x
image
მანჩო 777
ხუთი დღე ''სიყვარულის ქალაქში" - ჩემი პარიზული შთაბეჭდილებები
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უოცნებია სანუკვარ ქალაქში ან ქვეყანაში მოგზაურობაზე. ზოგს ეგვიპტის პირამიდების ნახვა და მეფეთა ველის დალაშქვრა აქვს ნატვრად გადაქცეული, ზოგს რომის კოლიზეუმისთვის თვალის შევლება და ვენეციის ქუჩებში გონდოლით გასეირნება, სხვებს კიდევ ჰავაის ეგზოტიკურ სანაპიროებზე გარუჯვა ესიზმრებათ ღამ-ღამობით... აი თქვენი მონა-მორჩილი კი დიდი ხანია საფრანგეთის დედაქალაქის მონახულებაზე ოცნებობდა. ბავშვობიდანვე დიდი სურვილი მქონდა, საკუთარი თვალით მეხილა ვიქტორ ჰიუგოს მიერ ხოტბაშესხმული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ერთხელ მაინც გამესეირნა ელისეს მინდვრებზე და დაუვიწყარი სამახსოვრო ფოტოები გადამეღო პარიზის სიმბოლოდ ქცეულ ეიფელის კოშკთან. ჰოდა თუ ძალიან მოვინდომებთ, ოცნებებიც ხდება და მეც ამ ზაფხულს შესაძლებლობა მომეცა ხუთიოდე დღით მემოგზაურა პარიზში. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები და ემოციები, რაც ჩემში დატოვა ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა და ულამაზესმა ქალაქმა.



image


დღე პირველი - ელისეს მინდვრები, ტრიუმფალური თაღი, ლუქსემბურგის ბაღი


ქუთაისის აეროპორტიდან 4, 5 საათიანი ფრენის შემდეგ "ვიზეარის" თვითმფრინავით პარიზის გარეუბანში მდებარე ბუვეს აეროპორტში დავეშვით. ჩემდა გასაკვირად, სასაზღვრო კონტროლიც საკმაოდ იოლად გავიარეთ (მოგეხსენებათ, ბოლო ხანებში საფრანგეთმა საკმაოდ გაამკაცრა საპასპორტო რეჟიმი და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზეც კი იყო საუბარი საქართველოს მხრიდან ემიგრანტების დიდი ნაკადის გამო) და აეროპორტის შენობიდან გამოსულმა გავაცნობიერე, რომ უკვე საფრანგეთის მიწაზე ვდგავარ.




image



ბუვეს აეროპორტიდან გამოსულებს ქართველი ტაქსისტები შემოგვეხვივნენ და სასტუმრომდე მიყვანა შეგვთავაზეს, თუმცა ჩვენ წინასწარ გვქონდა შეძენილი ავტობუსის ბილეთები და უარი ვუთხარით ამ მომსახურებაზე. აეროპორტიდან პარიზამდე 80 კილომეტრი გვქონდა გასავლელი, რომელიც კომფორტული ავტობუსით 40 წუთში დავფარეთ. საფრანგეთის დედაქალაქი მოწმენდილი ცითა და მზიანი ამინდით შეგვეგება. საოჯახო სასტუმროში დავბინავდით, ცოტა დავისვენეთ და ქალაქის დასალაშქრად გავეშურეთ.

იმისათვის, რომ კომპაქტურად გაგვენაწილებინა დრო და რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნაობა გვენახა, წინასწარ შევადგინეთ გეგმა, თუ რომელ დღეს რა ადგილები დაგვეთვალიერებინა, თან მუზეუმების ბილეთებიც წინასწარ, ონლაინ შევიძინეთ, რამაც მომაბეზრებელ, უსაშველო რიგებში დგომას გადაგვარჩინა. რახან ჩვენი სასტუმროდან ყველაზე ახლოს ტრიუმფალური თაღი მდებარეობდა, გეზიც იქეთ ავიღეთ.



image



ტრიუმფალური თაღი შარლ-დე გოლის მოედანზე მდებარეობს და მისგან პარიზის 16 მნიშვნელოვანი პროსპექტი გამოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ თაღი პარიზის ცენტრის თითქმის ყველა წერტილიდან მოჩანს და ქალაქური პეიზაჟის შესანიშნავ ფონს ქმნის. თაღი გაცილებით უფრო დიდი ზომის და გრანდიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ფოტოებით წარმომედგინა. მასზე ოთხივე მხრიდან ამოტვიფრულია ბარელიეფები. შიდა კედლებზე საფრანგეთის პირველი იმპერიის გენერლების სახელებია ამოკვეთილი, ხოლო სვეტებზე - ნაპოლეონის მოგებული ომების სახელწოდებები. ზედა ფრიზზე ფრანგი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, მათ ზემოთ კი ოცდაათი ფარია გამოკვეთილი - რევოლუციისა და ნაპოლეონის გამარჯვებების სიმბოლო. თაღის ძირში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მასზე მოგიზგიზე მარადიული ცეცხლი დაგვხდა, ხოლო როცა თაღს ჩრდილოეთის მხრიდან შემოვუარეთ, თვალწინ გადაიშალა პარიზის (და ალბათ მსოფლიოს) ყველაზე ცნობილი, ულამაზესი და დიდი პროსპექტი ელისეს მინდვრები (les Champs-Élysées).



image



ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა ჯო დასენმა პარიზის ამ საზეიმო გამზირს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. ამბობენ, რომ პარიზელები განსაკუთრებულ სიყვარულს არ განიცდიან ამ ადგილის მიმართ, თუმცა დღეს ქალაქის მთავარი სადღესასწაულო მარში სწორედ აქ იმართება, სწორედ აქ ხვდებიან პარიზელები ახალ წელს და უძრავი ქონების ფასების მიხედვით შანზ-ელისეს გამზირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ადგილია.





გამზირის პირველი ნახევარი ფეხით სეირნობის ფუნქციას ასრულებს. ეს ისტორიული ნაწილია: ჯერ კიდევ XVI საუკუნის ბოლოს მარია მედიჩმა აქ თელის ხეების პირველი ხეივანი გააშენა, რითაც საფუძველი ჩაეყარა პროსპექტის მშენებლობას.

