x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96536
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
"ვხედავ, ვიბრუნებთ სამაჩაბლოს, აფხაზეთს..." - ლელა კაკულიას სამომავლო და უკვე ახდენილი წინასწარმეტყველებები
image


ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი წინასწარმეტყველის უკვე ახდენილ და იმ ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებიც მომავალს უაკვშირდება:



2004 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა


...და ჩამოწვება შავი ჩრდილი საქართველოს თავზე. მოდიან ისინი, ვინც არ უნდა მოვიდნენ! ამ ხალხს საქართველო არ აინტერესებს, მათ სჭირდებათ მხოლოდ თანამდებობები, ახალი ბიზნესები, ანუ წაართვან წილები ძველ მეპატრონეებს და ჩაიგდონ ხელში ყოველივე ვითომ ხალხის სასარგებლოდ. დიახ, მათი ლოზუნგი − „ყოველი თქვენგანი „ჩვენ“ ხართ, ჩვენ თითოეული თქვენგანია!“ – მოკლე ხანში მობეზრდება ხალხს და მერე?..



ვნებათაღელვა მალე გადაივლის, ემოციები ჩაქრება და მერე? მერე რა მოდის? რას მოიგონებენ, რათა ხალხის გონება გადართონ, განაგრძონ თამაში და ისევ დროებით დაავიწყონ უმუშევრობა, უპენსიობა, უშუქობა და ასე შემდეგ? ეს დიდხანს არ გასტანს.


ვხედავ, მომავალში პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი იკეტება წრეში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს...


დრო გაიწელება. არაფერი იცვლება. ვხედავ, როგორც წინა პრეზიდენტის დროს ხდებოდა, ისე მიდის ყოველივე და ხალხი მიხვდება, რომ მათთვის არაფერი შეიცვალა. და მაშინ პრეზიდენტი იყვირებს, რომ მას ხელს უშლიან. დიახ, იყვირებს, რათა დრო გაწელოს, მაგრამ ვხედავ, ეს მას არ უშველის...
მოკლედ, ყოველივე აირევა. გარეთ დარჩენილ ოპოზიციას პოლიტიკაში გაყინული მდგომარეობა და რამდენიმე დიდი ფაქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ხმას ამოაღებინებს. ისინი იწყებენ გაერთიანებას. ძველი ლიდერები, როგორც კი დაყნოსავენ მოვლენებს, შეეცდებიან დაბრუნებას, მაგრამ ისინი არავის სჭირდება... ვხედავ, ყველა თავის თამაშს იწყებს!


2004 წელი, 8 იანვარი


ძალიან უარყოფითი ენერგიებია ირგვლივ. ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი კარგავს ყველაფერს. შეძენით არავინ არაფერს იძენს და არც შეიძენს, მხოლოდ კარგავენ. კარგავენ ბიზნესს, კარგავენ ადამიანებს და არავინ არაფერს იძენს. ვისაც არ ჰქონდა, კიდევ უფრო გაუჭირდება. საშინელი პერიოდია. ფრთხილად, ადამიანებო!!!


ვხედავ, დიდი შიდა ომებია გამართული. კადრები? ნულის ტოლია მათი ცოდნა. ისინი შავ სამუშაოს ასრულებენ. მერე? ხალხი მოითხოვს ახალ გუბერნატორებს, მისტირიან ძველ პრეზიდენტს. დიახ, ასეა, მკაცრი კანონი საერთოდ არ იყო წარსულში, ხალხი მიეჩვია ამას და დღეს არ სურთ დაემორჩილონ კანონებს.
ვხედავ, მომავალში ძალიან გაუჭირდება პრეზიდენტს. ხალხს აღარ ენდომება ის. ვხედავ, დგანან მის რეზიდენციასთან და ყვირიან: „გადადექი!“ პოლიცია და სპეცრაზმი დაშლის მათ, ძალადობას ვხედავ. ისინი „დუბინკებით“ სცემენ ხალხს. ეს იწვევს მასების აღშფოთებას.


ასეა აჭარაშიც. ასლან აბაშიძეს დრო მოუვიდა წასვლისა. რუსეთი შიშობს ჩარევას. პრეზიდენტის მოულოდნელი ნაბიჯები შეტევითი და ომის მომტანია, დიპლომატია და საუბარი მას არ უყვარს. მხოლოდ მოქმედება! მხოლოდ შეტევაზე გადასვლა! და თან არ ეშინია. ასეა, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“ იგი აჭარას არ დათმობს. შევა ზარზეიმით და ხალხიც დროშებით დახვდება. იგი მსოფლიოს აჩვენებს, რომ აჭარის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და მათ პირადი ანგარიშები აქვთ აჭარასთან. სისხლი იქნება და არა ომი!!! აჭარის მთავრობაში ახალ სახეებს ვხედავ.


