x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ენოქის წიგნი (ნაწილი მესამე)
ენოქის წიგნი


ენოქის წიგნის პირველი და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

1) ენოქის წიგნი - ნაწილი პირველი.

2) ენოქის წიგნი - ნაწილი მეორე



თავი XIII





მივიდა ენოქი და უთხრა აზაზელს - "შენ ვერ ჰპოვებ სიმშვიდეს აზაზელ, მძიმე განსაცდელი გელის, რათა შეგკრას. ვერ მოიპოვებ ვერც სიმშვიდეს და ვერც წყალობას, ვერც შენდობას, ყოველი იმ ძალადობის გამო, რაც ასწავლე, ყოველი მკრეხელობის გამო და ყოველი შენი ცოდვის გამო, რაც აჩვენე ადამიანთა შვილებს."

შემდეგ მე წავედი და ვუთხარი ყველას ერთად ეს ყოველივე და ისინი შეშინდნენ, შიშმა და ძრწოლამ შეიპყროთ და მთხოვეს, რომ დამეწერა მათთვის თხოვნა, რომ მისი საშუალებით, ჩემი შუამდგომლობით მოეპოვებინათ შენდობა და წამეღო ეს თხოვნა მაღალ ღმერთთან, ვინაიდან მათ აღარ შეეძლოთ ღმერთთან საუბარი და ისინი თვალს ვერ უსწორებდნენ ზეცას თავიანთი ცოდვებისთვის სირცხვილისაგან, რომლის გამოც დაისაჯნენ.

ამის შემდეგ მე მართლაც მივწერე თხოვნა და ვედრება მათი სულებისათვის, მათი ყოველი საქციელისთვის და ყველაფრისათვის, რაც მთხოვეს, რომ მოეპოვებინათ შეწყალება და თავშეკავება.

მე გავემგზავრე და დავჯექი დანში, დანის წყლის პირას, რომელიც მდებარეობს ერმონის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს და ვკითხულობდი მათი შეწყალების თხოვნის ჩანაწერს, სანამ არ ჩამეძინა. გამოცხადდა ჩემთან სიზმარი და მქონდა ხილვა. ვიხილე რისხვა, რომელიც უნდა მეცნობებინა ზეციური ძეებისათვის და დამეგმო ისინი. გავიღვიძე და მაშინვე გავემგზავრე მათთან. ისინი დამწუხრებულნი ისხდნენ ერთად უბელსეიაელში, რომელიც მდებარეობს ლიბანსა და სენირს შორის. ვუამბე მათ ჩემი ხილვის შესახებ, რომელიც ძილში მქონდა და დავიწყე საუბარი მართალი სიტყვებით, რათა დამეგმო ზეციური მეთვალყურენი.



ენოქი ევედრება ღმერთს მეთვალყურეთა შეწყალებას




თავი XIV



ეს წიგნი არის სიტყვა სიმართლისა და მარადიული საყვედურისა მეთვალყურეთათვის, როგორც ბრძანა წმინდამ და დიდებულმა ამ ხილვაში. მე ძილში ვიხილე ის, რასაც ახლა გამცნობთ ჩემი ხორციელი ენით და ჩემი სუნთქვით, რომელიც დიდებულმა უბოძა ადამიანებს, რათა ესაუბრათ ბაგით და შეეცნოთ გულით. როგორც შექმნა მან ადამიანები და უბოძა მათ სიტყვა ცოდნისა, ასევე შემქმნა მან მე და მიბოძა უფლება - განმეკიცხა მეთვალყურენი - ძენი ზეცისა.

მე დავწერე თქვენი თხოვნა და მქონდა ხილვა, რომ სწორედ თქვენი თხოვნა არ იქნებოდა შესრულებული არასოდეს და არ იქნებოდა ის განხილულიც კი. აღსრულდა თქვენზე და არაფერი შესრულდება თქვენთვის. თქვენ ვეღარასოდეს მიხვალთ ზეცაში. მარადიულად შეიკვრებით დედამიწაზე. მაგრამ მანამდე თქვენ უნდა იხილოთ განადგურება საყვარელი ვაჟიშვილებისა. თქვენ ვერ შეურთდებით მათ და ვერ გაიზიარებთ მათ ბედს, არამედ ისინი თქვენ წინ ხმლებით დაღუპულნი დაეცემიან. თქვენი თხოვნა მათი შენდობისათვის არ იქნება შესრულებული ისევე, როგორც ჩემი თხოვნა არ იქნა შესმენილი, როცა თქვენს შენდობას ვთხოვდი წმინდათაწმიდას. ვერ შეძლებთ ქვითინითა და ვედრებით წარმოთქვათ თუნდაც ერთი სიტყვა იმ ჩანაწერიდან, რომელიც მე დავწერე.

