x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეთა სია ცნობილია
image


Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. 100–ზე მეტი აპლიკანტიდან ჟიურის წევრებმა 8 საუკეთესო შეფ–მზარეული გამოავლინეს. ისინი 2 და 3 ნოემბერს, საკუთარ გუნდთან ერთად "Expo Georgia"-ს მე–11 პავილიონში ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე მოსახვედრად იბრძოლებენ.

„გასტრონავტი“ (ან მედიასაშუალების დასახელება) კონკურსის ფინალისტებზე მოკლედ გიამბობთ.



გაბრიელ წიკლაური
– ფუა–გრასა და ხილის მოტკბო-მომჟავო გემოს ტანდემი გაბრიელისთვის წარმატების საწინდარი გახდა, მისმა მომზადებულმა კერძმაჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. კითხვაზე – რას ნიშნავს მისთვის Bocuse d'Or–ში მონაწილეობა, პასუხი შემდეგია: „საქართველოს სახელით გუნდი პირველად გადის მსოფლიო ასპარეზზე, ისტორია ახლა იწერება, ჩვენ ვართ პიონერები ამ საქმეში და სწორედ ეს მხიბლავს ყველაზე მეტად Bocus d’or–ის მთელ ორომტრიალში“.


გაბრიელი გასტორნომიის სფეროში მეგობრის რჩევით 2013 წელს სრულიად შემთხვევით მოხვდა. ყველაფერი მამა–პაპური ქართული სამზარეულოდან დაიწყო და დღეს ქართული კერძების გათანამედროვებზე მუშაობს. სურს, რომ ეროვნული კერძები მსოფლიო ასპარეზზე გაიტანოს. გაგიკვირდებათ და გაბრიელის ერთადერთი ჰობი, ისევე როგორც პროფესია, მზარეულობაა. საყვარელი კერძის დასახელებას ნუ მოსთხოვთ, რადგან უყვარს ყველაფერი გემრიელი, რასაც თავად ამზადებს.



გიორგი არაბული – „Bocus d’or“–ში მონაწილეობა ჩემთვის მსოფლიოსა და ხალხის აღიარებასთან ასოცირდება. ვფიქრობ, ამ შეგრძნებაზე უფრო აღმატებული გასტრონომიის სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის არაფერია“...
გიორგიმ ამ სფეროში მოღვაწეობა 13 წლის წინ დაიწყო. ფიქრობს, ქართულ გასტრონომიას იმხელა რესურსი აქვს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე წარმატებით შეუძლია წარადგინოს თავი, როგორც ამას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახერხებენ. თავადაც სცადა ამ ყოველივეს პრაქტიკაში დადასტურება და არც მეტი არც ნაკლები, მალაკის ნახევარკუნძულზე – ტაილანდში – ქართული რესტორნის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


მიხეილ სანაძე – ზუთხისა და სეზონური პროდუქტების დაბალანსებულმა გემომ მიხეილს წარმატება მოუტანა და Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობის საშუალება მისცა. მისთვის გასტრონომიულ სფეროში ისტორიის წერა 6 წლის წინ „კულინაარის აკადემიიდან“ დაიწყო. ფიქრობს, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავადაც ცდილობს ამ ტემპს არასოდეს ჩამორჩეს, სწორედ ამიტომ, შანსს არ უშვებს ხელიდან რაც შეიძლება მეტ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, იგი კულინარიული შოუს „სამზარეულოს ომები“ –ს ერთერთი კონკურსანტიც გახლდათ. ამჟამად ის ქართული კერძების მოდერნიზებაზე მუშაობს: „ვფიქრობ, რომ ქართულ კერძებს ვიზუალურად გაცოცხლება სჭირდება, ამიტომ ვცდილობ ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანო, რა თქმა უნდა ისე, რომ კერძის ავთენტური გემო შენარჩუნდეს“ –ამბობს მიხეილი.

როგორც კონკურსანტი განმარტავს, შემოქმედებითობა, მოტივაცია, გემოების ერთმანეთთან შეხამების უნარი დაეხმარება ეროვნულ კონკურსში გამარჯვებაში.


ერიკ სარქისიანი – სფეროში 8 წლიანი გამოცდილება, ჯერ ქართულ, შემდეგ კი ფრანგული კულინარიულ სასწავლებელში მოღვაწეობა, ბურჟუაზიის საწყისებთანმიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მიღებული პრაქტიკა და ისევ ქართულ სარესტორნო დაწესებულებებში დაბრუნება– ეს ის მოკლე ისტორიული რაკურსია, რომელიც ერიკის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.


ახალი რაღაცების აღმოჩენა– შექმნა, ხალხის ემოცია კერძის დაგემოვნების შემდეგ – ეს ის მაპროვოცირებელი ფაქტორებია, რაც გასტრონომიასთან მის მჭიდრო კავშირს განაპირობებს.


