x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება!“ - პატარ-პატარა ჩანაწერები მერაბ მამარდაშვილის დიდი ფილოსოფიიდან
image


მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მისი მომხრეობისა თუ არმომხრეობისა, ერთი რამ ცხადია: ყველა ქვეყანას არ გააჩნია იმის ფუფუნება, ისეთი მოაზროვნეებით იყოს დაკომპლექტებული, როგორიც იყო "ქართველ სოკრატედ" წოდებული, ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი - მერაბ მამარდაშვილი!

...

ამბობენ, 1987-90 წლებში, როდესაც ის კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აუდიტორიაში შედიოდა, ყველა ფეხზე დგებოდა და ტაშით ეგებებოდნენო.


ტანმაღალი იყო, თმაგაცვენილი, მოციმციმე, საოცარი თვალებით.

მისი თხრობის სტილი სრულიად ამოვარდნილი იყო საუნივერსიტეტო ჩარჩოებიდან. ლექციებზე საოცარ იმპროვიზაციას ახდენდა. წინასწარ არასდროს ჰქონდა დადგენილი, რას იტყოდა.

მერაბ მამარდაშვილი იყო კაცი, რომელიც ყველაფრის აზრს ფილოსოფიაში ეძებდა!

...

ჩვენს მკითხველს პატარ - პატარა ჩანაწერებს ვთავაზობთ მისი დიდი ფილოსოფიიდან:


image

...

“სული, გრძნობებით აღსავსე”


”კანტი ამბობდა, რომ ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა ”სული, გრძნობებით აღსავსე”. აქ მეტაფორულდ უნდა ვიგულისხმოთ თვითონ გრძნობის სისრულე ან ინტენსიურობა, რაღაცგვარი ამაღლება, თითქოს გრძნობის ფრთები, ან ტალღა მიმაქროლებდეს. ტალღა კი არის, ან არ არის.

შეიძლება მთელი სიცოცხლე ვიოცნებო იმ ქალის ნახვაზე, რომელიც მიყვარს, ბოლოს შევხვდე, მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქცევა ხდომილებად, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღიწეროს, როგორც ორი შეყვარებულის შეხვედრა, როცა პაემანის მომენტს გრძნობათა სისრულის მდგომარეობაში ვხვდები.

შეიძლება სწორედ ამ მომენტში გაუგებარი მიზეზების გამო მოწყენილობა დამეუფლოს და ჩემს სულში არაფერი ჟღერდეს;

როგორც ხე არ არის ვიოლინო და მოკლებულია ჰარმონიულ მუსიკალურ ხმას, ასევე ჩემი სული შეიძლება გახევებული შეხვდეს პაემანის მომენტს, სწორედ იმ მომენტს, როცა ვიოლინო უნდა იყოს და არა ხე…”

image

...

"ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება.

ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა.

ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან".

image

...

"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!

ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!"

image

...

"მე მინდა მიბრუნება იმ პარადოქსულ დებულებასთან, რომ სწორედ მარტოობა არის პირობა კავშირისა.
ეს გარემოება მრავალ რელიგიურ-მედიტაციურ ტექსტშია გამოთქმული.

ძირეული სიბრძნე ისაა, რომ მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან შეგიძლია მიაწვდინო ხმა სხვას."


image

...

“ისტორიაში არ არსებობს ბოროტება ჩადენილი ბოროტების სახელით. ნებისმიერი ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიკეთის და პროგრესის სახელით”.

image

...

"შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა.

ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი;

ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე;

გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე.

ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი! "


image

...

"ფსიქოლოგია ჩნდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა უკვე გვაქვს სინდისის კატეგორია. თუ არსებობს სინდისი, მაშინ შეგვიძლია საუბარი სამყაროზე, სადაც ადამიანებს აქვთ დადებითი თუ უარყოფითი თვისებები.

მაგრამ როგორ განისაზღვრება, როგორ აღიზრდება ან გადაიცემა თავად სინდისი?

როგორ თვითწარმოიქმნება?

ბერძნებმა ამასთან კავშირში შემოიტანეს დიალექტიკის ცნება, იღებდნენ რა მხედველობაში, რომ სწორედ დიალექტიკა არის ისეთი მდგომარეობა საპირისპირო დაჭიმულობათა შორის, რომლის შიგნით შეიძლება წარმოიქმნას მოვლენა, რომელიც თვით არ წარმოადგენს რომელიმე უწყვეტი მიზეზობრივი კავშირიდან გამოყვანილ წევრს ან ელემენტს.

რატომ გამოჩნდა ასეთი განსაკუთრებული სიტყვა „დიალექტიკა“, ლოგიკისგან განსხვავებით? (ამასთან, მე არ ვიღებ მხედველობაში იმ ძალზე ხშირად აბსოლუტურად უწიგნურ მსჯელობებს განსაკუთრებული დიალექტიკური ლოგიკის შესახებ, რომელიც თითქოსდა განსხვავდება ფორმალური ლოგიკისაგან და ა. შ.) ბერძნები ამ სიტყვით რეალურ გარემოებებს ასახავდნენ. მათ ესმოდათ, რომ არსებობს მოვლენები, რომლებიც არ გამოიყვანება და რომელიც ვერ წარმოიქმნება როგორც ბოლო რგოლი მათ განმაპირობელ უსასრულო ჯაჭვში.

დავუშვათ, ავაგეთ რა რაღაც პირობათა ჯაჭვი A, B, C, -თვის, მე მივიღე D, – აი, არის მოვლენები, რომელიც ვერ მიიღწევა ამგვარად, ისინი პრინციპში ვერ გამოიყვანება ან ვერ იქნება ბოლო რგოლები განპირობებულობის ამ უსასრულო ჯაჭვში. ისინი წარმოიქმნება საპირისპირო დაჭიმულობით გარშემორტყმულ ძაბრში.

აი, ამას ეძახიან ბერძნები დ ი ა ლ ე ქ ტ ი კ ა ს.

იქ, შიგნით – აინთება ან არ აინთება. თუ აინთო – მაშინ მთლიანია."


image

...

"ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას" !


image

...

„ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება“

- მერაბ მამარდაშვილი


0
988
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
988
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0