x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344041
  • სურათი:459158
ცხელი პურის გემო (ნამდვილი ამბავი)
ბიძაშვილები, თანაკლასელები, მეზობლები და განუყრელი მეგობრები გია და კახა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, რაიონული ცენტრისგან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდნენ. გიას მამა მეზობელი სოფლის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ამიტომ, როცა ბიჭებმა სახლთან ახლოს მდებარე დაწყებითი სკოლა დაამთავრეს, მამამ ისინი თავის სკოლაში გადაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად, რათა ბავშვებისთვის მეტი ყურადღება მიექცია და მხედველობის არეში ჰყოლოდა.

სკოლამდე არც თუ ისე ცოტა მანძილი იყო - 10 წლის ბიჭებს დღეში ორჯერ 3, 5 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდათ, თუმცა ენერგიული ყმაწვილები გზას საკმაოდ მალე მიეჩვივნენ და მხიარული საუბრით და თამაშ-თამაშით მანძილს ერთ საათში ფარავდნენ.

სკოლიდან სახლისაკენ მომავალ გზაზე პატარა თონე იყო, სადაც მეპურე მიხო გემრიელ თონის პურს აცხობდა. მოშიებულ ბიჭებს ცხვირში უღიტინებდა და ნერწყვს გვრიდა ცხელი პურის სუნი, თან სახლამდე კარგა მანძილი უნდა გაევლოთ, მაგრამ, რადგან ფული არ ჰქონდათ, კისერმოღრეცილებმა უჩუმრად ჩაუარეს თონეს და გააგრძელეს გზა, რომ უცებ ზურგსუკან ძახილი მოესმათ: - ბიჭებო, მოიცადეთ. მოიხედეს და თეთრწინსაფარაფარებული მეპურე დაინახეს, რომელსაც ხელში ცხელი თონის პური ეჭირა და მათკენ გაღიმებული მოიჩქაროდა.



image




- აჰა, გამომართვით, - გაუწოდა პური მიხო ძიამ ბიჭებს. ბავშვებმა იუხერხულეს, მორცხვად შეიშმუშნენ და თავდახრილებმა უკან დაიხიეს. მეპურემ გიას შეხედა და ჰკითხა:- შენ ლევან მასწავლებლის შვილი არა ხარ? -კი, - უპასუხა გიამ. -ჰოდა სახლამდე დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მშივრები იქნებით, გამომართვით და ჭამეთ, - ღიმილით უთხრა მიხომ ბავშვებს. გიამ მადლობა გადაუხადა და მორიდებით აიღო პური. -გაამოთ, -გაუღიმა კეთილმა მეპურემ ბიჭებს და თონისაკენ გაბრუნდა. ბიჭებმა გზა გააგრძელეს, მაგრამ როგორც კი მიხო თვალს მოეფარა, ცხელი თონეული შუაზე გაგლიჯეს და მადიანად დაიწყეს ჭამა. იმ წუთას მათთვის ეს პური ყველაზე გემრიელი საჭმელი იყო დედამიწის ზურგზე.

ამ დღის შემდეგ ბიჭები და მეპურე "დაძმაკაცდნენ" - თუ ბიჭებს ხურდა ფული ჰქონდათ, თამამად შეაბიჯებდნენ თონეში, მიხო ძიასგან ერთ ლავაშს იყიდდნენ, შუაზე გაიყოფდნენ და მადიანი ლუკმვით გაუყვებოდნენ სახლისაკენ მიმავალ გზას, ხოლო თუ ფული არ ჰქონდათ, მაშინ ცდილობდნენ, უჩუმრად ჩაევლოთ თონესთან და იქედან გამომავალი ცხელი პურის სუნით დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ უკვე "სამშვიდობოს გასულებს" ზურგში დაეწეოდათ ძია მიხოს სიტყვები: "- ბიჭებო, მოიცადეთ"...მოიხედავდნენ და მათკენ ღიმილით მომავალ მეპურეს დაინახავდნენ ცხელი თონეულით ხელში. მიხო ბიჭებს პურს მიაწვდიდა, ისინიც მადლობას გადაუხდიდნენ და ასე გრძელდებოდა თვეებისა და წლების განმავლობაში, სანამ გიას და კახას სახლთან ახლოს ახალი სკოლა არ ააშენეს. გიას მამამ ჩათვალა, რომ უკეთესი იყო ბიჭებს ამ სკოლაში ევლოთ და მათი პროტესტის მიუხედავად (ბავშვებს ეძნელებოდათ შეჩვეული სკოლის და თანაკლასელების დატოვება) ყმაწვილებმა მეშვიდე კლასიდან ახალ სკოლაში გააგრძელეს სწავლა.