ელისეს მინდვრების მეორე ნაწილს კი გამზირი ტურისტებისათვის სამოთხის ადგილად გადაუქცევია. კაფეების, რესტორნების, პატარა ბუტიკებისა და მაღაზიების მრავალფეროვნება უწყვეტ სადღესასწაულო გარემოს ქმნის. ბრჭყვიალა, კაშკაშა, გაჩირაღდნებული ვიტრინები თვალს გჭრიან ფუფუნებითა და სიმდიდრით და თავისკენ გიწვევენ. აქ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების საფირმო მაღაზიები:" შანელი", "ლუის ვიტონი", "პიერ კარდენი", " ვალენტინო", "ტომ ფორდი" და სხვები ერთმანეთს ეჯიბრებიან გემოვნებასა და სტილში, ხოლო პარფიუმერიის გიგანტური ცენტრებიდან გამომავალი არომატი ანდამატივით იზიდავს გამვლელებს, განსაკუთრებით კი-ქალბატონებს.



image



განა საკითხავია, რომ ელისეს მინდვრებზე მოვხვდებოდი და ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირის-გრაფი მონტე-კრისტოს ყოფილ სახლს არ მოვინახულებდი? აი ისიც-ელისეს მინდვრები 30-სახლი, რომელშიც ალექსანდრე დიუმას ყველაზე ცნობილი რომანის გმირი ცხოვრობდა.



image



დღეს ამ სახლში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმლის მაღაზიაა გახსნილი, სახლს მემორიალური დაფა ამშვენებს, რომელზეც ფრანგულადაა რაღაც წარწერა გაკეთებული, თუმცა მე მხოლოდ ''მონტე-კრისტოს'' ამოკითხვა შევძელი (რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ იდუმალი გრაფი მონტე-კრისტო მხოლოდ დიუმას მიერ გამოგონებული პერსონაჟია და რეალურად ის არ არსებობდა, თუმცა მერე რა, თუ პარიზელებს სჯერათ ამ მითების, ჩვენც დავიჯეროთ... ცოტაოდენი ფანტაზია არ გვაწყენს :).

ელისეს მინდვრების შემდეგ ლუქსემბურგის ბაღს ვესტუმრეთ. ლუქსემბურგის ბაღი კიდევ ერთი პარიზული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ჯო დასენმა ძალიან თბილი და ლამაზი მელოდია მიუძღვნა.





პარიზელები ბაღს სიყვარულით ლუკოს" უწოდებენ და შაბათ-კვირას სიამოვნებით სტუმრობენ მას ოჯახთან ერთად. ბაღი რამდენიმე ჰექტარს მოიცავს, თუმცა ჩვენ მხოლოდ მისი მცირე ნაწილის დათვალიერება მოვასწარით. ცენტრალური პარკის შუაგულში საფრანგეთის სენატის შენობა დგას. სენატის ეზოში შესვლა ტურისტებისათვის აკრძალულია, მის ჭიშკართან დაცვა დგას და მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას. ბაღი საოცარი სილამაზისაა-აქ ერთმანეთს ცვლიან მარადმწვანე მცენარეებისაგან ფორმირებული კედელი-ხეივნები, ლავანდის, პეტუნიების, გვირილების, ასტრების და სხვა ყვავილების კვლები, ულამაზესი გაზონები, შადრევნები, მწვანე მდელოები და მათ შორის მიმობნეული სკულპტურები. ბაღის ცენტრში მდებარე პატარა აუზის გარშემო კი საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია განთავსებული.



image


ამბობენ, რომ ლუქსემბურგის ბაღი პოპულარული იმ საოცარი სიმშვიდის გამო გახდა, რომელსაც ის ანიჭებს ადამიანს. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ბაღს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა, ირგვლივ ისეთი სიწყნარე და აურა იდგა, რომ საკმარისი იყო მთელ პერიმეტრზე მიმოფანტული უამრავი კომფორტული სკამიდან რომელიმეზე მოკალათება, თვალების დახუჭვა და ოცნებებში ჩაძირვა.



image



ზუსტად ასე მოვიქეცი, თუმცა ოცნებებიდან პოლიციელის სასტვენის უხეშმა ხმამ გამომიყვანა და ფეხზეც წამომახტუნა შეშინებული: ჩემს ახლოს რამდენიმე პოლიციელს მოეყარა თავი და გამწარებული უსტვენდნენ, შიგადაშიგ კი რაღაცას გაჰყვიროდნენ. მეგონა, რომ ვიღაც საშიში დამნაშავე აღმოაჩინეს და მის დასაჭერად იყვნენ თავშეყრილი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ბაღის დატოვებისაკენ მოუწოდებდნენ დამსვენებლებს, რადგან მის დაკეტვამდე რამდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი. ასე რომ, იძულებით მოგვიწია ამ მშვენიერი ადგილის დატოვება, თუმცა კი ძალიან გვინდოდა იქაურობა ღამის სინათლეებით გაჩირაღდნებული გვენახა.



image



პარიზელ პოლიციელებზე გაბრაზებულებმა ლუქსემბურგის ბაღი დავტოვეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა ლათინური კვარტალის მიმართულებით. ლათინური კვარტალი პარიზის ერთ-ერთი პოპულარული და ულამაზესი უბანია. სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი უძველესი და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმული და პრესტიჟული უნივერსიტეტი-სორბონის უნივერსიტეტი.



image



XII საუკუნეში დაარსებული უმაღლესი სკოლის კედლებიდან არაერთი ცნიბილი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი გამოსულა. უნივერსიტეტის მთავარი შენობა რამდენიმე ასეულ მეტრზეა გრძელდება და უამრავი ქანდაკებით, სკულპტურებითა და ორნამენტებითაა დამშვენებული. რადგან აგვისტო იყო და შესაბამისად არდადეგების პერიოდი, ირგვლივ სიწყნარე და სიჩუმე სუფევდა და მხოლოდ ტურისტების ფოტოაპარატების ჩხაკუნი არღვევდა მყუდროებას. წარმოვიდგინე, რა ბედნიერებაა აქ სწავლა.. ლექციებიდან დაღლილი გამოხვალ და შორიახლოს მდებარე ლუქსემბურგის ბაღში დაისვენებ, ან სულაც ბაღის რომელიმე კუნჭულში განმარტოვდები კონსპექტებით და წიგნით ხელში და გამოცდებისათვის იმეცადინებ....



