x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ბოლოლოგი
ქეთი გაბინაშვილი

მე გუშინ მომკლეს. ჯერ კიდევ არ დამიტოვებია მიწა. დავყურებ შავებში გამოწყობილ ახლობლებს და გული მწყდება, რომ გუშინ, როცა მე მკლავდნენ არც ერთი მათგანი არ იყო ჩემთან, არც ერთმა მათგანმა არ სცადა ჩემი დაცვა და გადარჩენა.

უცნაური დიაგნოზი დასვა ექიმმა: ერთი წვეთი სისხლიც კი არ მაქვს ძარღვებში და ამიტომ გული გაჩერდა. გამოვიკვლევთო პათოლოგიას, დაგვითმეთო გვამი. არ ქნეს. არ გაატანეს. კვლევები, ძვირფასო პროფესორო, ბევრს ვერაფერს გეტყოდა. ეგ სისხლი წვეთ - წვეთად, მტკივნეულად იშრიტებოდა ჩემი სხეულიდან. თითო უძილო ღამეს თითო წვეთი სისხლი მიჰქონდა. კვლევა მაშინ რომ დაგეწყოთ, როცა ფერდაკარგული, ტკივილით დაბინდული თვალებით დავდიოდი, იქნება მიმდინარე პროცესს უფრო ცხადი გაეხადა ეგ თქვენი კვლევა, მაგრამ ცოცხალ ქალებს ჩვენში არავინ ეკითხება, როგორაა. ვის სცალია ქალის თვალებში ტკივილის ამოსაკითხად.

გუშინ მოვკვდი განთიადისას. მზე ჯერ არ ამოსულიყო, სხივებს ღრუბლები მალავდნენ. წვიმდა. ჰაერი არ მყოფნიდა მთელი ღამე. სუნთქვა მიჭირდა. აივანზე გასვლა მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ნამთვრალევ ქმარს არ გაეღვიძა და მერე როგორ ავუხსნიდი, რას ვაკეთებდი აივანზე, სადაც ათასმა კაცმა შეიძლება შემნიშნოს. სადაც ვინმეს შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდეს, თუ ბედნიერია, ღამე რა არ აძინებს და რატომ დგას აივანზეო. ჩვენ, ქალები, ხომ მუდმივად ბედნიერებად უნდა გამოვიყურებოდეთ. სინამდვილეში კი უჰაერობისაგან მოვკვდი და ის ბოლო წვეთი სისხლი, რომელიც ჯერ კიდევ დაგორავდა ჩემს გამომშრალ ძარღვებში შიშისგან გაქრა.


სიკვდილი არ დამინახავს, მხოლოდ მისი ნაბიჯის ხმა ვიგრძენი და შიშმა თმაში ჩამავლო ხელი და ისე მომქაჩა, თავის ქალა ლამის ამძვრა. არ მიყვირია, მხოლოდ ზეწარს ჩავავლე ლაქგადაცლილი ფრჩხილები და ცრემლი ჩემ დაუკითხავად ჩამოგორდა ლოყაზე. მადლობა ღმერთს, ეს ცრემლი არავის დაუნახავს, გაშრა, სანამ ქმარი გაიღვიძებდა. ქმარმა კი გაიღვიძა და გაოცება ვერ დამალა, მე რომ ჯერ ისევ საწოლში ვიყავი და ქურასთან არ ვტრიალებდი.

უკვე 9 წელია ყოველ დილით ცხელ სადილს ვახვედრებ. თუ კარგ ხასიათზე გაიღვიძა, დილით მესალმება, ერთი-ორჯერ, მგონი ეს ის დღეები იყო, რომ დააწინაურეს და სამსახურში ყველაფერი კარგად მიდიოდა, შუბლზეც მაკოცა. მთელი თვე მეყო ეს კოცნა ბედნიერებისათვის. თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, და ასეთი იყო თითქმის ცხოვრების ნახევარზე მეტი, არ დამელაპარაკება, შეჭამს, მერე თეფშს ხელის ზურგით მაგიდის ბოლოსკენ მიაცურებს და სალაფავიაო მიაყოლებს. ამ სალაფავს ბოლო ლუკმამდე ჭამს, რადგან არაჩვეულებრივი მზარეული ვარ და არასდროს აკლია ჩემს მომზადებულ სადილს მარილი.

