x
მეტი
  • 12.11.2019
  • სტატია:96487
  • ვიდეო:343648
  • სურათი:458393
ტრადიციად ქცეული ღვინის დღესასწაული - 12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ ჩატარდება
image

2019 წლის 12 ოქტომბერი – ეს თარიღი ქართული ღვინისა და, ზოგადად, ქართული კულტურის მოყვარულებმა უკვე მოინიშნეს კალენდარში, რადგან ამ დღეს უკვე ტრადიციად ქცეული „ქართული ღვინის ფესტივალი“ იმართება.


ფესტივალი უკვე მესამე წელია ნამდვილი გურმანებისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ქართული კულტურა საინტერესოა, საყვარელი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.


რა არის „ქართული ღვინის ფესტივალი“? ეს არის: ამაღლებული განწყობა, ულამაზესი ნივთები, რომლებსაც ახალგაზრდა სტარტაპერები თავად ამზადებენ; ყველი, რომელიც ნამდვილი ყველის გემოს გაგრძნობინებთ; ჩურჩხელა, რომელიც ვაზის სამშობლოში გამოგზაურებთ; თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც ემოციურ შთაბეჭდილებებს გაგიძლიერებთ და რაც მთავარია, ღვინო! ნამდვილი ქართული ღვინის რამდენიმე ათეული სახეობა, ყველა მათგანი მზად არის დეგუსტაციისთვის და თავის პირველ სტუმრებს ელოდება.



წლებთან ერთად ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდა, არაერთ მეღვინეს მიეცა თავისი ღვინის წარმოჩენის საშუალება, გაიყიდ დიდი კომპანიებისა თუ მცირე მარნების მიერ ჩამოსხმული ათასობით ბოთლი. უცვლელი დარჩა ფესტივალის ჩატარების ადგილი. „ქართული ღვინის ფესტივალი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს კვლავ შარდენზე, სიონის ქუჩაზე მასპინძლობს და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. ასევე უცვლელია ფესტივალის მიზანი, რაც ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ქართული ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულის შექმნა.


image


„ქართული ღვინის ფესტივალს“ სამი წლის წინ კი იდეას ფრთები შეესხა და მედიაპორტალ „პალიტრა მედიას“, allwine.ge-ის, და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით პირველი ფესტივალი ჩატარდა. მასშტაბები პირველივე წელს შთამბეჭდავი იყო, ერთ სივრცეში 40-მდე სახეობის ღვინომ დაიკავა ადგილი. გასულ წელს ფესტივალმა წინა წლის რეკორდი მოხსნა და ვიზიტორების რიცხვმა 40 000-ს მიაღწია. წელს ორგანიზატორები კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან: „12 ოქტომბერს სტუმრებს კიდევ უფრო მასშტაბური სანახაობა ელოდებათ და მათ არაერთ სიურპრიზს ვუმზადებთ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებით ბევრი სტარტაპერი წარადგენს თავის პროდუქციას: საკვები პროდუქტებით დაწყებული, ხელნაკეთი ნივთებით დასრულებული. რაც მთავარია, სტუმრებს დათვალიერებისა და დეგუსტაციის გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. ასე რომ, ხელნაკეთი ნივთებისა და ტრადიციული ტკბილეულის მოყვარულებს წელს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ განსაკუთრებულად დიდი არჩევანი დახვდებათ. ჩვენი სტუმრების ამაღლებულ განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები იზრუნებენ. შესრულდება, როგორც ფოკლორული, ტრადიციული, ისე თანამედროვე სიმღერები, “ - აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.


image


ქართული ღვინის ფესტივალი“ ტრადიციას არც წელს არღვევს და ქართული ღვინის მწარმოებლებს, როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო მარნების მფლობელებს საშუალებას აძლევს, ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინოები წარუდგინონ. მეტიც, ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრები თავიანთი ღვინით დააინტერესონ და პროდუქცია გაყიდონ, რადგან, ფაქტია, ფესტივალზე ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ღვინო იყიდება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება და უკვე არაერთმა ქართველმა მეღვინემ შეიძინა უცხოელი პარტნიორი თავისი მეურნეობისა და ბრენდის განვითარებისთვის.


ქართული ღვინის დღესასწაულამდე თვეზე ნაკლები რჩება. როგორც ორგანიზატორები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიების რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ პროექტის ორგანიზატორებს:

ტელ.ნომერი: 558151583

ელ–ფოსტა: n.zaqradze@palitra.ge

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1555639521245657/

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0