x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
თბილისის მერიის ელ-მმართველობის შეფასება

ელექტრონული მმართველობის დანერგვა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და რაღა თქმა უნდა, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. მას სხვადასხვა უპირატესობები გააჩნია, რომლის აღნიშვნაც ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს. ნაშრომის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების შესწავლა და შეფასება ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით. ზოგადად, არსებობს კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება თბილისის მერიის ვებ-გვერდის მუშაობა ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ.

პირველი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ინფორმაციულობა, რომლითაც თბილისის მერიის ვებ-გვერდი საკმაოდ წარმატებულია, თუმცა ინფორმაციულობა მრავალი ქვეკრიტერიუმის ერთობას გულისხმობს, რომელთა განხილვა ცალკეულად მნიშვნელოვან დასკვნებზე გაგვიყვანს. ინფორმაციულობის ქვეკრიტერიუმებია:

  • სიახლეები;
  • არქივი;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სტრუქტურის შესახებ;
  • ინფორმაცია ხელმძღვანელების შესახებ;
  • ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ;
  • ენები;
  • დიზაინის მოქნილობა;
  • საიტის რუკა;
  • ძებნის ფუნქცია.
  • სიახლეების იმ სიხშირით განთავსდება თბილისის მერიის გვერდზე, რა სიხშირითაც მერია აწყობს ან ერთვება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. სიახლეების განთავსების სიხშირე ძირითადად ემთხვევა სამუშო დღეებს, თუმცა მოიცავს დღესასწაულების პერიოდსაც. რაც შეეხება სიახლეების რაოდენობას, ეს რიცხვი 3-ს არ აღემატება დღეში, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ აღინიშნება სიახლეები 2 და 3 დღის განმავლობაში. თუ გადავწყვეტთ ავაგოთ გრაფიკი სიახლეების განთავსების სიხშირისა დროის სხვადასხვა მონაკვეთებში, ვნახავთ, რომ განაწილება ართმეტიკული პროგრესიის სიზუსტით არ მიმდინარეობს.

    სიახლეების ველშივე აღმოაჩენთ კალენდარს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სიახლეების მოძიება 2014 წლის 30 აგვისტოდან, მიუხედავად იმისა, რომ კალენდარი წლების მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია, უშუალოდ 2012 ან უფრო ადრეული წლების სიახლეებზე წვდომა შეუძლებელია. როგორც ასეთი, არ არსებობს არქივის ველი.


    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეკომპონენტი ინფორმაციულობის გასაზომად არის ინფორმაციის სტრუქტურის შესახებ ველი, რომელიც წარმოდგენილია საკმაოდ ვრცლად. იერარქიული მდგომარეობა გათვალისწინებულია თბილისის მერიის ხელისუფლების სტრუქტურის ველში, სადაც დამაკმაყოფილებლად არის წარმოდგენილი თითოეული თანამდებობის პირის ადგილი თბილისის მერიის სამსახურში და მათი კვალიფიკაცია აღნიშნულ სამსახურში.

    ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 2003 წლიდან, არის საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველი. ამავე ველში აღწერილია საფინანსო სამსახურის მიზანი, ამოცანები და ყველა ის ფუნქცია, რაც მას აკისრია. საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი ასევე მარეგულირებელი აქტები.

    შემდეგი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ენები. თბილისის მერიის ვებ-გვერდი მოიცავს ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა ინგლისურ ენაზე ყველა ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, რაც ქართულ ენაზე გვხვდება. ის რაც ინგლისურ ენაზე შეგვიძლია ვიპოვოთ არის თბილისის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ხელისუფლების იერარქიული სტრუქტურის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია. დანარჩენი ინფორმაცია, როგორიცაა საქალაქო სამსახურებისა და სერვისების შესახებ წვდომა, არ არსებობს. ინგლისურ ენაზე შეგვიძლია ვნახოთ შეთავაზებები ინვესტორთათვის, რაც ლოგიკურიცაა.

    დიზაინის მოქნილობას, რომელიც ინფორმაციულობის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს 10 ბალიანი სკალიდან 7 ქულით შევაფასებდი. ვებ-გვერდს არ აქვს ცალკე გამოყოფილი საიტის რუკა, თუმცა გვერდის ბოლოში არის ლეგენდა, რომელიც მთლიანად აღწერს ვებ-გვერდის დიზაინს და ინფორმაციის განლაგებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ვისაც სურს ამ ლეგენდის მეშვეობით გადავიდეს სხვადასხვა ინფორმაციაზე ან მიიღოს შესაბამისი მომსახურება, არ აქვთ ამის საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი კომპონენტი ამ ლეგენდისა არ მუშაობს და ვებ-გვერდის მთავარ ნაწილში არცაა წარმოდგენილი. მაგალითად, ლეგენდაში ერთ-ერთ კომპონენტად წერია „დაუკავშირდი მერს“, თუმცა რეალურად ეს არ მუშაობს, გარდა ამისა მთავარ მენიუშიც სერვისების ველში არაა მოცემული მსგავსი კომპონენტი. ვებ-გვერდს გააჩნია მერიის ერთიანი ინტერაქტიული რუკა, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ელემენტი თბილისისა, იქნება ეს პარკები, გამწვანებული ადგილები, რაიონის საზღვრები, ჰიდროგრაფია, გეოლოგია და სხვ. ბმულზე გადასვლისას შესაძლებელია ავტორაზაციის გავლა. ინფორმაციულობის ბოლო კრიტერიუმი არის ძებნის ფუნქციას, რომელიც საკმაოდ გამართულად მუშაობს.

