x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გორბაჩოვმა აღიარა, თუ რატომ დაშალა სსრ კავშირი

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფოს არსებობის გაუქმების დეკლარაცია მიიღო. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ვ. პუტინის შეფასებით, ეს XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.


image


უდიდესი ქვეყნის კრახის მიზეზის შესახებ კამათი დღემდე გრძელდება. ისტორიკოსების და ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, სსრ კავშირი ბ. ელცინმა დაშალა, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის დაშლაში ლომის წილი, არა ბორის ელცინს მიუძღვის, რომელმაც ბელოვეჟის ხელშეკრულებას (1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსმა, რუსეთის ფედერაციამ და უკრაინამ, როგორც 1922 წ. სსრ კავშირის დამფუძნებელმა სახელმწიფოებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, სსრ კავშირი დაშლილად ცხადდებოდა და მის ბაზაზე, დამოუკიდებელი ქვეყნების ახალი ერთობა – დსთ (СНГ «Содружества Независимых Государств» იქმნებოდა. რედ.) მოაწერა ხელი, არამედ სსრ კავშირის ბოლო პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს.

ამერიკელი ექსპერტების მიერ CIA-თვის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მომზადებული მოხსენების მიხედვით, იმ პერიოდში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, სსრ კავშირს XXI საუკუნის შუა პერიოდამდე შეეძლო არსებობა. თუმცა...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა სსრ კავშირის ეკონომიკაზე, ნავთობზე ფასების ვარდნა იყო, რამაც ბიუჯეტს, დაახლოებით, 100 მილიარდი მანეთი დააკარგვინა. ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის იგივე ზარალი მიადგა 1985–1990 წწ. მშრალი კანონის შემოღებით. საერთო დანაკარგი, რომელიც სოფლის მეურნეობამ და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა დარგებმა განიცადა, 67 მილიარდ მანეთს შეადგენდა.

გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლისას, სსრ კავშირის საგარეო ვალი 17, 5 მლრდ. დოლარს შეადგენდა. ხოლო მისი წასვლის მომენტისთვის, – 21 მლრდ. იყო.

ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რამაც ელემენტარული საყოფაცხოვრები მოხმარების საგნების დეფიციტი გამოიწვია. ამას სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში დამოუკიდებლობის გამოცხადებაც დაემატა და მისი რღვევა დაიწყო. ყველაზე უცნაური ამ პროცესში ის იყო, რომ 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის სახალხო დეპუტატების სხდომაზე, დეკლარაცია მიიღეს რსფსრ-ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესახებ, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის კანონებს, საბჭოთა კანონებთან შედარებით, უპირატესობა ენიჭებოდა (რუსეთის და სსრ კავშირის უმაღლესი ხელისუფლება ყოველთვის ერთი იყო და ამ რესპუბლიკას, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საკუთარი გენერალური მდივანიც კი არა ჰყავდა. რედ.)

ეს დასასასრულის დასაწყისი იყო... სავარაუდოდ, გორბაჩოვს, როდესაც გარდაქმნას იწყებდა, მოვლენების ასეთი განვითარება არ წარმოედგინა და არც სსრ კავშირის დაშლას გეგმავდა. როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ის ქვეყნის აღდგენისთვის, ყველაფერს აკეთებდა და რომ 1991 წ. 20 აგვისტოს, ახალი კავშირის შექმნასთან დაკავშირებით, ხელმოწერა იყო დაგეგმილი, რომელშიც ყოფილი 15 რესპუბლიკიდან, 9 შესვლას აპირებდა. მაგრამ, 18 აგვისტოს მოსკოვში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის მესვეურების მიზანი სსრ კავშირის შენარჩუნება და რეფორმების შეჩერება იყო.

