x
image
George Chubini
დიდგორის „ძლევა საკვირველის“ მოტივები ტრადიციულ ქართულ ყოფაში - როზეტა გუჯეჯიანი
როზეტა გუჯეჯიანი
“ინტერმედია" გთავაზობთ პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის ნაშრომს თემაზე: “ისტორიის რეპრეზენტაცია – დიდგორის „ძლევა საკვირველის“ მოტივები ტრადიციულ ქართულ ყოფაში - სვანეთი".
საქართველო მწიგნობრობის მრავალსაუკუნოვანი კერაა და ქართველთა ყოფაში, ბუნებრივია, შემონახულია ისტორიული წყაროებიდან გადმოსული სიუჟეტები.
ისტორიის რეპრეზენტაციის კუთხით უდიდესი მნიშვნელობისაა საისტორო
თხზულებათა კრებული „ქართლის ცხოვრება“. „ქართლის ცხოვრება“ სხვადასხვა ავტორთა ნაშრომებისგან შედგება და არაერთი სიუჟეტი ამ დიდი საისტორიო კრებულიდან გადასულია ტრადიციულ ქართულ ყოფაში – გვხვდება ლეგენდებისა და გადმოცემების სახით. ლეგენდებში, გადმოცემებში, საფერხულებსა და ტოპონიმებში შემონახულია კონკრეტული ისტორიული ფაქტების ანარეკლი. შესაბამისად, „ქართლის ცხოვრება“ საქართველოს ისტორიის წყაროცაა და ქართველთა ეროვნული იდენტობისა და კულტურის განმაპირობებელი დოკუმენტიც – ქცეული ისტორიის რეპრეზენტაციის მასაზრდოებელ ძეგლად.
„ქართლის ცხოვრებას“ იცნობდნენ საქართველოს ყველა მხარეში. ამ საისტორიო კრებულში აღწერილი ერთი კონკრეტული ისტორიული ფაქტი კი, მისი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან გამომდინარე, გახდა ქართველთა შემდგომი პერიოდების ისტორიული/კულტურული მეხსიერების ნაწილი და ისტორიის რეპრეზენტაციის მუდმივი წყარო. იგულისხმება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ აღწერილი ამბავი – წმიდა გიორგის სასწაულებრივი მოვლინება დიდგორის ველზე და უთანასწორო ბრძოლაში ქართველთა გამარჯვება – „ძლევაი საკვირველი“. ქართველთათვის ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“, სამწუხაროდ, ძალიან მოკლედ აღწერს: „შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქუეყანა, და აგვისტოსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თვთ ფერხთა ზედ ავერ ეტეოდეს ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად დ ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თვსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, – ამათ ყოოველთათვს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენ ავერ შემძლებელ არს მითხრობად ზედამიწევნით ყოველსავე. რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თÂსითამოსრვიდაზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თÂთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავრ-მოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა ოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯÂთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, სახელგამი, თბ., 1955. გვ., 340-341).
დიდგორის ბრძოლაში მოპოვებულმა უდიდესმა გამარჯვებამ განამტკიცა საქართველოს თავისუფლება და ერთიანობა. საქართველო ჩამოყალიბდა რეგიონის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოდ. დავით აღმაშენებელმა მთელი კავკასია გაათავისუფლა დამპყრობლებისაგან. შექმნა ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც, არა მხოლოდ კავკასიელთათვის, არამედ ევროპელი მონარქებისთვისაც კი აღმოსავლეთში ქრისტიანობისა და ევროპული ცივილიზაციის პლაცდარმად მოიაზრებოდა (როინ მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, თბ., 1990.; სარგის კაკაბაძე, დიდგორის ომი, თბ., 1982; შოთა მესხია, ძლევაი საკვირველი: დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება, თბ., 1972; ჯაბა სამუშია, დიდგორის ბრძოლა, – ჟ. არსენალი, #6, თბ., 200). ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლის ძლიერმა საქართველომ და მისი მონარქის, როგორც ქრისტიანობის ძლევამოსილი დამცველის ხატებამ, ასახვა ჰპოვა ევროპელთა ისტორიულ მეხსიერებაშიც: პაპი ონორიუსის, ტამპლიერი რაინდების წერილებში დაცულია ინფორმაცია ღვთის მოშიში ქართველი მეფის ძლიერებისა და ლაშქრობების შესახებ. ამგვარი გადმოცემები ქრსიტიანთა მხსნელი დავით მეფის გარშემო ვრცელდებოდა წინა აზიისა და დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ სამყაროში მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ერთ-ერთი ლეგენდა ინგლისურ ქრონიკაშიც ჩაურთავთ: „მთელს ქრისტიანულ სამყაროში დაიოდა ხმები, რომ ინდოეთის მეფე დავითი, იოანე ხუცესად სახელდებული, უახლოვდება დიდი ჯარით (დასავლეთის ქვეყნებს). ამან დაიპყრო სპარსეთი, მედია, სხვა მრავალი სარკინოზთა მიწები და ბაღდადის ხალიფა ბალდაკს, სარკინოზთა უმაღლეს ქურუმს, შეუთვალა, რომ მას სურს შეებრძოლოს ხალიფასა და ყველა წარმართს, თუ იგი არ მიიღებს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ხოლო დამიეტის მისადგომებთან მყოფ ლაშქარსა და იერუსალიმის მხარეს აღუთქვა დასახმარებლად მისვლა“. ან კიდევ: „მეფე დავითი დიდი ლაშქრით უკვე დგას არა უმეტეს 15 დღის სავალი გზის მოშორებით ანტიოქიიდან და ჩქარობს შევიდეს აღთქმულ ქვეყანაში, რომ იხილოს უფლის საფლავი და წმიდა სახელმწიფო არადგინოს“. ამგვარი მოარული ლეგენდაა გ. დე ბუას წერილში მოთხრობილი ამბავიც (ივანე ლოლაშვილი, თამარ მეფის აკლდამა გელათში, თბ., 1989, გვ. 45-46) .
