x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დაბრუნება
შემოდგომა
ყველას, ვისაც ერთხელ მაინც დაუწერია პატარა დღიურში საიდუმლო, პერიოდულად უჩნდება სურვილი იგივე ისევ გააკეთოს. რა ბავშვურია, წერდე ფურცლებზე შენს ამბებს და ბნელ კუთხეში მალავდე იმ იმედით, რომ მეორე დღეს ისევ მიამატებ დღიურში რამე საინტერესოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველთვის არ გაქვს სადღიურო მასალა და ის პატარა საიდომლოიანად მივიწყებას მიეცემა ხოლმე.

გადის დღეები, კვირები, თვეები და გიგროვდება რაღაც, რისი გადატანაც გინდა ისევ ფურცელზე. გინდა ისევ დღიურს მოუყვე რაღაც საინტერესო. იცი, ისიც გელოდება იმ კუთხეში. არადა მეგობრები ოხრად გახვევია, ერთი მაინც ხომ გყავს ძალიან ახლოს და არაფერს უმალავ, მაგრამ იმის იქით ისევ იჩენ სივრცეს, რომელსაც შენ გარდა ვერავინ შეარღვევს. თითქოს ამაყობ კიდეც, რომ ის შენი სამფლობელოა. ამიტომ მიდიხარ იმ ბნელ კუთხეში, თითებს აცურებ და თხელ, დამტვერილ დღიურს იღებ სადაც ძალიან დიდი ადგილი გაქვს შესავსები შენი საკუთარი ამბებით. ის გახარებს ზუსტად, რომ იქ ჩაატევ ყველა მნიშვნელოვან ამბავს და იცი, რომ არც საყვედურს, არც გაოცებას, არც გაკვირვებულ სახეს ან შეჭმუხვნილ წარბებს არავინ შემოგაგებებს. ეგ გაძლევს ყველაზე მეტ სტიმულს და გამბედაობას გადაიტანო ფურცელზე ის, რასაც ვერავისთან იტყოდი, ან ბოლომდე ვერ ამოღერღავდი სათქმელს. კარგია, თუ შეგიძლია კალამი ხელში აიღო, წერო და დაიცალო. თან იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მარტო შენ და ფურცელმა იცით. ბედნიერებაა გყავდეს ასეთი მესაიდუმლე. ვაი და ვინმემ მიაგნოს? სწორედ ამიტომ ისეთი გაკრული ხელით წერ ამ ყველაფერს, რომ ექიმსაც კი შეშურდება. ან შეიძლება დამტვრეული ინგლისურით წერო, თან ისეთი ენით, რომ თვით სპეციალისტმაც კი ვერ გაარჩიოსვის რა ჯანდაბა გაქვს დაწერილი. შიში ისეთი ოხერია, გამოსავალს ყოველთვის მოგაძებნინებს. თუ იპოვი, ხომ კარგი. თუ არადა უყარე კაკალი. და “ჩორტ ს ნიმ”. ყველას აქვს უფლება დაიტოვოს რაღაც თავისთვის. თავისთვის და ფურცლებისთვის.

აი მე. იმდენი დღიური მაქვს, თითები არ მეყოფა ჩამოსათვლელად და ბნელი კუთხეები დასამალად. საქმე ისაა, რომ სიბნელეს ყველგან ვებრძვი. არ მიყვარდა არასდროს ჩემი ამბების სიბნელეში მიგდება. ან რატომ უნდა მიმეგდო? ეს ამბები ჩემი ნაწილია, ჩემი ისტორიაა, მე კი ბნელი არ ვარ. არც ჩემი საიდუმლოებებია ბნელი და უსახური. პირიქით, საიდუმლოებებს შორის ყველაზე ფერად და ლამაზ საიდუმლოებებს მოუგებდა კიდეც.

იმიტომ რომ ისინი ჩემია, მეორე მეა. და თუ ოდესმე მათ ვინმე წაიკითხავს, მიხვდება, როგორი მაგარი ამბები ტრიალებდა ჩემს თავს. ეს ყველაფერი კი ჩემიდან გამომდინარე იყო.


მე თვითონ დავიტრიალე ეს ისტორიები თავზე. მე თვითონ შევიქმენი ჩემი მოგონებები ისეთებად, როგორებიც არიან. და თუ ოდესმე თავიდან ბოლომდე ჩავიკითხავ ჩემს პატარა საიდუმლოებებს, ვიცი რო ბედნიერების უსაზღვრო გრძნობა დამეთხლაშება თავზე და ისე გადავიკისკისებ, რომ ტუჩის კუთხეები მეტკინება. მერე მომინდება რამე სიმღერას მოვუსმინო და ამ სიმღერის ფონზე გადავხარშო, რაც გადამხდენია და რაც დამიწერია ფურცლებზე. ეს ის ამბებია, რომლებმაც დაიმსახურეს გონებაში განმეორება. ანუ, ოდესმე მათ ბედნიერი გამხადეს, და ამ ამბებს ჩემს გარდა აუცილებლად ეყოლება მეორე მთავარი გმირი, ვისზეც მხოლოდ მე და ფურცლებს გვეცოდინება.

არ დამალოთ დღიურები სიბნელეში. არასოდეს.

და ვისაც არ შეუძლია ფურცელზე წეროს, იმან რაღა ქნას?

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0