x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვაი ქართველების" მიერ დაღუპულად გამოცხადებული ქართველი პარტიზანების ისტორია

image მოგეხსენებათ სეპარატისტულ აფხაზეთში გალის რაიონში მცხოვრები ქართველების გატაცების, აწიოკების და მკვლელობის ფაქტები გახშირდა გასული საუკუნის ბოლოს დ ამ საუკუნის დასაწყისში.
ქართველ, ყოფილ თუ მოქმედ სამხედროებთან ერთად ისეთმა ადამიანებმა აიღეს ხელში იარაღი ჯარშიც, რომ არ იყო ნამყოფი. შურისძიების და შელახული ღირსების აღდგენის სურვილმა ბევრს ფორმა ჩააცვა.
სპონტანურად შეიქმნა პარტიზანული რაზმები, "თეთრი ლეგიონი", "ტყის ძმები", "სამურაი", "მორიელი" და ერთერთი ქართული სპეცსამსახურის მებრძოლებისაგან დაკომპლექტებული რაზმი, რომლის შემადგენლობაში მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა თქვენმა "მონა-მორჩილმა".
აფხაზეთის ომში მიღებული მძიმე ჭრილობების მერე მამაჩემმა სპეცსამსახურის სპეცრაზმის მომზადებას მიჰყო ხელი, სწორედ ეს სპეცრაზმი გახდა ბირთვი პარტიზანულ მოძრაობაში.
პროფესიონალი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეცრაზმი ოპერაციას ოპერაციაზე ატარებდა წარმატებით.
ბევრჯერ მითქვამს უკრაინაში, რომ დავიბადე სამხედრო ქალაქში, სადაც მამა ერთერთი საბჭოთა, შემდგომში კი უკრაინული დანაყოფის წარმატებული ოფიცერი იყო.
სწორედ მამის და მამის მეგობრების დამსახურება იყო ის, რომ სრულიად პატარა ასაკში ისე შევითვისე დანაყოფის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღები, ნებისმიერ სამხედრო სწავლების პედაგოგს გავუწევდი კონკურენციას იარაღების ტექნიკური მახასიათებლების ახსნაში.
გალის რაიონის სოფელ ქვედა ბარღებში შედგა ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა. მამამ, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად გალის რაიონში გადასასვლელად ემზადებოდა დამიძახა: გუჯა, ფორმა ჩაიცვი, ჩემი სეიფი ღიაა, ჯავშანჟილეტი გამოიტანე და სეიფი ჩაკეტე!
ეგრევე წამოვხტი ტახტიდან, სადაც კროსვორდს წამოწოლილი ვავსებდი, ვეცი ჩემს კარადას და დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფორმა გამოვიტანე, ფორმის ჩაცმის მერე მამის სეიფიდან ჯავშანჟილეტი გამოვიტანე და სეიფი დავხურე.
ბაბუამ სოხუმელმა "ზღვის მგელმა" გულში ჩამიკრა და დამარიგა: ბაბუა, ბრძოლის დროს თავზე კონტროლი არ დაკარგო, ნურც თავის გამოჩენას ეცდები, რასაც გიბრძანებემ ის გააკეთე, გეტყვიან წამოდიო-წადი, გეტყვიან დაწექიო-დაწექი. ომს არ უყვარს თავის გამოჩენის მოყვარულები, რადგან შეცდომას მტერი არ გაპატიებს.
ჩემმა ძმამ ლევანმა, რომლისთვისაც იარაღი თუნდაც სანადირო რაღაც საშინელებასთანაა ასოცირებული, გაფართოებული თვალებით შემომხედა და ცრემლნარევი ხმით მითხრა: მამას, რომ ვთხოვო არ წაგიყვანოს, მაინც წაგიყვანს?
ლევანი ჩემზე უმცროსია და როცა სამოქალაქო ომის დროს, ერთერთმა მხარემ სახლი გადაგვიწვა მიზეზთა გამო, და-ძმას, დედას და ბებიას, მე 14-15 წლის ბავშვი ვიცავდი სოფლის სახლში, სავარაუდო თავდასხმისაგან ავტომატით ხელში.