რასაკვირველია გადმოცემებში ერთმანეთში არეულია ისტორიული ფაქტები და ლეგენდები, არის ანაქრონიზმის მაგალითები. დასავლეთ ევროპელთა ისტორიულ ნარატივებსა და მეხსიერებაში მეფე დავითი ლეგენდარულ გმირად – იოანე ხუცესადაა – ქცეული და იგი წინა აზიელებსა და დასავლეთ ევროპელებს ქრისტიანობის მხსნელად და მფარველად ეგულებათ შემდგომ საუკუნეებშიც (იხ.ზურაბ ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, პარიზი, 1929. გვ., 145-146; შოთა ბადრიძე, საქართველო და ჯვაროსნები, თბ., 1973; შოთა ბადრიძე, ჯვაროსნული თქმულება დავით აღმაშენებელსა და დემეტრე პირველზე, – კრ. XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968. გვ., 365-400. ბენიამინ სილაგაძე, მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის (ქართველების ბრძოლა პალესტინის წმინდა ადგილების განთავისუფლებისათვის მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნებში), – ქართული წყაროთმცოდნეობა, კრებ. 2, თბ., 1968; ილია ტაბაღუა, საქართველო ევროპულ არქივებსა და წიგნთსაცავებში, ტ. I, თბ., 1984; გოჩა ჯაფარიძე, საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, თბ., 1995; ალექსანდრე თვარაძე, საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში, თბ., 2004; მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა და მეფე დავითის რელაციო, – კრ., ანალები. #3, თბ., 2008; სოსო მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, თბ., 2005; მურმან პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს. თბ., 1995; ელდარ მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (საქართველო და ჯვაროსნები), ტ. IV, თბ., 2014; ანდრო გოგოლაძე, იოანე პრესვიტერის ლეგენდის ისტორიული და ბიბლიური საფუძვლების შესახებ, თბ., 2015).
ევროპული წყაროების ანლიზის დროს განსაკუთრებით ფასეულია ჟაკ დე ვიტრის ცნობები. „ჟაკ დე ვიტრის ქართველები მოხსენიებული ჰყავს თავისი მეშვიდე წერილის იმ ნაწილში, სადაც მემატიანე ჰყვება ლეგენდარული მეფის დავითის ისტორიას. ისტორიკოსთა ვარაუდით, ამ მეფის ამბავი მონღოლების, კერძოდ, ჩინგიზ-ხანისა და ნაიმანთა მეთაურის ქუჩლუკის ლაშქრობების ჯვაროსნული ინტერპრეტაციაა. ჯვაროსნები ამ ისტორიულ ფიგურებში თავიანთ მხსნელად და მოკავშირედ იოანე პრესვიტერს აღიქვამდნენ. მითიურ მეფეს ისინი აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიან მმართველებს უკავშირებდნენ და მის სამეფოს ერთ-ერთ მხარედ კავკასიას, კერძოდ, საქართველოსაც მიიჩნევდნენ“ (ანდრო გოგოლაძე, თეა წითლანაძე, თეა ქარჩავა, ნიკოლოზ სილაგაძე, საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით, თბ., 2015. გვ., 20). ევროპულ საისტორიო გადმმოცემებში მითიური მეფე-ხუცესი „ინდოეთისა“ რეინკარნირებული სახით გვევლინება უკვე დავით მეფედ და წყაროთა შეჯერებით შესაძლებელია მასში რეალური ისტორიული პიროვნების გიორგი IV ლაშას ამოცნობა (ა. გოგოლაძე, თ. წითლანაძე, თ. ქარჩავა, ნ. სილაგაძე, 2015, იქვე, გვ., 272-277).
ცნობილია, რომ ისტორიის რეპრეზენტაციის თემატიკის კვლევის დროს მნიშვნელობა ენიჭება არა ამ მასალაში ნახსენები ისტორიული ამბების კონკრეტიზაციას, არამედ გადმოცემისეულ იდეას. ზემოთხსენებულ ისტორიული ამბების სიცოცხლისუნარიანობის განმაპირობებელია ცოდნა აღმოსავლეთში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობის შესახებ, უძლიერესი მეფით სათავეში, რომელიც მიემართება იერუსალიმის გამოსახსნელად. ამ იდეას – შველას, ხსნას აღმოსავლეთის ქრისტიანთა მხრიდან, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში – ევროპაში, ამიტომაც არსებობდა ეს სიუჟეტი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, „აღდგებოდა“ და ვრცელდებოდა პერიოდულად.
ცხადია, მხოლოდ ჰიპოთეტურად შეიძლება მსჯელობა და ამიტომ მხოლოდ ვვარაუდობ, რომ გარდა სხვა რეალური ურთიერთობებისა (ქართველ მეფეთა და ევროპელ მონარქთა თუ პაპებს შორის, ჯვაროსნებსა და წმიდა მიწაზე მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზვნებს შორის), ამ ლეგენდის შექმნას საფუძველი დიდგორის ბრძოლის ექომაც ჩაუყარა. დიდგორის ველზე წმიდა გიორგის სასწაულებრივი გამოჩენისა და მტრის ძლევის ამსახველი ისტორიული გადმოცემები, სავარაუდოდ, გავრცელდა ევროპაშიც. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ჟაკ დე ვიტრისეული დახასიათება ქართველებისა. ქართველებს იგი Georgianos-ს გვიწოდება: „ეს ხალხი იწოდება ქართველებად, რადგან ისინი განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, რომლესაც პატრონად, ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლებში საკუთარ მედროშედ და ყველა წმინდანზე საპატივცემულოდ მიიჩნევენ“ (ა. გოგოლაძე, თ. წითლანაძე, თ. ქარჩავა, ნ. სილაგაძე, 2015, იქვე, გვ., 106). ქართველთა სახელწოდების გეორგიანელი – წმიდა გიორგისგან მომდინარეობას იზიარებენ სხვა ლათინურ წყროებშიც (ანსელუსი, გოტიე) (ა. გოგოლაძე, თ. წითლანაძე, თ. ქარჩავა, ნ. სილაგაძე, 2015, იქვე, გვ., 106-108) .
უცნობი ისტორიკოსის ნაშრომში („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“) აღწერილი „ძლევაი საკვირველის“ მოტივები და სიუჟეტური ქარგა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საისტორიო გადმოცემაა ქართველთათვისაც. ქართველთა ისტორიული მეხსიერების კვლევის დროს ამ ისტორიულ ფაქტს და მასთან გადაჯაჭვულ რელიგიურ პასაჟებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ ფაქტს დიდი ადგილი უკავია ტრადიციულ ქართველთა ცნობიერებაში. დიდგორის გამარჯვება ისტორიული მეხსიერების კვლევისთვის საყურადღებო არტეფაქტია. დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობას („ძლევაი საკვირველი“) ისტორიულ მეხსიერებაში მთელ შემდგომ საუკუნეების განმავლობაში ასულდგმულებდა წერილობითი ინფორმაცია და ზეპირი გადმოცემები. დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების ამბავი შერწყმულია წმიდა გიორგისთან დაკავშირებულ სასწაულთან და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელოვან სეგმენტად გვხდება საქართველოს სხვადასხვა მხარეში. „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია და მას მყარი ადგილი უჭირავს ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში. ეს ინფორმაცია ქართველთა ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში პერიოდულად აღდგენად ფაქტად გვევლინება და ჩვენს დროშიც, ნაწილობრივ, ცოცხალი სახით გვხვდება, მაგალითად, – სვანეთში (როზეტა გუჯეჯიანი, წმიდა გიორგის ქართული ხალხური ეპითეტები (სვანეთი), – კრ., კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, XIV, თბ., „უნივერსალი“, 2012. გვ., 28-43).
