x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„რუსთავი 2“ ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს - რას იხილავთ და ვერ იხილავთ განახლებულ ეთერში?
image



25 სექტემბრიდან „რუსთავი 2“ ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. მძიმე ზაფხულის არხზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, იგი დაგვიანებით მაინც ახერხებს განახლებული საეთერო ბადით ეთერში დაბრუნებას.


ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდება არხის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას არხის ყოფილი სახე და პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ყოფილი მრჩეველი, ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.


ეთერს დაუბრუნდება დილის გადაცემაც. მიუხედავად იმისა, რომ „დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს გუნდის ნაწილმა, მათ შორის გადაცემის პროდიუსერმა, ლიკა კინწურაშვილმა, ასევე მთავარმა წამყვანმა, ეკა სამხარაძემ, მერაბ ყუფარაძემ და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა „რ2“ დატოვა, არხზე მაინც დარჩა გუნდის გარკვეული შემადგენლობა, მათ შორის ანი გიუნტერი. გადაცემას ახალი სახეებიც ეყოლება და ეთერში 25 სექტემრიდან გავა.



ამავე დღეს დაიწყებს ახალ სეზონს თოქშოუ „სხვა შუადღე“-ც. გადაცემას გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, აჩიკო სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე გაუძღვებიან. ასევე გამოჩნდება რამდენიმე ახალი თანაწამყვანი, მათ შორის თომა ჩაგელიშვილიც. თოქშოუს სხვა წამყვანებმა, ნინო ხოშტარიამ და ბაია დვალიშვილმა, ასევე შაბათის და კვირის „შუადღის“ წამყვანებმა სრული შემადგენლობით „რ2“ დატოვეს.


„რუსთავი 2“-ზე გააგრძელებს თავის მრავალწლიან ისტორიას თოქშოუ „პროფილიც“. მაია ასათიანის გადაცემა სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაუბრუნდება თავის ტელემაყურებელს.


არხზე დარჩა ია ფარულავაც. „ფარული კონვერტის“ ახალი სატელევიზიო სეზონი სტარტს პირველი ოქტომბრიდან აიღებს.


რაც შეეხება არხის იუმორისტულ და გასართობ გადაცემებს, „რუსთავი 2“-ზე კომედი ჯგუფის მომზადებული თითქმის ყველა გადაცემა შენარჩუნდა (მათ შორისაა „ფარული კონვერტიც“). 28 სექტემბრიდან ეთერს დაუბრუნდება „კომედი შოუ“. მასში სხვადასხვა დროს არხიდან წასული ძველი და ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან, მათ შორის სიკო ჭუმბურიძე, ეკა აბშილავა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი ხუციშვილი. დღესვე გავა ეთერში ახალადშექმნილი „გვიანი შოუც“. უცნობია თუ ვინ იქნებიან მისი წამყვანები. შოუს ძველმა წამყვანებმა, ილო ბეროშვილმა და ნიკა გრიგოლიამ „რუსთავი 2“ დატოვეს. უცვლელად გავა კიდევ ერთი პროექტი „გააცინე და მოიგე“.


„ვანოს შოუს“ „რ2“-ზე ახალი ნიკა არაბიძის შოუ ჩაანაცვლებს. იგი დაახლოებით იდენტური ფორმატის იქნება და ეთერშიც იმავე დროს გავა. ჯერ უცნობია როდის გავა ეთერში პირველად ახალი გადაცემა. შეგახსენებთ, ვანო ჯავახიშვილმა „კომედი შოუს“ მსახიობების ნაწილთან ერთად (ვასო ფხაკაძე, თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვა) ასევე დატოვა „რუსთავი 2“.


ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა: პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, მთავარი ექიმი, ჩემი ცოლის დაქალები, მხოლოდ ქართული, ნანუკას შოუ, არჩევანი, სხვა შუაღამე, ვანოს შოუ, ფორბსის კვირა და სამზარეულოს ომები.


2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა და დროებითი შეჩერების მექანიზმიც მოხსნა. შედეგად საჯარო რეესტრმა იმავე დღეს კომპანია ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

პირველივე საკადრო გადაწყვეტილებით ხალვაშმა „რ2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად მისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

სტრასბურგის გადაწვეტილებიდან ერთი თვის თავზე პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლაფერაშვილი. სალიამ გათავისუფლების მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

ამის შემდეგ „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში დატოვეს „კურიერის“ წამყვაებმა, დიკო ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. მეორე დღეს „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ. მოგვიანებით ტელეკომპანია არხის სხვა წამყვანი სახეების და თანამშრომლების ნაწილმაც დატოვა.



0
415
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0