x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?
რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?


რიქათის წარმონაქმნი (Richat structure), იგივე აფრიკის თვალი ანუ საჰარას თვალი არის ფორმაცია, რომელიც წარმოიქმნა 100 მილიონი წლის წინ საჰარას უდაბნოს ტერიტორიაზე, ადრარის პლატოზე, ვადანთან ახლოს, დასავლეთ-ცენტრალურ მავრიტანიაში. ეს არის ეროზირებული გიგანტური წარმონაქმნი, რომელიც მხოლოდ ზევიდან ჩანს, მიწიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დახედვისას. მისი დიამეტრი არის 40 კილომეტრი. გეოლოგების მიერ რიქათის სტრუქტურა მიჩნეულია ძალიან სიმეტრიულ გეოლოგიურ ფორმაციად, რომელიც ძალიან ჰგავს ხელოვნურად გაკეთებულს.


რიქათის წარმონაქმნი - სატელიტური ფოტო


ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ძვ.წ. 8500 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე, სანამ ადამიანებით დასახლებული იყო საჰარას უდაბნო 55 საუკუნის განმავლობაში, და იქ კარგი ამინდი იყო, სწორედ აქ ცხოვრობდა ის ცივილიზაცია, რომელსაც პლატონი (ძვ.წ. 427-347) და სოლონი (ძვ.წ. 638-558) აღწერენ. სოლონმა ეს ინფორმაცია ეგვიპტეში მიიღო, სადაც მაშინ ინახებოდა უძველესი ისტორიული წყაროები. საისელმა სონხისმა, ეგვიპტელმა ქურუმმა, რომელიც მოღვაწეობდა ტაძარში, სადაც ინახებოდა ქვაზე ამოტვიფრული უძველესი წარწერები ატლანტიდის შესახებ, მას უთარგმნა ეს ინფორმაცია და უთხრა, რომ ეგვიპტეც კი ერთ დროს ატლანტიდელთა იმპერიის დაქვემდებარებულ ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ ამ მოაზროვნეთა აღწერა საკმაოდ ემთხვევა ამ წარმონაქმნის აღწერილობას, გარდა იმისა, რომ ატლანტისი კუნძული იყო (იხ. პაატა იაკაშვილის "ატლანტისის საიდუმლო"). მკვლევარები ამბობენ, რომ აქ შესაძლოა იყო ქალაქი, რომელიც დააშენეს 100 მილიონი წლის წინ წარმოქმნილ საოცარ გეოლოგიურ ფორმაციაზე - "საჰარას თვალზე". პლატონი აღწერდა ატლანტიდას, როგორც კუნძულს, რომლის ცენტრშიც იყო მრგვალი ხმელეთი, რომელსაც გარშემო წრიულადვე ერტყა წყალი, შემდგომი რგოლი ისევ ხმელეთის იყო და მასაც გარშემო წყალი ერტყა. ანუ ცენტრში არსებულ წრიულ ხმელეთის ნაწილს გარშემო ერტყა 3 წყება წყალი და ორი წყება ხმელეთი.



ატლანტიდა (რეკონსტრუქცია პლატონის აღწერის მიხედვით)


აქ გაშენებული იყო მაღალგანვითარებული ქალაქი, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან მთები შემოსაზღვრავდა. ქალაქში ცხოვრობდნენ ატლანტები - რასა, რომელიც მაშინდელი მსოფლიოს ყველა განვითარებულ და ცივილიზებულ ხალხს წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ ატლანტისის ყველაზე სავარაუდო ადგილად მიჩნეულია კუნძული სანტორინი ხმელთაშუა ზღვაში, თუმცა ეს ვერსიაც საკმაოდ საინტერესოა. მართალია "აფრიკის თვალი" გეოგრაფიულად დღესდღეობით ძალიან მოშორებულია ზღვის სანაპიროს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ძველ დროში ის სწორედ სანაპიროზე მდებარეობდა და ოკეანე ღრმად იყო შეჭრილი აფრიკაში, ვინაიდან რიქათის ფორმაციის გარშემო დღემდე ჭებში მარილიანი წყალია. პლატონის მიერ აღწერილი ამ ქალაქის ერთი მხრიდან შემომსაზღვრელი მთებიც კარგად შეგვიძლია დავინახოთ. ატლანტისი განადგურებული იქნა ისევ პლატონისვე ცნობით "ერთ დღე-ღამეში უიღბლო შემთხვევის გამო, რის მერეც ის ზღვის სიღრმეში აღმოჩნდა დანთქმული". დიდი ალბათობით ცუნამის ან სხვა ამგვარი ბუნებრივი მოვლენის გამო.


რიქათის წარმონაქმნი - დაკარგული ატლანტიდა?


სოლონის ცნობით ატლანტიდა განადგურდა დაახლოებით 9000 წლის წინ დღევანდელი დღიდანო. თავად სოლონი ამას დაახლოებით ძვ.წ. 600 წელს წერდა, გამოდის, რომ ატლანტიდა დაახლოებით ძვ.წ. 9600 წელს განადგურებულა. ეს თარიღი საეჭვოდ ემთხვევა დიდ კატასტროფას (Younger Dryas impact hypotesis), რომელიც ჰიპოთეტურია ჯერჯერობით, მაგრამ მას რამდენიმე მყარი დამადასტურებელი საბუთი გააჩნია. ამ კატასტროფის დროს განადგურდა ამერიკის ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილი, მათ შორის 75% ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული ძუძუმწოვრებისა შეეწირა მას. ხოლო ხანძრები იმდენად დიდი იყო, რომ ეს აღემატებოდა იმ ხანძრებს, რომელიც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენებას უძღოდა წინ. აღსანიშნავია ის, რომ ისტორიკოსთა უმეტესობა ატლანტიდას ფსევდო-ისტორიულს უწოდებს, მაგრამ ასევე უწოდებდნენ ქალაქ ტროას მანამ, სანამ იგი არ აღმოაჩინა დიდმა გერმანელმა მოაზროვნემ, თვითნასწავლმა არქეოლოგმა, 20 ენის მცოდნე პოლიგლოტმა, გენიოსმა ჰაინრიხ შლიმანმა 1870 წელს.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
517
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0