ბატკნის ხორცი გოგრის ფხალის გარნირთან, კახურ ზეთთან და სხვა კომპონენტებთან ერთად ის კერძი გახდა, რომელმაც ეროვნულ შესარჩევ დახურულ კონკურსზე გამარჯვება მოუტანა. ფიქრობს, რომ Bocus d’Or მისთვისაც და ქვეყნისთვისაც ნამდვილი ტრამპლინია: „მიმაჩნია, რომ Bocuse d'Or ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ქართული გასტრონომიაც უფრო მეტად განვითარდება. მსოფლიო ყოველთვის ახალი გემოების ძიებაშია, ქართულ კერძებს კი ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ევროპა გააოცოს“.



გიორგი კანკავა – გიორგის კულინარიული ისტორია ერთერთ ჰიპერმარკეტში თევზის სექციის გაფორმებებით დაიწყო, რომელიც უყურადღებოდ ხელმძღვანელების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გიორგის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი, ახალი პროფესია– მზარეული გაჩნდა. ეს ყოველივე კი იტალიური კერძების მომზადებითა და შეფ–მზარეულის პოზიციით დაგვირგვინდა.


ყველაზე მეტად რაც გასტრონომიაში მოსწონს საკუთარი თავის მართვა და მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე ყოფნის შესაძლებლობაა.
ამბობს, რომ კერძი, რომელიც დახურულ კონკურსზე წარადგინა ნამდვილი გემოების ზეიმი იყო: „თითქმის სამი კერძის ერთად შერწყმა მოვახერხე, რაც ტექნიკურად საკმაოდ რთული მისაღწევია. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გუდის ყველის პური მოვამზადე, რომელიც ჩემი საავტოროა და ამ დრომდე არსად გვხვდება. ვფიქრობ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო ამირჩია ჟიურიმ“.


ალბერტ ნალბანდიანი – გენიალურობა, რომ სიმარტივეშია ეს კიდევ ერთხელ ცხადყო ალბერტმა Bocus d’Or Georgia–ს შესარჩევ კონკურსზე. ტყემალი და ჭარხალი – ეს ის ორი კომპონენტი იყო, რომლის მომზადების ტექნიკამ და გემომ ჟიურის წევრები აღაფრთოვანა.



როგორც ალბერტი აღნიშნავს, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის საქართველოსა და მისი ძირძველი გასტრონომიული კულტურის შესახებ, Bocus d’Orკი ის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ქვეყანას ფართო აუდიტორიას წარუდგენს. თუ ჰკითხავთ რომელი კერძით ისურვებდა საქართველოს წარდგენას მსოფლიოსთვის, პასუხად ხინკალს და ხაჭაპურს ნამდვილად ვერ მიიღებთ. ფიქრობს, რომ საქართველოს გასტრონომიის ფილოსოფია ბევრად უფრო ღრმა და მრავალფეროვანია, ამიტომ უფრო რთული და მრავალმხრივ დაბალანსებული გემოს მქონე კერძებს მიანიჭებდა უპირატესობას.


თემო კარდენახიშვილი – „ჩვენ, 8 ადამიანს, ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. ეს არ არის გადაცემა, ეს არ არის შოუ. ეს არის ფაქტი, რომელიც ქართული გასტრონომიის ისტორიაში ჩაიწერება. ჩვენ უნდა შევძლოთ მსოფლიოს თავი დავამახსოვროთ! “ – აღნიშნავს თემო, რომლისთვისაც გასტრონომია ბავშვობის გატაცება იყო. იგი სულ რაღაც 16 წლის გახლდათ, როდესაც კოლეჯში ჩაბარება და ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა.


კერძი, რომელმაც ოდესღაც აღაფრთოვანა ასე ჟღერს – ღორის სუკი ციტრუსით, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ–მზარეულთან ერთად მოამზადა და დააგემოვნა კიდეც.
მიაჩნია, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის შეიძლება გახდეს ძალიან საინტერესო, რადგან ის ერთგვარად მისტიკურიცაა. როგორც თავად ამბობს, მისი ბოლომდე შეცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


სოსო ჯაბანაშვილი – წლების წინ კულინარიის აკადემიის კედლებიდან რეალურ სამზარეულოში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა Bocus d’Or Georgia–ს კონკურსანტი საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში.ახალი კერძების შექმნა, კმაყოფილი სტუმარი, ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მას გასტრონომიაში ყველაზე მეტად ხიბლავს.


სეზონური კერძი სხვადასხვა გემოს კომბინაციითა და ქართული ელემენტებით მისი სავიზიტო ბარათი გახდა შესარჩევ კონკურსში მოსახვედრად. Bocus d’Or Georgia, როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ახალი გამოწვევაა: „აღნიშნულ კონკურსს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დიდი სტიმული და დიდი პატივია.ვფიქრობ, შინაგანი შემართება და თავდაუზოგავი შრომა დამეხმარება კონკურსში გამარჯვებისთვის“.



Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეები 2 და 3 ნოემბერს ქვემოთ მითითებული განრიგის მიხედვით იასპარეზებენ.



image

0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0