2004 წელი, 9 იანვარი


საქართველოს პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება, ჩიხში მოექცევა. თანამდებობებზე ინიშნება ხალხი, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს. მალე გამოჩნდება ყველაფერი. დიდი, უარყოფითი წრე იკვრება საქართველოს თავზე. ახალი მთავრობა ყალიბდება, რომელიც „მხედრიონისგან“ განსხვავდება მხოლოდ სახელწოდებით. ისინი იჭერენ, რათა ბიზნესი წაართვან ძველ მეპატრონეებს, ხალხს კი უჩვენებენ, რომ მათ გამო იჭერენ, რადგან მათი ფულები, ხალხის ფულები მოიპარეს. დაიჭერენ პურის მცხობელს და ხალხიც დაიჯერებს, რომ მათი პენსია პურის მცხობელმა ჭამა და უშუქობაც მისი ბრალია...
ჰოდა, ის ხალხი, ვინც საერთოდ ჩუმად იყო და გარეთ არ გამოსულა, აი ისინი აღსდგებიან და ნახავთ, რა მასაა ეს...


2004 წელი, 20 თებერვალი


მდგომარეობა საქართველოში უფრო დაიძაბება. გარეთ რჩება მილიონი ადამიანი უმუშევარი. ყველა უცებ მოდის აზრზე, თუ რა ხდება. აჩვენებენ, ქურდებს როგორ იჭერენ და ათჯერ მეტ უდანაშაულოს რომ აპატიმრებენ, იმას არ აჩვენებენ. ტელევიზიები და გაზეთები დაიხურება. ეს ადრე ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება. ხალხს მობეზრდება ამდენი დაჭერა. გლეხსაც კი მიადგებიან დასაჭერად, იმდენად გაერთობიან.


ვხედავ, მომავალში პრეზიდენტი და მსხვილი ბიზნესმენები ერთმანეთს შეეჯახებიან და გაიმართება დიდი ომი. აქ პრეზიდენტი დიდ შეცდომებს დაუშვებს. დიახ, მათი დახმარებითაც მოვიდა პოსტზე, მაგრამ ივიწყებს და შეუტევს. ღირსები არიან!


იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა. პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს... უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან...


ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. „ცივი წყალი დალიეთ!“ – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე, რომ ის დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ, თუ არ შეასწორა ნაბიჯები... თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს.


2004 წელი, 28 თებერვალი


ამერიკაში „რესპუბლიკელები“ იმარჯვებენ, პრეზიდენტი ისევ ბუშია. მან უნდა დაასრულოს საკუთარი პროგრამა... შემოდგომაზე ამერიკული დოლარის კურსი გამყარდება ისევ. ვხედავ, ევროს კურსი ეცემა. გაუჭირდებათ.
რუსეთში პუტინი იმარჯვებს, იგი კვლავ პრეზიდენტია. თავის პროგრამას ბოლომდე განახორციელებს. დაიწყება ახალი გადანაწილებები, ახალი პოლიტიკური თამაშები. პუტინი აქტიურად ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში.
საქართველოს პატრიარქი რუსეთის კარზე ივლის, რათა „გადაარჩინოს მართლმადიდებლობა“ (ასე იტყვის), დახმარებას რუსეთს თხოვს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ღრმად შეტოპა!“ – ასე იტყვის რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტიც დაეთანხმება (ასევე ევროპაც). დიახ, ამდენი დაჭერებით, ბიზნესმენებზე ზეწოლებითა და ტერორებით ბიუჯეტს ვერ შეავსებენ. ვხედავ, მომავალში ბიუჯეტი ისევ ცარიელია. ამდენი ადამიანი დაიჭირეს, ამდენი ენერგია დახარჯეს, მოძებნეს შესანიშნავი გზები ბიუჯეტის შესავსებად და მაინც არაფერი გამოვიდა. რა ხდება? ვხედავ, ხალხი აღარ ენდობა მთავრობას.


ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება: მინისტრობა არავის უნდა. არც ბიზნესის გაგრძელება სურთ ბიზნესმენებს. მართლა მცოდნე, სერიოზული ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ბოიკოტს, ომს გამოუცხადებენ პრეზიდენტს. მისი გუნდი იშლება!!!


პრემიერ-მინისტრი იწყებს თამაშებს. პრეზიდენტთან დიდი უთანხმოება მოელის და აქედან დაიწყება ყველაფერი.


2004 წელი, 5 მარტი


ლარის კურსი გამყარდება. ეს დიდი დარტყმაა მათთვის, ვისაც ბიზნესი აქვს (ბანკები და ა.შ.), მაგრამ ვხედავ, რამდენიმე დღეში კურსი ისევ შეიცვლება, რა თქმა უნდა, მთავრობის ბრძანებით. ისინი ამ გზით ფიქრობენ საგარეო ვალების გასტუმრებას, მაგრამ გაჭირვებულ ხალხზე არ უფიქრიათ, თუ რა ვალებში ჩაყარეს და როგორ გაანადგურეს ისინი.


