ფსიქოლოგია შფოთვა, შფოთვის სახეები და სიმპტომები 2019, 3 სექტემბერი, 20:20 შფოთვა, ეს არის ფსიქოვეგეტატური მდგომარეობის დარღვევის სუბიქტური ასახვა, რომელიც წარმოქმნის ფსიქიკური სტრესის ყველაზე ინტიმურ მექანიზმს და საფუძვლად უდევს ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დიდ ნაწილს.შფოთვა კლინიკურად ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით. იზრდება დაძაბულობის შეგრძნება, რაც აძნელებს რეალურად საფრთხის შემცველი და უმნიშვნელო გამღიზიანებლის ერთმანეთისგან გარჩევას. შფოთვის ფიზიოლოგიური გამოვლინებები შეიძლება იყოს:გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, ოფლიანობა, კუნთოვანი დაძაბულობა, გუნებაგანწყობის დაქვეითება, წყვეტილი ძილი, სხეულის დაჭიმულობა და ა.შ. შფოთვა, რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს. შიში, (ამათგან შიში ბაზისური ემოციაა) სევდა, განრისხება, ინტერესი, სირცხვილი, ამ ემოციათა სხვადასხვაგვარი კომბინაცია განსაზღვრავს შფოთვის ინტენსივობას და სპეციფიკას. შფოთვა, როგორც პროცესი გულისხმობს გარემოში არსებული სტრესული გამღიზიანებელი ან პიროვნების შინაგანი სამყაროდან მომდინარე, მუქარის შემცველი სტიმულის გავლენით აქტუალიზებულ კოგნიტურ, აფექტურ და ქცევით რეაქციებს. ზიგმუნდ ფროიდი გამოყოფს ნევროტულ შფოთვას და ობიექტურ შფოთვას. ობიექტური შფოთვის შემთხვევაში გარემოში არსებული რეალური სიტუაცია ინდივიდის მიერ აღიქმება, როგორც სახიფათო, რასაც მოსდევს საფრთხის ინტენსივობის პროპორციული ემოციური რეაქცია. ნევროტული შფოთვის შემთხვევაში საფრთხის წყარო პიროვნების შინაგან სამყაროში არსებობს. ფროიდის მიხედვით ბავშვობაში დათრგუნული, განდევნილი სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ცდილობენ ცნობიერებაში ამოსვლას, რაც აღიქმება, როგორც სახიფათო და იწვევს ნევროტულ შფოთვას. გარდა ამისა, არსებობს შფოთვის სამი სახე, ესენია:შფოთვა, როგორც სიტუაციური მდგომარეობა, შფოთვა, როგორც მოტივაციური კონსტრუქტი და შფოთვა, როგორც პიროვნული მახასიათებელი. 1.შფოთვა, როგორც სიტუაციური მდგომარეობა — საშიშროების გაურკვეველი წყაროდან საფრთხის მოლოდინით აღძრული უსიამოვნო ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაძაბულობის სუბიექტური შეგრძნებით. ამ სახის შფოთვა სიტუაციის გავლენით არის აღძრული და სიტუაციის ცვლილების შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. 2.შფოთვა, როგორც პიროვნული მახასიათებელი — განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას აღიქვას მთელი სამყარო, როგორც პოტენციური საფრთხის მატარებელი. ასეთ შემთხვევაში „შფოთიანობა“ უფრო მდგრადი პიროვნული მახასიათებელია და სიტუაციიდან სიტუაციამდე არ იცვლება. შფოთიანობა უშუალოდ ქცევაში არ ვლინდება, თუმცა მისი დონის განსაზღვრა შესაძლებელია განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და რა ინტენსივობით წარმოიქმნება ეს მდგომარეობა ინდივიდში. 3.შფოთვა, როგორც მოტივაციური კონსტრუქტი — აქ შფოთვა განიხილება, როგორც აქტივობის ხელშემწყობი ან შემაფერხებელი. ითვლება, რომ შფოთვის გარკვეული ინტენსივობა აუცილებელი და სასარგებლოა წარმატებული მოქმედებისთვის. შფოთვის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს შექმნილი სიტუაციის ანალიზი, რასაც მოსდევს სახიფათო სიტუაციაზე რეაქციის სამი ფორმა „გაქცევა“ — სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევით მოტივირებული, “აგრესია'' — საფრთხის წყაროს განადგურებით მოტივირებული და „სტუპორი“ — ყველანაირი მოქმედების შეწყვეტა. ამრიგად, შფოთვა ეს არის გარკვეული რეაქცია გარე გამღიზიანებელზე, რომელსაც ერთ შემთხვევაში შეუძლია სარგებლობის მოტანა, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს გარე სამყაროსთან ადაპტაციისას. 75 შეფასება არ არის
|