x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,შენ საკმარისი არ ხარ'' - ამონარიდები ბესტსელერიდან, რომელზეც შეიძლება ერთ - ერთი საუკეთესო მელოდრამა გადაიღონ!
image
“შენ საკმარისი არ ხარ'' - რომანი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის გვხვდება, თანამედროვე ქართველ მწერალს, ნინო მკალავიშვილს ეკუთვნის. ერთი შეხედვით უბრალო სასიყვარულო ისტორია ბევრი მნიშვნელოვანი ხაზის მატარებელია. ეს არის რომანი გზააბნეულ ადამიანებზე. მათზე, ვისაც გულწრფელად სჯერათ, რომ მიზნის მისაღწევად, მათ მიერ არჩეული გზაა სწორი, თუმცა ყველაფერი ირევა როდესაც საქმეში სიყვარული ერთვება მთელი თავისი ვნებითა და მომხიბვლელობით.


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რომანი “შენ საკმარისი არ ხარ'' შესაძლოა გახდეს კარგი სცენარი კინემატოგრაფიისთვის. მთელი სიუჟეტის განმავლობაში, მკითხველი თითოეულ სცენას ფილმის კადრივით აღიქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ რომანი შესაძლოა იქცეს ერთ - ერთ საუკეთესო მელოდრამად.


გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს რომანიდან “შენ საკმარისი არ ხარ''.


✔️ “არ გეტყვი, რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს. შეიძლება იმაზე ძლიერ უყვარდე სხვას, ვიდრე ახლა მე შენ, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის. შენთვის ჩემი სიყვარულის მიღება საკმარისი იქნება თუ არა?! ვერ დაგპირდები, რომ ჩემი ყველა ფიქრისა და გრძნობის გაზიარებას შევძლებ. ვერც იმას დაგპირდები, რომ შენს ყველა ქმედებას მარტივად გავიგებ და მივიღებ. მაგრამ გპირდები, რომ შენთან გულწრფელი ვიქნები. გპირდები, რომ ვიცინებ შენთან ერთად მაშინ, როდესაც ბედნიერი იქნები და ვიდგები შენს გვერდით მაშინ, როდესაც ეს დაგჭირდება. მე მწერალი არ ვარ, რომ გრძნობები ლამაზი სიტყვებით გადმოვცე. არც პოეტი ვარ, რომ ლექსების შეთხზვა შევძლო. უბრალოდ გპირდები, რომ მე შენ მეყვარები. აი ასე, მარტივად."



✔️“როდესაც იცი შენს წინაშე არსებული ნივთის ღირებულება, თავადაც უფრო მეტად აფასებ მას..."


image

✔️ “თითქოს, კაქტუსივით იყო. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი, რაც უფრო მეტად ეკრობოდა ჩემს გულს, მით უფრო მეტ ტკივილს მაყენებდა. ალბათ, მასთან განშორება ერთადერთი რამ იყო, რაც გულს არასწორ ქმედებად მიაჩნდა, ხოლო სული იმედოვნებდა, რომ სიმშვიდეს ჰპოვებდა... თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი სიმშვიდე სულაც არ მსურდა! "


✔️ “ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, თუმცა დრო მხოლოდ ერთმანეთის დავიწყებას გვასწავლის, მაგრამ თუ ეს არ გვსურს, მაშინ დროსაც არაფერი შეუძლია."


✔️ “როდესაც შიში ხდება შენი ცხოვრების ანგელოზი, სწორედ მაშინ, ძალაუნებურად ყველაფერზე იქნევ ხელს და იჯერებ, რომ დედამიწაა ის ჯოჯოხეთი, რომელზეც ათასწლეულების განმავლობაში საუბრობდნენ.

იჯერებ, რომ ამაზე საშინელი ადგილი აღარ იქნება და სიკვდილის შემდეგ, ჩვენი სული გათავისუფლდება ტანჯვისგან. იქნებ მართლაც ასეა?
ამ წუთას მეც მინდა, რომ მჯეროდეს.

მჯეროდეს, რომ ეს ის ჯოჯოხეთია, რომლისგანაც თავის დაღწევას შევძლებთ.“


image


✔️ “მგონი, შენ მართლა ის ადამიანი ხარ, ვისი დანახვაც მომინდება გრძელი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და მიუხედავად დაქანცულობისა, დიდი სიამოვნებით მოგიმზადებდი ჩაის ან ყავას... ჭიქა ღვინოსაც კი მივირთმევდი შენთან ერთად ისე, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ და დამიჯერე, ჩემნაირი ადამიანისგან ამის მოსმენა ბევრს ნიშნავს... ძალიან ბევრს. ადამიანისგან, რომელსაც თითქოს არავინ და არაფერი აინტერესებს საკუთარი თავის გარდა.''