მოკლედ, დიდი უკმაყოფილება და ქაოსია (მალევე ჩაწყნარდება, ღვთის წყალობით, ყველაფერი). ამას ისეთი ამბები მოყვება, ვხედავ, რომ მთავრობა მომავალში მსგავსს – საწყალი ხალხის ხარჯზე ფულის ამოღებას – აღარ გაიმეორებს.


ვხედავ პრეზიდენტი ბათუმში მირბის. იგი არც ატყობინებს ბათუმის „პატარა ფაშას“, ისე შერბის ბათუმში. საზღვარზე თითქოს პატარა შეჯახებაა, მაგრამ ყოველივე სწრაფად გადაივლის. „ფაშას დავაპატიმრებ და თბილისში ჩამოვიყვან“ — ასეთი გეგმა შეიმუშავა პრეზიდენტმა, მოკლედ და კონკრეტულად.
პრეზიდენტს დისკუსიები და პოლიტიკური თამაშები ნერვებზე შლის და აღიზიანებს. მას არ შეუძლია დაჯდომა და მოსმენა. აზრთა გაცვლა-გამოცვლა აგიჟებს. „ამოიღე ხმალი, ესროლე ტყვია და აიღე!“ – აი მისი მარტივი გეგმა. ეს ძალიან, ძალიან საშიშია საქართველოსთვის.


ვხედავ, ოპოზიცია წამოიმართება. ეს ის ტალღაა, რომელიც ამ მთავრობას წალეკავს. არსებობს ლიდერი, რომელსაც საზოგადოება და ხალხი მართლა გაჰყვება. ყველაფერი დამთავრდება საქართველოსა და ხალხის... საწინააღმდეგოდ? არა, სასიკეთოდ!


2004 წელი, 27 მარტი


ძალიან მიმძიმს წინასწარმეტყველება! სულ უარყოფითი და შავი ენერგიები შემოდის კონტაქტში.


მთავრობაში ძალიან აირევიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. არავინ არავის ენდობა. შიში! და იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის. ცხოველებს ემსგავსებიან. ქართული სული, ვაჟკაცობა დიდი ხანია ჩამკვდარია, ხოლო დღევანდელი სიტუაცია მთლად აკარგვინებს მათ სახეს. მოკლედ, ისეთი ქაოსია, რომ...
ვხედავ დაჯგუფებებს. ესენი არ არიან გლეხები და მუშები. ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ფენაა: საზოგადო მოღვაწენი, პოლიტიკოსები... და მოვლენ ისინი მთავრობაში.


მომავალში იბადება ახალი ლიდერი, ყალიბდება ახალი დაჯგუფება — ეს საკმაოდ დიდი მასაა, მრავალი ადამიანი ერთიანდება. ისინი უკან არ იხევენ. მიდის ძალიან სერიოზული მზადება, თუნდაც ომისთვის. დიახ, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა „კანონის ძალით“ დამთავრდება დიდი შეჯახებით...


2004 წელი, 29 მარტი


... პარლამენტის თავმჯდომარეს მალე შეეტყობა, რომ ძალიან გაუჭირდება. მისი თანამოაზრენი ომს გამოუცხადებენ, სასტიკ ომს; მიწვდებიან მის ოჯახსაც და ნათესავებსაც და იგი იწყებს იგივე თამაშს, რომელსაც წინამორბედთან – ექს−პრეზიდენტთან თამაშობდა...


წართმეული ფულებით ვითომ სავსე ბიუჯეტი სწრაფად დაცარიელდება. მერე? აბა, ხმა ამოიღე, „დუბინკებით“ გაგიჩეხენ თავს. „ბავშვები“ თამაშობენ, იკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ყმაწვილობისას ვერ დაიკმაყოფილეს. აი იმან ადრე, ბავშვობაში რომ შეაგინა, დღეს დაიჭირა; აი იმან რომ სცემა და მთელი ბავშვობა ეშინოდა, ისიც დაიჭირა. მერე? უბედურება ისაა, რომ არ ფიქრობენ და ამიტომაც დაიშლება „საბავშვო ბაღი“, თანაც ძალიან ცუდად...


2004 წელი, 30 მარტი


...დადგება ჟამი, როცა ევროპა-ამერიკას დრო არ ექნება საქართველოსთვის და საქართველო, მისი ხალხი თვითონ დააწყობს საკუთარ პოლიტიკას. ისინი ძალიან სწრაფად დაამხობენ მთავრობას. საქართველო გადარჩება!


ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით:


„ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემს ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ! ქართველი ბავშვი მხოლოდ მართლმადიდებელია. საქართველო ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა და ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს იბერიაში. და განვდევნი მათ ცეცხლითა და მახვილით, დავასუფთავებ მთელს იბერიას და დაწყნარდება ჩემი სახლი და ჩემი ხალხი! ამინ!“
ამ წუთში ვუყურებ უფალს, რომელიც მესაუბრება განრისხებული. შემეშინდა!!!


2004 წელი, 12 აპრილი


აჭარა ჩაწყნარდება, ასრულდება წინასწარმეტყველება. ასლან აბაშიძის დრო წავიდა. აჭარა – ეს აფხაზეთი არაა, მაგრამ პრეზიდენტს ნერვებს კი მოუშლიან ძალიან. ყოველივე მალე დაწყნარდება...