სანამ ქმარი ჭამს, მე ქურას ვწმენდ, ან ჭურჭელს ვრეცხავ, ანუ ძალიან დაკავებული, საქმიანი იერი მაქვს, არ მინდა მაგისი საყვედურების მოსმენა, სადმე მტვერს შეამჩნევს, ან თუ ვერ იპოვნა იტყვის იყო და მე გადავწმინდე, უარგისი ხარ და არაფერს აკეთებო. ვერიდები დილიდანვე ჩხუბით დაწყებას.

გუშინ დილით რომ წამოჯდა და სარკის ანარეკლში ჩემი სხეული დალანდა, ხელი წამკრა ფეხზე, შენ რა გძინავსო, მე, რასაკვირველია, არ გამეღვიძა. მერე ხმამაღლა დამიძახა რამდენჯერმე და აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში პირსახოცის ამარა რომ დაბრუნდა და ჯერ ისევ საწოლში ვიყავი, ნეტა დაგენახათ რა სახე ჰქონდა. გაფართოვებული თვალები, სისხლმოწოლილი ბრაზი, ხელის ერთი მოქნევით გადამაძრო საბანი. არც ისე კარგი შესახედავი ვიყავი, სიმართლე ითქვას, მეც შემზარა საკუთარმა თავმა. გალურჯებული, ღიად დარჩნილი პირი, გაშავებული სახე. ხომ გინახავთ გულით მკვდრები რა ფერს იღებენ, თან მოკუნტული სხეული, ასე ემბრიონის ფორმაში მიყვარს წოლა. მისმა ბღავილმა კადლები ააზანზარა. ოთახიდან გავარდა, მეც უკან გავედევნე, სამზარეულოს კედლებს აწყდებოდა ერთ ხანს. თურმე ეშინია. გაგიჟდები, ხანდახან სამყარო რა სამართლიანია, მთელი ცხოვრება მისი მეშინოდა და თურმე თავად უფრო შინებია ჩემი, მართალია მკვდრის, მაგრამ ეს რომ მცოდნოდა, იქნება იმ სიმწარით სავსე ღამეებში, კიდევაც დამელია საწამლავი და შური მეძია.

მთელი ორი დღეა თავში ხელებს იშენს, არ ვიცი მართლა ასეთი ბრიყვია და ვუყვარდი თუ ენანება ის ცხოვრება, სახლში უფასო მოსამსახურე რომ ჰყავდა.

3 საათის მკვდარი აღმოვჩნდი, შესაბამისად ძალიან რთული გახდა ჩემი გასწორება, ძვლებში დამამტვრიეს, რომ კუბოში ჩავტეულიყავი. პირი მაინც ვერ დამახურინეს, კი ამაკრეს ბინტები, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. საშინელი მიცვალებული ვარ, არა და სულ მეგონა, ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბით და წითელი ტუჩსაცხით დამკრძალავდნენ. შავი შარვალი და შავი პერანგი ჩამაცვეს. შავი ფერი უყვარდა ძალიანო. ჭირის დღესავით მძულს შავი ფერი, უბრალოდ ჩემს შინაგან მდგომარეობას გამოხატავდა, ამით მინდოდა თქვენთვის გამეგებინებინა, რომ ცუდად ვარ, დავტირი საკუთარ თავს, მაგრამ როდის იყო, თქვენ ცოცხლებს, რაიმეს გაგება შეგეძლოთ.

რაღას ვიზამთ, ვერაფერს შევცლით. ერთი პირობა დავაპირე, ჩემს ქმარს დავესიზმრები და ვეტყვი, რომელი კაბა უნდა ჩამაცვან-მეთქი, მაგრამ ცხოვრებაში ჩემი თხოვნა არ გაუთვალისწინებია და ახლა რომ დაეჯერებინა, ძალიან დამწყდებოდა გული. თან ის დღე გამახსენდა, ეგ კაბა რომ ვიყიდე და ისე მეტკინა ეს გახეთქილი გული, კინაღამ მეორედ მოვკვდი.