საყურადღებოა წმიდა დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული ისტორიული მეხსიერების ანარეკლი სამეგრელოს სიწმიდეებთან მიმართებით. სამეგრელოში გავრცელებული ზეპირი ისტორიით, ხობის მიდამოები დავით აღამშენებლის საზამთრო სამყოფელადაა მიჩნეული (ხობის ყვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი, 2000).
„ქართლის ცხოვრებაში“ შესული საისტორიო თხზულებები, იწერებოდა რა ეს ნაშრომები „ჟამითი ჟამად“, ქმნიდნენ არა მარტო ჩვენი წარსულის სისტემატიზებულ მონაცემთა ბაზას, არამედ გავლენას ახდენდნენ ეროვნული მენტალობის, ფასეულობებისა და ცხოვრების წესის ფორმირებაზეც. წიგნებიდან შემეცნებული ისტორიები ყოფის ნაწილი ხდებოდა, თაობიდან თაობასაც ორი გზით – წერილობითი სახით და ზეპირი თხრობით გადაეცემოდა. ამ მხრივ განსაკუთებით მრავალფეროვანი მასალა სვანეთშია დადასტურებული. სვანურ ლეგენდა-გადმოცემებში მკაფიოდ მოჩანს „ქართლის ცხოვრების“ ისტორიულ ქრონიკაში აღწერილი ბრძოლის სიუჟეტის ანარეკლი. ჩვენი ისტორიის ეს სამაყო ფურცელი გადასულია მოსახლეობის ისტორიულ მეხსიერებაში, შერწყმულია ადგილობრივი ლოკალური ბრძოლების ისტორიებთან, როდესაც სვანები იგერიებდნენ შემოსეულ მტრებს („თათრებს“, „ოვსებს“, „სავირებს“) და გველინება ისტორიის რეპრეზენტაციის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად.
ქართული ეთნოლოგიური სკოლა, ტრადიციულად, მუდამ იყენებს ზეპირ წყაროებს ქართველთა ისტორიის რეკონსტრუირებისათვის და კონკრეტული თემატიკა მრავალი საინტერესო დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა.
სვანეთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთი საზღვრისპირა რეგიონია, მოშორებული პოლიტიკურ და სამწიგობრო ცენტრებს, მთელი ისტორიის განმავლობაში წარმოადგენდა ქართული წერილობითი კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას. ბუნებრივია, რომ სვანეთის მდიდარი ქართული სამწიგობრო კულტურა რეგრესს განიცდის გვიან შუა საუკუნეებში, ამ დროს კულტურის დაქვეითება ზოგადი მახასიათებელია საქართველოს ყველა სამეფო-სამთავროსათვის, გეოპოლიტიკური ვითარებიდან და ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, სვანეთი, ქვეყნის დაშლისა და კულტურის განვითარების ერთგვარი სტაგნაციისა და დაქვეითების პირობებშიც კი ინარჩუნებს ინტერესს საისტორიო და საეკლესიო თხზულებებისადმი. ამ დროს არის შექმნილი არაერთი საისტორიო დოკუმენტი სვანეთში. მათგან განსაკუთრებით ფასეულია „სვანეთის სულთა მეორე მატიანე“ და სამართლებრივი შინაარსის მრავალი დოკუმენტი. ცნობილია ის ფაქტიც, რომ გვიან შუასაუკუნეებში, საწერი მასალის არქონის გამო, სვანეთის მოსახლეობა ფიცრებს თხელ ფენებად თლიდა და მათზე ამოტვიფრავდა ამა თუ იმ სამართლებრივი შინაარსის „დაწერილს“, „განაჩენს“, ხელშეკრეულებას. ამგვარი ხელნაწერების ნიმუშები დაცული იყო კალის წმიდა კვირიკეს მონასტერში (იხ., პავლე ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვეთი II, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1941; გერონტი გასვიანი, სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, – მაცნე, ისტორიის… სერია, #2, თბ., 1972; გერონტი გასვიანი, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973; გერონტი გასვიანი, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1979; ვალერი სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, თბ., 1986 და სხვ.)
სვანეთში ჩაწერილ ლეგენდებსა და გადმოცემებში თვალსაჩინოდ იკვეთება დიდგორის გამარჯვების ექო, რადგანაც, როგორც უკვე ითქვა, „ძლევაი საკვირველი“ ქართველთა ეროვნული სიამაყის ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყაროა. სვანეთში შემონახულ საისტორიო გადმოცემებში 20-მდე სიუჟეტი, ფაქტობრივად, იმეორებს დიდგორის გამარჯვების განმაპირობებელ ქრისტიანულ ხედვას – წმიდა გიორგის უშუალო მონაწილეობას ბრძოლაში. ესეც სრულიად ბუნებრივია, რადგან საისტორიო წყაროებიდან შემეცნებული სიუჟეტები და ისტორიები თაობიდან თაობაში გადადიოდა, იმოსებოდა ხალხური ელფერით, ესადაგებოდა ადგილობრივ ყოფას, ადგილობრივ გარემოს და იძენდა ლოკალურ ნიშნებს. სვანეთში მომხდარ უთუო რეალურ ფაქტებს (ბრძოლებს შემოსეული მტრების წინააღმდეგ და სასწაულებრივ გამარჯვებებს) საკრალურობას კონკრეტული ისტორიული ამბის (დიდგორის ბრძოლის) მუდმივი რეპრეზენტირებაც ანიჭებდა და ამგვარი საკრალიზებული სახით გადაეცემოდა იგი თაობიდან თაობას.
დიდგორის ბრძოლის ხსოვნით ნასაზრდოები და გაჯერებული სხვადასხვა გადმოცემა დღემდე შემონახულია სვანეთის ყველა თემში და ერთიანდება ერთი კრებითი სახელით – „თათრებთან ბრძოლა და წმიდა გიორგის მადლით გამარჯვება“. აქვე უნდა ითქვას, რომ ეთნიკური ტერმინი „თათარი“ სვანეთშიც და საქართველოს სხვა მხარეებშიც ხშირად არა მხოლოდ მაინცდამაინც თათარი ეთნოსის აღმნიშვნელია, არამედ განზოგადებულია ყველა მუსლიმზეც, გარდა მალყარელებისა და ყარაჩაელებისა, რომელთაც სვანები „სავიარებს“ და „ყარჩოლს“ უწოდებენ. „თათრები“ მტრის კრებითი სახეა სვანურ ლეგენდა-გადმოცემებში, ლექსებსა და სიმღერებში. ამ სიტყვაში, მართლაც, მოჩანს ისტორიული მეხსიერების ეტაპობრივი დანაშრევები, მასში სხვადასხვა პერიოდის ამა თუ იმ დამპყრობლის ხსოვანა გაერთიანებული. შოთა ჩართოლანის დაკვირვებით, „თათრებთან“ დკავშირებულ ლეგენდა-გადმოცემებში, შესაძლოა, იკვეთებოდეს კვალი „I-II საუკუნეებში კოლხეთში შემოჭრილი რომაელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ან უფრო გვიან VI საუკუნის სვანეთის თაობაზე ბიზანტია-სპარსეთის ომებში სვანი ტომების მონაწილეობის ექოს შეიძლება წარმოადგენდეს“ (შოთა ჩართოლანი, მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის, I, თბ., 1976, გვ., 47) .
