x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში, „ქოჩების ტბაზე“ წყლის დონის ბუნებრივი მატება შეინიშნება
image


დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში მდებარე ე.წ. „ქოჩების ტბამ“ შევსება დაიწყო. ბოლო 5 წელია ტბა მოცულობაში მუდმივად იკლებს, განსაკუთრებულ კულიმინაციას კი მან წელს მიაღწია. მის ფსკერზე წყლის დონის კლების გამო გამოჩნდა ათეულობით წლის წინ ჩაძირული ნავები და სხვადასხვა ნივთები. მძიმე სანახავია ისიც, რომ ბოლო ხანს ტბა ელიას მთას უკვე ვეღარ ირეკლავდა... რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთებზე მოსახლეობამ მარცვლეული კულტურების თესვაც დაიწყო.


ბოლო ხანს საიმედო ვითარება შეინიშნება. რამდენიმე თვეა ადგილობრივები წყლის დონის მატებას აფიქსირებენ. შემცირებული ფართობი კვლავ გაიზარდა და დამშრალი ჭაობები ისევ წყალმა დაფარა. ცვლილებებს ნალექიანმა ამინდებმაც ხელი შეუწყო. ცნობილია, რომ „ქოჩების ტბა“ ბუნებრივი ტბაა, რომელიც შიდა წყალქვეშა დინებებით მარაგდებოდა. ის ძირითად ქოჩების ფერდობიდან ჩამონაჟური წყლით მარაგდებოდა. მარაგი ბოლო წლებში შემცირდა, რამაც ტბის შრობას ხელი შეუწყო.


„ქოჩების ტბის“ შრობამ დედოფლისწყაროელები შეაშფოთა, თუმცა ტბის ბუნებრივად აღდგენის იმედი აქვთ მათ, ვისაც კარგად ახსოვთ, რომ ეს ტბა ათეულობით წლის წინაც დაშრა და შემდეგ ისევ შეივსო.ხანდაზმული ადამიანები იხსენებენ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ტბა იმდენად დაშრა, ირგვლივ მხოლოდ მარილის კონტურები ჩანდა. მოსახლეობა ურმებით მოდიოდა და ფსკერზე დალექილ მარილს საქონლის საკვებად ეზიდებოდა. მოგვიანებით ტბა ისევ შეივსო, ამდენად, ასაკოვანი დედოფლისწყაროელები ამბობენ, რომ ამ ტბას პერიოდულად დაშრობა და თავადვე აღდგენა ახასიათებს. ამიტომ, მოსახლეობის ეს ნაწილი იმედიანადაა განწყობილი. ადგილობრივების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოების პროცესი დედოფლისწყაროზე აისახა და ტბაც ამ პროცესს შეეწირა. მიუხედავად გაუდაბნოების პროცესის გამწვავებისა, დედოფლისწყაროს ნაკვეთებში შემოდგომაზე მასობრივი ხანძრები ისევ აქტუალურია, რაც დამატებით უარყოფით ფონს ქმნის.


image(ახალი ფოტოები)


image


ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ქოჩების ტბის“ რეაბილიტაციის პირობა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დადო, თუმცა, წყლის დონის კლებამ გეგმების განხორციელება რამდენიმე წლით შეაფერხა, რამაც ადგილობრივების გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა, დედოფლისწყაროს მერიაში ამბობენ, რომ ტბის რეაბილიტაციასა და სანაპიროს კეთილმოწყობაში თანხების ხარჯვა აზრს მოკლებული იქნება, თუკი წყლის დონის ცვალებადობა პერიოდულად მის საზღვრებსაც შეცვლის. მერიამ გეოლოგების ჯგუფიც რამდენჯერმე დაიქირავა, რომლებიც „ქოჩების ტბის“ შიდა დინების წყაროებს და წყლის შემცველობას სწავლობდნენ. ითქვა ისიც, რომ ტბაში თევზის გამრავლება ხელს შეუწყობდა წყლის ბუნებრივ წმენდას და ხავსისგან გათავისუფლებას.


ვინაიდან ტბის მოცულობის ხელოვნურად ზრდა შეუძლებელია და ის აღდგენას ყოველთვის ბუნებრივად ახერხებდა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როდის დაიბრუნებს „ქოჩების ტბა“ ბუნებრივ სილამაზეს.


(ძველი ფოტოები)

imageimage

image

0
577
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0