x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94786
  • ვიდეო:342561
  • სურათი:456821
აღორძინების ეპოქის მოაზროვნეებისა და ქართველ საზოგადო მღვაწეების შეხედულებები, პიროვნების ფორმირების ფაქტორების საკითხთან დაკავშირებით

image

პიროვნების ფორმირების ფაქტორების საკითხის განხილვისას, აუცილებლად უნდა შევჩერდეთ აღორძინების ეპოქის მოაზროვნეებზე, იმიტომ რომ სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი კლასიკურ პედაგოგიკას. არსებობს კლასიკოსთა ჯგუფი, აღორძინების ეპოქის მოაზროვნეებისა, რომლებიც სამივე ფაქტორს აღიარებენ, მაგრამ ამ სამი ფაქტორიდან პიროვნების ფორმირებაში ისინი უპირატესობას მაინც აღზრდას ანიჭებენ. პიროვნების ფორმირების საკითხის განსაზღვრისას განიხილავენ კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის შეხედულებებს. მარქსისტული პედაგოგიკის მიხედვით აღზრდას არ შეუძლია ყველაფრის გაკეთება. მაგალითად იმ ბავშვისგან, რომელიც ბუნებისგან დაჯილდოებული არაა კარგი სმენით, არ აღიზრდება კარგი მუსიკოსი. ამ თვისებებს მას ვერ მისცემს ვერც აღზრდა და ვერც მასწავლებელი. ყოველგვარი ცდა ასეთი ბავშვისგან კარგი მუსიკოსის მიღებისა მარცხით დამთავრდება და ეს ბავშვზეც ძალიან ცუდად იმოქმედებს, მაგრამ ასეთი ბავშვისგან კარგი თუ არა, რიგითი მუსიკოსი მაინც გამოვა. ამ პროცესმა კი ბავშვში შესაძლებელია სხვა ბუნებრივი ნიჭიერებანი ჩაკლას. ამრიგად მარქსისტული პედაგოგიკა ასაბუთებს პიროვნების ფორმირების პროცესში აღზრდის წამყვან როლს ისე, რომ მის გვერდით ხაზს უსვამს გარემო ფაქტორებს და გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის მემკვიდრულ მონაცემებსაც.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველ მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებსაც ჰქონდათ შეხედულებები და მოსაზრებები, მაგრამ მათი უმეტესობა პიროვნების ფორმირებაში სამივე ფაქტორს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდა, ზოგიერთი მათგანი კი რომელიმე ფაქტორის უპირატესობას უსვამდა ხაზს. ლუარსაბ ბოცვაძე სასტიკად ილაშქრებდა ნატივიზმის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია ბავშვის განვითრების განსაზღვრა მემკვიდრეობით გადმოცემული თვისებებით. მისი აზრით, მართალია, ეს თვისებები გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნების განვითრებაში, მაგრამ ისინი არ არიან გადამწყვეტნი ამ პროცესში. ილია ჭავჭავაძის აზრით, აღზრდამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ცხოვრებისთვისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მომზადება. დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, აღზრდასთან ერთად დიდ როლს ანიჭებდა გარემოსაც. პიროვნების ფორმირების ფაქტორებით დაინტერესებული იყო დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველაც. ის წერდა “ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი. მის გაბოროტებაში, გამზრდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე“. ვაჟა-ფშაველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მაგალითს. ბავშვი ბაძავს უფროსს და გაუცნობიერებლად იმახსოვრებს ყველაფერს, რაც მას კარგი ჰგონია. მშობელი და ასევე მასწავლებელი, უნდა აკონტროლებდეს თითოეულ თავის სიტყვას და ქცევას, რადგან ბავში ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს. ვაჟა-ფშაველას აზრით, ბავშვის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ოჯახს ეკისრება შემდეგ კი იმ სოციუმს, რომელიც გარს ახვევია მას. ამ საკითხის განხილვისას აუცილებელია გავიხსენოთ ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი პოემა “გამზრდელი“, საგულისხმოა პოემის ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც ავტორი ამ თემაზე თავის აზრს ნათლად წარმოაჩენს, “მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“, საფარ-ბეგიც და ბათუც, ორივე ჰაჯი-უსუბმა გაზარდა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მთავარი მხოლოდ აღზრდა არ არის და სამივე ფაქტორი, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთინო ზარანდია
ქეთინო ზარანდია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0