x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
ხვამლის მთა
ხვამლის მთა


ხვამლის მასივი ჩამოყალიბდა იურული პერიოდის დასაწყისში, დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ ლეჩხუმის ტერიტორიაზე. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ზოგ ტერიტორიაზე ზღვა, ხოლო დანარჩენზე დინოზავრები მეფობდნენ. მასივის სიგრძე 10.5 კილომეტრია, სიგანე 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. მთას გარედან გამოქვაბულით შესასვლელი აქვს ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ იქამდე მიღწევა დაბლიდან ასვლით შეუძლებელია თავად მთამსვლელებისთვისაც კი. თოკები ზევიდან, მწვერვალიდან უნდა იქნას ჩამოშვებული, სადაც შემოვლითი გზით შეგვიძლია მოხვედრა. ხვამლის შიგნით მრავალი კარსტული მღვიმეა, მაგალითად თეკენტერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე - ბოგა.


ვახუშტი ბატონიშვილი


ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: "რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით. ამ კლდეში არის ქვები გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები."


"გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა. ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ხომლის მთის გამო, ესე არს ლეჩხომი."

"ხომლი" სულხან-საბა ორბელიანს განმარტებული აქვს, როგორც "ვარსკვლავთკრებული". აღსანიშნავია, რომ მეგრულად ხვამლი შეიძლება გაიშიფროს როგორც დალოცვილი (ხვამილ ნიშნავს დალოცვილს).


სულხან-საბა ორბელიანი


საქართველოს მეფეების, დავით ულუსა და დავით ნარინის თანამედროვე ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს: "ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქუეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად. არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქუაბსა შინა დაუტევეს. ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თუალი იგი პატივცემული გრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე, რუსუდანის ძესა, დავითს მიხუდა."

ციტატაში ქართლის ცხოვრებიდან, ნათქვამია: "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ეს არის პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალაგამოცლილი ქვეყანა ახალ დამპყრობლებს - მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს დავით ულუმ და დავით ნარინმა ქვეყნის და ასევე ხომლის მთაში დავანებული სამეფო განძის გაყოფა, თუმცა უმეტესი ნაწილი, კვლავ მთაშივე დატოვეს.


ხვამლის მთის საგანძური


XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ანტიკურ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ეძებდა პრომეთეს მიჯაჭვის ადგილს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ლეგენდა ამირანის შესახებ და ძალიან უხაროდათ ხოლმე, როცა სვავს მოინადირებდნენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.


ხვამლის მთაზე მიჯაჭვული ამირანი


განძის საძიებლად პირველი ოფიციალური ექსპედიცია სტალინის დავალებით ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო, 1945 წელს ალიოშა (ალექსანდრე) ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. თერთმეტკაციანმა ჯგუფმა გამოქვაბულებში რამდენიმე დღე დაჰყო და ბოლოს განაცხადეს, რომ ვერაფერი ნახეს და რომ განძი დიდი ხნის გატანილი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე ჯერ კიდევ 1939 წელს იმავე მიზნით ალიოშა ჯაფარიძე იქ ორ მუშასთან ერთად ავიდა და ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდა, თუმცა ოფიციალურად ამის დამამტკიცებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.


ალიოშა ჯაფარიძე


1944 წელს გერმანიის არმიის ხელმძღვანელობამ სტრატეგიულად ყოვლად გაუმართლებელი მანევრი განახორციელდა და კავკასიის მთებში დეასანტი გადმოსხა. ელიტარულმა სამთო დანაყოფმა "ედელვაისმა" კავკასიის მთავარი ქედის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე მესამე რაიხის დროშა აღმართა. ედელვაისი მარუხის უღელტეხილზე, ქართულმა სამთო დივიზიამ გაანადგურა. დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, რას ემსახურებოდა გერმანელების აღნიშნული ოპერაცია. არის მოსაზრება, რომ ისინი კავკასიის მთებში წარსულის საიდუმლო რელიქვიებს ეძებდნენ, რომლის არსებობის შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ, იმდენად სანდოს, რომ ამგვარ სამხედრო მანევრზე წასვლაც კი გარისკეს.


მეორე ოფიციალური ექსპედიცია ხვამლის მთაზე რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო 1984 წელს. ექსპედიციის მიზანი გახლდათ ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი.