დედაჩემმა ტირილი დაიწყო, ბებია მარიამ კი, რომელიც უკრაინული ფესვების რუსია მამას ჩხუბი დაუწყო ეს ბავშვი სად მიგყავს, ამან რა იცის ომის წესები, დაგავიწყდა შენ გამოცდილი სამხედრო რა მძიმედ იყავი დაჭრილიო!
ამასობაში მამას განუყრელი ბავშვობის მეგობარი, ყოფილი მედესანტე ოფიცერი და მამას სოხუმისათვის ბრძოლისას გადამრჩენელი გურამ ბიძია მოვიდა, სვანი კაცი, რომელიც ჩემთვის კაცობის, ერთგულების და ვაჟკაცობის ეტალონია.
ენგურის გადასასავლელამდე რამდენიმე მანქანით მივედით, ღამის სიბნელეში მოვირგეთ აღჭურვილობა, მე მოკლე ავტომატი მომცეს, 2 ხელყუმბარა და 10 მჭიდი, რომელიც ეგრეთ წოდებულ "ლიფში" მქონდა ჩალაგებული.
ცალკე მაკაროვის პისტოლეტი, რომელიც გურამ ბიძიას პირადი საჩუქარი იყო.
გალელი ქართველების მიერ მოყვანილი ცხენებით ჯერ ფიჩორში გადავედით, შემდეგ პირველ ოტობაიაში, ოტობაიადან გაგიდაში, გაგიდადან კი ქვემო ბარღებში გადავედით ცხენებით ღამის სიბნელეში.
ინფორმატორის ინფორმაციით სოფელში უნდა შემოსულიყო გუდაუთელი აფხაზის, სეპარატისტული აფხაზეთის ორგზის გმირის ოთარ ტურამბას მარჯვენა ხელი გვარად კობე რამდენიმე მებრძოლთან ერთად სოფლის მორიგი ეგზეკუციისათვის.
ჯგუფი 3 ნაწილად გაიყო და სოფლის ცენტრალური შესასვლელის გასწვრივ ეშელონირებული ჩასაფრება მოაწყო.
ვინც ყოფილა ჩასაფრებაში დამეთანხმება, თუ რა ნელა გადის ასეთ დროს დრო, დაძაბულობა კი მატულობს.
დღის პირველ საათზე გამოჩნდა 3 "უაზი", რომელსაც უკან ასევე რუსული "ბუხანკა" "უაზი" მოსდევდა.
თითოეულ ჯგუფს ჰქონდა მითითება, მთავარი სამიზნე ყოფილიყო კობე.
image პირველმა ჯგუფმა გამოატარა კოლონა, მეორე ჯგუფის სნაიპერმა სლავამ, რომელიც სოხუმის ბრიგადის გულირიფშის სატანკო ბატალიონის ყოფილი მებრძოლი და სნაიპერი იყო, სამი გასროლით სამივე "უაზის" მძღოლის ლიკვიდაცია მოახდინა.
"ბუხანკას" კი გურამ ბიძიამ ერთჯერადი გამოყენების ყუმბარმტყორცნიდან ("მუხა") ესროლა და მანქანა მებრძოლებიანად, როგორც იტყვიან "ჰაერში" აწია.
არ დაგიმალავთ, გამიჭირდა სროლა, მაგრამ მამის ხმამ-ესროლე, შიშის გრძნობა გადამალახვინა, და მოკლე ჯერებით ბორცვს ამოფარებულმა პირველი "უაზის" მიმართულებით გავხსენი ცეცხლი.
მანქანიდან გადმომხტარი მებრძოლი წაიქცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ უკვე გრძელი ჯერი მივუშვი, მებრძოლი ტყვიების დარტყმის ძალამ უკან გადააგდო.