2004 წელი, 18 მაისი, დილის 6 საათი, თბილისი


...პრეზიდენტი ხშირად შეიცვლის აზრს, თავის მომხრეებს სიურპრიზებს მოუწყობს და ექნებათ იმედების გაცრუებები. მერე კი იწყებენ პრეზიდენტის საწინააღმდეგო მოძრაობებს და ხმამაღალ გამოსვლებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან პრეზიდენტი მათ სიტყვასაც არ შეარჩენს – ომს გამოუცხადებს, დიახ, ომს! დიქტატორს შეარქმევენ, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებს პრეზიდენტს.


სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ძალიან მაღლა დაფრინავს, ძალიან! ამას ყველა ამჩნევს: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მსხვილი ბიზნესმენებიც. დიახ, ძალიან მაღლა დაფრინავს და ეს დიდად არ მოსწონთ, ვხედავ.
თითქოს ეს პიროვნება (კიწმარიშვილი) პრეზიდენტის თამაშს თამაშობს (ასე ჩანს და ასეც არის, ვხედავ), მაგრამ ასეთი დაპირისპირება პრეზიდენტს შეაშფოთებს, მას არ სურს ამ თამაშებში გარევა და პირველი თვითონ დაარტყამს თავის კაცს; გაწირავს ისე, რომ არც შერცხვება. ამით მასთან დაპირისპირებულ ძლიერ ფრთას ისევ მიიმხრობს, მაგრამ ეს ფრთა – მსხვილი ბიზნესმენები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე – უკვე აღარ ენდობა პრეზიდენტს მისი ქმედებიდან გამომდინარე. ისინი იწყებენ იატაკქვეშა მოძრაობას.


სავაჭრო პალატის შეფი კიწმარიშვილი იწყებს დიდ ბრძოლას. ამას დიდი ამბები მოყვება თავისი განხილვებით. ბევრი რამ ამოტივტივდება, ბევრი რამ გაშიშვლდება და ხალხი გაოცდება. „რუსთავი2-ს“ დახურვის საშიშროება დაემუქრება. პრეზიდენტი მათ არაფერს დაუთმობს... კიწმარიშვილი ძალიან შეცდა, იგი ყველაფერს წააგებს... იწყება დიდი ბრძოლები მთავრობაშიც.


2004 წელი, 19 მაისი


...რუსეთს საქართველოს პრეზიდენტი ძალიან აშინებს. იგი უმართავია პოლიტიკურადაც, ამიტომ ვხედავ, რუსეთი ბევრ რამეს უთმობს. მათ საქართველოში ომი აშინებთ, მაგრამ პრეზიდენტი უკან არ დაიხევს. მას შეუძლია ხალხი, მთელი საქართველო ფეხზე დააყენოს. ეს ნოემბერში უკვე ნახა ყველამ. თუ არ გაუწიე ანგარიში მის მოთხოვნას, რომელიც სამართლიანია, ისინი მიიღებენ ომს...


2004 წელი, 5 ივლისი, თბილისი


რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს მიერ პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით, ანუ იმ მსოფლიო პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თამაშობს. იგი უმართავია, ძალიან საშიშია, არ უყვარს მრგვალ მაგიდასთან ჯდომა და თათბირები, განსაკუთრებით, დიპლომატია. იგი წყვეტს ყველაფერს სწრაფად, ულაპარაკოდ და არ გაცდის არაფერს – პირველი გარტყამს და გამარცხებს. რუსეთს სამაჩაბლოშიც ჩიხში მოამწყვდევს. საჩვენებელ სპექტაკლს ჩვენი პრეზიდენტი რუსებზე უკეთესად დგამს და მას ვერ ეწინააღმდეგებიან.


რუსეთს, ვხედავ, ძალიან ეშინია კავკასიის ომებისა. „ინგუშები ელოდებიან, როდის დაარტყამს საქართველო ოსებს. ინგუშები ქართველთა მხარეს დაიკავებენ, მათ არც ჩეჩნები ჩამორჩებიან და დაარტყამენ რუსეთს (ოსეთი ხომ რუსეთია?!)“ — აი, რისი ეშინია კრემლს.


ვხედავ, ავტონომია გაუქმდება (ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე). ვიბრუნებთ სამაჩაბლოს, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთს (ცხინვალს), ვიბრუნებთ აფხაზეთს. დღეს პრეზიდენტი ხელს აწერს, ეთანხმება მათ ავტონომიურობას, მაგრამ მომავალში ვხედავ დიდ გამოსვლებს აჭარაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. გაიმართება დიდი მიტინგები. ვხედავ ლოზუნგებს: „გააუქმეთ ავტონომიები!“ „ქართველები შეგვაერთეთ — ქართველებს საქართველოში ავტონომია არ სჭირდებათ!“ მიტინგები იქნება თბილისში და მთელ საქართველოში...