სვანეთის როლი ქვეყნის თვადაცვისუნარიანობის საქმეში მნიშვნელოვანი იყო მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში და ჩვენს დროშიც. სვანები თავდადებით იცავდნენ ქვეყნის საზღვარს, ქმნიდნენ ძლიერ ჯგუფს სამეფო ჯარში. მათი გმირობის მაგალითები ასახულია საისტორიო წყაროებსა და საქართველოს სხვადასხვა მხარეში განფენილ სვანურ საგვარეულთა გენეოლოგიურ გადმოცემებში. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც საქართველოს მეფეები გამორჩეული სამხედრო ღვაწლისათვის ქვეყნის სხვადასხვა მხარეში უბოძებდნენ მიწა-წყალს მეომრებს სავნეთიდან. ასე გაჩნდა მარუშიანთა, იოსელიანთა, ჟორჟოლიანთა, ბენდელიანთა, გელოვანთა, ყიფიანთა, აფაქიანთა და სხვა საგვარეულოთა დასახლებები სვანეთს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა მხარეში.
ქვეყნის ერთიანობის დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთავო მხოლოდ საკუთარი ძალებით იცავდა საქართველოს ჩრდილო საზღვარს – სვანეთის მონაკვეთზე. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან აქტუალიზდება დიდგორის გამარჯვების მოტივი, როგორც მძლავრი ბერკეტი ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ღვთის წყალობის იმედის მასაზრდოებელი ამბავი.
სვანეთში შემონახულ მრავალ საისტორიო გადმოცემაში მოთხრობილია ჩრდილო კავკასიიდან შემოჭრილი მტრის ამაოხრებელი შემოსევების ამბები, ასახულია ქართველთა გმირობა და ქართველთა წინამძღოლად „განცხადებულად და ყოველთა სახილველად“ წარმოჩენილია წმიდა გიორგი. ვფიქრობ, ეს სიუჟეტები საკრალიზებულია დიდგორის „ძლევაი საკვირველის“ მოტივებით და სვანეთში მომხდარ რეალურ ისტორიულ ფაქტებს აძლიერებს უდიდეს ისტორიულ გამარჯვებასთან (დიდგორის ბრძოლა) დაკავშირებული მოტივების პერიოდული გაცოცხლება. ხდება, ისტორიის საკრალიზება და მისი მუდმივი რეპრეზენტირება – მიმართული გადარჩენისა და გამარჯვებისაკენ.
სვანეთის ტრადიციულმა ყოფაში დაცულ ზეპირი ისტორიათა უდიდეს ნაწილში, ქართველთა მხარდამხარ, საქართველოს წმიდა გიორგიც იცავს. გადმოცემები ჩაწერილია სვანეთის სხვადასხვა ხეობასა და თემში და ყველგან კონკრეტდება გეოგრაფიული სივრცე – ბრძოლის ადგილები. მაგალითად, ბეჩოს თემის სოფელ მაზერის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი – შიხრის მიდამოები, ლახამაულის თემის ხიდის წმიდა გიორგის მიმდებარე ტერიტორია, ფარის თემში უძველესი სოფლის ლაშხრაშის მთები და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ გადმოცემები არ სჯერდება ოდენ გეოგრაფიული სივრცის ლოკალიზებას, არამედ გვახსენებს კონკრეტულ ეკლესიებსაც, რომელთაც უკავშირდება წმიდა გიორგის სასწაულები: შიხრის წმიდა გიორგი, ლხამულის წმიდა გიორგი, კაიშის მთავარნგელოზი და სხვ. ანუ, გადმოცემებში ასახული ისტორია განმტკიცებულია გეოგრაფიული სივრცის ლოკალიზებითა და მატერიალური არტეფაქტების მითითებითაც.
წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მაგალითი:
1. სვანეთში არსებულ ლეგენდათაგან უძველესი ნიშნებით ხასიათდება ბევრი ლეგენდა და, მათ შორის, განასკუთრებულია შემდეგი: უხსოვარ დროში, როდესაც მშვილდ-ისრებით იბრძოდნენ და თოფები ჯერ არ არსებობდა, სვანეთს „თათრები“ შემოსევიან, თათრებს ქართველების სრული ამოწყვეტა და მათ მიწა-წყალზე დასახლება სდომებიათ. ურიცხვი ყოფილა თათრების ჯარი. ერთ ქართველზე ასი თათარი მოდიოდა. სვანების ჯარს ერთხმად დაუჩოქია და წმიდა გიორგის დახმარებას შევედრებია. მყისვე ცის კაბადონზე წმიდა გიორგი გამოჩენილა, ერთ მახლობელ გორაკზე გაჩერებულა და იქიდან თავისი მშვილდ-ისრით მტერი ერთიანად ამოუხოცავს. ასე გადაურჩენია მერამდენედ სვანეთი წმიდა გიორგის და ამის მერე ხალხს მისთვის სიყვარულით „წმიდა გიორგი მოისარი“ შეურქმევია (სვანური ენის ქრესტომათია, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 21, თბ. 1978) . მოისარობის დღესასწაული (სვანურად „მეისარაბ“) ცნობილია მთელ დასავლეთ საქართველოში (ნინო აბაკელია, ქრისტიანული წმინდანები დასავლურ-ქართულ რწმენა-წარმოდგენებში. – მაცნე ისტორიის... სერია, 3, თბ., 1985).