ამრიგად, ეს ყველაფერი, შედეგი იყო, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსულ გორბაჩოვს, ნამდვილად არ დაუგეგმავს... «ჩემი ცხოვრების მიზანი კომუნიზმის, მისი ხალხზე აუტანელი დიქტატის განადგურება იყო. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებდი ჩემს მდგომარეობას პარტიაში და ქვეყანაში. სწორეა ამისთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რომ სულ უფრო და უფრო მაღალი თანამდებობისთვის მიმეღწია. ხოლო, როდესაც თავად გავეცანი დასავლეთს, მივხვდი, რომ დასახული მიზნიდან არ უნდა გადამეხვია. ამისთვის კი, პარტიულ და ხელისუფლების ყველა რგოლში, მათ შორის საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებაში, ხელმძღვანელი პირების შეცვლა იყო საჭირო. ჩემი იდეალი იმ დროს, სოციალ-დემოკრატიული ქვეყნების მიერ გავლილი გზა იყო. გეგმიური ეკონომიკა არ იძლეოდა იმ პოტენციალის რეალიზების საშუალებას, რომელსაც სოციალისტური ბანაკის ხალხები ფლობდნენ. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის დინამიური განვითარების საშუალება მიეცა. ამ მიზნის მიღწევისთვის, თანამოაზრეების მონახვაც შევძელი. მათ შორის იყო ალექსანდრე იაკოვლევი და ედუარდ შევარდნაძე, რომელთა დამსახურება ჩვენს საერთო საქმეში, უბრალოდ, შეუფასებელია» — განაცხადა თურქეთის ამერიკულ უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გორბაჩოვმა.


P.S. რთულია იმის დაჯერება, რომ გორბაჩოვი გულწრფელი იყო, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა. ის ადამიანების დიქტატურისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, მაგრამ მაშინ როგორ ავხსნათ სადამსჯელო ოპერაციები, რომლებიც მისი მმართველობის დროს, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ხორციელდებოდა?! ან უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირის დსთ-ს სახით, აღდგენას რატომ გეგმავდა?

მე თუ მკითხავთ, გორბაჩოვი ერთი უნიათო პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ვერც ქვეყანა შეინარჩუნა და ვერც ხელისუფლება. სსრ კავშირი კი, ელცინთან მისი დაპირისპირების შედეგად დაიშალა. და რომ არა სამხედრო გადატრიალება, რომლის დროსაც ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს, ყოფილი იმპერიის რეანიმირება არ გაუჭირდებოდა და დღეს ისევ გაურკვეველი სახელმწიფო წარმონაქმნის ნაწილი ვიქნებოდით, რადგან გორბაჩოვის დსთ-ში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ზოგი თავისი ნებით შევიდოდა და ზოგსაც ძალით შეიყვანდნენ. მსგავსი გამოცდილება არა ჰქონდათ, თუ რა?.. და სულ ტყუილია, ზოგიერთების მტკიცება, რომ სსრ კავშირი გორბაჩოვმა და შევარდნაძემ დასავლეთის მხარდაჭერით დაშალეს. სინამდვილეში, დასავლეთისთვის ბევრად უფრო ადვილი იყო ერთი ქვეყნის კონტროლი, ვიდრე 15 სუვერენული სახელმწიფოს ცალ-ცალკე გაკონტროლება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ის საქართველოს დამოუკიდებლობას 1991 წლის აპრილში, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისთანავე აღიარებდა და არა, 26 დეკემბერის, საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის გაუქმების დეკლარაციის მიღების შემდეგ.

imageimageimageimageimageimageimage






1
3251
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3251
  
17 სექტემბერი, 9:51
რა თქმა უნდა არაა გულწრფელი,ახლა სურს რომ გამოვიდეს მხსნელად-ეს რა ჭირი მოვაშორე კაცობრიობასო....შეიძლება რაღაც დოზით სურდა "საჯაროობა დემოკრატიის"ახალი ხაზით,რაღაც მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა საზოგადოება,მაგრამ არა სსრკ-ს დანგრევის ხარჯზე,ის ვერ გათვალა,რომ იმ იმპერიაში სადაც ძალისძალად არის შეყრილი ერები სისხლის და ტერორის ხარჯზე..არც დემოკრატია გამოვა და არც საჯაროობა
0 1 1