2004 წელი, 7 ივლისი, თბილისი


რუსეთი გეგმავს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმას, ანუ ტერაქტს... მიხვდნენ, რომ იგი საოცრად უმართავია, არაფერი გამოსდით. პრეზიდენტი ყოველთვის წყვეტს ისე, როგორც თვითონ მოეპრიანება. მისი მოცილება კი ადვილია. არავითარ წესებს არ იცავს, ქუჩაში დაქრის ქარივით, საითაც სურს. ფრთხილად, ბატონო პრეზიდენტო!


ვხედავ, კენედის ვარიანტი აქვთ შემუშავებული, ამერიკული. ფრთხილად! ეს ორი რუსი სნაიპერია. ერთი ნამეტანი ქერაა, წითურია. ისინი რუსული შტაბიდან გამოდიან, ქალაქში თავისუფლად მოძრაობენ, ადგილმდებარეობას სწავლობენ, გადაადგილების გეგმას, თუ სად მივა და რომელ ღონისძიებაზე პრეზიდენტი. იგებენ განრიგს და იწყებენ მოქმედებას. ეს იქნება მსოფლიო სკანდალი. მერე კი ყველას ყველაფერი დაავიწყდება...


იმ ორ რუს მკვლელებს დაიჭერენ, დიახ, დაიჭერენ.


2004 წელი, 20 ივლისი, თბილისი


...ისინი მოედებიან ყველგან, გაგჩხრეკენ და დაგაპატიმრებენ ყოველგვარი შესავლის, ანუ უფლებების დაცვის გარეშე. მათ ეს უფლება პრეზიდენტმა მიანიჭა, რადგან ასეა დასავლეთში, ასეა ამერიკაში. ვის იცავს ეს შეიარაღებული პოლიცია? ვხედავ, პრეზიდენტის ძალაუფლებას იცავს მომავალში... მთავრობას მშვენივრად ესმის, თუ არ შექმნეს დაცვითი წრე, ხალხი ყოველთვიურად დღეგამოშვებით მოუწყობს „ვარდების რევოლუციას“.


ვხედავ, კარგად შეისწავლეს სტალინის პერიოდი, ძველი ისტორიები გადაქექეს. ვხედავ ხალხის მასიურ დამონებას. შიში, დიდი შიში! მერე კი ყველაფერი იშლება. იკვრება დიდი მასა ხალხისა და მათ ვერავითარი ჯარი და პოლიცია ვერ შეაჩერებს!


დიახ, შემსრულებლები სჭირდება მთავრობას და არა პროფესორები და აკადემიკოსები, არა სარწმუნოება და მშობლიური ენა... განათლებული შემსრულებელი, ვხედავ, დაღუპავს მათ. განათლება არ სჭირდება იარაღს და ძალადობას. მათი აზრით, თუ არ იცი რუსთაველი ან ილია, ეს არ არის უბედურება.


მოდის რობოტების მმართველობის პატარა პერიოდი. მრავლდება ოჯახური კლანები და „ყველაფერი ეს მთავრობაშია“, – ასე იტყვის ხალხი.
...საშინელი პერიოდია. ვხედავ მიტინგებს, ხალხი გარეთ გამოდის. უფალი ყველას ნიღაბს ხდის. ჯორჯ სოროსი წააგებს საქართველოში ასი პროცენტით. იგი მომავალში ქრება.


2004 წელი, 26 ივლისი, თბილისი


სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხი, ვხედავ, ვერ შეაჩერებს სამოქალაქო არეულობას. იღვიძებს ბოროტება, შავი პერიოდები დადგა, მაგრამ ავღნიშნავ: არა ხალხისა და საქართველოსთვის (ანუ ომსა და სისხლს ჯერჯერობით არ ვხედავ), არამედ იმათთვის (ვხედავ ტერორებს), ვინც პოლიტიკაში მოღვაწეობს. ზოგს ესვრიან და მოკლავენ, ზოგს კი მთელი ოჯახებით გაუსწორდებიან და ამას მთავრობა ვერ მოერევა. საშინელებაა! ვინ სად დგას, კაცმა არ იცის.


პრემიერ-მინისტრი ცუდ დღეში ჩავარდება. მას ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დაუპირისპირდება, პირველ რიგში კი პრეზიდენტი მოთხრის ფესვიანად...
დღეს კი ადგილებს ვერ იყოფენ, თანამდებობებს ხშირად იცვლიან, ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმე ადგილს იცვლიან და არც რცხვენიათ. მერე ერთმანეთს გადააბრალებენ.


საქართველო ძალიან დაძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთოებებს და აქ მთავრდება ყველაფერი... და მეორდება ისტორია!


2004 წელი, 27 ივლისი, თბილისი


მომავალში მთავრობაში დიდ ცვლას ვხედავ. და თუკი ვინმეს რამე წაართვეს (ეს სახლ-კარია თუ შენობა-ნაგებობები), უკან დაიბრუნებს თავის ქონებას. მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაბრუნება გაუჭირდებათ.