დღე მეორე- გრევის მოედანი, ოტელ დე ვილე, კუნძული სიტე, ნოტრ-დამ


ქალაქთან გაცნობა პარიზის მერიის წინ მდებარე მოედნიდან გავაგრძელეთ. აქედან ნოტრ-დამი და კუნძული სიტე ხელის გაწვდენის მანძილზეა და თუ დიუმას, ბალზაკისა და სხვა ფრანგი კლასიკოსების რომანები წაგიკითხავთ, მოედნის ძველი სახელი თქვენთვის მრავლისმთქმელი იქნება. დიახ, ჩვენ თვალწინ გრევის მოედანი გადაიშალა მთელი თავისი დიდებულებითა და ხიბლით.



image



შუა საუკუნეებში ადამიანები აქ სამუშაოს საძიებლად მოდიოდნენ: სენას დამრეცი ნაპირი სამდინარო ხომალდებიდან ტვირთის დაცლის საშუალებას იძლეოდა. ეს არის მოედანი, სადაც პირველი მუნიციპალური ორგანო ჩამოყალიბდა; მოედანი, სადაც წვრილფეხა ქურდებს, ჯადოქრებსა და გრძნეულებს სიკვდილით სჯიდნენ, აზნაურებს თავს კვეთდნენ და სასტიკად უმკლავდებოდნენ მეფის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს. სწორედ აქ დაწვეს ჯოფრეი დე პეირაკი ლეგენდარული ფრანგული ფილმიდან "ანჟელიკა-ანგელოზების მარკიზა"...



image



დღეს კი მოედანს ბნელი წარსულის კვალიც კი არ შერჩენია: პარიზის მერიის რენესანსის სტილში აგებული შენობა Hôtel de Ville თავისი დიდებულებითა და დახვეწილობით მნახველის თვალსა და გულს იტაცებს. ჯადოქრების ნაცვლად გრევის მოედანზე ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები ერთმანეთს სკეიტბორდის ოსტატურად ტარებაში ეჯიბრებოდნენ და პარიზის უძველეს მოედანზე გამეფებულ სიმშვიდეს ჟივილ-ხივილით არღვევდნენ. ჩემი აზრით, გრევის (ამჟამად ოტელ-დე-ვილეს) მოედანზე მდებარე შენობა ოტელ-დე-ვილე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არქიტექტურული ძეგლია, რაც კი პარიზში ვიხილეთ.

რახან ქალაქის მერიის შენობიდან ნოტრ-დამის ტაძარი იმდენად ახლოს იყო, რომ მისი ქონგურებიც კი მოჩანდა, გადავწყვიტეთ ფეხით გაგვეგრძელებინა გზა კუნძულ სიტემდე, რომელიც პარიზის ნამდვილ გულს წარმოადგენს.

მდინარე სენა პარიზის ცენტრში ორ პატარა კუნძულს ქმნის. სიტეს და სენ-ლუისს. პატარა, მაგრამ არქიტექტურული ძეგლებითა და ისტორიული შენობებით დახუნძლული კუნძული სიტე ქალაქის ისტორიის პირველ ათ საუკუნეში პრაქტიკულად მთელ პარიზს წარმოადგენდა.



image



ნახევრად გადამწვარი ნოტრ-დამი მდუმარედ და მოწყენით შემოგვეგება. ჩაშავებული ქონგურებმა, დანახშირებულმა კედლებმა და უზარმაზარმა ამწემ, რომელიც ტაძრის ეზოში დგას, ჩემს თვალში ვერაფერი დააკლო მის სიდიადეს და სილამაზეს. არ დაგიმალავთ და ცრემლებიც კი მომერია ამ გულსაკლავი სანახაობის ხილვაზე. როგორ წარმოვიდგენდი, რომ პარიზში ჩასვლას ვეღირსებოდი და ვიქტორ ჰიუგოს მიერ ხატოვნად აღწერილი ნოტრ-დამის შიგა ინტერიერს, ულამაზეს ვიტრაჟებს და კოშკებს ვერ ვიხილავდი. ტაძარი წამოსვლის წინა დღესაც მოვინახულეთ მეორედ, თუმცა ორივეჯერ კაციშვილი არ გვინახავს მის შიგნით და როგორც ჩანს, ჯერჯერობით არანაირი სამუშაოები არ არის დაწყებული მის აღსადგენად.



image


დღე მესამე- მონმარტრი, ''მულენ რუჟი'', ეიფელის კოშკი, სენაზე გასეირნება

განა შეიძლება პარიზს ესტუმრო და მისი ძველი უბანი-მხატვრების და ხელოვანების საყვარელი ადგილი-მონმარტრი არ მოინახულო?

მონმარტრი – მხატვრების ქუჩა – ყველაზე ცნობილი უბანია პარიზში (მონმარტრი- წამებულთა მთას ნიშნავს სიტყვა სიტყვით) . მას ეს სახელი ფრანგი დიდმოწამის, არქიეპისკოპოსის, საფრანგეთის მფარველის წმინდა დენისის გამო ეწოდა, რომელსაც სწორედ ამ მიდამოებში მოჰკვეთეს თავი.



image



მონმარტრი მხატვრების უბანია-ადგილი სადაც სახელოსნოები ჰქონდათ ისეთ ცნობილ ფერმწერებს, როგორებიც არიან: სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, კლოდ მონე, პიტ მონდრიანი, ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო და სხვები.

ტიპიური სურათი მონმარტრის ერთ-ერთ უბანში: მხატვარი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავს სულ რაღაც 10 ევროდ. ამდაგვარი მხატვარი მონმარტზე, კერძოდ კი ტერტრის მოედანზე ათეულობითაა. ისინი სიამოვნებით დახატავენ თქვენს პორტრეტს რამდენიმე წუთში ან თავიანთ ნახატებს მოგყიდიან.



image


ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებით აღმართს ავუყევით და პარიზის ყველაზე მაღალ ადგილზე ავედით, სადაც ულამაზესი ტაძარი მდებარეობს- შეწირული გულების ტაძარი. ნატიფი და დახვეწილი შენობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თეთრ კათოლიკურ ტაძრადაა აღიარებული.



image



ტაძრის ღობეზე უამრავი ბოქლომია შებმული. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ მოდიან შეყვარებულები და მარადიული სიყვარულის ნიშნად ღობეზე ჰკიდებენ ჩაკეტილ ბოქლომებს, რომლებზეც სახელების პირველი ასოებია დაწერილი.