და ხილვა მე ასეთი მქონდა: ღრუბლები მიხმობდნენ ჩემს ხილვაში და ბურუსი მეძახდა. გზა ვარსკვლავებისა და ელვის ნათება მაჩქარებდა და მატარებდა. ხილვაში ქარებმა შემაძლებინეს ფრენა და ამწიეს მაღლა, ცაში. მე მივუახლოვდი კედელს, რომელიც აშენებული იყო სეტყვისაგან და ცეცხლის ენები ჰქონდა შემორტმული. მან ჩემი შეძრწუნება გამოიწვია. შემდეგ შევედი ცეცხლის ენებში და მივუახლოვდი დიდ სახლს, რომელიც აშენებული იყო სეტყვისგან, ხოლო ამ სახლის კედლები ჰგავდა სეტყვის მოზაიკას და მისი ძირი იყო თოვლის. სხვენი მისი იყო როგორც ბილიკი ვარსკვლავებისა და ელვის ნათების. მათ შორის იყო ცეცხლოვანი ქერუბიმი, და მათი ცა იყო როგორც წყალი, ცეცხლი აკრავდა მის კედლებს გარშემო და კარიც ცეცხლით იწვოდა. შევედი სახლში და ის იყო მხურვალე, როგორც ცეცხლი და ამავე დროს ცივი, როგორც თოვლი. არ იყო მასში არც სიტკბოება, არც სიცოცხლე. შიშმა მომიცვა და შემიპყრო კანკალმა. და ვინაიდან ვთრთოდი და ვძრწოდი, სახით დავვარდი და ამ დროს ვნახე ხილვაში სხვა სახლი, რომელიც იყო უფრო მაღალი, ვიდრე ეს, და ყველა მისი კარი ჩემ წინ ღია იყო. ის აშენებული იყო ცეცხლის ენებისგან. წინა სახლს ყველაფრით სჯობდა, დიდებით, ბრწყინვალებითა და ზომით, და მე ვერ აღვწერ მის დიდებას და ზომას. მისი ძირი იყო ცეცხლის, ხოლო მის ზემოთ ელვა და ვარსკვლავთა გზა იყო, მისი ჭერიც ასევე ცეცხლით იწვოდა.


ენოქის წიგნი


და მე ვნახე და ვიხილე მასში მაღალი სამეფო ტახტი, გარეგნულად ის ჩანდა ყინულის, მის გარშემო თითქოს მზე ბრწყინავდა და ისმოდა ხმა ქერუბიმისა და მაღალი სამეფო ტახტის ქვემოდან მოედინებოდნენ ცეცხლის მდინარეები და შეუძლებელი იყო მათთვის თვალის გასწორება. ამ დროს ის, ვინც დიდებული და ბრწყინვალეა, დაჯდა მასზე, მისი სამოსი იყო უფრო ნათელი, ვიდრე მზე, უფრო თეთრი ვიდრე თოვლი, არცერთ ანგელოზს შეეძლო იქ შესვლა და არცერთ მოკვდავს შეეძლო ყველაზე პატივცემულისა და ქებულისთვის თვალის გასწორება. ცეცხლის ზღვა აკრავდა გარშემო და დიდებული ცეცხლი იდგა მის წინაშე, არცერთ მათგანს შეეძლო მიახლოებოდა მას.


ენოქი შემქმნელის წინაშე


ათასჯერ ათასი იდგა მის წინაშე მაგრამ წმიდა საბჭო მას არ სჭირდებოდა, წმინდანნი, მასთან ახლოს მყოფნი, არ შორდებოდნენ არც დღისით და არც ღამით - არასოდეს შორდებოდნენ მას. მანამ, სანამ მე სახეს ვიფარავდი, რადგან ვკანკალებდი, ღმერთმა მიხმო თავის ბაგეთაგან და მითხრა: "მოდი, ენოქ, და ისმინე ჩემი სიტყვა!"

მან ამწია მაღლა და მიმიყვანა კართან ახლოს. და მე სახე ქვემოთ დავხარე.




