x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გაღვიძების დროა
ქეთი გაბინაშვილი

განაცხადმა, რომ ჯარის პოპულარიზაცია საბავშვო ბაღიდან უნდა დავიწყოთ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ქილიკის საგანი გახდა გარკვეული ადამიანებისათვის. არცაა გასაკვირი ეროვნული იდეების აბუჩად აგდება ეპოქაში, სადაც პატრიოტიზმი სალანძღავ ტერმინად იქცა და სადაც სამშობლო კუჭზე გადის.

ეპოქები არ ქმნიდნენ ადამიანებს, მუდამ პიროვნებები ქმნიდნენ ეპოქებს. იყო აღმავლობისა და დაცემის საუკუნეები. იყო დიდგორიც და თავისი წილი „ვატერლოოც“ არ დაჰკლებია საქართველოს. გვყავდნენ გმირები და მოღალატეები... მაგრამ მუდამ ვიბრძოდით. ქართველ კაცს ხმალი არ ჩაუგიაო არასდროს, ალბათ, ამიტომ შევძელით გადარჩენა.

დღეს არანაკლებ მძიმე დრო უდგას საქართველოს, ახლაც „აღრეულები ვართ ერსა უცხოსა“, ისევ ავცდენილვართ „ჩვეულებისაებრ მამულისა სვლას“. ისევ გვჭირდება ბრძოლა გადარჩენისთვის. საბრძოლო იარაღი დღეს იქნება კალამია, ან იქნებ ჩვენი ომი დღეს ვენახში უნდა გადაწყდეს, მაგრამ არც ის მიტაცებული ტერიტორიები და მავთულხართები გვაქვს დასავიწყებელი. და სულ ერთია, რომელი საუკუნეა, რა დონეზე წავიდა წინ ტექნოლოგიები, ბირთვული იარაღისა და პოლიტიკური თამაშების შესახებაც ვიცით, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას დანებების, არ გვაძლევს უფლებას ღრმა ძილის.


ფაქტია, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და უნდა გავითავისოთ, რომ ვერც დემოგრაფიულ პრობლემებს მოვაგვარებთ მყისიერად, ვერც ჩვენს გეოგრაფიას შევცვლით და არც მსოფლიო გახდება ერთ დღეს ისეთი კეთილი, რომ თავის ბინძურ ხელებს შორს გასწევს ჩვენგან და საქართველო იქნება ისევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

მუდამ მცირე ერი ვიყავით და ყოველთვის გიგანტი იმპერიები გვიპირისპირდებოდნენ, მაგრამ ჩვენი დაშინება ვერ შესძლეს. ჩვენ არაბებსაც გადავურჩით და 26 წლის მეფემ კეისარიც დაამარცხა, რომ აღარაფერი ვთქვათ „ძლევაი საკვირველზე“. რა შეიცვალა დღეს? სად გაქრა ის შემართება, ბრძოლის ველზე რომ გაჰყვიროდა ქართველი: სიკვდილი ან გამარჯვებაო? იმედი მინდა გაგიცრუოთ მათ, ვისაც რუსი „ნაშები“ გენატრებათ, აქაც მათი „მადლიერები“ უნდა ვიყოთ. მას შემდეგ დატრიალდა საქართველოს ბორბალი უკუღმა, რაც რუსეთმა დაგვარწმუნა, მტერი კი არა, მეგობარი ვარ, შენ პატარა და უმწეო ხარ, აწი დაიძინე და მე ვიბრძოლებ და მე ვიფიქრებ შენს ნაცვლადო. კი ვწევართ მას შემდეგ ლუარსაბებივით და ბუზებს ვითვლით.

ჩიხირთმასა და ბოზბაშზე ზრუნვაში ისე გაერთნენ მშობლები, რომ დაავიწყდათ შვილისთვის სამშობლოს განცდა ჩაენერგათ, მისთვის თავგანწირვა და სიყვარული ესწავლებინათ. აბა უსიყვარულოდ კი რისი ჯარისკაცი ხარ, რას დაიცავ, რას მოუფრთხილდები? ქვეყანამ, რომელიც ბრძოლამ გადარჩინა და რომლის სისხლშიც მეომრების ძალა და ცეცხლია, საკუთარი ჯარისკაცი, იაფ მუშახელად - დაცვის სამსახურად აქცია. და საბოლოდ იქამდე მივედით, ერი, რომელსაც 100 000 მოწამე ჰყავს, ხალხი, რომლისთვისაც ბედნიერება იყო სამშობლოსათვის სიკვდილი, სადაც მიაჩნდათ, რომ ბრძოლის ველზე მკვდარი წმინდა იყო, დღეს გარკვეულ სექტებში წევრიანდება, მხოლოდ იმისთვის, რომ სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს.

ომი არ მსურს, მაგრამ არც პაციფისტობას დავიჩემებ. მიმაჩნია, რომ სიცოცხლე არც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მის გამო ღირსებაზე უარი თქვა! დიახ, 21-ე საუკუნეში, ბირთვული იარაღის ეპოქაში, იმ დროს, როცა ამერიკა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გაყოფით არიან დაკავებულნი, ჩვენ უნდა გავიღვიძოთ და გადარჩენისთვის ბრძოლა დავიწყოთ. დიახ, ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა, ქალმაც და მამაკაცმაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თავდაცვა ვისწავლოთ. ეროვნულ იდეას პოპულარიზაცია საბავშვო ბაღიდან კი არა, დაბადების პირველივე წამიდან სჭირდება!

ქეთი გაბინაშვილი


1
212
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
212
  
2019, 6 სექტემბერი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1