფუძველზე მიიღწევა, ხოლო ფეხბურთის შემთხვევაში, შემოქმედებითი ბუნება და არაერთგვაროვანებაც ემატება.

ისიც მოგეხსენებათ, რომ საფუძვლიანი ანალიზი, სრულფასოვანი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა, ხოლო ნაწილობრივმა, ან არაკომპლექსურმა ანალიზმა (აღარაფერს ვამბობ გაუაზრებლად ნასროლ ფრაზებზე), შესაძლებელია მხოლოდ ილუზია შეგვიქმნას და გაცილებით უარესი შედეგი მოგვიტანოს, ვინაიდან გადაწყვეტილება, მცდარი აღქმის საფუძველზე იქნება მიიღებული.

სწორედ ასეთმა, ზერელე მიდგომამ შეგვიზღუდა იმ მოვლენის რაობაში გარკვევის შესაძლებლობა, რამაც წარმოშვა ქართული ფეხბურთის პრობლემა და ჭეშმარიტებას კიდევ უფრო დაგვაშორა. ამიტომაა ერთ წრეზე რომ ვტრიალებთ, ვინაიდან პრობლემის არსი სააშკარაოზე ვერ გამოგვაქვს.

ილუზიაში მყოფებს რეალობაც ყოველთვის ასეთი გვაქვს - იმედისმომცემი, მაგრამ თუ სიმართლეს თვალებში არ ჩავხედეთ და არ გავიაზრეთ, როგორ და რატომ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ მხოლოდ ჯუჯა საფეხბურთო ქვეყნები შემოგვრჩა ჩვენი დონის შეფასების კრიტერიუმად, ევროპაზე თამაშის ნატვრას ვერ გავცდებით, (ასრულების შემთხვევაში შეიძლება სანანებელიც გაგვიხდეს) და მუდმივად „პერსპექტიული ფეხბურთელების“ წრეზე ვიტრიალებთ.

არ იფიქროთ, რომ ახალი ამერიკის აღმოჩენას ვაპირებ, რასაც ვიტყვი, ყველა ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანისთვის, მეტ-ნაკლებად ცნობილია, ოღონდ ფაქტების არა ისეთი თანხვედრით და არა იმ კონტექსტში, როგორიც მიღებული სტანდარტებია.

დასაწყისისათვის, უმჯობესი იქნება, უკანასკნელ პერიოდში ჩვენში გაბატონებული მცდარი შეხედულებები ჩამოვიშოროთ და ასეთი თანმიმდევრობით მივუახლოვდეთ მთავარს.


ილუზია პირველი - „ უკლასო ფეხბურთელები“

„რა ქნას მწვრთნელმა, როცა ასეთი დონის ფეხბურთელები ყავს?“, „ამათ მაურინიოც ვერ უშველის“, „ითამაშონ თუ შეუძლიათ, ტრენერი უშლის?“ - ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი მოსაზრებების დამკვიდრებას სათავე ფეხბურთის სპეციალისტებმა დაუდეს. „ფეხბურთელებს არ ვაბრალებ, მაგრამ“, „შენ, კი ეტყვი რა გააკეთოს, მაგრამ“.... ასეთი ორაზროვანი ფრაზებისადმი შეგუებლობამ და მასმედიის მხრიდან წაყრუებამ, უფრო წახალისებამ, ათქმევინა შემდგომში ჩვენი ნაკრების ერთ მწვრთნელს - „მესის ვერ გავაჩენ“, ხოლო მეორეს - „ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები“ (ცალკე საკითხია, როგორ და რატომ ინიშნებიან მსგავსი სპეციალისტები ნაკრების მწვრთნელებად).

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ასეთ სისულელეს, რასაც მარცხის ფეხბურთელებზე გადაბრალება ჰქვია? დიახ, სრულ სისულელეს, რომელიც მწვრთნელებზე ფარული კვერის დაკვრით, შემოგვაპარა მედიამ და ნელ-ნელა დაამკვიდრა.

რატომ დაგვაჯერეს, რომ ფეხბურთელების გამო ვაგებთ? რატომ დაგვავიწყეს, რომ მწვრთნელია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც და როგორც ხდება გუნდში - სელექცია, დისციპლინა, საკადრო გადაწყვეტილებები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სავარჯიშო პროცესი, შემადგენლობის განსაზღვრა, ტაქტიკა და თამაშის წარმართვა? თუ „ჩვენში აღარ მოსულა“ საყოველთაოდ აღიარებული, რომ „თამაშს მწვრთნელი აგებს“?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში განცდილი მარცხის გამო, რატომ „აცვეს ჯვარს“ ჯამპიერო ვენტურა იტალიელებმა ერთხმად? რატომ არავის მოუვიდა აზრად, იტალიის რანგის საფეხბურთო ქვეყნისათვის, რბილად რომ ვთქვა, ცოტა შეუსაბამო სათამაშო კლასის ფეხბურთელებით აპელირება? ქართული ლოგიკით ასე არ უნდა ყოფილიყო - როგორი რეგრესიც აქვს დღეს ფეხბურთს აპენინებზე, პირდაპირ აისახა ნაკრებზეც. როდესაც უპირობოდ მოსაგებ მატჩში, გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ცენტრალური მცველი კიელინია, რა ქნას ვენტურამ? იქნებ დღევანდელი იტალიელების სათამაშო კლასი შეესაბამება დიდ Squadra Azzurra - ს და ფეხბურთელები კრიტიკას არ იმსახურებენ?

სიმართლეა, რომ ჩვენი ფეხბურთელების კვალიფიკაცია სასურველზე ბევრად დაბალია, მაგრამ ტყუილია, რომ თამაშს ისინი აგებენ.

ალბათ ფეხბურთი დღესაც ე.წ. “პირამიდას“ ტაქტიკურ სქემას ვერ გასცდებოდა, მსოფლიოში, რომ ყველას ჩვენნაირი, უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრებული აზროვნება ჰქონოდა - „რა ვქნათ, ფეხბურთელები არ გვივარგა“.


გაგრძელება იქნება




2
63
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
63
  
30 ოქტომბერი, 12:01
კი ბატონა, ვეთანხმები მეც ავტორს... თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების უპირობო "ლაკმუსი" ქუჩის, ანუ ეზოს ფეხბურთია. ჩემს ბავშვობაში, ყველა თუ არა, 80% მაინც ბურთს დავდევდით და ზოგადად, 13-14 წლამდე ასაკის ბავშვებში, ფეხბურთზე უფრო ისინი დადიოდნენ, ვისაც უყვარდა, მაგრამ ვერ შეეძლო "მატაობა". ძველი პლეადის ქართული ფეხბურთის "კორიფეები", დაწყებული პაიჭაძით და დამთავრებული შოთა არველაძითა და ქინქლაძით, ყველა უბნის ფეხბურთმა "შვა" და ახლა, სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მარა ჩაკვდა ეზოს ფეხბურთი და პირდაპირპროპორციულად "მოკვდა" ქართული ფეხბურთიც...
29 ოქტომბერი, 19:54
ვეთანხმები ავტორს
0 1 2