x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96699
  • ვიდეო:343712
  • სურათი:458595
იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება
image
იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება შეიძლება ოთხი ძირითადი ნაკადის ირგვლივ გაიშალოს, ესენია:

  • აღზრდის თეორია
  • დიდაქტიკა
  • განათლების სისტემა
  • მასწავლებელი
მართალია, ეს სქემა პირობითია და თან ზოგადი, რადგანაც მის ფარგლებში პედაგოგიკის თითქმის ყველა კლასიკოსი შეიძლება მოთავსდეს, მაგრამ გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრებისთვის იგი დამახასიათებელიცაა და ამომწურავიც. იაკობ გოგებაშვილი მთელი შეგნებითა და ენერგიით მოითხოვდა ისეთი განათლების სისტემისა და სასწავლებლების შექმნას, “რომელსაც შეუძლია გამოუზარდოს ჩვენს ქვეყანას ახალი ტიპის ქართველები". საინტერესოა, თუ როგორია გოგებაშვილისთვის ახალი ტიპის ქართველი? გოგებაშვილის აზრით, ახალი ტიპის ქართველი, უპირველეს ყოვლისა უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძველი ტიპის ქართველს და ის უნდა იყოს აღჭურვილი მაღალი ცოდნითა და მტკიცე მორალით. ახალი ტიპის ქართველს ყველა ის თვისება უნდა ჰქონდეს, რომელიც განვითარებულ ადამიანს ახასიათებს.

იაკობი განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანში ჰუმანურობას აქცევდა. მას მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების გულში მაღალი კეთილშობილური გრძნობების აღზრდა უფრო მთავარია, ვიდრე მათი გონების ცოდნით გამდიდრება, ამ პროცესის სათავეში, რა თქმა უნდა, მასწავლებელი დგას და სწორედ მას ევალება აღზარდოს ისეთი პიროვნება, რომელიც იაკობ გოგებაშვილისთვის წარმოადგენს ახალი ტიპის ადამიანს.

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა", რომელიც საგანძურს წარმოადგენს თითოეული ქართველისთვის არის შედგენილი ანალიზურ–სინთეზური მეთოდით. გოგებაშვილის აზრით, ანბანის შესწავლა უნდა დაიწყოს არა ასოებიდან, არამედ სიტყვებიდან. სახელმძღვანელოში მოთავსებული ყველა მასალა, მოთხრობები და ლექსები, აღებულია ცხოვრებისა და ბუნების იმ მოვლენებიდან, რომელიც ბავშვებისთვის ახლობელი და ნაცნობია. “დედა ენა" თვალსაჩინოების პრინციპის გათვალისწინებითაა შედგენილი. იაკობი არაერთხელ მიუთითებდა იმასაც, რომ აღზრდის პროცესში შეგნებულობის პრინციპის დაცვა რთულია, თუ ამ პროცესში თვალსაჩინოებაც არ იქნა გამოყენებული. სასწავლო მასალის ათვისებისას ყველა სხვა დიდაქტიკური პრინციპის გამოყენებასთან ერთად აუცილებელია ცოდნის განმტკიცება, ნასწავლი მასალის გამეორებით, როგორც დიდი პედაგოგი ამბობდა: - „გამეორება ცოდნის დედააო“. „დედა ენის" ენა და ტექნიკური მხარე : შრიფტი, დასურათება, ინტერვალი ასოებს შორის და სხვა ძირითადი მახასიათებლები, ლიტერატურულად დახვეწილი და ლოგიკურად გამართულია. ის ერთგვარ საგანძურს წარმოადგენს, რომელსაც გაფრთხილება და დაფასება სჭირდება.


ასე რომ, სრულიად განსაკუთრებულია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და დამსახურება ქართველი ერის ისტორიაში. იაკობმა პედაგოგიკა ქართულ სინამდვილეში მეცნიერულ საფუძვლებზე დააყრდნო. იაკობ გოგებაშვილი არის ადამიანი, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე წვრთნიდა ქართველი ყმაწვილების, ახალგაზრდობის გულსა და გონებას თავისი პედაგოგიური მოღვაწეობით, სწორუპოვარი სახელმძღვანელოებითა და თავისი მწერლობით. ვასილ რცხილაძის თქმით, „გოგებაშვილი მარტო ერთი ჰყავს ქართველ ერს“.

თითქოს ღმერთმა ინება, რომ იაკობმა 60-იან წლებში დაიწყო მოღვაწეობა. იაკობ გოგებაშვილის მადლი ჩვენც გადმოგვწვდა და თუ არ გვინდა ქართველობაზე ხელი ავიღოთ, მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ისევ და ისევ უნდა ვუსმინოთ დიდ მოძღვარს.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთინო ზარანდია
ქეთინო ზარანდია
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0