x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თბილისში კოსმეტიკურ პროდუქტებში აკრძალული პარაბენები აღმოაჩინეს
image


თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალების ნიმუშიდან 5-ში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში აკრძალულია. შესაბამისი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ჩაატარა.


ორგანიზაციის ვებგვერდზე, momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გაიგზავნა შესამოწმებლად. 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში აკრძალულია. ესენია:


ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“, მწარმოებელი - L'Oreal Co
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy", მწარმოებელი - Quimi Romar S.L.U
თმის საღებავი "CLAIROL" მწარმოებელი - Procter&Gamble, Cincinati
თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline, მწარმოებელი - Bell Cosmetics
ფრჩხილის ლაქი "Olivia", მწარმოებელი - Orkide Cosmetics
შემოწმებული კოსმეტიკური საშუალებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ მბულზე.



პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება. იგი პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს და გამოყენების ვადას უხანგრძლივებს. პარაბენების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების რისკებს შეიცავს, მათ შორის ენდოკრინულ სისტემაზე და მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.


პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთის კი გარკვეული დოზითაა დაშვებული.


„პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კვლევის შედეგების შესახებ წერილობით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და შესაბამის მეწარმეებს ეცნობება.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0