ისინი ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. ვხედავ, ერთი ჯგუფი მუშაობს მოსკოვზე, ანუ რუსეთის მისამხრობად, რათა მოახდინონ გადატრიალება და მოვიდნენ მთავრობაში. ეს მცდელობა ძალიან ღიად მოხდება და უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ თუ პრეზიდენტმა ეს არ აღმოფხვრა, მას დიდი სიამოვნებით მოაშორებს რუსეთი. იგი რუსეთს არ აწყობს!..


ამერიკა მოულოდნელად შეიცვლის პოზიციებს. რატომ? ვხედავ, რომ მათაც არ აწყობთ უმართავი პრეზიდენტი. ფრთხილად!!!


განაწყენებული „დიდი რუსეთი“ ომს უცხადებს პრეზიდენტს, მაგრამ მას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ასეც განაცხადებს. ჰპირდება ერთს, აკეთებს მეორეს და მას ვერაფერი შეაჩერებს.


განაწყენებულ მაფიას, ქურდულ სამყაროს, დიდად მზაკვრული გეგმები აქვს. მალე თავს გამოავლენენ. პრეზიდენტი მათ ვერ მოერევა. ყველა დიდ ბრძოლას უცხადებს...


2004 წელი, 5 აგვისტო, ურეკი


ვხედავ, მომავალში დიდი შეჯახება იქნება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იქნება ბევრი საბაბი იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი შეცვალონ და შეცვლიან კიდეც... პრემიერ-მინისტრი მწარედ წააგებს. მას მომავალში პარლამენტის თავმჯდომარეც მიჰყვება.


საშინელი კორუფცია სუფევს, ვხედავ. კადრები!!! თანამდებობრივ სავარძლებში არ სხედან ისინი, ვინც უნდა იჯდეს. მათი ცოდნა ნულის ტოლია...
უცხო ბიზნესმენი ხელში ვერ ჩაიგდებს ქართულ სიმდიდრეს, საბოლოოდ ყველაფერი საქართველოში რჩება, არაფერი გაედინება გარეთ.
ეკონომიკის მინისტრი მოულოდნელად დატოვებს პოსტს და ყველასგან შეძულებული „უზრდელი კაცი“ (ასე უწოდებენ მომავალში) წავა...
ვხედავ, პრეზიდენტი ჩიხშია მოქცეული. ხალხი უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამს. მოდის დიდი, აზვირთებული ტალღა, ანუ ხალხის მასა. ფრთხილად! ძალიან სერიოზულ ჯგუფს ვხედავ, მათ გარშემო ხალხი იკრიბება და აქედან იწყება ყოველივე: ხშირი მიტინგები, ძალზე სერიოზული გამოსვლები...


იწყება ბრძოლები – დიდი ბრძოლები. ვხედავ დიდ დაფინანსებებს. აღარავის ეშინია...


2004 წელი, 29 სექტემბერი


ვხედავ, ყოველივე საშინლად იძაბება. ვინც ფული გადაიხადა, მას ათი იმდენი გადამალული აქვს, ამიტომ მთავრობის მიერ ეკონომიკის ხაზით მიღებული კანონებისა სულ არ ეშინიათ. ეს კანონები დაბალ და საშუალო ფენაზე იმუშავებს. კი, თითქოს გადასახადი დაბალია, მაგრამ აბა შეაჯამე, ერთად რამხელა თანხაა? მილიონები!


...დენთის სუნი ტრიალებს. ყოველივე ძალიან ახლოსაა. რუსეთი საშინელი, დაუძინებელი მტერია არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობისა. რუსეთმა უკვე დაიწყო დიდი შეტევა. ისინი მუშაობენ დღე და ღამე, შეადგინეს დარტყმითი პროექტები და ახლა უბრალოდ დროს ელოდებიან, ანუ ხალხის გამოსვლებს... და მერე იწყება დიდი შეჯახება.


2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი


ვხედავ, ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდება. მთავრობის ქმედება 1937 წელს აჭარბებს. შიდა განხეთქილებები და ომები უკვე ძალიან მალე ამოტივტივდება ზედაპირზე.


თუ ხალხი მასიურად გამოვა გარეთ, არის ბრძანება: „დაშალეთ!“ ძალადობას მიმართავენ, ცრემლსადენ გაზსაც გამოიყენებენ და სხვა ყველაფერსაც.
პრეზიდენტისა და მთავრობის პოლიტიკა, დააშინონ მთელი საქართველო, კრახით დასრულდება. მომავალში არავის არაფრის არ ეშინია, პირიქით, ისინი ერთიანდებიან და ფრთხილად!

...რუსეთის პრეზიდენტი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის საქართველოს პრეზიდენტთან. რუსეთი არ ენდობა საქართველოს მთავრობას. ასეც განაცხადებენ, რომ საქართველოს ექს−პრეზიდენტს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე დღევანდელ მთავრობას. მოკლედ, იწყება დიდი ვნებათაღელვები.