2. ქუთაისის გიმნაზიის პდაგოგის ალექსი სტოიანოვის მიერ 1874 წელს ჩაწერილი ლეგენდა შიხრის წმიდა გიორგის სასწაულის შესახებ. ბეჩოს თემის სოფელ მაზერში სტუმრობის დროს ალექსი სტოიანოვმა და მისმა ეცერელმა მასპინძლებმა (თავადმა დადეშქელიანებმა) მოინახულეს შიხრის მიდამოები, საიდანაც ახლოსაა უშბა და გზა მიდის ჩრდილო-კავკასიაში გადასავლეილი უღელტეხილისაკენ. შიხრის ტერიტორიაზე სტოიანოვს აჩვენეს წყარო (რომლის ფსკერიც ქვა ყოფილა), წმიდა გიორგის ეკლესია და მოუყვნენ ლეგენდას: „მწყემსმა მიგვიყვანა წმიდა გიორგის ეკლესიასთან, რომლიდანაც, გადმოცემის თანახმად, ამოფრინდა წმიდა გიორგი და შემუსრა სვანეთს შემოსეული ოსები. ძალიან ძველად ჩრდილოეთიდან გადმოსულან ოსები, დასხმიან სვანეთს, დაუხოცავთ მოსახლეობა და დაუწყიათ სოფლების ძარცვა. ერთ სვან ქალს დაუწყია ლოცვა, წმიდა გიორგი, გვიშველეო. უეცრად, წმინდა გიორგის ეკლესიის სახურავი ამონგრეულა და იქიდან წმიდა გიორგი და მისი რაში ამოფრენილან. წმიდა გიორგის ყველა ოსი შეუმუსრავს. ბრძოლაში დაღლილ რაშს წყალი მოსწყურებია, წმიდა გიორგის შუბი დაუკრავს ქვისათვის და იქიდან წყაროს ამოუხეთქავს. მწყემსის თქმით, როდესაც წყლის დონე იკლებს, ქვაზე დანაკრავი შუბის კვალი ახლაც შეინიშნებაო“. სტოიანოვი შევიდა ეკლესიაში, მას აჩვენეს ადგილი ჭერზე, საიდანაც ამოფრენილა წმინდა მხედარი. ა. სტოიანოვი ქართველ მთიელთა მენტალობის ამ მომენტს – რწმენას სასწაულისას – „მოსახლეობის პრიმიტიული მსოფლაღქმით“ ხსნის (Стоянов А. И., Путешествие по Сванетии, ЗКОИРГО, к. Х, вып. 2. Тиф., 1876. gv., 381-382). რასაკვირველია, რელიგიური ადამიანი სასწაულს სხვაგვარი თვალით უყურებს. განსჯა ამ საკითხისა ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა, მნიშვნელოვანი თვით ფაქტია – 1874 წლისათვის სვანებს სჯეროდათ და სწამდათ, რაც მთავარია, „ცოცხლად“ ახსოვდათ (რეპრეზენტაციის გამოისობით) ისტორიული სიუჟეტი. ჰქონდათ სასწაულის თანაგანცდა და მძაფრი ემოცია.
3. კაიშობის დღესასწაული: გადმოცემის თანახმად, ძველად, ყარაჩიდან გადმოსულ მტერს მთელი ბალსქვემო სვანეთის ნაწილი (სვანურად „ჩუბეხევი“ – ქვემო ხევი) აუოხრებია, მამაკაცების უმრავლესობა ბრძოლაში დაღუპულა. ჩუბეხევის თემის ქალები და ბავშვები მაღალ მთაზე აღმართულ კაიშის მთავარანგელოზების ეკლესიას შეჰფარვიან და წმიდა მხედრისთვის შველა უთხოვიათ. სასწაულებრივად გამოჩენილი წმიდა გიორგი მტრის ურიცხვ ჯარს შებმია. წმინდა მხედარს ეკლესიის მახლობლად მდებარე სახატო ტყეში აღმართული ნაძვებიც მიშველებიან, შუბისა და ისრისპირებად ქცეულ ნაძვის წიწვებს მტერი „დაუსეტყვავთ“. შებინდებისათვის წმინდა მხედარს მტრისთვის სრულად მუსრი გაუვლია. მადლიერ სვანებს დღესასწაული დაუარსებიათ, სახელად – „კაიშობა“. კაიშობის თარიღი მოძრავია და მას გამოითვლიან აღდგომის მიხედვით, აღდგომიდან ოთხი კვირის შემდეგ ორშაბათს აღინიშნება, რა დროსაც, ძველად მომხდარა ზემოთ აღწერილი სასწაული (რ. გუჯეჯიანი, საველე-ეთნოგრაფიული დღიური (სვანეთი), 2006 წელი. რ. გუჯეჯიანი, წმიდა გიორგის ქართული ხალხური ეპითეტები (სვანეთი), 2012, იქვე, გვ., 28-43). ისტორიული მეხსიერების სიცოცხლისუნარიანობა დასტურდება ჩვენს დროშიც. ფარის თემში ამჟამადაც ცოცხლად იხსენებენ წმიდა გიორგის სასწაულს და წმიდა მხედარს, ნიშნად მადლიერებისა, დღესაც უძღვნიან შუბებსა და ისრებს - მთავარმოწამე წმიდა გიორგის საქართველოსა და ქართული მხედრობის სიძლიერეს ავედრებენ. დღესასწაულს, სადაც ეს რიტუალი სრულდება „კაიშობა“ ჰქვია .იქვე მდებარე საეკლესიო ტყე ამჟამადაც სათუთადაა დაცული.
4. მსგავსი შინაარსისაა ფარის თემის სვიფის წმიდა გიორგისთან დაკავშირებული გადმოცემაც: „აქ ქვემოთ ფერდობს ჰქვია „წრნიარ“ (წითელი), აქ ბრძოლა იყო ერთხელ თათრის ჯარი მოსულა, გვერდიდან ქალი გამოსულა და წმინდა გიორგი, მიშველეო. წმიდა გიორგი გამოსულა და დაუმარცხებია მტერი ბინ-ებით (შუბებით). წრნიარ სისხლით შეფერილა წითლა.დ ამის მერე ნარსავიძეებს და დევდარიანებს გიორგობას შუბის ბინ-ები მოაქვთ. გადრანებს ევალებოდათ ეკლესიის გადმოთოვლა“ (რ. გუჯეჯიანი, საველე-ეთნოგრაფიული დღიური (სვანეთი), 2016 წელი) .
5. წმიდა გიორგისთან დაკავშირებული სასწაული დაცულია ლახამულას თემშიც: ლახამულის მასალით, „თათრები“ ხშირად ესხმოდნენ თავს სვანეთს. ერთხელაც იმდენი მტერი შემოჭრილა, რომ მტრის ჯარით ავსებულა მთელი ჩუბეხევი და ლახამულის მიმდებარე ტერიტორია. ქვემო ლახამულელების მოთავეს თოფი გაუსვრია ხიდის წმიდა გიორგის ეკლესიის (ჯგირაგ ბოგაშ) მიმართულებით და მთელი ხმით უყვირია: „მადლიანო წმიდა გიორგი, გვიშველე, თორემ დღეს ამოწყდება შენი მრევლიო“. უეცრად ეკლესიიდან ისეთი სასწაულებრივი ქუხილის ხმა გავარდნილა, რომ სოფელს შემოხვეული „თათრები“ ერთიანად დაბრმავებულან და ქართველებს ისინი მთლიანად ამოუწყვეტიათ (სვანური ენის ქრესტომათია, ტექსტები შეკრიბეს ა. შანიძემ, მ. ქალდანმა და ზ. ჭუმბურიძემ, ა. შანიძისა და მ. ქალდანის რედაქციით, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 21. თბ., 1978, გვ., 191).
