ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური სტიგმა განათლებაში 2019, 15 სექტემბერი, 23:41 განათლების სფერო ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ რგოლად მიიჩნევა. განათლება ფაქტობრივად სრულად აყალიბებს იმას, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი ზრდასრულ ასაკში ადაპტირდეს სოციალურ ნორმებთან და თავი დაიმკვიდროს საზოგადოებასა და კულტურაში. ბაღი, სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, მუდმივად ახდენს ნებისმიერი ასაკის ადამიანებზე ზეგავლენას და სამწუხაროდ, ეს ზეგავლენა ხშირად უარყოფითიცაა. შეგვიძლია მაგალითისთვის განვიხილოთ შემთხვევები, როდესაც პედაგოგთა პირადი დამოკიდებულებები ბავშვების განათლებასა და თვითგანვითარებას ხელს უშლის. ის ფაქტი, რომ სტერეოტიპმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გოგონების აკადემიურ მოსწრებაზე, დასტურდება მრავალი კვლევით. როდესაც ქალები წერდნენ მათემატიკის ტესტს, ისინი ექვემდებარებოდნენ სტერეოტიპულ მუქარას რთული დავალებების შესრულების შემთხვევაში (Spencer, Steele, Quinn, 1999); ნეგატიური სტერეოტიპების წარდგენის შემდეგ უარესდებოდა არა მხოლოდ ქალების მიერ მათემატიკის ტესტის შედეგები, არამედ მათი შფოთვა და მათივე მოლოდინი საკუთარ მიღწევასთან დაკავშირებით (Boucher, 2015); აზიელი ქალები, რომლებსაც ყურადღებას უმახვილებდნენ მათ ეთნიკურ იდენტობასთან დაკავშირებულ პოზიტიურ სტერეოტიპებზე მათემატიკურ უნარებთან დაკავშირებით, ტესტებსაც წერდნენ საკონტროლო ჯგუფზე ბევრად უკეთ, თუმცა აგრეთვე აზიელი ქალები, რომლებსაც წარედგინებოდათ ნეგატიური სტერეოტიპები მათ სქესთან დაკავშირებით, ხასიათდებოდნენ მათემატიკის ტესტში ბევრად უფრო დაბალი შედეგებითა და მიღწევებით (Shih, Pittinsky, Trahan, 2006; Steen, 1987). ერთ-ერთ ექსპერიმენტში დადგინდა ისიც, რომ ქალები, რომლებსაც მათემატიკის ტესტის დროს გვერდით ესხდნენ სხვა ქალები, ტესტში იღებდნენ 70%-ს, ხოლო მამაკაცთა გვერდით მსხდომი ქალები მხოლოდ 55%-ს (Inzlicht, Ben-Zeev, 2000). 15 1-ს მოსწონს
|