    მეორე ნაწილი, რომელიც ინტერაქტიულობის კრიტერიუმზე გადის ელექტრონული მმართველობისა, საკმაოდ მოიკოჭლებს. ინტერაქტიულობის ქვე-ელემენტებია:

  • საიტზე იდენტიფიკაციის შესაძლებლობა;
  • სოციალური ქსელები;
  • ონლაინ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან;
  • ელექტრონული სერვისები (გადასახადები, ლიცენზიები და სხვ);
  • კომუნიკაცია ელ-ფოსტის მეშვეობით (რამდენ ხანში და რამდენად ადეკვატურად პასუხობენ წერილს).
  • ინტერაქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეკრიტერიუმია საიტზე იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც თბილისის მერიის საიტი განებივრებული არ არის. სამწუხაროდ, თბილისის მერიის ვებ-გვერდზე ნაკლებად შესაძლებელია ინტერაქტიული ურთიერთობა.

    რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, რომელიც ინტერაქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესადაა. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე ცალკეულ ველადაა გამოყოფილი საქალაქო სამსახურები, რომელთაგან თითოეულს აქვს სოციალური ქსელი Facebook-ი. რაც შეეხება თავად თბილისის მერიის ვერ-გვერდს აქვს სოციალური ქსელები Facebook, Twitter და Youtube. თბილისის მერიის Facebook-ის გვერდს 82 367 მოწონება აქვს, საკმაოდ ხშირად ახლდება გვერდი, არის ინფორმაციული და ინტერაქტიული. განახლებულ ინფორმაციაზე და კომენტარებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ გვერდის ადმინისტრატორი ცდილობს კომპეტენციის ფარგლებში გასცეს პასუხი თითოეული მომხმარებლის კითხვას თუ უბრალოდ კრიტიკას.

    კიდევ ერთი კომპონენტი ინტერაქტიულობისა არის ონალინ კომუნიკაციის შესაძლებლობა ადმინისტრატორთან, რომლის სერვისიც თბილისის მერიის ვებ-გვერდს არ აქვს, თუმცა წარმატებით მუშაობს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. რაც შეეხება ელექტრონულ სერვისებს, ვებ-გვერდზე ცალკე ველადაა გამოყოფილი კომპონენტი სერვისები, რომელიც აერთიანებს: ბაგა-ბაღების ერთიან სისტემას, არქიტექტურას, პარკირებას თბილისში, სამარშრუტო სქემას, ქონების მართვის სააგენტოს, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვის პროგრამებს. რამდენად კარგად და სწორად მუშაობს თითოეული ეს სააგენტო თუ პროგრამა ცალკე შეფასებას საჭიროებს. ის რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას ელექტრონულ სერვისებზე, პირდაპირი და მარტივი წესით მერიის ვებ-გვერდზე არ მოიძიება ისეთი სერვისები, როგორიცაა კომუნალური მომსახურება, ასევე ბაგა-ბაღში რეგისტრაცია, რეგისტრაცია ასევე სხვადასხვა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ სერვისების ველში ჩამოთვლილ კატეგორიებზე გადასვლითაა შესაძლებელი, თუმცა მაგალითად თუ განვიხილავთ პარკირებას, აქ ერთ-ერთ კომპონენტად შედის კომუნალური მომსახურება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არსებობს, მაგრამ არ მუშაობს. ყველა სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული სერვისები ან არ მუშაობს, ან გადაჰყავხარ სხვა გვერდზე, რომელიც უშუალოდ თბილისის მერიის მართვის პრეროგატივაში შეიძლება არ შედიოდეს. რა თქმა უნდა, იგივე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, ასევე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდები თავისთავად არის საინტერესო და დატვირთული სხვადასხვა შემოთავაზებებით. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინის მხრივ უკეთესად არის აწყობილი არქიტექტურის სამსახურის გვერდი, ასევე მარტივად საორიენტაციოა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდი. თითოეული მათგანი არის ინფორმაციულთან ერთად ინტერაქტიულობით გამორჩეული.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეკომპონენტი, შეიძლება ითქვას ელემენტი ინტერაქტიულობისა არის კომუნიკაცია ელ-ფოსტის მეშვეობით. ელ-ფოსტის მეშვეობით შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა, რომელსაც საკმაოდ გვიან პასუხობენ, თუმცა მოთხოვნის შესაბამისი და ადეკვატური პასუხით. მაგალითისათვის, მოვითხოვე ერთად შეკრებილი ინფორმაცია მხოლოდ თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებით გახარჯული თანხებისა. ინფორმაციის გამოთხოვის განაცხადი შევიტანე ამა წლის 16 დეკემბერს. განაცხადი დარეგისტრირდა თავისი უნიკალური ნომრით მხოლოდ 20 დეკემბერს. განაცხადის დარეგისტრირებიდან მეორე დღეს უშუალოდ დამიკავშირდნენ ინფორმაციის დასაზუსტებლად და ასევე იმის აღსანიშნად, რომ საიტზე ღიად მოიპოვება ეს ინფორმაცია და შემეძლო მარტივად მიმეგნო, თუმცა, როდესაც დავუკონკრეტე, რომ ეს ინფორმაცია გაშლილი სახით იყო წარმოდგენილი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად და მხოლოდ გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების შეკრებილი ვარიანტის მიღება იყო ჩემი მიზანი, მათ განაცხადეს, რომ ვერ დამეხმარებოდნენ, ვინაიდან საკმაოდ მძიმე შრომა იქნებოდა საჭირო დიდი პერიოდის მანძილზე სხვადასხვა წყაროში გაშლილი მონაცემების მოსაპოვებლად. რეალურად კომუნიკაცია, რომელიც შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შედგა. გარდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნისა თბილისის მერია ფლობს ზოგადად საკომუნიკაციო ელ-ფოსტას, რომლის გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია და გამოყენების შემთხვევაშიც კი არ გაძლევ გარანტიას, რომ პასუხს მიიღებ კითხვაზე, რომელიც დასვი ინტერესის გამო.