image


ბაზილიკიდან მულენ რუჟისაკენ დავეშვით და გზად კიდევ ერთი სიურპრიზი შეგვხდა - "სიყვარულის კედელი", რომელსაც უამრავ ენაზე ეწერა "მე შენ მიყვარხარ". ძალიან გაგვიხარდა, როცა ქართული წარწერაც აღმოვაჩინეთ.



image


წარმოუდგენელია მონმარტრი მულენ რუჟის გარეშე. მულენ რუჟი (ითარგმნება, როგორც "წითელი წისქვილი" ) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კაბარეა, რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულს გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს. დიდი სურვილი გვქონდა წარმოდგენას დავსწრებოდით, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა არამარტო ბილეთის სიძვირის გამო (ყველაზე იაფფასიანი ბილეთი 110 ევრო ღირდა). აფიშაზე გამოკრული განცხადება გვამცნობდა, რომ 18 ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ასე რომ, ''მულენ რუჟის'' მხოლოს ვიზუალური დათვალიერებით შემოვიფარგლეთ.



image


მონმარტრის სილამაზით მოხიბლულებმა გეზი პარიზის სიმბოლოდ ქცეული ეიფელის კოშკისაკენ ავიღეთ. სიმართლე გითხრათ და მეშინოდა, რომ საოცნებო ეიფელის კოშკი ისეთი ეფექტური და შთამბეჭდავი არ აღმოჩენილიყო, როგორიც სინამდვილეში წარმომედგინა, მით უმეტეს, რომ ბევრი ადამიანისგან მქონდა მოსმენილი: ''-ეიფელის კოშკი?- აბა რა სილამაზე მაგას კი აქვს- ერთი რკინის ჩონჩხია და მეტი არაფერი''... საბედნიეროდ, ეს ფიქრები არ გამართლდა და "პარიზის სინდრომსაც" გადავურჩი.... რაც უფრო ვუახლოვდებოდი '' პარიზელ აჟურულ ქალბატონს'', მით უფრო მეტად ვრჩებოდი მოხიბლული მისი დიდებულებითა და სილამაზით.



image



კოშკთან მისასვლელად მარსის ველის მხარე ავირჩიეთ. ლეგენდარული მარსის ველი, რომელზეც ოდესღაც ნაპოლეონი სამხედრო აღლუმებს აწყობდა, დღედღეობით პარიზელების და ტურისტების საყვარელ საპიკნიკე ადგილადაა ქცეული. ხასხასა მწვანე ბალახით დაფარულ უზარმაზარ ველზე უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი: წყვილები, ოჯახები ბავშვებთან ერთად, სტუდენტები, ტურისტები ფეხმორთხმული ისხდნენ მინდორზე, მხიარულად საუბრობდნენ, წრუპავდნენ ღვინოს ან წვენს, უკრავდნენ გიტარაზე და აკორდეონზე, მღეროდნენ, ხუმრობდნენ და ამასთან ერთად ეიფელის კოშკის სილამაზით ტკბებოდნენ, რომელიც ზღაპრული ქალბატონივით ყელმოღერებული ამაყად გადმოჰყურებდა ამ სანახაობას.



image



ვინ იფიქრებდა, რომ XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიო გამოფენის აღსანიშნავად პარიზში აგებული ეს რკინის ლედი პლანეტის ყველაზე პეწიანი ქალაქის სიმბოლო გახდებოდა?- ამჟამად ის სტრუქტურული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული.

ამასობაში დაღამდა და ჩვენს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა: ეიფელის კოშკზე სინათლეები ჩაირთო და რკინის ლედი აციმციმდა, რასაც მაყურებელთა შეძახილები და მხურვალე ოვაციები მოჰყვა. გაჩირაღდნებული ეიფელი ასმაგად უფრო ლამაზი გახდა, რადგან განათებები ძალიან ეფექტურად და გეგმაზომიერადაა დამონტაჟებული, მისი მეშვეობით კოშკის ყველა ნაწილი თანაბრად და შთამბეჭდავადაა განათებული.



image



ეიფელის კოშკიდან სულ ორასიოდე მეტრში სამდინარო ნავსადგურია, საიდანაც ღია გემები ყოველ ნახევარ საათში გადიან. მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მდინარე სენაზე გაისეირნონ და გემიდან დაათვალიერონ ღამის ქალაქი და მდინარე სენაზე გადებული ულამაზესი ხიდები. რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით, მით უმეტეს, რომ ერთსაათიანი გასეირნება არც ისე ძვირი-12 ევრო ღირდა. თუ პარიზში მოხვდებით და ამინდიც ხელს შეგიწყობთ, აუცილებლად გაისეირნეთ სენაზე. ასეთ თვალწარმტაც სილამაზეს სხვაგან ვერსად ნახავთ.




დღე მეოთხე- ვერსალის სასახლე და ვერსალის ბაღები


მცირეხნიანი ვიზიტისას პარიზში შეიძლება ბევრი რამის ნახვა ვერ მოასწრო, მაგრამ ვერსალი ის ადგილია, სადაც ფეხი აუცილებლად უნდა დაადგა -ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ვერსალის სასახლის და ბაღების დათვალიერებას ერთი დღე დავუთმეთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში მისი მხოლოდ მცირე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ნახვა მოვასწარით. ფრანგი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია ვერსალი საფრანგეთის ჩრდილოეთით, ილ დე ფრანსის რეგიონში, პარიზიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. მეთექვსმეტე საუკუნემდე ვერსალი მხოლოდ ერთი პატარა სოფელი იყო, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთის მეფე ლუი XIII ესტუმრა. მომავალ გვირგვინოსანს თვალი მოსჭრა ვერსალის ველურმა ბუნებამ, განსაკუთრებით კი თვალუწვდენელმა ველებმა. მან უმალვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი და 1622 წელს აგურისა და ხისაგან მცირე ზომის სანადირო კოტეჯი ააგო. გამეფების შემდეგ იგი ვერსალის ლორდად გამოცხადდა და უფრო აქტიურად განაგრძო თავშესაქცევი სამფლობელოს გაფართოება, თუმცა კომპლექსმა დასრულებული სახე მხოლოდ ლუი XIV-ის დროს მიიღო.



image



ლუი XIV განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა ქალაქისადმი, პირადად ესწრებოდა სამუშაოებს და წვრილმან დეტალებსაც კი თვითონ აპროექტებდა. ხელისუფლების განსამტკიცებლად, ასევე დიდებულთა რეგიონული ამბოხების თავიდან ასაცილებლად, ის სამეფო რეზიდენციის დედაქალაქიდან გადმოტანას აპირებდა. მეფემ საგანგებოდ მოიწვია იმ დროის საუკეთესო არქიტექტორი ლუი ლევუ ვერსალის პროექტის ხელმძღვანელად, მასთან ერთად კი შარლ ლებრენი - ინტერიერის დეკორირების, პალატებისა და კედლების მოსახატად. ცნობილმა ფერმწერმა და მებაღემ ანდრე ლენოტრმა სასახლის ირგვლივ უნიკალური ბაღები გააშენა. სამეულმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და სულ რამდენიმე წელიწადში პარიზის მოკრძალებული გარეუბანი ხელოვნების სრულქმნილ ნიმუშად გადაიქცა.

