x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
14 ოქტომბერს სავსემთვარობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღეზე
image
14 ოქტომბრის სასვსე მთვაროების შესახებ დეტალურ ინფორმაციას "Astrolabe" ავრცელებს.

"14 ოქტომბერს სავსე მთვარეა პიკი - 01:07სთ.

სავსე მთვარე ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება, როდესაც მზე და მთვარე ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებში იმყოფება.

ასეთ დროს აუცილებელია ორივე ნიშნის (მზისა და მთვარის) თემებზე მუშაობა და იმ საკითხების გაცნობიერება, რომელიც ბალანსის მიღწევაში გვიშლის ხელს.


ამჯერად მზე სასწორში, მთვარე კი ვერძშია (20’14 გრადუსი).

წინა ასტროლოგიური მოვლენებისგან განსხვავებით (თევზების სავსე და სასწორის ახალი მთვარე), ეს პერიოდი გაცილებით მეტ აქტიურობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. თუ აქამდე თავს მოდუნების უფლება მივეცით, ახლა დროა, საბოლოოდ გავერკვეთ საკუთარ სურვილებში, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა და გადავიდეთ უშუალოდ მის შესრულებაზე. ვერძისთვის მიუღებელია წარსულით ცხოვრება, ჩრდილში დამალვა და არაფრის კეთება. ეს არის პერიოდი, როდესაც საკუთარი თავის რწმენა, გამბედაობა, შინაგანი თავისუფლება და გულწრფელი მონდომება მთების გადადგმის ძალას მოგვცემს. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვსურს. ნუ შევუშინდებით დაბრკოლებებს, გადავდგათ პირველი ნაბიჯი.

ვერძს მართავს ომის ღმერთად წოდებული მარსი, რომელიც უკავშირდება ენერგიას, აგრესიას, სიბრაზეს, მოქმედებასა და სურვილს. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც შეიძლება, ადამიანში ცხოველის ბუნებასაც შევადაროთ. როდესაც მარსს პოზიტიურად გამოვხატავთ, ჩვენ ვხდებით მებრძოლი, უშიშარი, მიზანსწრაფული, პირდაპირი და თავგადასავლების მოყვარული, უარყოფითი კუთხით კი ზედმეტად აგრესიული, სულსწრაფი, იმპულსური, მოუთმენელი და უხეში.

სხვა ნიშნებთან შედარებით, ვერძი ყველაზე ახლოსაა თვითგანვითარების იდეასთან, ამიტომ ეს იდეალური დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და მოქმედებაზე გადასვლისთვის. თუ ახალი მთვარე სასწორში პარტნიორთან ჯანსაღი და დაბლანსებული ურთიერთობის აუცილებლობას მიგვანიშნებდა, ვერძში სავსე მთვარის მთავარი მესიჯი სწორედ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე კონცენტრირებაა. თუ ამ პერიოდში გარკვეული წინაღობებისა და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, უმჯობესი იქნება, მათი გადაჭრა შემდეგი პრინციპით დავიწყოთ - "ჩემთვის როგორც აჯობებს", ოღონდ ისე, რომ ამით სხვების ინტერესები მთლიანად არ დავაიგნოროთ. სასწორისა და ვერძის ოპოზიციური ენერგია ზუსტად მე-სა და სხვებს შორის ბალანსის იდეის მატარებელია. ვინაიდან ვერძის მმართველი პლანეტა მარსი ამჟამად სასწორში იმყოფება, ნებისმიერი "ომი" დიპლომატიური გზებით უნდა მოვიგოთ. სასწორში მარსის მინიშნება ისაა, რომ ტკბილი ენითა და სხვა ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით გაცილებით მარტივი იქნება სასურველის მიღება.

ამ სავსე მთვარის ასტროლოგიური ამინდის შექმნაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს პლუტონი, რომელიც ტაუ-კვადრატის ზედა წერტილს წარმოადგენს (მზე, მთვარე, პლუტონი). პლუტონთან ზუსტმა კვადრატმა შესაძლოა, ღრმად ჩაბუდებული შიშები და კომპლექსები გამოიტანოს გარეთ, ისევე, როგორც ურთიერთიერთობებში ძველი წყენა და დაგროვებული ბრაზი. სავსე მთვარის ისედაც მოჭარბებულ ენერგიას პლუტონისეული ინტენსიური და ღრმა ემოციები დაემატება, ამიტომ მეტი თვითკონტროლი მოგვიწევს კონფლიქტური სიტუაციების დროს. თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის, რაღაც გაწუხებთ, მშვენიერი დროა თვითანალიზისა და ისეთ საკითხებში გარკვევისთვის, რომელიც სხვა დროს რთულად მისაგნები იყო. ვინაიდან სწორედ ამ დროს იწყება მთვარის კლებადი ფაზა, იდეალურია ყველაფერი ზედმეტის მოშორება და წარსულში დატოვება (ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური).

პლუტონის დაძაბული ასპექტის შემდეგ დიდი იმედების მომცემია მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტები იუპიტერთან, რომელიც მშვენიერ შანსს მოგვცემს, დავალაგოთ, ავაწყოთ, განვავითაროთ ნებისმიერი ტიპის სასიყვარულო თუ ბიზნეს ურთიერთობა. მთავარია, მივაგნოთ და ვაღიაროთ არაფრისმომცემი ჩვევები და დამოკიდებულებები და ჩავანაცვლოთ ისინი ახალი, ჯანსაღი ჩვევებით. გამოიჩინეთ გულწრფელობა, იყავით ღია, ნუ დაგეზარებათ პოზიტიური ემოციების გაზიარება და ეს სავსე მთვარე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე იქნება.

კონკრეტულად 13-14 ოქტომბერს მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციების წინაპირობა გახდეს, ამიტომ ნუ იკამეთებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და ფსიქოტროპული პრეპარატები ჭარბი დოზით. ეს დღეები იდეალურია ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომელიც ჩვენგან დიდ ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვს (მათ შორის ფიზიკურად).

ზემოთ აღწერილი ტენდენციები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ თქვენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები (ASC, DSC, IC, MC) კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 15-25 გრადუსებს შორის აღინიშნება, სხვებთან შედარებით, მეტად იგრძნობთ სავსე მთვარის გავლენას. ასევე, თქვენს პირად რუკაში რომელ ასტროლოგიურ სახლებშიც მოხვდება სასწორისა და ვერძის 20’14 გრადუსი, სწორედ იმ სფეროებში გჭირდებათ მეტი ბალანსი.

კონკრეტული პიროვნების ცხოვრებაზე ამ და სხვა პლანეტების ზემოქმედების ხარისხი და ბუნება კომპლექსურ, სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს."

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0