x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სოციალური ხასიათის ტიპოლოგია
image
ხასიათი ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებზე ინდივიდუალური პასუხია. მიუხედავად ამისა, მასში აუცილებლად არის მოცემული ნიშნები, რომლებიც საერთოა საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფისთვის (თემი, ერი, კლასი). ეს კი უკვე სოციალური ხასიათია. ამ კონკრეტულ ფენომენთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესო შეხედულებები აქვს ერიხ ფრომს.
მის მიხედვით, იგი სხვადასხვა ქარაქტეროლოგიური სტრუქტურის ბირთვს წარმოადგენს; ესაა ნიმუში, ნორმა, რომელსაც ინდივიდი აღზრდის, სოციალიზაციის პროცესში ითვისებს. ფრომი სოციალური ხასიათის შემდეგ ტიპებს გამოჰყოფს: რეცეფციული, ექსპლოატატორული, დამგროვებელი, საბაზრო, პროდუქტიული.

რეცეფციული (პასიური) ხასიათის ადამიანს მიაჩნია, რომ ყოველივე მატერიალური თუ სულიერი სიკეთე და სიამოვნება გარედან, სხვა ადამიანებისაგან მიიღება. ამიტომ, იგი ძლიერაა დამოკიდებული სხვებზე, მოკლებულია სერიოზული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისა და მოქმედების უნარს. არის მიმნდობი, პასიური, სენტიმენტალური.

ექსპლოატატორული ტიპიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გარედან მოდის, მაგრამ არ სჯერა იმისა, რომ სხვებისაგან რაიმეს საჩუქრად მიღება შეიძლება; სასურველი უნდა მოიპოვო ძალით ან ეშმაკობით. იგი იდეებს კი არ ქმნის, არამედ სესხულობს ან იპარავს. წართმეული შექმნილს ურჩევნია, ექსპლუატაციას უწევს ყველას, ვისგანაც რაიმეს გამორჩენა შეუძლია. ესაა ძლიერი, თვითდარწმუნებული, საკუთარი ღირსების მქონე პიროვნება. ამავე დროს მტრულად განწყობილი, ცინიკური, ეჭვიანი და შურიანი.

დამგროვებელი ორიენტაციის ადამიანს არ სჯერა, რომ გარედან რაიმე ახალს მიიღებს, ამიტომ საჭიროა არსებულის შენახვა და ეკონომია. მისი დევიზია: მაქსიმალური მოხვეჭა და მინიმალური გაცემა – ჩემი ჩემია – შენი შენია. ესაა ხარბი, პედანტური, აკურატული, ჯიუტი, არადამთმობი ადამიანი.


საბაზრო ტიპი თანამედროვე საბაზრო საზოგადოების პროდუქტია. ასეთი ადამიანისთვის მთავარია თუ რა სასაქონლო, გასაყიდი ღირებულება აქვს მას. მთავარია რომ მასზე, როგორც დაქირავების ობიექტზე, მოთხოვნა იყოს. ინდივიდუალობას, უნიკალობას ადამიანებში ფასი დაკარგული აქვს, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ ვინ გაიმარჯვებს საბაზრო კონკურენციაში. ასეთი ადამიანის დევიზია: “მე ისა ვარ, რასაც ინებებთ”. ასეთი პიროვნება ცარიელია, არა აქვს მდგრადი შეხედულებები, მისი განწყობები ცვალებადია და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი.

აღწერილი ხასიათის ოთხი ტიპი არაპროდუქტიულ ორიენტაციას მიეკუთვნება. მათ უპირისპირდება პროდუქტიული ხასიათი. ეს უკანასკნელი, ფრომის აზრით, ადამიანის განვითარების საბოლოო მიზანია. იგი არის დამოუკიდებელი, პატიოსანი, წყნარი, მოსიყვარულე, კრეატიული და სოციალურად სასარგებლო. მისთვის დამახასიათებელია მომართულობა საკუთარი ბუნებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციაზე. ესაა აქტიური და შემომქმედი პიროვნება. სხვებისადმი ინტერესის, პატივისცემის, სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობებით სავსე, იგი, ამავე დროს, რეალისტურად, კრიტიკულად და ნაყოფიერად მოაზროვნეცაა.

0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0