აფხაზეთში ომი იწყება, შიდა ომები. დე ფაქტო პრეზიდენტის მოცილება უნდა რუსეთს, მისი ლიკვიდაცია. ვხედავ ტერორს. აფხაზები, რუსები, სომხები, კაზაკები და ვინც არიან აფხაზეთში, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ, ერთმანეთს დაერევიან. რუსეთი ვერას გახდება.
საქართველო კი ნელ-ნელა იწმინდება. ვხედავ, უნივერსიტეტი იძაბება, ახალგაზრდები ხმას იმაღლებენ, გარეთ გამოდიან ქართული ენის, ქართული სულის გადასარჩენად.


არც ეკლესიას სძინავს – საპატრიარქო ერთ მუშტად შეიკვრება. ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ (ანუ მოწამლონ), მაგრამ არაფერი გამოუვათ...


2004 წელი, 3 ნოემბერი


უკრაინაში, ვხედავ, პრეზიდენტი ხდება იანუკოვიჩი... რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ძალიან ცდება, იგი მოტყუვდება. იანუკოვიჩი ისეთ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის პოლიტიკაში, როგორსაც არ ელის რუსეთი... მერე კი ვხედავ საშიშროებას, ანუ რუსეთ-უკრაინას შორის საომარ დაძაბულობებს. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 და შემდეგ წლებშიც ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ, ამერიკა საშინლად დაიძაბება. იმარჯვებენ „რესპუბლიკელები“. ბუში პრეზიდენტია, ვხედავ. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. მუსლიმები ძალზე საშიშნი არიან. ამერიკას ჯერ ბოლომდე არ გაუთავისებია, არ შეუგნია, რაოდენ დიდი საშიშროება ელით. ვხედავ ტერორებს.


2004 წელი, 5 ნოემბერი


არაფატი მკვდარია. მისი შემცვლელი მუჰამედი თუ აჰმედი, რას მოუტანს პალესტინას? იგი ისეთივე პოლიტიკურ კურსს გაატარებს, როგორსაც მისი მასწავლებელი, არაფატი ატარებდა. არავითარი ცვლილებები. ვხედავ, თითქოს ახალი პერიოდები იწყება ისრაელსა და პალესტინას შორის, მაგრამ ეს ასე არ არის – იგივე მეორდება. ტერორები ერთი პერიოდი თითქოს შეწყდება, მაგრამ ისრაელი არაფერს დაუთმობს პალესტინელებს, იგივე პოლიტიკას გაატარებენ.
ამერიკა ცდილობს, სამშვიდობო პოლიტიკა აწარმოოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სამშვიდობო მოლაპარაკებები დროებითია – ისევ ომი და ისევ ტერორები.
ისრაელი არავის არაფერს დაუთმობს, მათი მორიგება არ არსებობს, მაგრამ თავად პალესტინელებს შორის მოხდება დიდი განხეთქილება – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორი დაჯგუფება სკამებს ვერ იყოფს. თითქოს შეთანხმდნენ არაფატის დროს, მაგრამ ეს მოჩვენებითი გარიგება იყო.


სულ სხვა ლიდერს ვხედავ. იგი თითქოს უდაბნოდან მოდის, უცნობი, მაგრამ ყველასათვის ნაცნობი. მას ტერორისტებიც დიდ პატივს სცემენ. აი იმ დროს სიტუაციები ცოტა დაწყნარდება, მაგრამ იგი დიდ ომს გამოუცხადებს ისრაელს. დიახ, არაფატი მართვადი იყო ებრაელებისა და ამერიკისთვის. პალესტინის ეს ახალი ლიდერი კი – არა. იგი ითამაშებს საკუთარ პოლიტიკას და ორივე ერს მძიმე დღეები ელის. მათი მორიგება ძალიან ძნელია, ვხედავ. ისევ ტერორები, ისევ ომები.


2004 წელი. 7 ნოემბერი


...ამერიკა ძალას იკრებს, მშვიდდება, დიდი შიში ტერორისტების მიმართ უქრება, შორდება და... იწყებენ დიდ ომს.


თავი ბენ ლადენია? ერთი პროცენტით მხოლოდ. ვხედავ დიდ ტერორისტულ ცენტრს, სადაც ლიდერები იკრიბებიან. ისინი გაერთიანებულნი არიან. ცენტრი ირანია. იგი გულია მუსლიმური სამყაროსი. ყოველივე იქიდან მოდის. მომავალში ამერიკა ამაზე ალაპარაკდება და ვხედავ, იწყებენ მოქმედებას.
ირანი იძაბება, შიში მოიცავს, რადგან მიხვდება, რომ ამერიკა არ ხუმრობს. ეს ყოველივე მაშინ დაიწყება, როცა ერაყი მშვიდდება.


ვხედავ, ერაყში არჩევნები ჩატარდება. მოდის მთავრობა ამერიკული პროგრამით. ხალხი ეგუება, მათ სიმშვიდე სურთ, მობეზრდათ ომი. ერაყი წყნარდება. ამერიკის პრეზიდენტი უდიდეს პრობლემას გადაჭრის, მათი გეგმა „ერაყი“ დასრულდება, მერე კი გზა ირანისკენ მიდის. ვხედავ, ტერორისტებიც ზუსტად იქ ტრიალებენ.