ახალ სკოლასთან არც თონე იყო და არც მეგობრულად მომღიმარი მეპურე. თუმცა სახლში დედების მომზადებული გემრიელი სადილი ელოდებოდათ, ბავშვები მაინც ხშირად იხსენებდნენ მიხო ძიას და მის გამომცხვარ გემრიელ თონის პურს.

გავიდა წლები... ბიჭებმა სკოლა დაამთავრეს. გიამ სწავლა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა კვების მრეწველობის მანქანებისა და აპარატების სპეციალობაზე. სწავლის დამთავრების და სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ის მშობლიურ რაიონში დაბრუნდა და პურკომბინატში დაიწყო მუშაობა ერთ-ერთი პურის ქარხნის ცვლის უფროსად.

90-იანი წლების დასაწყისი იყო - ძმათამკვლელი ომების, უშუქობის, უპურობის, შიმშილობისა და გაჭირვების წლები. ქვეყანაში, სხვა პროდუქტებთან ერთად, განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა პურის დეფიციტი: ადამიანებს საათობით უწევდათ რიგში დგომა, რათა ტალონით აეღოთ მათი კუთვნილი პური, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი საკმარისი არ იყო და ბევრი მათგანი შინ ხელცარიელი ბრუნდებოდა. პურის ქარხნებთან და მაღაზიებთან კილომეტრიანი რიგები და ზედახორა იყო. სწორედ ამ მძიმე დროს დანიშნეს გია პურკომბინატის დირექტორად- ერთი შეხედვით ეს დიდ ნდობას ნიშნავდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს ანდეს ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა იმ არეულ პერიოდში პურკომბინატის ხელმძღვანელობა თანამდებობა კი არა, სასჯელი უფრო იყო.. სხვა საქმეებთან ერთად გიას ევალებოდა რაიონისათვის გამოყოფილი ფქვილის მწირი რაოდენობა სოფლებისთვის გაენაწილებინა. განაწილების დროს ყველა საცხობის თუ თონის მეპატრონე ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ფქვილი შეხვედროდა. ზოგი ჩხუბობდა, ზოგი იხვეწებოდა, ზოგი იმუქრებოდა და ზოგიც ნაცნობობის წყალობით ცდილობდა "საქმის ჩაწყობას" და საკმარისი რაოდენობის პროდუქტის "დათრევას". მხოლოდ ერთი ხანშიშესული მამაკაცი იჯდა წყნარად და არ ერეოდა ამ ორომტრიალში. გიას ის ძალიან ეცნო, თუმცა ვერაფრით ვერ იხსენებდა, სად ენახა ეს კაცი. უცნობმა გიას მზერა დაიჭირა და გულიანად გაუღიმა. ახალგაზრდა კაცს ეცნო ეს ღიმილი და უცებ გაეხსნა გონება: გაახსენდა ბავშვობა, სკოლიდან სახლისაკენ მიმავალი გზა, თონე და მეპურე მიხო. დიახ, ეს ჭაღარაშერეული, კეთილსახიანი კაცი სწორედ ის მიხო გახლდათ, რომელიც წლების წინ გულუხვად უმასპინძლდებოდა სკოლიდან მომავალ ბიჭებს გემრიელი პურით.

ამ დღის შემდეგ, მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ გია პურკომბინატს ხელმძღვანელობდა, მიხო ძიას და მის პატარა თონეს არასოდეს შემოკლებია ფქვილი, რადგან გიას ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ბავშვობაში ნაგემი, მიხოს ხელებით გამომცხვარი ცხელი პურის გემო.

9
608
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
608
  
4 დეკემბერი, 23:02
გამოგონილი არ არის. გია ჩემი ოჯახის წევრია და მიხოს ნაჩუქარი პური მეც არაერთხელ მიგემნია :)
4 დეკემბერი, 17:55
დღეს მაგ ნათქვამს სხვანაირი დასასრული აქვს: "გაიარე მადლი ქენი, გამოივლი, კიდევ ქენი" :)
4 დეკემბერი, 17:54
ასეთ ამბავს რომ გაიგებ (გამოგონილიც რომ იყოს) კაცი იმედიანად უყურებ მომავალსაც, რომ სიკეთეს კვლავ ჰქონია დედამიწაზე ფასი.
27 ოქტომბერი, 1:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

25 ოქტომბერი, 23:36
სიკეთე არ იკარგება
25 ოქტომბერი, 23:36
უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა :(
25 ოქტომბერი, 15:43
ამაზეა ნათქვამი: ,,მადლი ქენი, ქვაზე დადეო..."
25 ოქტომბერი, 11:59
ძალიან მომეწონა, ბავშვობა გამახსენა....
25 ოქტომბერი, 10:06
კარგი სტატიაა,გულშიჩამწვდომი.
0 1 9