6. სვანეთის მოსახლეობის ტარდიციული ქართული მენტალობის შესწავლისათვის საინტერესო ინფორმაციას მოგვითხრობს ქსენია სიხარულიძე: ერთ-ერთი მთხრობელი, დიმიტრი აზნავის ძე იოსელიანი, რომელიც მასალის ჩაწერის დროს (1945 წელი) 84 წლის ყოფილა, „ზიზღით და სიძულვილით იხსენიებდა საქართველოს მაოხარ თათრებს. ერთი თქმულებით მან თათრებს დაუპირისპირა წმ. გიორგი, რომლის კულტიც განსაკუთრებით ძლიერი იყოს სვანეთში. მისი წარმოდგენით, წმ. გიორგი რეალური პიროვნება იყო, შეუდარებელი მხედარი და მუსრს ავლებდა ურჯულო თათრებს. მთქმელმა დიდი სინანულით აღნიშნა, რომ ბოლოს წმ. გიორგი თათრებს ჩაუვარდა ხელში. იგი საშინლად ღელავდა, როდესაც გვიამბობდა თათრების მიერ წმ. გიორგის შეპყრობისა და წამების ამბებს: „ერთხელ თათრებმა დაიჭირეს წმიდა გიორგი, ჩვენ რჯულზე გადმოდი და ქრისტიანებს ეომეო.. აწამეს, მოკლეს და დამარხეს“. მას სჯეროდა, რომ წამებულის ძვლებს უდებდნენ საფუძვლად ციხე-კოშკებს და ეკლესიებს. მისი თქმულებით, თამარიც იყენებდა მშენებლობაში ამ ძვლებს, საქართველოში ძველი ეკლესიები, დიმიტრი იოსელიანის რწმენით, ამგვარადაა აშენებული. „სადაც მეწყერი ჩამოდის, ყველგან ატანდნენ წმ. გიორგის ძვლებს, მესტიის სეტშიც, სადაც უწინ მდინარე ჩამოდიოდა. ხალხს იმედი ჰქონდა, რადგანაც წმ. გიორგი მტერს ისე ამარცხებდა, რომ მისი ძვლები მიწასაც გაამაგრებდა, წყალი არ გააფუჭებსო. კახეთშიც, სადაც მეწყერიანი ადგილებია, იქაც აშენებდა თამარ მეფე წმიდა გიორგის ეკლესიებს ღელეების საწინააღმდეგოდ“ (ქსენია სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949, გვ., 278-281).
7. საგულისხოა, რომ მირქმის//მიგებების დღესასწაულის აღმნიშვნელი ძველი ქართული სახელი „ლამპრობა“ დღეისათვის მხოლოდ სვანეთშია ცოცხალი და საინტერესოა, რომ ადრექრისტიანული პერიოდის მირქმის თარიღის ცვალებადობაც დღეისათვის ასევე სვანეთშია შემონახული. დღეობის დუბლირების შედეგად აღინიშნება მირქმაც (სვანურად, სვიმნობ)– საეკლსიო თარიღით და ხალხური დღეობა ლამპრობაც/ლიჩედურალ. ეს უკანასკნელი გამოითვლება აღდგომის თარიღით და თანხვდება მეზვერისა და ფარისევლის კვირას. ლამპრობის სადღეობო არსი და იდეა დროთა განმავლობაში შეცვლილია, იგი ტრანსფორმირებულია და ამჟამად წმიდა გიორგის ეძღვნება, რომელმაც, გადმოცემით, სვანეთში თათრების ურიცხვი ლაშქრის შემოსევის დროს გაამარჯვებინა ქართველთა ლაშქარს და მადლიერმა სვანებმა მას ეს დღეობა მიუძღვნეს – ყოველი ოჯახიდან გამთენიისას გამოაქვთ იმდენი ანთებული ლამპარი (დამზადებული არყის ხისაგან), რამდენი მამაკაციცაა ოჯახში, გალობითა და ლოცვით მიემართებიან ეკლესიებისაკენ და ეკლესიების ეზოებში ანთებენ ლამპრების კოცონს. იმართება ტრადიციული ლოცვა, აღვლენილი წმიდა გიორგისადმი (როზეტა გუჯეჯიანი, ლამპრობის ტრადიცია საქართველოში, – კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, XVI, თბ., 2015, გვ., 57-78).
არქეოლოგიური მასალით ცნობილია, რომ ეკლესიებისათვის ისრისა და შუბების შეწირვის ტრადიციას სვანეთში ხნგრძლივი ისტორია აქვს. ამ მხრივ უმდიდრესი მასალა შემონახულია წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიებთან. მაგალითად, მხოლოდ მესტიის მუზეუმსა და რაიონის ეკლესიებში შემონახულია 2000-ზე მეტი ისრისპირი (შოთა ჩართოლანი, მასალები სავნეთის არქეოლოგიისათვის, თბ., 1976). ამათგან ნაწილი მონადირეთა მიერვეა სხვადასხვა დროს შეწირული, ნაწილი კი უშუალოდ წმიდა გიორგისადმი აღვლენილი მადლიერების გამოხატულებაა. მაგალითად, ხეშკილის წმიდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ისრების რამდენიმე სახეობა: საბრძოლო ისრისპირები, რომელთაც „სარჩა ისრისპირები“ ჰქვია, სანადირო ისრები – ქეიბური, ორკაპა ბოძალი, ქიბორჯი. ისრისპირებთან ერთად სვანეთის ეკლესიებში დაცულია სხვა სახის საბრძოლო იარაღიც: რკინის უმბონი, კვერთხითავი/ლახტისთავი და სხვ. (რეზო ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბ., 2009. გვ; 60-62). უამრავი შუბი და ისრისპირია დაცული ფარის თემის კაიშის მთავრანგელოზში, ფარის თემის სვიფის წმიდა გიორგის ეკლესიაში, ეცერის თემის ქურაშის წმიდა გიორის ეკლესიაში და სხვ.
წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. მთავარმოწამისადმი თაყვანისცემამ განსაკუთრებული მასშტაბები საქართველოში IX საუკუნიდან შეიძინა (კორნელი კეკელიძე, „წმინდა“ მხედარი, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I, თბ., 1945). ამ დროიდან ითარგმნება წმინდანის ცხოვრებანი, იწერება გალობები, აკროსტიხები, იგება დიდი რაოდენობით წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია-მონასტრები, ფრესკებზე გამოსახავენ უკვე არა მხოლოდ წმინდანის წამების, არამედ გმირობების, მეომრული ღვაწლისა და სასწაულების ამსახველ სცენებსაც, რამაც მკვლევარი გულჩინა აკოფაშვილი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემის ესოდენი განმტკიცება განაპირობებული იყო ქართულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებით: ეს ის ხანაა, როდესაც ფეოდალიზმი საქართველოში უკვე გამარჯვებულია, ჩამოყალიბებულია ვასალურ ურთიერთობაზე დამყარებული სამხედრო წყობა, თავის ძლევამოსილ სვლას სახელმწიფოებრივ ასპარეზზე იწყებს ქართული რაინდობა, რაინდული ლაშქარი ( გულჩინა აკოფაშვილი, წმინდა გიორგის სახე ქართულ ფეოდალურ კულტურაში. – კრ., საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, თბ., 1999). მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც, ამ დროს ბიზანტიაშიც წმიდა გიორგი იმპერატორისა და მისი ლაშქრის პატრონად აღიარეს, შეცვალეს წმინდანის იკონოგრაფიული ტიპიც – მას უკვე მეომარ წმინდანად გამოხატავენ. გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, ამგვარი ხატების შექმნის იდეა საქართველოდან გავრცელდა ბიზანტიაში და არა პირუკუ. საყურადღებოა, რომ ამ დასკვნამდე გიორგი ჩუბინაშვილი მივიდა სვანეთის სიწმიდეების შესწავლისა და ანალიზის შედეგად (Чубинашвили Г. Н. Ггрузинское чеканное искусство. Тб., 1959) .
ცნობილია, ქართული ეკლესია მთავარმოწამე წმიდა გიორგისადმი მიძღვნილ ორ დიდ დღესასწაულს აღნიშნავს, ამათგან ნოემბრის გიორგობას, წმიდა გიორგის ბორბალზე დაკვრის დღეს, მთელ მართლმადიდებელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ და, საგულისხმოა, რომ თვესაც ქართველებმა გიორგობისთვე შეარქვეს.
წმიდა გიორგის წმიდა ნაწილები და სასწაულთმოქმედი რელიქვიები (მშვილდი, ისრები, ჯაჭვი...) ინახებოდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებშიც.
წმიდა გიორგის ხატება გამოსახული იყო სამეფო (ბაგრატიონთა), სადროშოთა და დაწინაურებულ საგვარეულოთა გერბებზე. სახელი გიორგი დამკვიდრდა სამეფო სახელად.
წმიდა გიორგის სახელზე მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში (და ამჟამადაც) მთელ საქართველოში იგებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა ხატები, ფრესკები. მხოლოდ სვანეთში ასზე მეტ წმიდა გიორგის ეკლესიას მოითვლიან, რომელთა შორისაც უდიდეს ისტორიულ ფუნქციას სვანეთის საერისთავოს სასულიერო და სოციალური ცენტრი _ სეტის წმიდა გიორგის მონასტერი – ასრულებდა. ცნობილია, სეტის წმიდა გოირგის მონასტერში ქორეპისკოპოსები მოღვაწეობდნენ, ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, შესაძლოა, სეტის მონასტერი საეპისკოპოსო საყდარიც ყოფილიყო (ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937). იქვე ინახებოდა სვანეთის საერისთავო დროშა „ლემი“.
სვანურად წმიდა გიორგის „ჯგირაგ“ ჰქვია. აკაკი შანიძის დასკვნით, „ჯგირAგ“ სწორედ გიორგია და სხვა კი არა, არამედ წმინდა გიორგია“ (აკაკი შანიძე, სვანური კულტის ტერმინი ჯგრაგ, მაცნე ენისა და ლიტერატურის სერია, თბ., 1973, გვ., 112) . დადგენილია, რომ „ჯგირაგ“-ი ყველა სვანურ კილოში წმიდა გიორგის ნიშნავს. შესაძლოა, „ჯგირაგი“ კომპოზიტი იყოს: „ჯგირ“, „აგი“ და ტერმინი „აგი“ ბერძნულიდან მომდინარეობდეს.
წმიდა გიორგის ეკლესიები აღმართულია ზემო და ქვემო სვანეთის ყოველ თემში, ზოგან _ რამდენიმეც, ასევე დალის სვანეთში (აჯარის წმიდა გიორგის ეკლესია, შყერის წმიდა გიორგის ეკლესია).
ეთნოგრაფიული კუთხით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბარად ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა ქართველმა მთიელებმა (სვანებმა) უკვე ახალ საცხოვრისებშიც ააგეს წმიდა გიორგის ეკლესიები (თეთრიწყაროს, მანგლისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკის რაიონებში) და გულმოდგინედ ზეიმობენ გიორგობის დღესასწაულებს.
სვანეთის ბევრი საგვარეულო ხაზგასმული სიამაყით თავის გვარს წმიდა გიორგის მრევლს („ჯგრაგიშ მაროლ“) უწოდებს. ეს საგვარეულოები (სეტიელები, ჯაფარიძეები, ფალიანები, რატიანები, ნიგურიანები, მჭედლიანები, გუჯეჯიანები, ქობალიები, ჭკადუების ზოგიერთი შტო, ქურდიანები და სხვ.) წმიდა გიორგის ამა თუ იმ ეკლესიის მრევლნი და მომვლელნი არიან.
სვანეთში აღინიშნება ოფიციალური საეკლესიო გიორგობის ორივე დღესასწაული, მაგრამ ამ მხარეში სხვა დროსაც ზეიმობენ წმიდა გიორგისადმი მიძღვნილ დღეობებს: ეს არის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიების სატაძრო, ასევე სხვადასხვა სათემო დღესასწაულები. ასეთ დღეებში მთელი თემი, სოფელი, ლასკარი ან გვარი თავს იყრის წმიდა გიორგის საყდრების გარშემო და იმართება ტრადიციული „ლიმზირ“-ი – ლოცვა. მაგალითად, ჩვენი დროისათვის შემდეგი სახე აქვს ფარის წმიდა გიორგის ეკლესიასთან შესრულებუულ გიორგობას: „აღინიშნება ორივე გიორგობა, გაზაფხულისაც და შემოდგომისაც. იკრიბება დიდძალი მლოცველი. მლოცველებს მიაქვთ ლემზირები (ხალხური სეფისკვერები), ზედაშე, მიჰყავთ საკლავი, ძირითადად, ყოჩები. შემოდგომით ზოგჯერ თოვლია, მუხლებამდეც, მაგრამ ხალხი მოდის, შორიდანაც მოდიან, თბილისიდანაც, ზუგდიდიდან. საკლავს მარჯვენა ფერდზე შეტრუსავენ და იქით, უკან გაიყვანენ, იქ შეწირავენ. ზვარაკის გულ-ღვიძლს ააცვამენ, დაიჭერენ სამ სანთელს და სამ სეფისკვერს, ზედაშე წინ უნდა დადგა ტაბლაზე. ასე ლოცულობენ და ჩვენ დავლოცავთ (ჩხეტიანები). დალოცვა ჩვენი უფლებაა. ახლა მე ვამბობ ლოცვას, ჩემამდე მამაჩემი იყო და დანიელ ბიძია, მანამდე იასონი იყო. „ჯგირაგ“ (საგალობელი) სამჯერ ითქმის. ლოცვა დილიდან იწყება და ზოგჯერ ღამით მთავრდება, როცა ბევრი ხალხია. წელს სანთლის შუქზე დავჯექით (სუფრასთან). აქაურები ყოველთვის ვუთმობთ მოსულს, შორიდან მოსულს პირველ რიგში ვალოცვინებთ და ვლოცავთ. მლოცველი გაწვდის სანთლებს, რამდენიც უნდა და შენ ლოცავ. ახლა მაისში 50-მდე მლოცველი მოვიდა. 30 მლოცველს ქვევით არასდროს მოსულა. მოდიან ქალებიც, ბავშვებიც. ლოცვის დამთავრების მერე სუფრას ვშლით. სუფრასთან ქალები ერთ მხარეს სხდებიან, კაცები – მეორე მხარეს“ (მთხრობელი იაროსლავ ჩხეტიანი) (როზეტა გუჯეჯიანი, საველე-ეთნოგრაფიული დღიური (სვანეთი), 2016 წელი).
