x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გვარამიას ახალ არხს პოლიტიკური გადაცემების უფლება მიენიჭა
image


5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. ახლადშექმნილი ტელეკომპანია შპს „კომედი არხის“ ლიცენზიასა და სიხშირეს იყენებს. თუმცა, ამ ლიცენზიას მხოლოდ გასართობი პროგრამების გაშვების უფლება აქვს და მოდიფიცირების გარეშე საინფორმაციო-პოლიტიკურ გადაცემებს ვერ გადასცემდა.


კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.


არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.



"მთავარ არხს" უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება. ინფორმაცია არხის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.


"ლიცენზია მოდიფიცირებულია!

მთავარ არხს უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება!

9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ვიწყებთ! მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება", -ნათქვამია ინფორმაციაში.

.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში იმ პირობებზე წერს, რაშიც “მთავარი არხის" გუნდს ამ ეტაპზე უწევს მუშაობა.

.

“ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის.


არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები:)


ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.


როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


დღეს კიდევ ერთი დეტალი გაირკვა. რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს. ქაშიაშვილის განცხადებით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა.


"საინტერესო იყო ორივე შემოთავაზება... მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა და ჩვენმა ერთობამ საინტერესო, ახალი და თანამედროვე ჟურნალისტიკა დაამკვიდრა ქართულ რეალობაში", — ამბობს ის.


მისივე თქმით, როდესაც რუსთავი 2-დან კურიერის გუნდი წამოვიდა, ლოგიკური იყო რომ გუნდი დაიშლებოდა, რადგან ბაზარზე ორი ახალი ტელევიზია გაჩნდა. ქაშიაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობრების ნაწილი მთავარ არხზე წავიდა, ნაწილი — ფორმულაზე, ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.


ალეკო მალხაზიშვილი „რუსთავი 2“-ზე კომედი შოუს გუნდის დიდ ნაწილთან ერთად რჩება და აგრძელებს იმ გადაცემების კეთებას, რომელთა ხილვასაც მიჩვეულია მაყურებელი ამ ტელეკომპანიის ეთერში, მათ შორისაა „გვიანი შოუ“, „გააცინე და მოიგე“, „ფარული კონვერტი“, „გააცინე და მოიგე“.


როგორც ალეკო მალხაზიშვილი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში აღნიშნავს, ნიკა გვარამიას და სხვა არხიდანაც ჰქონდათ შეთავაზება, მაგრამ მათი გუნდის 50 ადამიანიდან მხოლოდ 13 წავიდა, დანარჩენები კი დარჩნენ:


„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და არ ვაპირებთ პოლიტიკის შეცვლას. ხელმძღვანელობისგან რაიმე სახის ზეწოლა თუ იქნება, მერე ჩვენც ავდგებით და წავალთ. დღევანდელი სიტუაცია ასეთია – იმავენაირად აგრძელებენ მუშაობას, „რუსთავი 2“-ზე რჩება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ჩვენი გუნდი აკეთებდა.


რაც შეეხება ვანოს შოუს“, ამ ფორმატსაც ვინარჩუნებთ, უბრალოდ, სხვა წამყვანი იქნება. ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა, ვინ იქნება გადაცემის წამყვანი. მოკლედ, ახალ სეზონს ახალი გამარჯვებებით ვიწყებთ“.


როგორც ალეკო მალხაზიშვილი ამბობს, ხელისუფლების კრიტიკა მათი მხრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება. იუმორისტი არ საუბრობს შიდა ამბებზე, რა მიზეზით გადაწყვიტა გუნდის დიდმა ნაწილმა „რუსთავი 2“-ზე დარჩენა.


საბოლოოდ გაჟღერდა, რომ პირველ ეტაპზე, დროებით, „მთავარი არხი“ სწორედ „იბერიას“ აპარატურითა და სტუდიების გამოყენებით გავა ეთერში. ახალი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები და ნანუკას შოუ იქნება. ამ პროცესში ნიკა გვარამიას ერთ-ერთი პარტნიორი ზაზა ოქრუაშვილი იქნება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე live ეთერში განაცხადა.


„კურიერის“ ნაცვლად საინფორმაციო გამოშვებას ერქმევა - „მთავარი ამბები“. საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ჩვეულ დროს გავა 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე... 9 საათიან შემაჯამებელ გამოშვებას კვლავ დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობიშვილი გაუძღვებიან, დღის გამოშვებებს კი თამარ ბაღაშვილი და მიშა სესიაშვილი.


პოსტსკრიპტუმის ნაცვლად „კვირის მთავარი“ იქნება, რომელსაც კვლავ გიორგი გაბუნია გაუძღვება და გადაცემა ეთერში ყოველ კვირას 21:00 საათზე გავა.


„კვირის აქცენტებს“ შეცვლის „მთავარი აქცენტები“ - კვლავ 22:00 საათზე იხილავს მაყურებელი და მას ისევ ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია გაუძღვებიან.


ეთერში იქნება ნანუკა ჟორჟოლიანის სოციალური თოქშოუ, რომელიც ჩანაწერის ნაცვლად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ახალ გადაცემას მაყურებელი ეთერში გასვლის პირველივე კვირას იხილავს.


ნოდარ მელაძე არ აკონკრეტებს რა სახელწოდება ექნება შაბათის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, თუმცა ფორმატს უცვლელს ტოვებენ.


დილის, შუადღისა და ღამის გადაცემები ეთერს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

.

„ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები, ამას მოგვიანებით გეტყვით, ეს მოლაპარაკებების საგანია, დღეს კი მთავარი არის ის, რომ ზაზა ოქუაშვილის და ჩემი შეთანხმებით, სწორედ „იბერიის“ შენობაში განვათავსებთ „სტაფს“, გვაქვს საეთერო სტუდია და ვიწყებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

.

მისი სიტყვებით, ვისაც ნამდვილი „კურიერის“ ნახვა სურს, ისევ ცხრა საათზე, ოღონდ „მთავარზე“ უნდა დაელოდოს, საინფორმაციო გამოშვების სახელი იქნება „მთავარი ამბები“ - "მთავარზე". ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ უნდა ებრძოლონ დღეს მედიაბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მასობრივ ტელევიზიას, „იმედს“.

.

გვარამიას თქმითვე, "აუცილებლად უნდათ, რომ არხზე ახალი სახეებიც გამოჩდნენ". ცნობილია, რომ „მთავარ არხს“ უკვე აქვს გარანტირებული ყოველთვიური ბიუჯეტი.

.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ “მთავარი არხის” ლიცენზირების შესახებ მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. ახალი არხის დამფუძნებლების განმარტებით კი მათ ამგვარი განცხადება საერთოდ არ სჭირდებათ - რადგან გვარამიას არხი ლიცენზიას უკვე ფლობს. არხი ბინას დიღომში, ასტრა პარკის შენობაში დაიდებს. გასართობმა ცენტრმა ფართი უკვე დაცალა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდრე შენობა კეთილმოეწყობა, შესაძლოა გვარამიას არხმა მაუწყებლობა „იბერიას“ შენობიდან დაიწყოს.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.


ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0