x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კავშირი კრეატიულობასა და დეპრესიას შორის
მოსაზრება, რომ ფსიქიკური პრობლემები კრეატიულობის განუყოფელი ნაწილია საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული სტერეოტიპია. თუმცა საინტერესოა, არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამ შეხედულებაში, თუ ჩვენ უბრალოდ რთული, ტრაგიკული ცხოვრების მქონე ხელოვანი ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლამ შეგვიყვანა შეცდომაში და დაგვაჯერა, რომ ყველა ხელოვანი ასეთი უნდა იყოს?

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მრავალი კვლევა (მკვლევრების უმეტესობა ძირითადად აქცენტს გუნება-განწყობილების აშლილობებზე აკეთებდა) ჩატარებულა, ეს კითხვა მაინც უმეტესწილად პასუხგაუცემელი რჩება. ჟურნალ Perspectives on Psychological Science-ში გამოცემულ ახალ განხილვაში, Albany State University-ის მკვლევარი ქრისტა ტეილორი ამ თემაზე უკვე ჩატარებულ კვლევებს თავიდან აანალიზებს და განიხილავს.



image

ტეილორმა კრეატიულობასა და გუნება-განწყობილების აშლილობებს შორის კავშირის შესახებ ჩატარებული 3000 კვლევიდან 36 პოტენციურად რელევანტური კვლევა აარჩია და თავიდან შეისწავლა, მათი მონაცემები ახალ „მეტა-ანალიზებში“ შეაჯამა.


მან პირველ რიგში შეამოწმა, ამ კვლევების მიხედვით, კრეატიულ ადამიანებს სხვებთან შედარებით რამდენად ხშირად ჰქონდათ რომელიმე გუნება-განწყობილების აშლილობის დიაგნოზი. ტეილორმა გაანალიზა მონაცემები 10 კვლევიდან, რომლის მონაწილეებიც სამხატვრო ფაკულტეტის, ხელოვნებისა და ლიტერატურის სტუდენტები, მწერლები, მხატვრები და ზოგადად კრეატიულ სფეროში მოღვაწე ადამიანები იყვნენ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრეატიულობასა და გუნება-განწყობილების აშლილობებს (მაგალითად დეპრესიას) შორის მართლაც არსებობს კავშირი. კრეატიულობა ამ კვლევებში მრავალი საშუალებით იყო შემოწმებული, მაგალითად მუსიკალური ნიჭის მიხედვით, დივერგენტული აზროვნების (ახალი იდეების და პრობლემის გადაჭრის გზების მოფიქრების უნარი) ტესტის მიხედვით და ა.შ. კრეატიულობა ყველაზე ხშირად ბიპოლარულ აშლილობასთან კორელირებდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითობა ნამდვილად არ იყო დაკავშირებული გუნება-განწყობილების ყველა აშლილობასთან; მაგალითად, დისთიმია ( დეპრესია, რომელიც უფრო ხანგრძლივი, მაგრამ უფრო ნაკლები სიძლიერისაა, ვიდრე კლინიკური დეპრესია) კრეატიულ ხალხში ზუსტად იმავე სიხშირით გვხდებოდა, როგორითაც საკონტროლო ჯგუფში.

რაც შეეხება მეორე, ოდნავ განსხვავებულ კითხვას - ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით არიან თუ არა კლინიკური გუნება-განწყობილების აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანები უფრო კრეატიულები? -ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ტეილორმა მეორე მეტა-ანალიზი გამოიყენა, რომელიც 13 კვლევას აერთიანებდა, მათ შორის ისეთ გრანდიოზულ/მეგა კვლევებს, რომელშიც მილიონობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ კითხვაზე ტელორმა უარყოფითი პასუხი მიიღო. საბოლოო ჯამში, ჯანმრთელ და გუნება-განწყობილების აშლილობის მქონე ადამიანებს შორის კრეატიულობის მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელო იყო. ტეილორმა მნიშვნელოვანი განსხვავებები მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა კრეატიულობის დეფინიცია დაავიწროვა, მაგალითად, გუნება-განწყობილების აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლოა კარგად ხატვა გამოსდიოდეთ, მაგრამ შესაძლოა არ ჰქონდეთ მაღალი შედეგები კრეატიულობის ზოგად ტესტში. კონკრეტული აშლილობების შესწავლისას, ტეილორმა აღმოაჩინა მტკიცებულებები ბიპოლარული აშლილობისა და დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანებში კრეატიულობის უფრო მაღალი დონის შესახებ (თუმცა, მაინც ეს განსხვავებები მინიმალური იყო).

მარტივად რომ ვთქვათ, ტეილორის აღმოჩენებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შემოქმედებითი ხალხი მართლაც არიან უფრო მიდრეკილი გუნება-განწყობილების აშლილობისკენ, მაგრამ, ამავდროულად, არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ გუნება-განწყობილების აშლილობის ქონა ადამიანს უფრო კრეატიულს ხდის.

ამის ზოგიერთი მიზეზი შეიძლება იყოს:

შესაძლოა, გუნგება-განწყობილების აშლილობა მართლაც უფრო კრეატიულს ხდის ადამიანს, მაგრამ ეს სარგებელი დაჩრდილულია იმ უამრავი პრობლემითა და ზიანით, რაც ფსიქიკურ აშლილობას მოაქვს, სწორედ ამიტომ ეს ფენომენი ნათლად არ ჩანს კვლევებში.

თუ უარყოფით გუნება-განწყობლებაზე ყოფნას მართლაც აქვს დადებითი გავლენა კრეატიულობაზე, ერთ-ერთი ვარიანტია, რომ შესაძლოა ის გვეხმარება განსხვავებული კუთხით დავინახოთ ცხოვრება, ეს მოსაზრება კარგად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის დიდი დეპრესიული აშლილობა უფრო ასოცირებული კრეატიულობასთან, როცა ქრონიკული და უფრო ნაკლები სიძლიერის მქონე დისთიმია არ არის. ამასთან ერთად, შესაძლოა ბიპოლარული აშლილობა უარყოფითი გუნება-განწყობილების და ამაღლებული განწყობის შეერთებით ადამიანებს ახალ ინსაიტებს აძლევს.

ამ აღმოჩენების კიდევ ერთი ალტერნატიული ახსნა ისაა, რომ გუნება განწყობილების აშლილობა კი არ მატებს ადამიანს კრეატიულობას, პირიქით კრეატიულობა ავითარებს გუნება-განწყობილების აშლილობას, როგორც თავის „პროდუქტს“. შემოქმედებითი ადამიანის ცხოვრების სტილი ხშირად რთული და მძიმეა, მაგალითად, ხშირად მუსიკოსები მთელი ღამე უკრავენ, ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ, ნარკოტიკებთან პრობლემები აწუხებთ და ა.შ. პირველი მეტა-ანალიზი ხომ გვაჩვენებდა, რომ როცა გუნება-განწყობილების სიმტომები პიკს აღწევდა კრეატიულობა მცირდებოდა, რაც ამ მოსაზრებას განამტკიცებს.

რა თქმა უნდა, ეს კვლევა ბოლომდე არ პასუხობს ისეთ კითხვებს როგორებიცაა, მაინც კონკრეტულად როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული გუნება-განწყობილების აშლილოებბი და კრეატიულობა, თუმცა ის ნამდვილად გვანახებს ახალ პერსპექტივებს ამ საკითხზე.ასევე მნიშვნელოვანია ამ მოსაზრების ჩამოყალიებებაში კულტურის როლის გაანალიზება.



0
16
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0