x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეკლესიიდან წვერებით გამოყვანილი მღვდლის წყევლამ თუ უფლის რისხვამ ერთი ოჯახის თითოეულ შთამომავალს უწია. რეალური ისტორია

image წითელი რუსეთის მიერ 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის უნიათო ხელისუფლების წყალობით, საქართველოს ანექსია მოხდა.
პირველი და ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც რუსმა და ქართველმა ბოლშევიკებმა გააკეთეს, ეს იყო სასულიერო პირების რეპრესიები, მღვდლები აიძულეს წვერი გაეპარსათ, ურჩი სასულიერო პირები კი ისედაც შორეული რუსეთის ცივ და გაუსაძლისი პირობების მქონე ციმბირის ბანაკებში გადაასახლეს.
ეშმაკის "ნასხლეტმა" ბოლშევიკებმაა და კომკავშირლებმა ესეც არ იკმარეს და მასობრივად დაიწყეს ეკლესია-მონასტრების დანგრევა, აფეთქება, დაწვა, სამრეკლოებიდან ზარების გადმოგდება. ერთი სიტყვით "ცოდვის ბორბალი დაატრიალეს". ის ეკლესია-მონასტრებიც კი, რომლებიც არაბების, მონღოლების თუ ოსმალების და სპარსელების მიერ დანგრევას გადაურჩა, ქართველი ბოლშევიკების და კომკავშირლების ხელით იქნა იავარყოფილი.
ჩემი სოფლის მიმდებარე სოფელში თურმე იდგა ხის ლამაზი ეკლესია, ლამაზად აშენებული კაპიტალური სამრეკლოთი და ლევან დადიანის მიერ შეწირული მოზრდილი ზარით, რომელსაც თურმე ამშვენებდა წარწერა: "მე, ლევან დადიანმა, მპყრობელმან სრულიად ოდიშისა, შევწირე ზარი ეკლესიასა ამას"!
ერთ დღეს ამ სოფლის თავმჯდომარე, ამავე სოფლის კომკავშირლებთან ერთად ზემოხსენებულ ეკლესიას მიადგა და მღვდელს უბრძანა, ეკლესია დაეტოვებინა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
თავმჯდომარემ მითითება მისცა კომკავშირლებს, ძალის გამოყენებით გამოეყვანათ მღვდელი, მაგრამ ახალგაზრდებმა ახოვანი აღნაგობის მღვდლის ეკლესიიდან გამოყვანა ვერ შეძლეს.
მაშინ თავმჯდომარე ნაგანის რევოლვერით შეუვარდა მღვდელს ეკლესიაში და მოსთხოვა ეკლესიის დატოვება.
მღვდელს დახვრეტის მუქარითაც კი ვერ მოაცვლევინეს ფეხი ეკლესიიდან, მაშინ თავმჯდომარემ წვერში ჩაავლო ხელი მღვდელს და კომკავშირლების დახმარებით გარეთ გამოათრიეს.
ესეც არ იკმარეს. თავმჯდომარის ბრძანებით, კომკავშირლებმა ზარიც ჩამოაგდეს სამრეკლოდან, სიმაღლიდან ჩამოვარდნილმა ზარმა წკრიალის ნაცვლად ჟღრიალის ხმა გამოსცა, გაიბზარა ზარი. თავმჯდომარემ ნაგანიდან ტყვია დაახალა ზარს, ასხლეტილმა ტყვიამ კომკავშირელი ახალგაზრდა ფეხში დაჭრა (მოგვიანებით მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს), ტყვიამ ზარს ვერაფერი დააკლო და უროებით დაუწყეს დამტვრევა. მღვდელი კი იდგა და ლოცულობდა. ამ მდგომარეობაში მისმა დანახვამ თავმჯდომარე უარესად განარისხა და საკუთარი ხელით წაუკიდა ცეცხლი ხის ეკლესიას, სწორედ მაშინღა ამოიღო მღვდელმა ხმა და უფლის სახელით დაწყევლა უფლის სახლის დაწვისათვის თავმჯდომარე და მთელი მისი მოდგმა.
მღვდელიც იძულებით გაკრიჭეს. გავიდა ხანი და პირველი, ვინც გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიას შეეწირა აღნიშნული სოფლიდან, სწორედ თავმჯდომარე იყო, ის ქუთაისის ციხეში იქნა დახვრეტილი. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა, 2 ბიჭი და 2 გოგო. ქმრის დახვრეტიდან რამდენიმე თვეში სოფლის მაღაზიიდან მომავალ ქალს სწორედ იმ ადგილას გავლისას, სადაც ადრე ხის ეკლესია იდგა, მეხი დაეცა და ადგილზევე მოკლა.
გათხოვილ ქალიშვილებსაც არ ეწერათ დიდი დღე, უფროსი ქალიშვილი მშობიარობას გადაჰყვა, უმცროსს ქალიშვილს კი, რომელიც სულ 3 თვის გათხოვილი იყო, თაგვის მიერ გადაღრღნილ სადენზე მოუხვდა სველი ხელი და დენმა ადგილზევე მოკლა.
მშობიარობას გადაყოლილი გოგოს ბიჭი, რომელიც უდედოდ გაიზარდა, 6 წლის იყო, როცა ბაბუამ მამის მხრიდან, ცხენზე შესვა, სხვა დროს მუდამ წყნარმა და თვინიერმა ცხენმა ტლინკები ყარა და ბავშვი შორს მოისროლა. ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.
თავმჯდომარის ბიჭებმა სოფელში გაჩერება არ ინდომეს და ქალაქში გადასახლდნენ, ერთი დაოჯახდა, მეორე ძმა კი, რომელსაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა კომკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ბოლო მგზავრობისას მატარებლით თბილისის მიმართულებით, ტამბურის ჩატეხვის გამო მატარებლის ქვეშ მოჰყვა და ნაწილ-ნაწილ აკრიფეს დასაკრძალად.
მეორე ძმა და მისი ფეხმძიმე ცოლი იმ დროისათვის მაინც იშვიათმა სატვირთო მანქანამ, ქალაქის ცენტრში გაიტანა, მანქანას მუხრუჭმა უმტყუნა.
ასე ამოწყდა ერთი ოჯახი ისე, რომ ოჯახისგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი.
რა იყო ეს, მღვდლის წყევლის შედეგი, უფლის რისხვა თუ უბრალოდ დამთხვევა-განსჯა თქვენთვის მომინდვია.
P.S
ზუსტად იმ ეკლესიის ადგილზე იმავე სოფლის მცხოვრებმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული ბიზნესმენია, საკუთარი სახსრებით ააშენებინა ძალიან ლამაზი ეკლესია, მტკიცებას არ დავიწყებ მართლა ასეა თუ არა, მაგრამ გავიგე ეკლესიის მოძღვარი სწორედ იმ მღვდლის შთამომავალია, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლისას დამწვარი ხის ეკლესიის მღვდელი იყო.

0
256
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
256