x
image
ეკა ლაცკა
"ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე"... - რა წერილი მისწერეს ილია მეორეს ჟიული შარტავას მკვლელებმა
image

...

"ჟიული 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა სოხუმიდან. გარეგნულად, მშვიდი, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული მეჩვენა. არაფერი მიკითხავს. დილის ათ საათზე სახლიდან გავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელი დღე არ ჩანდა, არც დაურეკავს.

იმ საბედისწერო ღამეს, პირველ საათზე მოვიდა დაღლილი. საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი.


ბევრი უსიამოვნო ზარი მახსოვს, მაგრამ 16 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დარეკილ ზარს მეხსიერებიდან ვერასდროს ამოვშლი. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. სოხუმიდან რეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი თვალებში. გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა, მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს. შემდეგ, მომიბრუნდა და მითხრა:

- ისევ დაიწყო აფხაზეთში ომიო.

მერე, სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად.

დღის სამი საათისკენ დაბრუნდა. სამ საათზე უკვე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. ოთახიდან გავედით, ერთმანეთს კართან დავემშვიდობეთ.

გასვლისას მითხრა:

-„ლია, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია. თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ“.

სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა ჟიული სოხუმშიო. ამ კითხვას ყოველთვის მისივე სიტყვებით ვცემ პასუხს:

„რაც ვარ, ესა ვარ - დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა თუ უცოდველობით. მე ვდგავარ მხოლოდ ერთ პოზიციაზე - რამე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს!“

ასე - იხენებს იმ საბედისწერო დღეებს ჟიული შარტავას მეუღლე ლია შარტავა ჯალაღონია

imageფოტოზე : ჟიული შარტავა ლია შარტავა-ჯალაღონია


ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას.

სწორედ ამ ოპერაციის დროს, ის აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და...

დახვრიტა...

ჟიული, იყო კაცი, რომელმაც სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა საკუთარი ქალაქი.

image

მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.

მოწამეობრივად აღსრულებული კაცის სხეული დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, ის დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.


...

1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკმაოდ ემოციული სიტყვა წარმოთქვა.

აი, ნაწყვეტი მისი სიტყვიდან:

image

...

„ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან.

იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი.

კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა.

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული, დავითი (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა - მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო.

სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს, წამებით მოკლეს.

მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა:

ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია".

ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში“.

image



1
1127
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1127
  
2019, 27 სექტემბერი, 17:17
აცხონოს უფალმა მისი სული...
0 1 1