რეზო შალიბაშვილი


2007 წელს არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ხვამლის მთაზე მესამე ოფიციალური ექსპედიცია. მათი თავდაპირველი მიზანი იყო ხვამლის, როგორც განძსაცავის გამოკვლევა. 2009 წელს ექსპედიციამ "რუსთაველის გრანტი" მოიპოვა და ახალი ძალებით, უფრო მასშტაბური გეგმით შეუდგა ხომლის მასივის კვლევას. რეჟისორმა დავით გოგუაძემ ორივე ექსპედიციაზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი. კლდეში გამოკვეთილ ციხე-ქვაბულში, რომელიც კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ისინი ავიდნენ და შიგნით შესვლისას ამგვარი სცენა წარმოუდგათ თვალწინ: ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია. ქვაბული ხელოვნურადაა გამოჭრილი და კედლებზე წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს ეკუთვნის. ამ მოსაზრებას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქნით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ - ეს არის მერვე ოთახი, რომელიც როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც მკვლევარებს სამწუხაროდ, არ გააჩნდათ.


გურამ გაბიძაშვილი


სრულიად შესაძლებელია, რომ განძსაცავი ხვამლის მასივის აბსოლუტურად სხვა ნაწილში იყოს, ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია, მარტო გარედან ფიქსირდება 19 გამოქვაბული, ხოლო შიგნით რა ხდება, ეს არავინ იცის. ძველი ქართველური ანუ იბერო-კოლხური ტომები განთქმულნი იყვნენ და ყველასგან გამოირჩეოდნენ სწორედ იმ მახასიათებლით, რომ აშენებდნენ მიწისქვეშა და კლდეში გამოჭრილ ქალაქებს, ამის მაგალითად მხოლოდ ვარძია და კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქებიც გამოდგება. ისიც ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე თავდაპირველი ვარძიის მხოლოდ უკანა ნაწილია. მიწისძვრამ გაანადგურა და ჩამოანგრია წინა ამოშენებული ფასადი, რომელიც სრულად ფარავდა ქალაქს. რა გასაკვირია, რომ ხვამლის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძსაცავად და ამისთვის ხვამლის სისტემის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ...


ხვამლის მთაში შესასვლელები


ხვამლის ძირში არის ერთი ადგილი - "გონა" და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა სულხან-საბას განმარტებული აქვს როგორც "კერპი აღმართებული" და ცნობილია, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა გონებას, სიბრძნეს, ცოდნას უკავშირდება. რაჭის გონას მთაზე იყო მაღაროები, ძველად იქ გზა ბილიკებით ადიოდა და მადნის ძარღვს მიჰყვებოდა, კოლხები მადანს ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ.

გურამ გაბიძაშვილისვე გადმოცემით იყო ერთი საინტერესო მეცნიერი თემურ მუჯირი, მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი რაჭველი, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და ამის შემდეგ იმ მეთოდებით, რომლებიც დღევადელ მეცნიერებაში მიიჩნევა, რომ გამოიყენებოდა იმ დროის ადამიანების მიერ, გონას მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველ კოლხებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონა ცოდნაა, რომელიც მეტალურგიას - რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებასაც მოიცავს.

ამ ფაქტმა გადააწყვეტინა გურამ გაბიძაშვილს და მის გუნდს, ხვამლის გონას მიდამოები არქეოლოგიურად სახელდახელოდ გამოეკვლიათ. ჩაატარეს ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა მათი გაოცება გამოიწვია. წიდები და მადნის ზოდები ფაქტობრივად მიწის ზედაპირზე იყო მიმოფანტული. ეს ახლაც ასეა და ისინი თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს (ძვ.წ. 3000-1250 წწ.) და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. ეს "რაჭული" კოლხური ცული ზედ სვასტიკის გამოსახულებებით ძვ.წ. 2000 წელს მიეკუთვნება და 40 საუკუნის წინანდელია:


რაჭაში აღმოჩენილი 40 საუკუნის კოლხური ცული სვასტიკის გამოსახულებებით


ხვამლის კედელზე გამოსახულია უძველესი ფიგურები, რომელიც გაშიფრა გურამ გაბიძაშვილის მკვლევართა გუნდმა. აშკარაა, რომ ხვამლის პიქტოგრამები კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ, ესენია: მერწყული, თხის რქა, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა. იგივე ისიდა და ოსირისი, მშვილდოსანი, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი, იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, ანხის გასაღებს (ძველეგვიპტური, ქრისტიანობამდელი ჯვარი) ჰგავს - ოსირისისა და ისიდას წმინდა სიმბოლოს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით, გურამ გაბიძაშვილის გუნდმა აღადგინა ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, რომ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამულ სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია, არცერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარი უკანასკნელი "წარღვნის" თარიღს - ძვ.წ. 5604 წელს. თანამედროვე გადათვლით სწორედ ძვ.წ. 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან "აქამომდე", ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული.


ხვამლის პიქტოგრამები - ძვ.წ. 5604 წ.



ხვამლი და მისი შემოგარენი ადგილობრივ ხალხში ცნობილია ანომალური მოვლენებით, რომელიც ხშირად შეიმჩნევა. ხვამლის მიდამოების მისტიკური მოვლენების შესახებ ლეჩხუმელები უამრავ რამეს ჰყვებიან. თავად გურამ გაბიძაშვილის კი იხსენებდა ასეთ რამეს: "ჩვენი ექსპედიციის დროს, ღამით, სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს, სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვკითხეს - რას აფეთქებდით ასეთს, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო.


გურამ გაბიძაშვილი


მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით უნდა აუყვეს ფასის მდინარეს (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგნით და პრომეთე გაათავისუფლოს. აღნიშნული წყლის გამოსავალი არსებობს ხვამლის მთაზე. გაზაფხულზე ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხს, რიონს თითქმის კეტავს, წლის სხვადასხვა პერიოდში ეს წყლის ნაკადი ხან მდინარე ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხანაც რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს, რომ თითქოს იქ, შიგნით გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. შემოდგომით შესაძლებელია ამ გამოქვაბულში შესვლა. სწორედ ამ დროს შევიდა გურამ გაბიძაშვილი და მისი გუნდი იქ, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ მის სიღრმეში, გადააწყდნენ სიფონს - მიწისქვეშა წყალსატევს (სიფონი არის ბუნებრივად წარმომქნილი ან ხელოვნურად გაკეთებული წყალქვეშა გვირაბი, რომელიც მთლიანად წყლითაა ამოვსებული) და ამის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.


სიფონი



ძალიან სანტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს ჰქვია - "ვერძისთავა", რაც დაკავშირებულია არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი თავის "არგონავტიკაში" წერს: "კუტაიას ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მტებიდან, ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს. ხელმარცხნივ არის მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი კუტაისი". სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა.

დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია ერქვა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მთას თუ კლდეს, რომლის გამოქვაბულშიც პრომეთე იყო მიჯაჭვული.

მეორე საუკუნეში, დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული.

ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და იბერო-კოლხთა გმირს (ამირანს) და წერდა, რომ ეს ორი ერთი და იგივე უნდა იყოსო.

საინტერესოა ასევე, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს ფრანგ მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს, სათავგადასავლო რომანში "შეუპოვარი კერაბანი" და წერს:


ჟიულ ვერნი


"ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს, თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი - პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტნის გულ-ღვიძლს."

ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე გახლდათ მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა და ეს ცოდნა პირველ რიგში უკავშირდება რკინას, ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა გააჩნია ოქროს საწმისსაც. ეს მართლა უბრალო ცხვრის ტყავი კი არაა, არამედ ეს გულისხმობს დაფარულ ცოდნას, ტექნოლოგიებს, რომელსაც მაშინდელ მსოფლიოში ან მხოლოდ კოლხები ფლობდნენ ან სხვებზე ბევრად განვითარებული ჰქონდათ ეს სფეროები, როგორებიც იყო მედიცინა, ოქროს მოპოვება და დამუშავება, ოქროდამწერლობა ანუ ხრიზოგრაფია, საზღვაო რუკები, რომელიც კვირბებზე ანუ ცხვრის ტყავებზე იყო გამოხატული და რაღა თქმა უნდა მეტალურგია. ასევე სხვა უამრავი ცოდნა, რომელიც ბერძნებმა კოლხებისგან შეითვისეს.