ჩვენი ქორწინების 5 წლისთავი მოდიოდა. რამდენჯერაც ფეხს დამიდებდა ცხოვრება და ტალახში მომადენინებდა ზღართანს, იმდენჯერ ვდგებოდი და თავიდან ვიჯერებდი, ცხოვრება დღესასწაულია და თუ გუშინ რაღაც არ იყო ისე, როგორც გინდა, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. უცნაური ვინმე ვარ, საოცარი უნარი მაქვს, არ დავინახო, რისი დანახვაც არ მინდა და ჩემთვის სასურველი რეალობა შევიქმნა.

მე არ ვმუშაობდი, ქალი სახლში უნდა იყოსო, ჰოდა, მედო თაროზე ჩემი ორი დიპლომი და ვალაგებდი სახლებს. რადგან საკუთარი ფული არ მქონდა, მუდმივად სხვისი ხელის შემყურე ვიყავი, ამიტომ ცოტა ტყუილის თქმაც მიწევდა, რამდენჯერმე ბაზრის ფულიდან 2-3 ლარი გადავინახე, მერე ტაქსიში არ ჩავჯექი და ფეხით მოვედი სახლამდე, მოკლედ, ასე წვალებით შევაგროვე ფული, მისი გაოცება მინდოდა. ჩვენ წვეულებაზე ვიყავით მიწვეული, კი, ასეთ ადგილებში დავყავდი, საჭიროა, ყველამ იფიქროს, რომ ყველაფერი კარგადაა.

მთელი თვე ვიარე კაბის ასარჩებად და ბოლოს ვარდისფერი აბრეშუმის კაბა ვიყიდიე. ფეხსაცმლის ქუსლებს მალავდა კაბის ბოლო და დეკოლტედან მაცდურად ჩანდა მკერდის ღარი. ძალიან მომიხდა, განათებსო, გამყიდველმა მითხრა, რა სხვანაირი ყოფილხარ სინამდვილეშიო.

დილიდან გავიკეთე მაკიაჟი, დავივარცხნე თმა, კანკალით გავაუთავე კაბა, შემთხვევით არ დამეწვას-მეთქი, ვიჯექი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა, მაგრამ არ მოვიდა. ძმაკაცები წავიდნენ ხინკლის საჭმელად და სულ გადაავიწყდა რესტორანი, სადაც სხვის სუფრასთან ვაპირებდი ჩვენი ქორწინების 5 წლისთავის აღნიშვნას.

ღამის 3 საათი იქნებოდა, რომ დამირეკა, ტაქსი გააჩერე და გამოდი, დავლიე და საჭესთან ვერ ვჯდებიო. ხო, საჭესთან ვჯდები ხანდახან, როცა თავად მთვრალია, მშვენივრად ვმართავ მანქანას, კაცივით დადიხარო, მეუბნება, როცა კარგ ხასიათზეა, გულისხმობს ძალიან კარგად მართავო. რა თქმა უნდა, თუ რამეს კარგად აკეთებ, კაცივით აკეთებ, თორემ ქალს სად აქვს მაგდენი უნარი. კი, ვერ შევედავები - გინდა კაცივით დაარქვი, გინდა შუმახერივით, მშვენივრად ვფლობ საჭეს, მაგრამ დამოუკიდებლად მართვის უფლება მაინც არ მაქვს, ათასი რამე ხდებაო, მიფრთხილდება. სინამდვილეში, ალბათ ტეხავს ქალი საჭესთან, ბევრი რომ არ გავაგრძელო, შინაური ძაღლივით ვარ, მხოლოდ საყელოთი შემიძლია ქუჩაში გასვლა. წინააღმდეგობას ხომ არ გავუწევდი, გადავიცვი ტანსაცმელი და მითითებულ სახინკლეში მივედი. რამდენიმე წუთი ველოდე კართან და მერე შევედი, საკმაოდ ციოდა და კანკალი დამაწყებინა. სიგარეტის კვამლში ქმრის პოვნა გამიჭირდა, ან როგორ მოვძებნდი, მე მას სადმე კუთეში ბიჭების გარემოცვაში ვეძებდი, ის კი სცენაზე იდგა და ვიღაც ქერა, ცისფერთვალება გოგოს ისეთი ჩახუტებული ეცეკვებოდა, მომერიდა ამ ინტიმური გარემოს დარღვევა და მის მეგობრებს ჩამოვუჯექი გვერდით. წყალი მოვითხოვე, ყელში გაჩხერი ბურთს გადაყლაპვა ხომ სჭირდებოდა, რომ ცრემლებად არ წამოსულიყო. განგებ ვარიდებდი თვალს.

