x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალკატრასი - ციხე, რომელიც იქცა ისტორიად
ალკატრასი არის პატარა, იზოლირებული კუნძული, სან-ფრანცისკოს ყურის ცივ და სახიფათო წყლებში, რომელიც ესპანელმა მკვლევარმა ხუან მანუელ დე აიალამ, 1775 წელს აღმოაჩინა. კუნძულის საშიშმა და მიუვალმა მდებარეობამ, თითქოს თავადვე განსაზღვრა, თუ რა ფუნქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ამ უცნაურ და შიშისმომგვრელ ადგილს. აშშ-ს არმიამ კუნძულზე, თავდაპირველად ციტადელი ააშენა, რომელიც მოგვიანებით სამხედრო ციხედ გადაკეთდა, 1933 წელს კი, ისტორიის მანძილზე, ყველაზე შემზარავმა და სასტიკმა ციხემ დაიწყო ფუნქციონირება. ციხე, თავისი მასშტაბებით, 336 კაზე იყო გათვლილი, თუმცა ის სავსე არასდროს ყოფილა. 1933 წლიდან 1963 წლამდე ამ ციხეში, სასჯელს იხდიდნენ ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამნაშავეები, მათ შორის, ალ-კაპონე, გან კელი და რობერტ სტრაუდი.

"ალკატრასი" გამოირჩეოდა ძალიან ბევრი უცნაურობით, მაგალითად, ის იყო ერთადერთი ციხე, სადაც მუდამ ცხელი წყალი მოდიოდა. ეს რათქმაუნდა პატიმრებისადმი კეთილგანწყობით არ იყო განპირობებული, ციხის სამმართველოს აზრით, ცხელ წყალს შეჩვეულ პატიმრებს, გაქცევის მცდელობისას, ცივ წყალში ცურვა საკმაოდ გაუჭირდებოდათ. გასაკვირი ალბათ არც ის არის, რომ ალკატრასში ქალის ხილვა შეუძლებელი იქნებოდა. მცველებით დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველა მხოლოდ მამაკაცი იყო. ციხის საკნები, სიდიდით საძინებლის კარადას მცირედით თუ აღემატებოდა. ამავე ფართში იყო განთავსებული საწოლი, სააბაზანო და საპირფარეშოც კი. ციხის ფუნქციონირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, პატიმრობისას, ძალიან ბევრი ადამიანი გაგიჟდა, ბევრმა კი თვითმკვლობით დაასრულა ან ჰქონდა სუიციდის მცდელობა მაინც.
სულ განხორციელდა 14 გაქცევა, რომელშიც მონაწილეობდა 36 პატიმარი, მათგან 23 დაიჭირეს, 6 მოკლეს, 2 დაიხრჩო, ხოლო 5 პატიმრის ბედი დღემდე უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ხუთივე მათგანი გაქცევისას დაიხრჩო. 1962 წლის 11 ივნისს, ალკატრასის ციხიდან ყველაზე ცნობილი გაქცევა ფრენკ ლი მორისისა და ძმები ენგლინების მონაწილეობით მოხდა. მათ ფაქტიურად შეუძლებელი შეძლეს. სავენტილაციო შახტიდან, თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ, შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით კუნძულიდან გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი პოვნა ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ პატიმრებმა საკუთარ საწოლზე, საპნითა და ტუალეტის ქაღალდით ფიტულები გააკეთეს, რითაც ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება შეძლეს. პატიმრების შესახებ ინფორმაციის ძიება დღემდე არ შეწყვეტილა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ისინი სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირნენ.

1972 წლიდან ალკატრასის ციხე ოქროს კარიბჭის პარკის ნაწილი გახდა. ტერიტორია საზოგადოების ფართო მასებისთვის გაიხსნა და ტურისტულ ზონად იქცა. ციხის საკნები იმდენად შემზარავია, რომ იქ მისულ ტურისტებს გაკვირვებისა და შეშფოთების დამალვა უჭირთ - "როცა ციხის საშინელ საკნებს ხედავ, უნებლიედ კითხულობ, თუ როგორ ძლებდნენ აქ პატიმრები".

ციხის პოპულარობა კიდევ უფრო გაამძაფრა ჰოლივუდის ფილმებმა, "ალკატრასიდან გაქცევა", "ხელშეუხებელნი", "ალკატრასის ჩიტებზე მზრუნველი" და "კლდე". თითოეული ფილმი თავისმხრივ გადმოსცემს ციხეში არსებულ შემზარავ მდგომარეობას.
დღესდღეობით ალკატრასის ციხე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წარმოადგენს ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რომელსაც იმდენად ბევრი მნახველი ჰყავს, რომ დამთვალიერებლებს ბილეთების შეძენა ერთი კვირით ადრე უწევთ, იმისათვის, რომ ადგილი შეხვდეთ ბორანზე, რომელიც არის კუნძულზე მისასვლელი ერთადერთი ტრანსპორტი.


image

0
408
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა იაშვილი
თეონა იაშვილი
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0