ხვამლის მთა


ოქროს საწმისი, ანუ ცოდნა, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი კოლხური დრაკონი, სახელად ხოლკიკოსი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ - ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე, აისახება ცაზე და პირიქით, რაც ხდება დედამიწაზე - აისახება ცაზე.


მედეა და ოქროს საწმისის მცველი კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი


იან გეველის ატლასში, ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელეს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი უზის. ჰიდრას ქვემოთ არგოს თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია - ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.


წმინდა გრაალი - ოქროს საწმისი

ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს ძმა იყო ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ ყველა გზა ხვამლისკენ მიდის, აქ იყო მეფეთა განძსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე, აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ, აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები, აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს კოლხეთის პრინცესა და მედიცინის ფუძემდებელი - მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმოსურ სამყაროსთანაა კავშირში, მთლიანობაში კი ბუნების ნამდვილი სასწაული გახლავთ. უახლესი ტექნოლოგიებით ხვამლის ბოლომდე შესწავლა ჩვენი წმინდა მოვალეობაა. აუცილებელია, რომ შევიდეთ უკლებლივ ყველა გამოქვაბულში, რომელიც მთელ ამ უზარმაზარ მასივშია. უნდა განვაახლოთ არქეოლოგიური გათხრები ხვამლის გონას ტერიტორიაზე, გურამ გაბიძაშვილიც აცხადებდა, რომ აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია ნასახლარიც, სამაროვანიც და წარმართული სალოცავიც. ეს საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრით დაცული. გურამი ვარაუდობდა, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და პირვანდელი სახე სრულად აქვს შენარჩუნებული. გურამ გაბიძაშვილი ამბობდა, რომ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგგან გაუვალ ჯუნგლს მოგვაგონებს, და უცებ შენ თვალწინ აღიმართება უზარმაზარი ხომლის მასივი უცნაური და მისტიური ისტორიით, შეუსწავლელი და გადაუშლელი წიგნი, რომელიც ელოდება დღის სინათლეზე გამოიტანოს თავისი დიდი საიდუმლობანი. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უმნიშვნელო, მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც აქაურობა ტეთისის ზღვის ფსკერს წარმოადგენდა. ჩანს, რომ ამ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ. და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია, ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ ისინი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდშია ნაგები. ჩნდება კითხვა: რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები? რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მთელი ანტიკური სამყარო ამაზე საუბრობდა? რა საიდუმლოს ინახავს ხვამლის მთა?


გურამ გაბიძაშვილი საეჭვო ვითარებაში, 50 წლის ასაკში 2010 წელს გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ხვამლის შესასწავლად ექსპედიციაში ყოფნისას, თავისსავე სოფელ დერჩში. ოფიციალური მიზეზი გულის შეტევაა. არსებობს მოწამვლის ვერსია.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
866
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
866
  
2 ოქტომბერი, 20:54
იდუმალებითა და ასე საინტერესო წარსულით მდიდარი საქართველო!!!
2 ოქტომბერი, 15:43
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაბიძაშვილის სიკვდილის შემდეგ ახალაიების ხელმძღვანელობით გარკვეული ჯგუფები მოძრაობდნენ ხვამლის მიმართულებით...... რაც შეეხება ხვამლის საიდუმლოს გახსნას, ეტყობა მისი დრო ჯერ არ მოსულა.... არსებული და აქამდე მყოფი ხელისუფლების ხელში განგება ასეთ რამეს არ ჩააგდებს..............................
2 ოქტომბერი, 10:40
უუუუუმაგრესი სტატიაა! მადლობა!
2 ოქტომბერი, 10:05
საინტერესო თემაა,თორნიკე.მე მგონი, პრომეთეს ლეგენდა კოლხებს მოგვპარეს ბერძნებმა,ისევე,როგორც ბევრი სხვა.ხვამლის მთა გამოუკვლეველი ობიექტია,რომელიც უამრავ საიდუმლოს ახდის ფარდას.მიკვირს,რატომ არ უნდათ სერიოზული,კარგად დაფინანსებულ-აღჭურვილი ექსპედიციის ჩატარება.აქ ხომ უამრავი ხელუხლებელი თემაა ერთად თავმოყრილი.დისკავერის არხზე სულ გადის უმნიშვნელო ექსპედიციების რეპორტაჟები და ეს საკაცობრიო თემა მიჩუმათებულია.
0 1 4