თავი XV


მიპასუხა მან და მითხრა თავისი ხმით: ისმინე, არ შეშინდე ენოქ მართალო! ადამიანო და გადამწერო მართალთა, მოდი აქ და ისმინე ჩემი ხმა. წადი და უთხარი ზეციურ მეთვალყურეებს, რომლებმაც გამოგგზავნეს თხოვნით, - "თქვენ უნდა ითხოვოთ ადამიანთათვის და არა ადამიანებმა თქვენთვის! რატომ დატოვეთ მაღალი, მარადიული და წმინდა ზეცა და დაიძინეთ ქალებთან, წაიბილწეთ ადამიანთა ქალიშვილებისგან, ცოლად შეირთეთ ისინი და მოიქეცით ისე, როგორც მიწის შვილები?! თქვენ იყავით სულიერნი, წმინდა, მარადიული სიცოცხლით მცხოვრებნი, მაგრამ გახდით უწმინდურნი ქალების მიერ და ხორციელი სისხლით შობეთ შვილები, და ისურვეს შემდეგ ადამიანთა სისხლი და შექმნეს ხორცი და სისხლი, როგორც ქმნიან ისინი, ვინც მოკვდავი და განადგურებულია. ამ მიზეზის გამო მივეცი მე კაცებს ცოლები, მივეცი რომ გაანაყოფიერონ და შვან შვილები, როგორც ეს ჩვეულებრივ, ხდება დედამიწაზე. მაგრამ მანამდე თქვენ იყავით - სულიერნი, მარადიულად მცხოვრებნი, უკვდავნი სამყაროს ყველა თაობაში. ამ მიზეზის გამო არ შევქმენი ცოლები თქვენთვის, რადგან სულიერ არსებებს საცხოვრებელი ზეცაში აქვთ. ამიერიდან გოლიათები, რომლებიც იშვნენ სხეულისა და ხორცისგან, იწოდებიან დედამიწის ბოროტ სულებად და დედამიწაზე დაიდებენ საცხოვრებელს. ბოროტი სულები წარმოიშვნენ მათი ხორცისაგან, რადგან ისინი შობილნი არიან და მათი წარმომავლობა მოდის წმინდა მეთვალყურეთაგან. ისინი დედამიწაზე მოევლინებიან ბოროტ სულებად და უწოდებენ მათ "სულებს ბოროტისას". ზეციური სულების საცხოვრებელი არის ზეცა, ხოლო დედამიწის სულები, რომლებიც იშვნენ დედამიწაზე, იცხოვრებენ დედამიწაზე.

გოლიათთა სულებმა შესცოდეს, შეირყვნენ, მოიტანეს დედამიწაზე ბრძოლა, განადგურება და გამოიწვიეს წუხილი. და ისინი არ შეჭამენ საჭმელს, არ მოსწყურდებათ და იქნებიან უხილავნი. და ეს სულები აღსდგებიან ადამიანთა შვილების და ქალთა წინააღმდეგ, რადგან ისინი მათგან წარმოიშვნენ ხოცვისა და განადგურების დღეებში."


გოლიათი




თავი XVI


განკითხვის დღემდე, როდესაც გოლიათები დაიხოცებიან და მათი სულები დატოვებენ სხეულებს, მათი ხორცი განადგურდება. ისინი განადგურდებიან მანამდე, სანამ დადგება დიდი აღსრულების დღე მეთვალყურეებისა და უღირსი ადამიანებისთვის. ახლა კი უთხარი მეთვალყურეებს, რომელთაც გამოგგზავნეს იმისთვის, რომ გეთხოვა მათ მაგივრად და რომლებიც ცხოვრობდნენ ზეცაში:

"თქვენ იყავით ზეცაში და მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოები თქვენთვის არ იყო გაცხადებული, მაინც შეიცანით უმნიშვნელო საიდუმლო და თქვენი გულქვაობით ქალებს მოუყევით. ამ საიდუმლოს გამო ქალმა და მამაკაცმა დედამიწაზე ბოროტება გაზარდეს. გადაეცი მათ - თქვენ ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს."