მუსიკა მორჩა, მაგრამ არ დაშლილან, იდგა, მისი ხელი ხელში მოექცია და ღმერთმა იცის.

განთიადამდე ვიჯექი და ველოდი, როდის მორჩებოდა, იმ ვიღაც ტასიასთან თუ ანიასთან ფლირტს, ხმა არ ამომიღია, კიდევ უფრო არ მინდოდა თავისდამცირება, ამ ზნედაცემულ ბრბოსთან გატოლება. ასე შემრჩა ჩემი ვარდისფერი აბრეშუმის კაბა, როგორც ხსოვნა ქორწინების არშემდგარი წლისთავისა.

ძალიან მინდოდა იმ კაბის ჩაცმა, მაგრამ რა გაეწყობა, უკვე მოგახსენეთ მიზეზები, რატომაც არ მინდა ჩემს ყოფილს რაიმე ვთხოვო. სიმართლე ითქვას და რა აზრი აქვს, რა მეცმევა? მაინც მიწა უნდა მომაყარონ და მერე ნაფლეთებად იქცეს.

ჩემი სიკვდილი სხვანაირი წარმომედგინა, არ დაგიმალავთ და ხშირად მიფიქრია. მინდოდა ახალგაზრდა და ლამაზი მოვმკვდარიყავი, ახალგაზრდა ნამდვილად მოვკვდი. არა და ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა, მინდა რომ სიტყვა სიკვდილი არ არსებობდეს, გარდაცვალება გაცილებით უკეთ ჟღერს, გარ და ცვა ლე ბა- ანუ გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მორჩა ყველაფერი, ნამდვილად ცუდად ჟღერს, მით უფრო, რომ არც არაფერი შეგიქმნია, რაც გროშის ფასად მაინც ეღირებოდა. . .

მე გუშინ გარდავიცვალე, ახლა დავყურებ საკუთარ შემზარავ გვამს და გული მწყდება, რამდენი ყვავილია, სულ ნაირ-ნაირი ვარდები, თეთრები, ვარდისფერები, ყვითლები. აგერ გვირილებიც მომიტანეს. ყველაზე მეტად გვირილები მიყვარს, საშინელი სუნი კი აქვს, მაგრამ ყველაზე თბილი და ლამაზია. რამდენჯერ მინატრია ყვითელგულა გვირილების გვირგვინი, არ მქონია არასდროს. ალბათ რაც ცხოვრებაში ყვავილები არ მღირსებია, ახლა მაქვს, ღმერთი დანაკლისს მინაზღაურებს. რა მოხდებოდა, არც ისე ძვირი ღირდა, სანამ ცოცხალი ვიყავი, მანამდე მოგეტანათ? ბროლის ლარნაკში ჩავდებდი, წყალში შაქარს ჩავყრიდი, რომ გვიან დამჭკნარიყო, ფანჯარაში გამოვდებდი, სხვებსაც დაენახათ, როგორც იმის მოწმე, რომ ამ სახლში ცხოვრობს ქალი, რომელიც უყვართ, რომელზეც ზრუნავენ. ყვავილები არასდროს მქონია, არც ქოთნის, არც ხელოვნური....

ვიფიქრე, რამდენჯერმე პატარა თაიგული მეყიდა და დამედგა სამზარულოს მაგიდაზე, მაგრამ, ჯერ ერთი, გამყიდველის მეუხერხულა, თავი ტყუილში გამოჭერილი მეგონა, მიდიხარ ქალი, ახალგაზრდა, ლამაზი და საკუთარი თავისთვის ყიდულობ თაიგულს, მინდვრის ყვავილებს, ნაზებსა და დაუცველებს, შენსავით. კი ვეტყოდი იმ გამყივდველს, სტუმრად მივდივარ და ჩემი ყოფილი პროფესორისთვის მიმაქვს-მეთქი, რა ვიცი, იქნება დაეჯერებინა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ქმრისათვის უნდა ამეხსნა, როგორ გაჩნდა ყვავილები სახლში. მისთვის ნამეტანი აბსურდულად მომეჩვენა ვერსია, რომ საკუთარი თავი დავასაჩუქრე და ამიტომ დავრჩი ყვავილების გარეშე.