გიორგობის ოფიციალურ ორივე დღესასწაულს სვანურად „ლიგერგი“-ს უწოდებენ. ტრადიციული ლოცვის აუცილებელი კომპონენტია სასულიერო საგალობელი –„ჯგირაგ“-ი, რომელიც დღესაც სრულდება სვანეთში. ეს საგალობელი წმიდა გიორგის ეძღვნება და გარდა საეკლესიო დღეობებისა, აღევლინება ხალხურ დღესასწაულებზეც, რომლებიც, ასევე, წმიდა გიორგის – დიდი მეომრის, საქართველოს მხსნელისადმია მიმართული, მაგალითად, ლამპრობის დროს.
„წმიდაო გიორგი, შენ შეგვეწიე!
როგორც ღმერთს შევსთხოვთ,
ისემც შეგვწევიხარ
შენი მადლითა და წყალობით!“
ცნობილია, „ჯგირაგ“-ის სხვა ვარიანტიც:
„წმიდა გიორგიმც შეგვწევია,
შეგვწევია,
წმიდა გიორგი, შენ შეგვეწიე“ (სვანური პოეზია, I, თბ., 1939, გვ., 312-312) .
წმიდა გიორგის დღეობებების დროს შესაწირავ ზვარაკს „გერგაი“ ჰქვია.
საერთოდ, წმიდა გიორგის ხსენება უბრალოდ არ შეიძლება. ტრადიციული სვანი ამ წმინდანის ხსენებისას აუცილებლად მოკლე სადიდებელს მაინც წარმოთქვამს: „დიდება მიგსვლოდეს, წმიდა გიორგი, მადლიანო!“ და ა. შ.
საყურადღებოა, რომ სვანებმა შემოინახეს ძველქართული მენტალობის მრავალი ელემენტი, რომელთა შორისაა სუფრის გაძღოლის წესები, სადღეგრძელოები და ტერმინოლოგია: მესამე ლოცვა-სადღეგრძელო აქ ისევე, როგორც ძველად, ახლაც წმიდა გიორგისადმი აღევლინება და ეს წესი სვანეთიდან საქართველოს სხვა მხარეებში ჩასახლებულებმა ახალი დასახლებების ყოფაშიც გადმოიტანეს და დანერგეს.
სვანეთში დღემდე შემონახულია წმიდა გიორგის ეკლესიებისათვის შეწირული საეკლესიო მიწები და ტყეები (მესტია, მულახი, ეცერი, ფარი, ლახამულა, საყდარი, შყერი, ჩხალთა...). სვანეთში დაცულია ლეჩხუმის ხვამლის წმიდა გიორგისადმი მიძღვნილი ტყის მცირედი მონაკვეთებიც ეცერსა და ლახამულაში, წმიდა გიორგის საეკლესიო ტყეა ფარის თემში და სხვა (იხ., რ. გუჯეჯიანი, საეკლესიო მიწები სვანეთში, – ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, X, თბ., 2006).
წმიდა გიორგი, ტრადიციულად მოაზროვნე ქართველთა მსოფლაღქმით, საქართველოს მხსნელია, ქართული მხედრობის მფარველია. ისტორიული ძნელბედობიდან გამომდინარე, ქართველები მუდამ სამშობლოს იცავდნენ ურიცხვი მტრების შემოსევებისაგან. ომში მიმავალ ქართველს გულზე წმიდა გიორგის ხატი ეკიდა და ოჯახი მის მშვიდობიანად დაბრუნებას სწორედ წმიდა გიორგის შესთხოვდა. წმიდა გიორგი, სვანეთშიც, მსგავსად საქართველოს სხვა მხარეებისა, მეომართა, სამშობლოს დამცველთა მფარველადაა მიჩნეული. ამიტომაც წმიდა გიორგის ხატება და ხსოვნა საისტორიო თხზულებიდან შემეცნებული და თაობიდან თაობაში ზეპირი გზით გადასული დიდგორის ბრძოლის ანარეკლისა, ცოცხალი სახით გვხდება სვანეთის მოსახლეობის მსოფლაღქმაში.
სვანეთის წმიდა გიორგისადმი მიძღვნილი რიტუალები და, საერთოდ, ტრადიციული მენტალური მახასიათებლები, მსგავსია საქართველოს სხვა მხარეებში შემონახული საწეს-ჩვეულებო ტრადიციებისა, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სვანეთი ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა და აქ წმიდა გიორგისთან დაკავშირებული უძველესი ქართული საეკლესიო და საისტორიო თხზულებებიდან მომდინარე პლასტებია ცოცხალი სახით შემონახული.
ეთნოგრაფიული მასალა ადასტურებს, რომ დიდგორის ბრძოლამ უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია სვანეთის მოსახლეობის ისტორიულ მეხსიერებაზე და იქცა მუდმივად განახლებად სიუჟეტად, რომელშიც იკვეთება რა ქართული ხალხური მენტალობის საერთო მახასიათებლები, ვლინდება მისი ლოკალური – სვანური – ნიშნები. ეს თავისებურებები საინტერესო შტრიხებით ამდიდრებს ქართულ ეროვნულ ისტორიულ (კულტურულ) მეხსიერებას და მისი რეპრეზენტაციის მუდმივ წყაროდ გვევლინება.
როზეტა გუჯეჯიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ისტორიის დოქტორი
0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0