✔️ “ვწუხვარ, რომ ყველაფერი გავაფუჭე. ვწუხვარ, რომ მაშინ არ გაგრძნობინე ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ვწუხვარ, რომ სიყვარულით სავსე თვალების ნაცვლად სიცივე დაგახვედრე. ვწუხვარ, რომ დავანგრიე ის, რაც შემეძლო ამეშენებინა და ვწუხვარ, რომ ყველაფრის თქმა ახლა მიწევს. ეს კი შეიძლება დასასრულს ნიშნავდეს. იმ დასასრულს, რომლისგანაც ახლა გაქცევას ვცდილობ!"


✔️“ - იცი თუ არა, რომ შენი გულწრფელობა და სიწმინდე შესაძლოა ჩემთვის ცდუნებად იქცეს?
- და რა მოხდება, თუ შენი ცდუნება მომინდება? ''


✔️ “სიყვარულია, როდესაც გერევა ცხოვრებისეული გეგმები, რომელთა მიხედვითაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდი... და ამით ბედნიერი ხარ."

image

✔️ “მომწონს ის აზრი, რომ ჩემზე ფიქრობ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ''.,


✔️, ადამიანები შესაძლოა ბედნიერების მოსაპოვებლად არც იბრძოდნენ მაშინ, როდესაც ეს ერთადერთი რამ არის, რისთვისაც მართლა ღირს ბრძოლა".


✔️ “გულწრფელად გეტყვი, რომ განშორებამ გული მატკინა და ამის აღიარების სულაც არ მრცხვენია. მგონი მართალი ხარ. ჩვენი არგუმენტებისა და ჩხუბის გამო, ერთმანეთისადმი გრძნობა განელდა და ეს ცხოვრება ფანტასტიკური ჟანრის ნამდვილად არაა, იმის გაცოცხლება რომ შევძლოთ, რაც უკვე მკვდარია.''


✔️“ვერასდროს ვიფიქრებდი შენნაირი კაპასი არსება ოდესმე თუ შეძლებდა ყოფილიყო ისეთი მშვენიერი, როგორიც ახლა ხარ.''


image

✔️ “იცით, ყოველთვის მარტივად გვეჩვენება სხვის მიერ წარმოთქმული ფრაზები გრძნობების შესახებ. თუნდაც ის, რომ ადამიანის ფასს მაშინ იგებ, როდესაც კარგავ. თითქოს, ძალიან ლოგიკური აქსიომაა, რომელზეც არავინ დაობს და სინამდვილეში, ასეცაა. უბრალოდ, სანამ ფაქტის წინაშე არ დგები, ამ ყველაფერს უბრალო ჩაღიმებითა და მსუბუქი ემოციური ფონით უყურებ. მერე კი, როდესაც ფაქტს ეჯახები, პირდაპირ ხრამში იჩეხები.''


✔️ “მე შენ გენდობი და დამიჯერე, ეს საუკეთესო რამაა, რისი მოსმენაც ჩემნაირი ადამიანისგან შეგიძლია. ეს იმაზე ძვირფასი სიტყვებია, ვიდრე “მე შენ მიყვარხარ“, რადგან შესაძლოა ვინმე გიყვარდეს, მაგრამ არ ენდობოდე, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია ვენდობოდე ადამიანს, რომელიც არ მიყვარს. ჰო და იცოდე, რომ მე შენ გენდობი."


რომანის ანოტაცია შემდეგნაირად გამოიყურება...


“ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს საკუთარ თავს, რომ მიზნის მისაღწევად მის მიერ არჩეული გზაა სწორი, რომ მხოლოდ თავად უწყის როგორ სურს ცხოვრების წარმართვა, ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ დიდი ხნის განმავლობაში უმისამართოდ ურბენია, არასწორი შეგრძნებები უძებნია, სიყვარული და ერთგულება არ დაუფასებია. რომანის მთავარ გმირსაც ასე დაემართა. მეგი მუდამ გარბოდა ხალხისგან, რადგან ადამიანთა მოყვარული არასოდეს ყოფილა.
ყველაფერი კი მაშინ აირია, როდესაც გამოჩნდა ის გამონაკლისი, ვის მიმართაც გრძნობები გაუჩნდა და ამ ფაქტს სულაც არ მიუნიჭებია მისთვის ბედნიერება. არ მოსწონდა ის ცვლილება, რასაც სიყვარული იწვევდა. არ მოსწონდა, რომ მგრძნობიარე და მიმნდობი ხდებოდა. გარემოებიდან გამომდინარე, საყვარელი ადამიანის პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი გრძნობებიდან გამომდინარე, მისი ყოველი წამი შიშის შეგრძნებით იყო სავსე. თითქოს, ჟანგბადით გატენილ სივრცეში ჰაერი არ ჰყოფნიდა.
შიშისგან თავის დასაღწევად საყვარელ ადამიანს გაუშვა ხელი და გულწრფელად დაიჯერა, რომ ეს ბედნიერებას თუ არა, სიმშვიდეს მაინც მოუტანდა, თუმცა არაფერი მოხდა ისე, როგორც წარმოედგინა...''


image

0
937
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი ომრეკელი
მეგი ომრეკელი
937
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0