ძალიან მინდოდა ამ სახლიდან ერთი დადებითი ემოცია მაინც წამეღო და მოგონებებში ქექვა დავიწყე. კუნჭულ-კუნჭულ დავძებნე საძინებელი და ვერაფერი აღმოვაჩინე, მერე კედელში გავძვერი. სამზარეულოში გვედი და ჩემი ქმრის სკამზე ჩამოვჯექი. აჰა, აი შენ ასე მოგიხდება. ცოცხალს ხომ არ მსვამდი ფანჯარასთან, ეგ ჩემი ადგილიაო, ახლაც ამაყენე აბა?! ენასაც გამოგიყოფდი, მაგრამ რა აზრი აქვს, არ შეგიძლია დანახვა.

რა მომენატრება, როცა ამ სახლს ვეღარ ვნახავ? - ვკითხე ჩემს მკვდარ თავს და ჩავფიქრდი. გაგიჟდები, ისეთი მგრძნობიარეები არიან მკვდრები, ყველაფერი არაჩვეულებრივად ესმით. ჰოდა მეც მივხვდი: თუ ეს სახლი სამუდამოდ უნდა დავტოვო ერთადერთი, რაც მომენატრება, ჩვენი საზმარეულოს სალათისფერი კედლებია. ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა თავიდან. სიმართლე გითხრათ, არის რაღაცები, რაც ხსოვნის კედლებს ჯერ კიდევ არ გადასცლია: ჩვენი ქორწინების პირველ თვეებში ძალიან გვიჭირდა. ცივი ზამთარი იყო იმ წელს და გამათბობელი არ გვქონდა, ამიტომ სამზარუელოში ვიწექით და ქურას ვანთებდით, რომ ყინვისგან დამზრალი ცხვირები მოელბო. ნაადრევად ვწვებოდით გაყინულ საწოლში, რომ შიმშილს თავი არ მოებეზრებინა. ერთ საღამოს, მაცივარში შემორჩენილი 1 კვერცხი ვიპოვნეთ, ძალიან ციოდა, ფანჯრის ღრიჭოებიდან ავი ქარი შემოდიოდა და ძვლებს გვტკენდა. ყურებამდე წავიფარე საბანი და ის მოვუკუნტე, გორგალს ვგავდი, რომ საკუთარ სხეულს გავეთბე, მან კი კვერცხი შემიწვა და თავისი ხელით მაჭამა, რომ გაყინული ხელების საბნიდან ამოყოფა არ დამჭირვებოდა.

და თუ ამ სახლის ნახვას ვეღარასდროს შევძლებ, ის სალათისფერი კედლები მომენატრება, სითბოს სუნი ჯერ ისევ რომ შერჩენია და მიხარია, რომ ის შპალერი მანამდე შევცვალე, სანამ სახლს ცეცხლის ალივით მოედებოდა ბრაზი და მძულვარება, სანამ რისხვა სითბოს დაახრჩობდა.

სევდა მომეძალა. რამდენი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში, თურმე როგორ ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლიდი, აი, თურმე, როგორი ყოფილა მდგომარეობა, როცა შანსი აღარ გაქვს... მკვდრული ფიქრი ცოცხლების განწირულმა კივილმა დამირღვია. სახლში დაბარებულებივით შემოლაგდნენ ბიძაშვილები, მამიდაშვლები, დეიდაშვილები, მოვალეობისა და ინტერესისათვის მოსული ნაცნობ-მეგობრები.