მხოლოდ უკანა "უაზიდან" გადმომხტარმა მებრძოლმა მოახერხა გაქცევა, სამივე ჯგუფი ფრთხილად მიუახლოვდა ბრძოლის ადგილს, არცერთი მებრძოლი არ იყო ცოცხალი, მაგრამ მათ შორის კობე არ აღმოჩნდა, დაღუპულებში კაზაკებიც აღმოჩნდნენ და ყაბარდოელიც აფხაზებთან ერთად.
პირველი, მეორე და მესამე ჯგუფი ცალცალკე ენგურის მიმართულებით დაიძრა, მანამდე კი დაღუპული სეპარატისტების იარაღები და საბრძოლო მარაგი გადავინაწილეთ, დაცლილი მჭიდები შევავსეთ და ბრძოლის ადგილს გავეცალეთ.
სახლში დაბრუნებულს მთელი ქუჩა მილოცავდა დაბრუნებას, დედა ხან ტიროდა, ხან იცინოდა. ბაბუა მისთვის ჩვეულ სიდინჯეს ინარჩუნებდა, ბებია მარიამი კი დაუსრულებლად მკოცნიდა და მისთვის ჩემს მიმართ ჩვეულ გამოთქმას იყენებდა ხშირად "ჩემი მაიმუნი და გადარეული ბიჩი" ( არ შემშლია ჯერ კიდევ ვერ დაამუღამა ბიჭის სწორად წარმოთქმა).
რამდენიმე დღეში უკვე მამას გარეშე მისი ჯგუფის რამდენიმე წევრთან უკვე სოფელ სიდაში გადავედით, ინფორმატორის ინფორმაციით აფხაზები და სომხები უნდა შესულიყვნენ სოფელში წმენდის ჩასატარებლად.
მათთვის ვინც არ იცის, სიდა მცენარეული საფარისაგან ღარიბი სოფელია, რადგან საკმარისია 2 მეტრი მიწა გათხარო და ჭა მზადაა.
სოფელში წყალსაწრეტი არხების მთელი ქსელი იყო, რომელსაც ეკალბარდები ფარავდა.
გამთენიისას უკვე ადგილზე ვიყავით, ჩვენი ჩასაფრებიდან რამდენიმე ასეული მეტრით ჩასაფრებაში ერთერთი პარტიზანული დანაყოფის ჯგუფი იმყოფებოდა და მას ცნობილი "პარტიზანი" მეთაურობდა.
სამწუხაროდ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა და სოფელში არავინ გამოჩენილა, სოფლიდან გამოსვლისას ეტყობა გამყიდველმა ქართველმა შეგვამჩნია და მალე გალიდან მოსულმა ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვანმა აფხაზურმა რაზმმა შემოგვიტია, გაქცევას ვაკე ადგილზე, სადაც არც ბორცვია და არც ტყე გაქცევა სიკვდილის ტოლფასია და ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩაწვე, თან როგორია ნაწვიმარზე, თან ისედაც წყლიან მიწაზე გაწოლა, მაგრამ სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია ვიდრე ფორმის დასვრა.
მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა ტყვიამფრქვევებიდან თავის წამოწევის უფლება არ მოგვცა, რადისტის მიერ მეორე პარტიზანული ჯგუფისათის გადაცემულმა თხოვნამ, მოწინააღმდეგისათვის ზურგში დაერტყათ და შექმნილ არეულობაში გასვლის შესაძლებლობა მოგვცემოდა შედეგი არ გამოიღო, არც კი და არც არა-პასუხი არ მოსულა.
ჯგუფის მეთაურის, მამას მეგობრის გურამ კვიტატიანის ბრძანებით დავიწყეთ ლაფში კიბოსავით უკუსვლით ხოხვა წყალსაწრეტი არხების მიმართულებით, ახლა ეს არხები იყო ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება.
მადლობა ღმერთს უდანაკარგოდ მივაღწიეთ არხებს და ეკალბარდით დაფარულ არხში გადავსრიალდით.