მომავალში ბენ ლადენსაც დააპატიმრებენ და მასთან ერთად სხვა ტერორისტებსაც. იწყება დიდი (ჯერ საინფორმაციო) ომი ირანთან. დაიწყება დიდი მოლაპარაკებები, ასი პროცენტით. იმ დროს ბევრი მუსლიმი საკუთარ სამშობლოს უბრუნდება.


2004 წელი, 14 ნოემბერი, თბილისი


პუტინი – კრემლი კი ძირავს ხადარკოვსკის „იუკოსს“, მაგრამ ვხედავ, რომ ბედისწერაზე მას ყველაფრის დაკარგვა არ აწერია... ხადარკოვსკის ვარსკვლავი დაიწყებს ძლიერ მოძრაობას და აი მაშინ კი ვხედავ: იგი ციხიდან გამოდის, მიემგზავრება საზღვარგარეთ, ეშინია, ვხედავ, მაგრამ იწყებს სასამართლოებს კრემლის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯის გადადგმას ურჩევს ეკონომისტებისა და იურისტების ჯგუფი.


დიახ, ვხედავ, მას ციხიდან გაუშვებენ. კრემლი შესთავაზებს თანამშრომლობას. ხადარკოვსკი დათანხმდება, რათა მდგომარეობა გაიუმჯობესოს. არ უნდა საზღვარგარეთ წასვლა, მაინც ციმბირისკენ იყურება...


მომავალში ჩინელები ფულს იხდიან. ფულს სხვებიც იხდიან. წავა დიდი გარჩევები. ხადარკოვსკი გაიმარჯვებს. ვხედავ, იგი ყველაფერს დაიბრუნებს და ისევ სათავეში მოექცევა. ეს ასეა ასი პროცენტით. მთავარი აქ კოსმიური ენერგიებია.


2004 წელი, 23 ნოემბერი, თელავი, თეთრი გიორგის სახელობის ეკლესია
ვხედავ, ყოველივე საშინლად დაიძაბება. კოსმოსი აირია, მათი დრო ამოიწურა. საშინელი ამბები ხდება – საქართველო იძაბება ნელ-ნელა და შეუმჩნევლად. დრო შეჩერდა, ვხედავ.


პარლამენტში აირევიან. „ნაციონალები“ ერთმანეთს დაერევიან. დიდი უთანხმოება იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან...


პრეზიდენტს ბევრი გადაუდგება, ბევრი ცნობილი სახე უღალატებს და მის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ეს იქნება მოულოდნელობა. დღეს ისე ჩანს, თითქოს ვერავინ გაბედავს სიტყვის ამოღებას, მაგრამ ვხედავ ამხედრებულთა სახეებს. მათ ვერავინ შეაჩერებს.


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

5
2865
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2865
  
25 ოქტომბერი, 10:24
წაშალეთ ეს იდიოტობა.
22 ოქტომბერი, 23:26
საქართველოში არსებული დაბალი განათლების და უწიგნურობის გამოა ეს ქალი და მისი ბოდვები ასე პოპულარული,თვით პარლამენტარები უტალახებენ კარებს ამ მჩხიბავს.შესაბამისად,ალბათ მათაც არ ექნებათ ორი წიგნი წაკითხული.ეეეხ,ვის ხელში ვართ.ასე იყო ზვიადის დროიდან.
22 ოქტომბერი, 13:50
პოსტფაქტუმმხილველი. ამისთანა განზოგადებულ აბდაუბდას მეც დავწერ, რომ პრეზიდენტი პრემიერს დაუპირისპირდება, რომ იქნება არეულობა და ა.შ. და რომელიღაცა წელს კი ახდება.
22 ოქტომბერი, 1:19
ყოველგვარი ცინიზმის გარეშე გეკითხებით პაიტვცემულო მაია, ამ სისულელეს რა მოტივით დებთ?
სრული ქაოსი და ანარქიაა წინასწარმეტყველება კი არა, ეს ქალბატონი ბრძანებდა ობამას მეორედ არ აირჩევენო-აირჩიეს.
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ტექსტი როგორ მოგწონთ:
"პრეზიდენტის მოულოდნელი ნაბიჯები შეტევითი და ომის მომტანია, დიპლომატია და საუბარი მას არ უყვარს. მხოლოდ მოქმედება! მხოლოდ შეტევაზე გადასვლა! და თან არ ეშინია. ასეა".
თავად მყავს გორში ნანახი თუ როგორ ჩავარდა პანიკაში და თუ როგორ გაიქცა ლაჩარი "მთავარსარდალი", ჰალსტუხის დაღეჭვაზე არაფერს ვამბობ!!!
21 ოქტომბერი, 19:36
ვაი,ვაი...აი რატომ არის კარგი განათლება საჭირო,რომ ასეთ იდიოტობებს სერიოზულად არ შეხედო.
0 1 5