x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
"ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგორც ასეთი!" - ყველასგან გამორჩეული, მუხრან მაჭავარიანის წერილი შვილს

image


მრავალი წერილი წაუკითხავს მკითხველს მამის მიერ შვილისადმი მიძღვნილი,

თუმცა მუხრან მაჭავარიანის წერილი, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში თავის ვაჟს კანადაში მისწერა, მაინც განსაკუთრებულად გამორჩეულია!

ისევე, როგორ გამორჩეული იყო კაცი, რომელსაც სამშობლო ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.


image


...

“ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანალმობა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!…

დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი

განა არ გრძნობ ყოველმხრივ უპირატესობას ყველა სხვა ერის წარმომადგენელთან შედარებით? არ შეიძლება არ იგრძნო, უკეთუ კარგად დაუკვირდები.

და, როგორ გგონია, რა არის ამ გრძნობის საფუძველი? საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი? დღევანდელი უბადრუკი საქართველო?

არა.

შენი ამ უპირატესობის საფუძველი შენივე სისხლია. ის სისხლი, რომელიც ჩქეფდა შენი შორეული წინაპრების ძარღვებში და აწ შენში ჩქეფს.

ვინ იყვნენ შენი წინაპრები?!…

არ გეგონოს, შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი, და ვანიჩკათი იწყებოდეს! შენ იმ ხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია-პალესტინა-ფინიკიას… ხმელთაშვა ზღვის მთელ აუზს…

ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლად, ვერცხლი, ოქრო… ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო…

ქართველთაგან გაიცნო მსოფლიომ ცხენი და საომარი ეტლი…


image

მსოფლიო მეცნიერების აღიარებით – არ არსებობს მეორე ენა – ქართულივით მდიდარი.

არ არსებობს ანბანი – ქართული ანბანივით სრულყოფილი.

არავისთვის ისე სისხლხორცეული არაა სჯული ქრისტესი, ვითარცა ქართველებისთვის. ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეროვნული გახადეს. ბრძოლა საქართველოსთვის – იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, თავგანწირვა ქრისტიანობისთვის – თავგანწირვა საქართველოსთვის!

ქართველი იყო წმინდა გიორგი კაბადოკიელი,

ქართველი იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი)…

ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი…

image


საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის.

საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა…

დედამიწის ზურგზე არცერთ ერს თავის ქვეყანაში (მით უმეტეს თავისი ქვეყნის გარეთ) იმდენი ტაძარი არა აქვს, რამდენიც ქართველთ.

ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან.

ქართული ქრისტიანობა მხედრული ქრისტიანობაა, წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბევრი იყო სექტა… და არის…

ამ ახალი მოდის სექტებში ჩაბმა ყველას მიეტევება, ქართველის გარდა. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი.

image


ენაა ქართული, ოჯახი ქართული, წინაპართა საფლავებია, აკვნებია ნაშიერთა,

და ის ქართველი,

ვინც ეჭვს შეიტანს ჩვენს ამ მამაპაპისეულ სარწმუნოებაში,

ვინც დაუპირისპირდება მას, ვინც კრიტიკულად განეწყობა მისდამი,

იგი, (თვითონ შესაძლოა, არც იცის, ისე) უარს ამბობს


საკუთარ მამაზე,


საკუთარ შვილზე…


ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე,

ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგორც ასეთი!

image

და განა ქრისტე ამას გვიქადაგებს?…

ქრისტიანობა არაა მატერიალური რელიგია, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, ქრისტიანობა ღრმადფილოსოფიური რელიგიაა, მისი ჩაწვდომა დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას და სულიწმინდით აღვსებას საჭიროებს.

ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით გაწმინდა, მეორედ განწმენდს ცეცხლით! მეორედ მოსვლა იქნება მართლა სამოთხეში დაბრუნება!

ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა!

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!

წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!”

image

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0