მუხლამდე მყრალ წყალში ყოფნა არაა დიდად სასიამოვნო, თან მაშინ როცა ხელები ეკლების ნაკაწრების გამო ისე გიხურს თითქოს ჭინჭრით გქონდეს დასუსხული.
აფხაზებმა ჯავშანტრანსპორტიორით ისე ახლოს ჩაგვიარეს ზოგიერთი მებრძოლის სახეც კი ჩანდა საღამოს ბინდბუნდში, სროლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჯავშანტრანსპორტიორს "ურალის" სატვირთო და "გაზ66"-ი მიყვებოდა ცოცხალი ძალით.
მთელი ღამე და მეორე დღე სეპარატისტები და მათი დამქაშები არ გასულან სოფლიდან, კიდევ კარგი ძაღლი არ ახლდათ, თორემ ჩვენი გადარჩენა გამორიცხული იყო.
სამწუხაროდ რაციასაც პრობლემა შეექმნა და მისი გამოყენება შეუძლებელი გახდა.
და რა ხდება ამ დროს ზუგდიდში? მეორე პარტიზანული დანაყოფის ჯგუფმა, რომელმაც განსაცდელის ჟამს დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა, ესეც არ იკმარა და ხმა გაავრცელა: ბიჭები სიდაში ჩახოცეს, დახმარება ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენს მისვლამდე სოფლის ბლოკირება მოახდინეს სეპარატისტებმაო!
წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ამის გაგონებაზე ჩვენს ოჯახებში, მამაჩემმა მთელი რაზმი განგაშით გამოიძახა წინასწარ დათქმულ ადგილზე სოფელ ორსანტიაში, სხვა ოფიცრებთან ერთად დაისახა გეგმა ჩვენს "გამოსასვენებლად", თუნდაც ამისათვის გალის ადმინისტრაციის ტყვედ აყვანაც გამხდარიყო საჭირო.
გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმ პერიოდში რუსლან ქიშმარია იყო, დღევანდელი ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ძმა.
საბედნიეროდ, რაზმის სიდაში შემოსვლამდე, აფხაზების გასვლისთანავე ჩვენ დავტოვეთ წყალსაწრეტი არხები და ენგურისაკენ გადმოვინაცვლეთ, პატრიოტი ქართველების მიერ მოყვანილი ცხენებით.
არასდროს მომფერებია მამა 10 წლის შესრულების მერე, ეს დღე იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა მამა არ მორიდებია თანამებრძოლებს და ლაფიდან ამოსული ღორივით მოთხვრილი შვილი გულში ჩაიკრა.
გურამ ბიძიამაც ღიმილით უთხრა მამას: ეს ბიჭი დრო მოვა და იმაზე შორს წავა ვიდრე შენო.
ჩვენს დაბრუნებას ზუგდიდში სუფრის გაშლა მოჰყვა იმ დროისათვის ზუგდიდში ერთერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში "შავი ტიტა".
მამამ სახალხოდ არაკაცი და ლაჩარი უწოდა იმ "ცნობილ პარტიზანს", რომელმაც მტრის პირისპირ დახმარების გარეშე დაგვტოვა.
P.S
რამ გამახსენა ეს ისტორია? დღეს ვეტერანების დღეა და თითოეულ ვეტერანს ვულოცავ მათ დღეს, დაღუპულებს სამარადისო ხსოვნა, ცოცხლებს კი დღეგრძელობას ვუსურვებ.
იმ ჯგუფიდან არც სლავაა ცოცხალი, არც გია, არც კობა, ლაშა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში მეგობართან ერთად სპეცოპერაციაზე გალში გადასული ქართველმა არაკაცმა გაყიდა და ბოლო ტყვიამდე იბრძოლა, სანამ ყუმბარმტყორცნის ყუმბარამ არ გააჩერა მისი სითბოთი და ვაჟკაცობით სავსე გული.
უფალს ებარებოდეთ ბიჭებო.
image





0
811
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
811