x
image
ღიმილიანი
„ყველაფერი სევდაა, ფადო ყველაფერია“ - ამალია როდრიგესი და ფადო, აი, როგორია სინამდვილეში პორტუგალიური მუსიკის სული

image

პორტუგალიელებს ძირითადად ახასიათებენ მხიარულ და პოზიტიურ ადამიანებად, თუმცა მუსიკალური ჟანრებიდან ფადო, პორტუგალიის ერთ-ერთი სიმბოლო, სევდიანი და მელანქოლიურია.

სიტყვა ფადო (Fado) მომდინარეობს ლათინურიდან - ფატუმ (Fatum) და ნიშნავს ბედს ან ბედისწერას.

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა ამ ჟანრის შესახებ და ამიტომ გადავწყვიტე, ამ სტატიაში მოგახსენოთ:

ფადო არის მუსიკალური ფორმა, რომელიც გამოხატავს მიუწვდომელისაკენ სწრაფვას, ლტოლვას. იგი გაჯერებულია ტკბილ-მწარე მოგონებებით, ეგზისტენციალური ტანჯვითა და იმედგაცრუებით, რომლის გაკონტროლებაც არავის შეუძლია.

ფადოს შესახებ წერილობითი ინფორმაცია 1820-1830-წლებიდან გვხვდება. ისტორიკოსი რუი ვიერას შეფასებით, ფადო არის სიმღერის ფორმა, რომელიც შეიძლება იმღერებოდეს ყველაფრის შესახებ, თუმცა ძირითადად იგი მიჰყვება გარკვეულ ტრადიციულ სტრუქტურას.

(ვიკიპედია)



თუ ფადოს მოუსმენთ, მიხვდებით, რომ მუსიკა ხასიათდება სამგლოვიარო ჟღერადობით, ხოლო ლექსები ძირითადად ზღვასა და ცხოვრებას ეხება, იგი გამოირჩევა გულრწფელობითა და სენტიმენტალურობით.

"ყველაფერი სევდაა, ფადო ყველაფერია", - ამალია როდრიგესი

ამბობენ, რომ ფადოს განწყობა პორტუგალურ ენაში ერთი სიტყვით გადმოიცემა, ეს სიტყვაა - "Saudade" . მას ინგლისურ ენაში არ აქვს ზუსტი შესატყვისი, ითარგმნება როგორც მონატრება, მაგრამ ქართულად, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად "წყურვილი" ესადაგება.

აი, ისეთი, გალაკტიონის ლექსში რომ არის:

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

("თოვლი" გალაკტიონ ტაბიძე )

პორტუგალიელი მეცნიერი აუბრი ბელი ცდილობს ამ რთული კონცეფციის განხილვას თავის წიგნში "პორტუგალიაში":

"Saudade - ბუნდოვანი და მუდმივი სურვილია ისეთი რამის მიმართ, რაც არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ არა აწმყოში" - აუბრი ბელი

image

Teatro Metaphora Artwork

(მადეირა, ფადოს ფესტივალი 2019)

პორტუგალიურ ენაში ასევე არსებობს - “Matar saudades” ასეთი გამონათქვამი, რასაც ინგლისურ ენაზე თუ ვთარგმნით, იქნება - მონატრების მოკვლა, მაგრამ, ვფიქრობ, ქართულად უფრო ზუსტად და უკეთ ჟღერს -

" წყურვილის მოკვლა ", ხოლო ეს "წყურვილი" მოიკვლება მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით იმ ადამიანთან, ვინც გვენატრება ან გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა.

ფადოს მღერის სოლისტი ქალი ფადისტა (ფადოს მომღერალი) (Fadista) პორტუგალიური გიტარის თანხლებით.


ამალია როდრიგესი პორტუგალიელი ფადისტა და მსახიობი, მას " ფადოს დედოფალს" უწოდებდნენ.

მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერაა " Fado da Saudade "



2011 წლის 27 ნოემბრიდან ფადო იუნესკოს არამატერიარული კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი

2
226
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
226
  
2019, 5 ოქტომბერი, 9:05
როგორი ტკბილი სიმღერებია. ორივეს მოსმენით ვისიამოვნე
0 1 2