ვერსალში ელექტრომატარებლით გავემგზავრეთ. სასახლესა და ბაღში შესასვლელი ბილეთები წინასწარ-ონლაინ გვქონდა შეძენილი. ამ გადაწყვეტილების სისწორეში მაშინ დავრწმუნდით, როცა სასახლესთან მისულებს ორიკილომეტრიანი რიგი დაგვხდა. საბედნიეროდ, ონლაინ ბილეთების მფლობელებისათვის ცალკე შესასვლელი იყო, სადაც მხოლოდ ოციოდე ადამიანი იდგა რიგში. რამდენიმე წუთიც და ვერსალის დიდებულ სასახლეში შევდგით ფეხი.



image


შესასვლელში ტურისტული გზამკვლევის ოფისია მოწყობილი, სადაც შესაძლებელია სასახლის და ბაღების რუკის და აუდიოგიდის შეძენა, რომელიც ოთხ სხვადასხვა ენაზე მოგვითხრობს თითოეული დარბაზის დანიშნულებასა და ისტორიას. ვერსალის სასახლის ყველა დარბაზი ერთიმეორეზე მშვენიერია, თუმცა სარკეებიანი დარბაზი განსაკუთრებით გამორჩეულია. ჩვიდმეტი მოსარკული თაღი ამდენივე სარკმლიდან შემოსულ სინათლეს ირეკლავს. სარკეები კი სულ 357-ია. დარბაზში შესულს კედლების და ჭერის ულამაზესი მოხატულობა და ბრწყინვალება თავბრუს გასხამთ. დარბაზიდან დარბაზში გადასვლისას კი თვალს იტაცებს ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული უამრავი ეპიკური ტილო, რომლებზეც ძირითადად ბატალური სცენებია ასახული.


image



არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა მეფეების საცხოვრებელმა, საძინებელმა თუ მისაღებმა ოთახებმა თავიანთი დახვეწილი, მდიდრული დიზაინითა და არქიტექტურით, თუმცა თვალში გვხვდებოდა ისიც, რომ დარბაზები თითქმის ცარიელი იყო და ავეჯის ძალიან მწირი რაოდენობა იდგა. აუდიოგიდმა ამის მიზეზიც გვითხრა: საფრანგეთის რევოლუციის დროს აჯანყებულებმა დარბაზებს ხელი არ ახლეს, თუმცა ავეჯი და ძვირფასი ნივთები მთლიანად გაზიდეს და შემდეგ ეს ნივთები აუქციონზე გაიყიდა. როცა ვერსალის სასახლე მუზეუმად გადაკეთდა, ბევრს ეცადნენ ავეჯი და მეფის პირადი ნივთების მოეძებნათ, თუმცა ამაოდ. სავარაუდოდ, ისინი იდუმალი კერძო კოლექციონერების საკუთრებაშია.



image



სასახლის დათვალიერების შემდეგ ვერსალის ბაღები მოვინახულეთ, თუმცა ბაღები კი არა, მისი მხოლოდ მცირე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ვერსალის ბაღებს მთლიანად 800 ჰექტარი უჭირავს და დამეთანხმებით, ამ ფართობის დათვალიერებას ერთი დღე კი არა, ერთი კვირაც არ ეყოფოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი არცერთი ხე არაა შემორჩენილი, მას არ დაუკარგეს პირვანდელი ფორმა და ნარგავები გამუდმებით განახლებას განიცდიან.



image



განსაკუთრებით უნიკალური და მნიშვნელოვანია ბაღში გაბნეული შადრევნები, ყველაზე მეტად მოგვხიბლა აპოლონის, დრაკონის, ჰერკულესის შადრევნებმა, თითოეული მათგანი უნიკალური სკულპტურებით და ქანდაკებებითაა შემკული და ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ შადრევნებისათვის წყლის მიწოდების მიწისქვეშა სისტემა ლუი XIV-ის დროინდელია და დღესაც გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს. დასიცხულებმა შადრევნის წყლით გაგრილებაც მოვინდომეთ, თუმცა შადრევნებთან გაკეთებულმა წარწერამ, რომ წყალი ბინძურია და შეიძლება ადამიანი მოწამლოს, ამ განზრახვაზე ხელი აგვაღებინა.



image


განსაკუთრებით მომეწონა საზაფხულო სამეჯლისო დარბაზის შადრევანი, რომლის წინ საცეკვაო მოედანია მოწყობილი.



image



აი სწორედ აქ აწყობდა ლუი XIV მეჯლისებს და თავდავიწყებით ცეკვავდა მარკიზა დე პამპადურთან ერთად, რომელსაც ბაღის ბოლოში საკუთარი მცირე სასახლე-ტრიანონი აუგო. მცირეო-ვამბობ, თორემ ეს მშვენიერი - ინგლისურ-ჩინურ სტილში მორთული შენობა რამდენიმე ათეულ ოთახს მოიცავს და ხელოვნების ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. სწორედ ტრიანონის დათვალიერებით დავასრულეთ ვერსალში ვიზიტი და საშინლად დაღლილები (ვერსალში 14 კილომეტრი გავიარეთ ფეხით ერთ დღეში), მაგრამ უზომო შთაბეჭდილებით სავსენი დავბრუნდით პარიზში.