    ზოგადად ელექტრონული მმართველობის მესამე და ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ჩართულობა, რომელსაც თავისი ქვეელემენტები აქვს, ესენია:

  • გამოკითხვები (ღია/დახურული კითხვები);
  • ფორუმები;
  • ონლაინ პეტიციები;
  • ინიცირების შესაძლებლობა;
  • რეაგირება მოსახლეობის აქტივობაზე.
  • პირველი ასეთი ქვეკრიტერიუმია გამოკითხვები ღია ან დახურული კითხვებით. თბილისის მერიის ვებ-გვერდი არ გამოირჩევა ჩართულობის არც დაბალი და მითუმეტეს არც მაღალი ხარისხით. მსგავსი გამოკითხვები მუშაობის პროცესში არ დაფიქსირებულა.

    შემდეგი კრიტერიუმი, რომელიც მოსახლეობის ჩართულობის კუთხით არის მნიშვნელოვანი არის ფორუმების არსებობა, რომელიც ასევე წარმატებით არ არსებობს. ასევე 10 ბალიანი სკალიდან 0 ბალით ფასდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ჩართულობის უზრუნველმყოფი და ეს არის ონლაინ პეტიციები, რომლის სერვისიც თბილისის მერიიც ვებ-გვერდს არ გააჩნია.

    ვინაიდან და რადგანაც, ვებ-გვერდი ძირითადად ინფორმაციულია, არ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებასა და აქტიურ მონაწილეობას ქალაქის დღის წესრიგის ჩამოყალიბებასა თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე უარყოფითად შეფასდა მუშაობის პროცესში ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის არსებობს და ეს არის ინიცირების შესაძლებლობა, რაც სამწუხაროდ, შეუძლებელია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.

    შემდეგი და შეიზლება ითქვას უკანასკნელი კრიტერიუმი ჩართულობის ხარისხის დასადგენად არის რეაგირება მოსახლეობის აქტივობაზე. თბილისის მერიის ვებ-გვერდი არ იძლევა საშუალებას მოსახლეობამ გამოხატოს თავისი აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფუნქცია თბილისის მერიის Facebook გვერდს აქვს შეთავსებული.

    თუ 10 ბალიან სკალას გამოვიყენებთ და ზემოთ აღნიშნულ სამ კრიტერიუმს (ინფორმაციულობა, ინტერაქტიურობა, ჩართულობა) ზოგადად შევაფასებთ, პირადად მე ვებ-გვერდს თავისი ყველა კრიტერიუმით მივანიჭებდი 6 ქულას. თუ უფრო მეტად ჩავშლით და განვიხილავთ თითოეულ კრიტერიუმს ცალ-ცალკე, მოგახსენებთ, რომ პირველ რიგში, ინფორმაციულობას შევაფასებდი 7 ბალით, ინტერაქტიურობას შევაფასებდი 5 ქულით, ხოლო ჩართულობას 0-ით.

    საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მერიის ვებ-გვერდის შეფასების მეშვეობით, რომელიც ემყარებოდა სამ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორებიცაა ინფორმაციულობა, ინტერაქტიულობა და ჩართულობა, დავადგინე, რომ თბილისის მერია არის ერთპიროვნულად მოქმედი ორგანო/ორგანიზაცია, რომელიც არ ითვალისწინებს, თავისი ქალაქის მოსახლეობის აზრს, არ იღებს ინოვაციურ იდეებს მოსახლეობის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისაგან თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენებისაგან, არ აძლევს საშუალებას უბრალო მოქალაქეს იყოს ჩართული თავისი ქალაქის ყოველდღიური გაუმჯობესების პროცესში.

    0
    4
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
    ქრისტინე ქაფიანიძე
    4
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0