აღარ შემიძლია ამ მწუხარების ყურება, რომელიც, სიმართლე გითხრათ და, კიდევ ერთი სპექტაკლი მგონია, უნიჭოდ შესრულებული სპექტაკლი. სხედან დედის ძუძუებს ჩაფრენილი გოჭებივით მიტყუპებულები ჩემი ნათესავი გოგონები და მხოლოდ ახალი სტუმრის გამოჩენისას მიიფარებენ პირზე ხელსახოცებს და მოთქმით ტირიან. სულაც არაა მიცვალებულისთვის ცრემლი შვება, გული შემიწუხდა ამათი სლუკუნით, ამას მირჩევნია ცოტა შემეხიდონ, ჩემი საპატიებელი და მოსანანებელი ცოდვების მძიმე ტომრები გადაინაწილონ, ღმერთს ჩემ მაგივრად სთხოვონ დახმარება, მაგრამ ესენი საკუთარი თავისთვის არ ლოცულობენ და აბა მაგათი სტრიქონ-სტრიქონ გამოტოვილი ფსალმუნები მიშველის რამეს? ისე ცოდვა გამხელილი სჯობია და მეც არ ვიტყავებდი მუხლებს მეტანიებით... მე ჩემებურად მწამდა, აი ისე, სულ მეგონა ღმერთს ლოცვა არ სჭირდება, რაღას შევაწუხო დახმარების თხოვნით, თავად არ იცის, რომ შველა მჭირდება-მეთქი? ეტყობა არ იყო ეს ლოგიკა მთლად მართებული, თორემ ხომ მიშველიდა? ან იქნება მიშველა კიდევაც და ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან იქით მივყავარ, სიმშვიდესა და სიხარულში?

არ ვიცი იქნება თუ არა სიმშვიდე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს სამი დღე, მადლობა ღმერთს, მალე გავიდა, თორემ სიების წერამ, აშკარად დამღალა, ამ ხაშლამებისა და შილა ფლავების სუნმა ცხვირის წვერი დამიწვა.

ჩვეულებისაებრ სევდიანი გამოდგა დაკრძალვა. არ შემშინებია სამარეზე მიყრილი ბელტების, რადგან გაგიკვერდებათ და მე ამ დროს ზემოთ, თქვენ გვერდით ვიყავი და ერთი-ორჯერ გულიც კი ამიჩუყდა. თურმე რა უცნაურია, როცა საკუთარ თავს სასაფლაოზე აცილებ. ყველას სათითაოდ ჩამოვუარე, ტიროდნენ, ვერაფერს იტყვი, ზარი აქვს, ახალგაზრდა მიცვალებულის მიწაში ჩაფვლას, მაგრამ ერთიც კია საკუთარ თავს დასტიროდნენ, რაღა გვეშვლება უშენოდო, ერთსაც არ წამოსცდენია, ნეტა შენ რა გეშველება ახლაო. ყოველთვის ასეა, ვის აქვს შენი ჯავრი, ყველა საკუთარ თავზე ვფიქრობთ.

მიწა ისე შემომაყარეს, თითქოს დათესილი ვიყავი და გაზაფხულზე ისევ ვაპირებდი ამოსვლას, ბინდივით მოედო იქაურობას მწუხარება და ცრემლმა მდინარეს შეუბანა. არ მიყვარს ტირილი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ შემიძლია დედის თვალზე ცრემლის დანახვა, დედა კი ტირის და ტირის. არაფერი სჭირდაო, ჯანმრთელი და საღ-სალამათი შვილი მიწევს ჩასასვენებელშიო, მიწა როგორ მივაყაროვო, რა ბედნიერი იყო და ჰააო.

დე და, დეე და!!! ... კარგი რა. ახლა მაინც გაჩერდი, ახლა მაინც ნუ იტყუებ თავს, ნუ იმშვიდებ გულს, რომ ბედიერი ვიყავი, მითხარი, გთხოვ, გულწრფელად მითხარი, ამ წლებში, რამდენჯერ მკითხე: შვილო, როგორ ხარ?! მე განგებ გარიდებდი თვალს, რომ ჩემი ნაადრევი ნაოჭები არ შეგემჩნია, იმიტომ ვიღებავდი თმას, რომ ჩემს თეთრ თმას არ შეეშინებინე, მე განგებ ვიცინოდი, რომ ცრემლი დამემელა, დედა, მე კი გიმალავდი, მაგრამ მაგ დედურამ გულმა, ერთხელაც არ დაგიწყო სხვაგვარად ძგერა, არ გიგირძნო გულმა, რომ შენი შვილი ყოველ დღე, ნელ-ნელა და მტკივნეულად კვდებოდა? მაპატიე, დედა, მაგრამ ძალიან ვარ შენზე ნაწყენი, მაპატიე, დედა, რომ მე ვერ გპატიობ მაგ გულგრილობას, მაგ თავის მოტყუებას, მაგ შორს გადგომას.

ქეთი გაბინაშვილი

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0