image


დღე მეხუთე - პერ-ლაშეზის სასაფლაო, ლუვრი და ისევ ნოტრ-დამი


პარიზში ყოფნის ბოლო დღე პერ-ლაშეზის სასაფლაოს მონახულებით დავიწყეთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უდიდესი სასაფლაოა, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული - ფრანგები და არაფრანგები. მთლიანად სასაფლაო 40 ჰექტარზეა გადაჭიმული და მისი თავიდან ბოლომდე ნახვა ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი ადამიანის საფლავი მოვინახულეთ, მათ შორის ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის

image


კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის


image


ოპერის მომღერლის მარია კალასის


image


და რაღა თქმა უნდა, სახელგანთქმული ჯიმ მორისონის. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შევიტყეთ, ამერიკელი მომღერლის, პოეტისა და კომპოზიტორის, ჯგუფ "The Doors"- ის სოლისტის საფლავი ყველაზე მონახულებადია და მას ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, ძირითადად მუსიკოსის ფანატები, თუმცა ძალიან ხშირია ვანდალიზმის ფაქტებიც. რამდენიმე წლის წინ მორისონის საფლავიდან მისი ბიუსტიც კი მოიპარეს ფანატებმა.



image


მიუხედავად იმისა, რომ ახალი საფლავებიც შეგვხვდა ალაგ-ალაგ, პარიზის მთავარ სასაფლაოზე ძირითადად XIX საუკუნის საფლავებია და უმეტესი მათგანი, მათ შორის ცნობილი ადამიანების საფლავებიც პირვანდელი სახით, უცვლელადაა შემონახული..ავიღოთ თუნდაც შოპენის და ბალზაკის საფლავები: უბრალო, ხავსმოდებული ქვები და არც თუ ისე მოვლილი საფლავები ერთი შეხედვით ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს და მელანქოლიურ განწყობაზე გაყენებთ, თუმცა მეორე მხრივ, მათ სულაც არ სჭირდებათ მდიდრული სამუდამო განსასვენებლები, რადგან უბრალო ადამიანების გულებში საუკუნოდ დაიდეს ბინა.



image



პერ-ლაშეზის სასაფლაოდან გამოყოლილი სევდიანი განწყობა ლუვრის ნახვამ გამოგვიკეთა. თუ პერ-ლაშეზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა მსოფლიოში, სამაგიეროდ ლუვრი ყველაზე სახელგანთქმული და უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში.

მეტროდან ამოსულები პირდაპირ ლუვრის ეზოში მდებარე მინის პირამიდის წინ აღმოვჩნდით და გეზი მუზეუმის შესასვლელისკენ ავიღეთ.



image


მოგეხსენებათ, ლუვრი თავდაპირველად საფრანგეთის სამეფო სასახლეს წარმოადგენდა, 1793 წლის რევოლუციის შემდეგ კი ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.



image



ლუვრის მუზეუმი უზარმაზარია და მისი დათვალიერება ერთ დღეში კი არა, ერთ თვეშიც კი შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები მოგვენახულებინა. ცნობილი გამონათქვამის არ იყოს -" ყველა გზა რომში მიდისო", ლუვრში ყველა გზა "მონა ლიზასკენ'' მიდის. მართლაც, თითქმის ყველა სართულზე, ყველა მოსახვევში, ყველა დარბაზის კედელზე იყო მაჩვენებელი ისარი, რომელიც მიუთითებდა, თუ როგორ უნდა მივსულიყავით ლეონარდო და ვინჩის შედევრთან. უდაოდ, ის ყველაზე მონახულებადი ექსპონატია ლუვრის მუზეუმში.



image



ჯოკონდას მაცდური ღიმილის სანახავად საკმაოდ გრძელ რიგში მოგვიწია დგომა, თუმცა რიგი მალე მიიწევდა წინ, რადგან დაცვის თანამშრომლები ტილოს პირისპირ სანახავად მხოლოდ 30 წამს გაძლევენ. დამეთანხმებით, რომ ასე წამიერი შეხედვით ძნელია ამ შედევრის სილამაზე აღიქვა და შეაფასო, თუმცა სამახსოვრო სელფის გადაღებას ყველა ახერხებდა. ჩვენი რიგიც მოვიდა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალბატონის პორტრეტიდან სულ ორიოდე მეტრში აღმოვჩნდი, თუმცა აჟიტირებულმა და განცდებით აღვსილმა მისი წესიერად დათვალიერებაც კი ვერ მოვასწარი, რომ დაცვამ მკაცრად მიგვითითა გასასვლელისაკენ.



image



ზოგიერთი ფანატიკოსი ორჯერ და სამჯერაც დგებოდა რიგში ტილოს ხელახლა სანახავად. მეც დავაპირე მაცდური ჯოკონდასთვის მეორედ ჩამეხედა თვალებში, თუმცა ჩემი თანამგზავრების მუქარამ, რომ იქ მიმატოვებდნენ და მარტოს მომიწევდა ლუვრის დარბაზებსა და ლაბირინთებში გზის გაკვლევა, ეს აზრი გადამაფიქრებინა. სინანულით გამოვეთხოვე ''მონა ლიზას'' და გეზი ანტიკური ქანდაკებებით და სკულპტურებით სავსე დარბაზისკენ ავიღეთ.



image



ვენერა მილოსელის და ქალღმერთ ნიკეს ქანდაკებაც მოვინახულეთ,



image


ცნობილი ფერმწერების ცნობილ ტილოებსაც შევავლეთ თვალი,


image


უძველესი ლურსმული დამწერლობის ექსპონატებიც ვიხილეთ და ჰამურაბის კანონებიანი ქვის სტელაც,


image


ყველაზე დიდი დრო კი ეგვიპტურ განყოფილებაში დავყავით. რას არ ნახავთ აქ: უძველეს ქანდაკებებსა და სარკოფაგებს,



image



ძველ ეგვიპტურ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, მონეტებს, საოჯახო ჭურჭელს, ულამაზეს ამფორებსა და მოხატულ ლარნაკებს, კაიროს ფარაონების სასახლიდან მოხსნილ თითქმის მთლიან კედლებს და ნამდვილ მუმიასაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ლამის მთელი მეფეთა ველი პარიზის ლუვრშია ჩამოზიდული.



