x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96629
  • ვიდეო:343707
  • სურათი:458532
"აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე" - რას წერს გიორგი კეპულაძე?
image


ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და 1% -ით გაზარდა. ფაქტს გამოეხმაურა გიორგი კეპულაძე:


რეფინანსირების განაკვეთი აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. 8.5%-მდე ზრდას ექნება როგორ დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები:

• გაიზრდება სესხებზე საპროცენტო განაკვეთი
• შეფერხდება ლარიზაციის პოლიტიკა
• შენელდება ეკონომიკური აქტივობა და ზრდა
• გაძვირდება ლარის რესურსი და კიდევ უფრო შეიზღუდება წვდომა ფინანსებზე
• შემცირდება წნეხი ინფლაციაზე (ერთი ან ორი კვარტლის შემდეგ)
• შემცირდება წნეხი ლარის კურსზე



შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა:


"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.
წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება. "

ტრადიციულად, ფაქტს გამოეხმაურა ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები:

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5045 მილიონიდან 5310 მილიონ ლარამდე.

102700 ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობთ 14.26% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1690.60 მილიონი ლარია.

33100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2696.20 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 სექტემბრის მონაცემებით 1746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 სექტემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 სექტემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა დიდ ტვირთად დააწვება როგორც მომხმარებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას (შეგახსენებთ, რომ სებ-მა სექტემბერში ორჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჯამში 1%-ით). რეფინანსირების ასეთი მაღალი ნიშნული არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გამოიყენა მის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი და 17 ოქტომბრიდან შეამცირა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, რითაც გაზარდა ბაზარზე დოლარის მიწოდება.

რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ექნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია:

ინფლაციაზე წნეხის შემცირება (ერთი ან ორი კვარტლის პერიოდში)
ლარის კურსზე წნეხის შემცირება

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია:

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა
ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება
ეკონომიკური აქტივობის შენელება
ლარის რესურსის გაძვირება და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა ფინანსებზე

1
276
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
276
  
24 ოქტომბერი, 0:13
მე მგონი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები ან არაკომპეტენტურები არიან,ან საბოტაჟნიკები.იმას,რასაც ესენი უკეთებენლარს და ქართულ ეკონომიკას(პირობითად,რადგან სადა გვაქვს ეკონომიკა,)
0 1 1