ენოქის წიგნი




თავი XVII


და მათ წამიყვანეს იმ ადგილას, სადაც ჰგავდნენ ისინი აალებულ ცეცხლს, ხოლო როდესაც მოისურვებდნენ, ემსგავსებოდნენ ადამიანებს. მათ მიმიყვანეს ქარიშხლის ადგილას და მთაზე, რომლის წვერიც ზეცას წვდებოდა. და ვიხილე მე ნათელი ადგილი და ელვა მის ნაპირებზე. ცეცხლოვანი მშვილდი და ისრები მის სიღრმეში და თრთოდნენ ისინი და ცეცხლოვანი ხმალის მსგავსად ელვის ნათება გამოკრთოდა იქიდან. მათ წამიყვანეს სიცოცხლის წყალთან, როგორც მას უწოდებდნენ და დასავლეთის ცეცხლთან, რომელიც იღებს მზის ყოველ ჩასვლას. მივედი მე ცეცხლოვან მდინარესთან, რომლის ცეცხლიც მოედინება როგორც წყალი და იღვრება დიდ ზღვაში, რომელიც განთავსებულია დასავლეთით. ვიხილე მე დიდი მდინარეები და მივაღწიე დიდ წყვდიადამდე, სადაც მიემგზავრება ყოველი მოკვდავი. ვიხილე მე ზამთრის მთა წყვდიადისა და ადგილი, სადაც წყალი იღვრება უფსკრულში. ვიხილე ბაგენი დედამიწის ყოველი მდინარისა და ბაგე უფსკრულის.



ენოქის წიგნი




თავი XVIII


ვიხილე სადგომი ყოველი ქარისა, ვიხილე თუ როგორ მორთო მან ყოველი ქმნილება. ვნახე მისი საფუძველი დედამიწაზე და ვიხილე ასევე კუთხოვანი ქვა დედამიწაზე, ვიხილე ოთხი ქარი, რომლებიც ქრიან დედამიწაზე და ცაში. ვიხილე თუ როგორ აფართოებენ ქარები ზეცის სიმაღლეს, თუ როგორ ქრიან ზეცასა და დედამიწას შორის - ისინი არიან სვეტები ზეცისა. და ვიხილე ქარები, რომლებიც ატრიალებენ ცას, რომლებიც იწვევენ მზის დისკოს და ვარსკვლავებს ჩასასვლელად. და ვიხილე ქარები დედამიწაზე, რომლებსაც მიაქვთ ღრუბლები. ვიხილე ბილიკები ანგელოზთა. მე მოვიხილე ყოველივე დედამიწის ბოლომდე და ზეცის მაღლა. შემდეგ გავემგზავრე სამხრეთით და ის იყო მცხუნვარე დღისითაც და ღამითაც, სადაც იყო ძვირფასი ქვების შვიდი მთა. სამი აღმოსავლეთით და სამი სამხრეთით. აღმოსავლეთით იყო ფერადი შეფერილობის ქვის, ერთი იყო მარგალიტის და ერთიც სამკურნალო ქვის. და სამხრეთით იყო წითელი ქვის. შუა მთა წვდებოდა ზეცას, როგორც ღმერთის ტახტი და იყო ალიბასტრის. ტახტის წვერი იყო საფირონის. და ვიხილე მე აალებული ცეცხლი, რომელიც იყო ყველა მთაზე, ვიხილე ადგილი მიწის მიღმა. იქ წყლები ერთად გროვდებოდა.


ენოქის წიგნი


და ვიხილე მიწის ღრმა ნაპრალი ზეციური ცეცხლოვანი სვეტებით, მათ შორის ვიხილე ზეციური ცეცხლის სვეტები, რომლებიც არ იყვნენ არც ზემოთ და არც ქვემოთ. არ იყო იქ წყალი, არც ფრინველი და იყო იგი უდაბნო და შემაძრწუნებელი რამ ვიხილე იქ: შვიდი ვარსკვლავი, როგორც დიდი ცეცხლოვანი მთები, და თითქოს სულმა მითხრა, თქვა ანგელოზმა: "ეს არის ადგილი ზეცისა და დედამიწის დასასრულისა. ეს არის საპყრობილე ზეციური ვარსკვლავებისთვის და ზეციური მეომრებისთვის. და ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ ცეცხლზე არიან ისინი, რომელთაც დაარღვიეს ღმერთის ბრძანება მათი აღდგომის დასაწყისიდან, რადგან ისინი მოვიდნენ არა მათთვის განსაზღვრულ დროს. ამიტომ ის განრისხებული იყო მათზე და შეკრა ისინი მათი ცოდვების დასასრულამდე საიდუმლოს წელში".



გაგრძელება იქნება...




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
671
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
671
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0