x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
ეგო-ფსიქოლოგია და ფრომის წვლილი მის განვითარებაში

image

ეგო-ფსიქოლოგია კლასიკური ფსიქოანალიზის დამატებასა და განვითარებას წარმოადგენს. ნეოფროიდიზმი უფრო კრიტიკულია ფროიდის თეორიის დებულებების მიმართ. ეს მიმდინარეობა წარმოიქმნა ამერიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში; მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ე. ფრომი, კ. ჰორნი და ჰ. სალივანი. ნეოფროიდისტები უარყოფენ ფროიდის ბიოლოგიზმს, ადამიანის წარმოდგენას ისეთად, რომელსაც მართავს ინსტინქტური ძალები. ადამიანის საწყისებს შორის ისინი პრიორიტეტს მაინც საზოგადოებრივ ფაქტორებს ანიჭებენ და ხდება ფროიდის თვალსაზრისის დესექსულიზაცია. გამოყოფილია პირველადი მოტივაციის ისეთი სახეები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ლიბიდოსთან, ეროსთან და თანატოსთან.

ამავე დროს, ნეოფროიდისტები გაგებით ეკიდებიან თანამედროვე ფსიქოანალიზში გავრცელებულ მოწოდებას - უკან ფროიდისკენ. ნეოფროიდიზმში შენარჩუნებულია არაცნობიერის პრიორიტეტი: ამოსავალი მოტივაციური ძალები, კონფლიქტის წყარო და მისი დაძლევის გზები (მექანიზმები) არაცნობიერია; ასევე შენარჩუნებულია ცნობიერებისა და არაცნობიერის დაპირისპირების ფროიდისეული სქემა - ცნობიერება წინააღმდეგობას უწევს არაცნობიერ იმპულსებს და განდევნის მათ. მკურნალობისთვის გამოიყენება ფსიქოანალიზის ტრადიციული ხერხები. შენარჩუნებულია ფროიდის თეზისი ნორმასა და პათოლოგიაში მოქმედი მექანიზმების იდენტურობის შესახებ.

აღნიშნული თავისებურებები ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა ნეოფროიდიზმის გამოჩენილი თეორეტიკოსის ერიჰ ფრომის (1900-1980) შემოქმედებაში.

ფრომი თავის კონცეფციაში ცდილობს გააერთიანოს ფროიდისა და მარქსის შეხედულებები. ამგვარი გაერთანების საფუძველი იყო ფრომის რწმენა, რომ “სოციალური და კულტურული ფონის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სწორად გავიგოთ ფსიქოლოგიური პრობლემები; მაგრამ, ზუსტად ასევე, შეუძლებელია სოციალური მოვლენების გაგება იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორ მოქმედებს მათ საფუძვლად მდებარე ფსიქოლოგიური მექანიზმები”.

ფრომს შემოაქვს სოციალური ხასიათის ცნება. იგი უნდა გაიმიჯნოს ინდივიდუალური ხასიათისაგან. სოციალურ ხასიათში განსაზღვრულია ამა თუ იმ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურით გაპირობებული ადამიანთა ქცევისა და აზროვნების საერთო წესი. იგი წარმართავს ამ საზოგადოების წევრთა ენერგიას საჭირო მიმართულებით, აიძულებს მათ, იმოქმედონ და იფიქრონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ამ კოლტურისთვის დამახასიათებელი იდეები და იდეალები. მაგრამ საზოგადოება განსაზღვრავს იმასაც, თუ რა გრძნობები და აზრებია დასაშვები ინდივიდების ცნობიერებაში. მაშასადამე, არსებობს როგორც სოციალური ხასიათი, ისე სოციალური არაცნობიერი. საზოგადოების მკურნალობა, ფრომის მიხედვით, მისი წევრების მკურნალობას ნიშნავს.

ფრომისთვის, ისევე როგორც ყველა ფსიქოანალიტიკოსისთვის, არაცნობიერი საყრდენი ცნებაა. ფრომის შეფასებით, ფროიდის სხვა დიდ აღმოჩნებს შორის (ოიდიპოსის კომპლექსი, სიკვდილის ინსტინქტი, ინფანტილური სექსუალობა და სხვა) არაცნობიერი ყველაზე ფუნდამენტურია. უბედურება ის არის, რომ მისი რეალური სიდიადე და მნიშვნელობა ერთგვარად გააფერმკრთალა ფროიდის ბიოლოგისტურ-მექანიცისტურმა თვალსაზრისმა. არაცნობიერი არ არის ბნელი ინსტინქტური ძალების სათარეშო ასპარეზი, მანკიერებათა თავშესაფარი. მის შინაარსს შეადგენს, როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვები და მისწრაფებები. ამავე დროს რაციონალური იდეები და რწმენები არაცნობიერში ბევრად მეტია, ვიდრე ცნობიერებაში. საქმე ისაა, რომ ჩვენი ცნობიერების რაციონალური შინაარსები თითქმის არ შეიცავს ჭეშმარიტებებს - ეს არის არასწორი ინფორმაციის, ცრურწმენების, ამოჩემებების, რაციონალიზაციებისა და სხვა მსგავსი შინაარსების ნაზავი.

ფრომის თანახმად, ადამიანთან ინსტინქტების როლი პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. სამაგიეროდ მას აღმოუცენდა ახალი თვისებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია თვითცნობიერება, გონება და წარმოსახვა. ფრომის თქმით, ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომლისათვისაც მისი არსებობა პრობლემას წარმოადგენს.

ეგზისტენციალური კონფლიქტი წარმოშობს მუდმივი გაუწონასწორებლობის მდგომარეობას; ესაა წყარო ადამიანური აქტივობის დინამიკისა. ადამიანმა უნდა დაძლიოს უსუსურობა, განკერძოებულობა, დაკარგულობა, ე.ი. უპასუხოს ეგზისტენციალურ წინააღმდეგობებს. ასეთ პასუხად შეიძლება მოგვევლინოს როგორც სიყვარული, მისწრაფება თავისუფლებისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სამართლიანობისკენ, ისე სიძულვილი, სადიზმი, დესტრუქტულობა, ნარცისიზმი და სხვა. ფრომი მათ ხასიათში ფესვგადგმულ ვნებებსაც უწოდებს. საერთოდ, ხასიათი განისაზღვრება, როგორც ყველა არაინსინქტური მისწრაფების “შედარებით მდგრადი სისტემა, რომლითაც ადამიანი მიმართებას ამყარებს ბუნებრივ და ადამიანურ სამყაროსთან”. ინდივიდებს შორის განსხვავებებს განსაზღვრავს ის, თუ რა ეგზისტენციალური მოთხოვნილებებია გაბატონებული მათ ხასიათში.


0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0