x
image
George Chubini
საქართველოში ეთნოკულტურული მრავალფეროვნების შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
კონფერენცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. “ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში” - ასე ჰქვია სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენელთა საქართველოში შეკრება და მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხებზე მსჯელობა.


ორგანიზატორების თქმით საქართველოში არსებული ჰუმანიტარული და სოციალური კვლევები მნიშვნელოვან მასალას იძლევა განზოგადებისათვის. ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.


საქართველოსთვის ამ სამეცნიერო დისკუსიას გამოყენებით-პრაქტიკული შედეგებიც ახლავს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და კონკრეტული ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ პოლიტიკური კონფლიქტები ეთნოკონფლიქტებად წარმოადგინონ. ამ თვალსაზრისით, აქტუალურია ეთნოკულტურული ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში გაანალიზება, ტრადიციული საკომუნიკაციო არხების ფუნქციონირების მექანიზმის წარმოჩენა, კულტურათაშორისი მიმართების ახსნა და მიმდინარე მასალის სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა. დისკუსიაში უცხოელი მკვლევარების აქტიური ჩართულობა საკითხის საერთაშორისო სიცვრცეში გაშუქებას გულისხმობს. ეს იქნება კონფერენციის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი. კონფერენცია იქნება სამ დღიანი. გაიმართება 24-26 ოქტომბერს.



პირველი დღის პირველი ნახევარი დაეთმობა პლენარულ სხდომას. ამის შემდეგ იმუშავებს თემატური სექციები. კონფერენციის ცირკულარის მომზადებისა და დაგზავნის შემდგომ შეკრებილი განაცხადები მიიღება შემდეგი საკითხების ირგვლივ:

1. ეთნოკულტურული მრავალფეროვნების ისტორია საქართველოში;

2. ეთნოკულტურული ჯგუფების ყოფა და კულტურა;

3. ინტერჯგუფური ისტორიული და თანამედროვე კონტაქტები და პარალელები; 4. რელიგიური მრავალფეროვნება;

5. ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხები.


კონფერენციის პლენარული სხდომა, პირველი დღის სესიები და კონფერენციის მეორე დღე ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენციის მესამე დღე ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის ამოცანაა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან ქართული სამეცნიერო წრეების ინტეგრირების ხელშეწყობა და ინფორმაციის გაცვლა.


პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ). პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციებია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია. კონფერენციის სამიზნე ჯგუფია: საქართველოში მიმდინარე ეთნოკულტურული და სოციალური პროცესების მკვლევარები უცხოეთიდან და საქართველოდან, ახალგაზრდა მეცნიერები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება. კონფერენცია ღიაა ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში და მომიჯნავე დარგებში მოღვაწე მკვლევრებისთვის. დაინტერესებული პირები უნდა ეწვივნონ შემდეგ ფეისბუქ გვერდს:

https://www.facebook.com/EcdicGeorgia/

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0