x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ახალგაზრდული დღეები დედოფლისწყაროში
image


მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის სახლის ეზო კეთილმოაწყო, ეს ადგილი ზაფხულობით ახალგაზრდების თავშეყრის საუკეთესო ადგილად იქცა. ბოლო ხანს მან ადგილობრივ სკვერებს კონკურენცია გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სკამებია განთავსებული, კარგ ამინდში უამრავი ახალგაზრდა იკრიბება. ნაწილი ჯებირებზეა ჩამომსხდარი და სხვადასხვა თამაშებით იქცევს თავს, ნაწილი კი ეზოში ბურთს და სხვა სპორტულ თამაშებშია ჩართული. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი სივრცე აქტიურადაა ათვისებული. როგორც ჩანს სკვერებისგან განსხვავებით ახალგაზრდებს ფართო მოასფალტებული მოედანი და განათებული სივრცე უფრო იზიდავს.


დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრების ორგანიზებით ამ ეზოში ორი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ახალგაზრდული დღეები ეწყობოდა. კულტურის სახლში მისულ ადგილობრივ ახალგაზრდებს, თუ არდადაგებზე დედოფლისწყაროში ჩამოსულ სტუმრებს ყოველდღიური დისკოთეკები, კინოჩვენებები და ინტერაქტიული კონკურსები ელოდათ. აქტიურ ახალგაზრდებს კი ორგანიზატორებისგან საჩუქრებიც ელოდა.


როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა გაზეთ „შირაქს“ განუცხადა, ყოველდღიური ახალგაზრდული დღეები უპრეცედენტოა და ამ დრომდე ასეთი ხანგრძლივი ახალგაზრდული საზაფხულო დღეები დედოფლისწყაროში არ ყოფილა.



„ჯერ კიდევ ჟურნალისტიკაში მუშაობის დროს ყოველთვის მესმოდა პრეტენზიები, რომ ახალგაზრდებისთვის საზაფხულო არდადეგებზე რაიმე სახის გასართობი, მუსიკალური აქტივობები არ ტარდება. მუდმივად იყო მოთხოვნა, თინეიჯერები საღამოობით ღია ცის ქვეშ უბრალოდ მუსიკას ითხოვდნენ. მათ სჭირდებოდათ სივრცე, სადაც ერთად შეიკრიბებოდნენ, მუსიკას მოუსმენდნენ, იცეკვებდნენ, ან სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავდებოდნენ. ამ სამსახურში გადმოსვლისთანავე ვფიქრობდი, სწავლის დაწყებამდე დარჩენილი პერიოდი აგვეთვისებინა. აღმოჩნდა, რომ იგივე იდეა სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრსაც ჰქონდა, ამდენად ჩვენი ტექნიკური, ადამიანური, თუ ყველანაირი შესაძლებლობები გავაერთიანეთ და ორმა სამსახურმა ახალგაზრდული დღეები გავმართეთ. ბედნიერი ვარ, რომ პირველივე ჯერზე მხარდამჭერებიც გამოგვიჩნდა კერძო ბიზნეს სექტორიდან. ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად ცეკვავდნენ და ხშირად სტუმრობდნენ დისკოთეკას, ჩვენგან საჩუქრად გამაგრილებელი სასმელები ურიგდებოდათ. სასმელებს ვჩუქნიდით მათაც, ვინც ძალზე მარტივ შემეცნებით კითხვებზე სწორ პასუხს გასცემდა. ვცდილობდით შეკითხვები ჩვენს რაიონთან ყოფილიყო დაკავშირებული და ამ მხრივ ახალგაზრდებს ცოდნა გაეღრმავებინათ. ამას გარდა, ყოველდღიურად გაიცემოდა უფასო ვაუჩერი, რითაც მის მფლობელს შეეძლო დედოფლისწყაროს ცენტრში მდებარე კაფე „კაპუჩინოში“ მისულიყო და შესაბამისი თანხის მისთვის სასურველი შეკვეთა გაენაღდებინა. ეს სიურპრიზი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოზარდებისთვის და ძალიან დიდი „ბრძოლა“ იმართებოდა ვაუჩერის მოსაპოვებლად... ეს ადგილი ერთერთ საუკეთესო თავშეყრის ადგილად ითვლება ახალგაზრდებში და იქ მუდამ ხალხმრავლობაა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კაფე „კაპუჩინოს“ მფლობელებს, რადგან მხარი დაუჭირეს ჩვენს იდეას, პარტნიორობა გაგვიწიეს, თანადაფინანსებაში შემოვიდნენ და ვაუჩერების ღირებულების ნახევარი საკუთარ თავზე აიღეს. ეს საუკეთესო მაგალითია ახალგაზრდების მხარდასაჭერად და წასახალისებლად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობისა. სამწუხაროდ, რეგიონებში ასეთი ინიციატივები ნაკლებად მხარდაჭერილია, ამდენად, სიმართლე გითხრათ, როცა ამ თემაზე მოლაპარაკების საწარმოებლად კაფეს ხელმძღვანელებს შევხვდი, სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი და მხარდაჭერის იმედი არ მქონდა. თუმცა, მათ უყოყმანოდ გაიზიარეს ჩვენი პათოსი და ერთობლივი ძალებით შევძელით ყოველი დღე უფრო ნაყოფიერი გაგვეხადა, ვიდრე ეს ვაუჩერების გაცემის გარეშე იქნებოდა. მოხარული ვარ, რომ პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ბევრი ახალგაზრდა გავახარეთ. არ დაგიმალავთ, საჩუქრების გაცემის პროცესში ხშირად სუბიექტურები ვიყავით და ვცდილობდით, სოციალურად დაუცველი ფენა დაგვეჯილდოვებინა და უფრო მეტად ისინი გაგვეხარებინა, ვისთვისაც ფინანსური პრობლემების გამო გამაგრილებელი სასმელები, თუ კაფეში დაჯდომა ხშირად მიუწვდომელია. ეს პირველი მცდელობა იყო და ცხადია, რომ სრულად კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მთავარია დავიწყეთ და სამომავლოდ ვეცდებით, იდეა კიდევ უფრო დავხვეწოთ და საზაფხულო დღეები მრავალფეროვანი გახდეს. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ მონაწილეს ველოდით, მაგრამ როგორც ჩანს, არდადეგების პერიოდში ბევრი ახალგაზრდა რაიონიდან გასული იყო. ბოლო დღეებში წვიმებმა შეგვიშალა ხელი და ცივმა ნალექიანმა ამინდებმა გვაიძულა ნაადრევად შეგვეწყვიტა ყოველდღიური დისკოთეკები, “ - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.


დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „იბერიას“ ხელმძღვანელი ლელა ბიღიაშვილი ამბობს, რომ სურდათ ახალგაზრდებისთვის ზაფხულის ცხელი დღეები საინტერესო ყოფილიყო.


„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ახლადგახსნილ ახალგაზრდულ კლუბ „იბერიას“ წევრებს. კლუბი ადგილობრივი უფროსკლასელებით დაკომპლექტდა და ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებს ჩვენს რაიონში. რომ არა ისინი, ამ ყველაფრის განხორციელება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ყველაფერმა ამ ახალგაზრდებზე გადაიარა და ყოველდღიურად მათი დამსახურებითა და ძალისხმევით ხდებოდა ახალგაზრდების ცეკვებში ჩართვა და გააქტიურება. ამდენი დღის განმავლობაში აქტიურად დადიოდნენ და დაუზარელად ცდილობდნენ აპარატურის გამართვას და საღამოების წარმართვას. ჩვენი სამსახურის ეზო ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია დედოფლისწყაროში. საღამოობით აქ უამრავი ახალგაზრდა იყრის თავს და ვიფიქრეთ, რომ ამ ყველაფერს მუსიკა კიდევ უფრო გამოაცოცხლებდა. აღმოჩნდა, რომ კულტურის სამსახურსაც იგივე იდეა ჰქონდა, გავაერთიანეთ ჩვენი ადამიანურ-ტექნიკური რესურსი და ვეცადეთ მოზარდები გაგვემხიარულებინა. დისკოთეკებს ახალგაზრდები ყოველთვის ითხოვდნენ, მაგრამ ვეცადეთ ტემატურად განსხვავებული დღეები ყოფილიყო. ორი დღის განმავლობაში ეკრანზე რჩეული ფილმებიც ვაჩვენეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, ფილმის საჩვენებლად ღია ცის ქვეშ არახელსაყრელი გარემოა და ჭირს ორი საათი ყურადღებით უსმინო და მაყურებელი შეინარჩუნო. სხვა იდეებიც გვქონდა, რომელთა განხორციელებაც ამ ეტაპისთვის ჯერ ვერ მოვასწარით, თუმცა მომავალი წლისთვის შევეცდებით, “ - ამბობს ლელა ბიღიაშვილი.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0