image



რადგან ჩვენი მოგზაურობის ბოლო საღამო იყო, ისე როგორ წამოვიდოდით, რომ კიდევ ერთხელ არ გვენახა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - მით უმეტეს, რომ ლუვრიდან ნოტრ-დამამდე სულ 30 წუთი მოვუნდით ფეხით მისვლას. ნახევრად დანახშირებულ, სევდიანად მომზირალ კვაზიმოდის ტაძარს ბოლოჯერ შევავლე თვალი და იმ იმედით დავემშვიდობე, რომ ოდესმე ისევ ვიხილავდი მას, ოღონდ უკვე აღდგენილს და ძველი დიდებით მოსილს.



image



განა შეიძლება პარიზიდან ისე წამოსვლა, რომ სენას ნაპირთან არ ჩამოჯდე, ჩამავალი მზის ფონზე არ უსმინო მდინარის ტალღების შრიალს, არ დატკბე ალექსანდრეს ხიდიდან გადაშლილი სინათლისა და სიყვარულის ქალაქის ულამაზესი ხედით? სწორედ ასე დავემშვიდობე ამ დიდებულ ქალაქს იმ იმედით, რომ ოდესმე, თუნდაც წლების მერე კიდევ ვიხილავ მის მშვენიერებას.



image


და კიდევ: რა მომეწონა და რა არ მომეწონა პარიზში?


ხალხი- პირველ რიგში, ძალიან მომეწონა ფრანგი ხალხი- მომღიმარი, თავის ქალაქზე მზრუნველი ადამიანები: დახვეწილი, ხშირად არც ისე ლმაზი, მაგრამ რაღაც საოცარი შარმის მქონე ქალბატონები და თავაზიანი, კეთილღიმილიანი მამაკაცები. ერთი რამ, რაც შევნიშნე: პარიზში იშვიათად შეხვდებით მძიმეწონიან ადამიანებს... ფაქტია, რომ ეს ხალხი თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნავს: ყოველ დილით გვაღვიძებდა ქუჩაში მორბენალი ადამიანების ფეხის ხმა. დილაობით სირბილი და ვარჯიში, როგორც ჩანს, აქ ძალიან პოპულარულია. დარბის ქალი, კაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი...

რადგან პარიზში ჩვენი ვიზიტი შაბათ-კვირას დაემთხვა, გაგვაფრთხილეს, რომ ყვითელჟილეტიანების მიტინგებს და მარშებს გადავაწყდებოდით სადმე, მაგრამ ასეთი არაფერი გვინახავს. როგორც ჩანს, იმ ცხელ ამინდში შეეზარათ გაფიცვებზე გამოსვლა. :)

ტრანსპორტი- ყველაზე მეტად რამაც გამაოცა პარიზში, ეს იყო საოცრად მოწესრიგებული ტრანსპორტი. თბილისზე მოსახლეობის რაოდენობით ორჯერ დიდ ქალაქში (+ 2 მილიონამდე ტურისტი თვეში) ფაქტიურად ვერ ნახავთ საცობს.



image



ქუჩაში დადის ძალიან ცოტა ავტომობილი, უმეტესი მათგანი ფრანგული წარმოებისაა-ფრანგები პატრიოტები არიან და თავიანთი საშუალო დონის მანქანები ურჩევნიათ უფრო მაღალი კლასის უცხოურ ავტომობილებს. თითქმის არ შეგვხვედრია "ჯიპი" და "ჰიბრიდი''. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრშიც ბევრი ადგილას ვიყავით და მის გარეუბანშიც, არსად არცერთი ბენზინგასამართი სადგური არ მინახავს. გვითხრეს, რომ ისინი ნაკლებად დასახლებულ უბნებში, მოფარებულ ადგილებზეა განთავსებული უსაფრთხოების და ეკოლოგიის დაცვის მიზნით.



image



ქალაქის გზები გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე ტროტუარები. თითქმის ყველა ქუჩაზე, ლამის ყოველ 20 მეტრში შეხვდებით ველოსადგომებს, სადაც ველოსიპედები, მოპედები და სამთვლიანი სკუტერებია განთავსებული. ახალგაზრდების ( და არამარტო ახალგაზრდების) უმრავლესობა სწორედ ამ ტრანსპორტით სარგებლობს-იაფია, მოსახერხებელი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო.



image



და კიდევ, ყველაზე მთავარი, რის წყალობითაც ქალაქში საცობები არ არის, მეტროა. პარიზში მეტროს 14 ხაზია, რომელთაგან თითოეული 20 სადგურს მოიცავს. არის ძალიან ახლო გაჩერებები და ფაქტიურად მეტროთი შესაძლებელია ქალაქის ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ქუჩაზე მოხვედრა. მეტროს ყველა სადგურზე, ყველა ამოსასვლელთან განთავსებულია პარიზის რუკა და იმ უბნის გეგმა, სადაც ეს სადგური მდებარეობს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ პარიზის მეტროში სიბინძურეა და უწესრიგობა, არაფერი ამდაგვარი მე იქ არ მიგრძვნია: პირიქით, ყველა სადგური მოვლილი და სუფთა იყო, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ძალიან უბრალოდაა გაკეთებული-მარმარილოთი და სხვა ძვირფასი მასალებით მოპირკეთების გარეშე, უბრალოდ ის კარგად ასრულებს თავის ფუნქციას-მგზავრთა გადაყვანას. ჰო, მართლა, ძალიან გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ მეტროს ერთ-ერთ სადგურს სტალინგრადი ერქვა.



image



დიახ, ტრანსპორტის პრობლემა ამ ქალაქში 100%-ითაა მოგვარებული და თბილისური საცობების შემდეგ ძალიან გავოცდი, რომ ერთხელაც არ მოგვეცა საშუალება გაგვეშარჟებინა ცნობილი გამონათქვამი " არ გახდა პარიზი?". საბედნიეროდ, პარიზი მართლაც არ "
გახდა", ოღონდ კარგი გაგებით.


არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა: ის, რომ პარიზი ისტორიული ქალაქია და იქაური სახლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ლუი XIV -ის დროსაა აშენებული, ფაქტია, მაგრამ აქსიომაა ისიც, რომ ფრანგები საოცრად უფრთხილდებიან თავიანთ დედაქალაქს. გამაოცა სახლების საოცარმა წყობამ, არქიტექტურამ, განაშენიანებაში დაცულმა წესრიგმა: ვერსად, ვერცერთ ქუჩაზე ვერ ნახავთ " ჩაკვეხებულ" უსახურ მაღალსართულაინ კორპუსებსა და სავაჭრო ცენტრებს, მიშენებულ აივნებსა და ლოჯიებს, აივანზე დაყრილ ხარახურასა და გაფენილ სარეცხს. თითქმის ყველა აივანი ყვავილებითაა დამშვენებული, სახლების პირველ სართულებზე და ღია კაფეები და რესტორნებია მოწყობილი, სადაც პარიზელები საღამოობით იკრიბებიან და ჭიქა ღვინოზე გვიანობამდე საუბრობენ და მხიარულობენ.



image



თბილისის შემდეგ მეუცხოვა ის, რომ პარიზში ძალიან ცოტა აფთიაქია (სულ ორ-სამჯერ მოვკარი თვალი აფთიაქს) და არც ისე ბევრი სუპერმარკეტი. სამაგიეროდ თითქმის ყველა დიდ ქუჩაზეა სკვერები, ბაღები, უბრალო მწვანე ბალახით დაფარული პატარა კორომები, სადაც საღამოობით პარიზელები ისვენებენ უშუალოდ ბალახზე ფეხმორთხმულნი.

და კიდევ, თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ პარიზის ქუჩებში ვერ ნახავთ მანწანწალა ძაღლებს და კატებს (ვაჟას ძეგლის ტერიტორიაზე საღამოს ვერ გაივლი, იმდენი მაწანწალა ქუჩის ძაღლი და კატა დაძრწის, ხშირია შემთვევები, როცა ძაღლებმა გამვლელები დაკბინეს)... არ ვიცი, როგორ მოაგვარეს პარიზელებმა ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ წარმატებით.


რა არ მომეწონა პარიზში- ერთადერთი, რითაც სინათლისა და სიყვარულის ქალაქში დიდად ვერ აღვფრთოვანდი, ეს ფრანგული სამზარეულოა. დიდად ვერც ფრანგული ტრადიციული ხახვის სუპით მოვიხიბლე და ვერც ბოლონეზეთი.



image



აბა რის კონდიტერი ვიქნებოდი, ნამდვილი ფრანგული კრუასანი და ეკლერი რომ არ დამეგემოვნებინა, ცუდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მეტს ველოდი.



image


რაც მართალია, მართალია: ალბათ არ მიწყენენ ფრანგები, თუ ვიტყვი, რომ კულინარია და ტრადიციული კერძები ქართველებს უფრო კარგი და გემრიელი გვაქვს. თუმცა ეს ჩემი-როგორც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე შეყვარებული გურმანის მიკერძოებული აზრია. კიდევ ერთი- მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი წყლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია ევროპაში, საშინლად არ მომეწონა იქაური წყლის გემო-არადა რამდენიმე სახეობა გავსინჯეთ, თუმცა ყველა მათგანი საკმაოდ უგემური აღმოჩნდა. აფსუს, ჩვენი ბახმარო, ნაბეღლავი ან ბაკურიანი... დამერწმუნეთ, ყველაზე ცნობილი ფრანგული წყალიც კი ვერცერთ მათგანთან ვერ მოვა გემოვნებითი თვისებებით.


ამ არასასიამოვნო ნოტაზე რომ არ დავასრულო ჩემი შთაბეჭდილებების წერა, გეტყვით, რომ პარიზი მართლაც რომ სიყვარულის ქალაქია: თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით საქორწინო ტანსაცმელში გამოწყობილ წყვილებს, რომლებიც პარიზის ცნობილ თუ უცნობ ადგილებში მოდიან დასაქორწინებლად. ერთხელ სასტუმროს ფანჯრიდან კორეულ ტრადიციულ საქორწინო ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილიც კი დავინახე ქუჩაში. შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ფანჯრიდანვე გადავუღე ფოტო. როცა შენიშნეს, რომ მათით დავინტერესდი, გამიღიმეს და ხელი დამიქნიეს.



image


დიახ, პარიზი-ესაა საოცრებათა ქალაქი, სინათლის და სიყვარულის ქალაქი, ეს არის ქალაქი-მუზეუმი, სადაც თითოეული შენობა ხელოვნების ნიმუშია... ერთი სიტყვით, ასი პროცენტით ვეთანხმები ერთ ცნობილ გამონათქვამს:

" პარიზი - ეს არის ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ!''



ეს კი პარიზში ჩემს მიერ გადაღებული ფოტოებისგან გაკეთებული ვიდეოკოლაჟია



(სტატიაში გამოყენებული ფოტო და ვიდეო მასალა გადაღებულია ჩემს მიერ)



14
132
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
132
  
2019, 3 ოქტომბერი, 23:46
2019, 3 ოქტომბერი, 23:44
მაკა
2019, 3 ოქტომბერი, 23:41
შეუდარებელი ხარ აქამდე ვერ ვნახე სტატია რაღაც მიზეზების გამო და მშვენიერი განტვირთვა გამომივიდა
2019, 3 ოქტომბერი, 23:30
მინდოდა თითოეულ თქვენთაგანამდე მომეტანა განცდილი და დასამახსოვრებელი მომენტები, ამიტომ თითქმის 2 კვირა მოვუნდი ფოტოების გადაქცევას ტექსტად. მგონი ცუდი არ გამოვიდა :)
2019, 3 ოქტომბერი, 23:28
ალექს
2019, 3 ოქტომბერი, 22:56
მანჩო
2019, 3 ოქტომბერი, 22:07
ვაა მანჩო მოკლედ იმენა ძალიან მაგარი ხარ რაა.. მემაყები
2019, 3 ოქტომბერი, 0:21
როგორ რუსები იტყვიან "ტოჟე ხლება". :)
2019, 2 ოქტომბერი, 23:59
კენჭები დამავიწყდა ..ხურდა ფული კი გადავყარე მდინარე სენაში :)
2019, 2 ოქტომბერი, 23:46
რომანტიკის და ოცნების გარეშე ცხოვრება აზრს დაკარგავდა.
ჟურნალისიკიდან ისე შორს ვარ, როგორც დედამიწა მთვარისაგან. :)
უბრალოდ აქაურობას შევეჩვიე და თან მცირედი დამატებითი თანხა გაჩნდა, რომელსაც გამოტანის მეორე დღესვე მეზობლის ბავშვებს ვურიცხავ.
სიკეთის გაკეთება ჯობია ყოველთვის.
იმედია კენჭები წამოიღეთ პარიზიდან, დაბრუნება იცისო გამიგია. :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10